მძიმე ზაფხულის მოლოდინში: პუტინი გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება - შეძლებენ თუ არა უკრაინელები კრემლის ურდოების შეჩერებას?! - კვირის პალიტრა

მძიმე ზაფხულის მოლოდინში: პუტინი გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება - შეძლებენ თუ არა უკრაინელები კრემლის ურდოების შეჩერებას?!

აშშ-ის დახმარება უკრაინის გამარჯვებას რომ ვერ უზრუნველყოფს, ამას ვაშინგტონში ყველა კარგად აცნობიერებს. ამ მხრივ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოლოდინი - როგორ იმოქმედებს კიევი და როგორ ისარგებლებს დახმარებით - საკმაოდ მოკრძალებულია: უკეთეს შემთხვევაში, უკრაინის არმია მხოლოდ რუსების შეტევის დაყოვნებას თუ შეძლებს. სავარაუდოდ, 2024 წელი რუსეთის ჯარების სავარაუდო წარმატების პიკი იქნება - კრემლმა ძალა მოიკრიბა, რომელიც მას ზაფხულში კონტრშეტევისათვის სჭირდება და რომლის მოგერიება, საეჭვოა, კიევმა მოახერხოს, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით - „შეუძლია თუ არა ამერიკულ დახმარებას ომის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა“ (ავტორი - მისი რაიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში აშშ-ის კონგრესმა, დიდი დავისა და კამათის შემდეგ, უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარება დაამტკიცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაგვიანებას უკვალოდ არ ჩაუვლია - კიევს შეიარაღების დეფიციტი ძალიან ძვირი დაუჯდა. აშშ-ის თეთრი სახლისა და პენტაგონის ჩინოვნიკებიც აღიარებენ, რომ 61-მილიარდიანი პაკეტი უკრაინის არმიისათვის გამარჯვებას ვერ უზრუნველყოფს და ბრძოლის ველზე ამჟამად შექმნილ არადამაკმაყოფილებელ სიტუაციას ვერ შეცვლის.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თეთრი სახლი კიევისაგან ბევრს არაფერს ელოდება - ვაშინგტონში კარგად ხედავენ, რომ უკრაინის არმიისათვის სიტუაცია სულ უფრო რთული და მძიმე ხდება. ამერიკელები ახლა უფრო მეტად არა იმდენად ომის შედეგებზე ბჭობენ, არამედ - უკრაინის არსებობის პერსპექტივაზე, ახლო მომავლისათვის.

თუ ერთმანეთს შევადარებთ მოწინააღმდეგე მხარეების შესაძლებლობას, იოლად შესამჩნევია, რომ დასავლეთის მიერ გაწეული დახმარება სიმეტრიული და ადეკვატური არ არის - აშშ-ისა და ევროკავშირის სამხედრო ძალისხმევა, თავისი დონით, რუსეთის ძლიერებას ბევრად ჩამოუვარდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტის რეალიზება სწრაფად ხორციელდება: თეთრი სახლი და პენტაგონი ამისთვის მზად იყვნენ და მხოლოდ კონგრესის თანხმობას ელოდებოდნენ. ექსპერტების აზრით, ასეთი დაჩქარებული მოქმედება გამოწვეულია იმით, რომ როგორმე აშშ უკრაინას „ორმოდან ამოსვლაში“ დაეხმაროს და წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაუბრუნოს. ბოლო დროს უკრაინის არმიის არტილერია რუსეთის ჯარების არტილერიას, სროლის სიხშირისა და ინტენსიურობის თვალსაზრისით, ექვსჯერ და მეტად ჩამოუვარდებოდა. შესაბამისად, ბრძოლის ველზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იღუპებოდა. ამიტომაც, ამერიკული დახმარების სიმცირის მიუხედავად, უკრაინელებისათვის ის მაინც მორალურ მხარდაჭერას ნიშნავს.

მაგრამ არსებობს ერთი ნეგატიური მომენტი, რომლის მოგვარება ვაშინგტონს არ შეუძლია - ის, რომ უკრაინელი მამაკაცები თავს არიდებენ არმიაში გაწვევას და ფრონტზე გაგზავნას. წინახაზზე ცოცხალი ძალის უკმარისობა მწვავედ იგრძნობა. ამჟამად ჯარისკაცები ორწლიანი განუწყვეტელი ბრძოლების გამო დაღლილები არიან, მაგრამ მათი როტაციის შესაძლებლობა არ არსებობს.

კიევმა მობილიზაციის კანონი უკვე მიიღო, რომლის საფუძველზე თეორიულად არმიაში დამატებით ნახევარი მილიონი (500 ათასი) ჯარიკაცის გაწვევაა შესაძლებელი, მაგრამ არავის სჯერა, რომ რეალურად ამდენი რაოდენობის ახალგაზრდის შეკრება მოხერხდება. უკრაინის ხელისუფლებისა და, პირადად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ძალიან ძნელია, დაარწმუნოს მოსახლეობა რუსეთზე გამარჯვებაში. გარდა ამისა, კანონით, ჯარში გაწვევის ასაკი შემცირებულია, რის გამოც მობილიზაცია ძალიან არაპოპულარული გახდა.

კითხვები არსებობს უკრაინის არმიის დანაკარგების რაოდენობის მიმართაც. ერთადერთ ოფიციალურ წყაროს ამაზე პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება წარმოადგენს, რომელმაც თებერვალში აღნიშნა, რომ უკრაინამ 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამ რაოდენობაში არა მარტო დაღუპულები, არამედ - დაჭრილებიც იგულისხმება. ცხადია, ამ განცხადების არავის სჯერა. ექსპერტების თქმით, პრეზიდენტმა, უბრალოდ, იცრუა.

როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, დაღუპული უკრაინელების რაოდენობა მკაცრად დაცულ სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაღუპულთა რიცხვის გასაიდუმლოების თაობაზე უსაფუძვლო არ არის: ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა შიშობს, რომ თუ ხალხი სიმართლეს გაიგებს, ჯარში გაწვევა საერთოდ ჩაიშლება, უკრაინელთა ერთობა დაირღვევა და მორალური სულისკვეთება დაეცემა. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი, ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ბუნებრივია, ასეთ ფონზე ვაშინგტონს დიდი იმედები არ აქვს, უკრაინისათვის მიცემული დახმარებით სიტუაცია რომ გამოსწორდეს. სავარაუდოდ, ყველაზე უკეთესი იქნება, თუ კიევის ჯარი როგორმე შეძლებს რუსების შეჩერებას, გადაჯგუფდება და ახალწვეულების სამხედრო მომზადებისათვის დროს გამონახავს.

მკაფიოდ ვთქვათ: ამჟამად უკრაინას გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს და აშშ-ის მხარდაჭერა ომის დასრულების მოახლოებას არ მოასწავებს. ამას თეთრ სახლშიც აღიარებენ. ბუნებრივია, ასეთი პოზიციის საჯაროდ განცხადება „ცივი წყლის გადასხმა“ იქნებოდა იმ ამერიკელებისათვის, რომლებიც საომარ მოვლენებს თვალს არ ადევნებენ და უეცრად გაიგებენ, რომ ორწლიანი მილიარდობით დახმარება ქარს გატანებული აღმოჩნდა. მათ ასევე შეიძლება გაიხსენონ ბოლო ორ ათეულ წელიწადში მომხდარი სხვა ომებიც, რომლებშიც აშშ ასე თუ ისე მონაწილეობას იღებდა და თავის რესურსებს ხარჯავდა, საბოლოო ჯამში კი, სასურველი შედეგი არ დგებოდა. ხშირად ასეთ კონფლიქტებში სრული გაუმჭვირვალობა იყო და ამერიკელ ხალხს არავინ არაფერს ეუბნებოდა.

სხვათა შორის, სწორედ ასეთ პარალელებს ავლებდა კონგრესში ბევრი რესპუბლიკელი წევრი, როცა უკრაინის დახმარების პაკეტს იხილავდნენ. არ არის გამორიცხული ასეთი პერსპექტივა: დიდი ალბათობით, რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკის ხელისუფლებას მოუწევს იმის საჯაროდ აღიარება, რომ, თურმე, უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო