სპეცოპერაცია „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია“ ანუ ქართულ-ამერიკული "ჭიდაობა" - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია“ ანუ ქართულ-ამერიკული "ჭიდაობა"

ჩვენს ხელისუფლებას, სხვა ბევრ „სიკეთესთან“ ერთდ იუმორის ნიჭიც ჰქონია და გადაუღებელი წვიმების გამო სახლში გამოკეტილი მოსახლეობის გამხიარულება/ გართობისთვის თავს არ ზოგავს. ერთი ამგვარი „ინფორმაცია–ხუმრობა“ სამ მაისს გავრცელდა: პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის 30 აპრილის განკარგულების თანახმად, „ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად" მთავრობამ ნახევარი მილიონი ლარი გამოყო საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისთვისო . ეს თანხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ–ის „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვისაა“ განკუთვნილი.

ეს ინფორმაცია თავიდან საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა, თუმცა, როდესაც ეს განკარკულება მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვნახე, დავრწმუნდი: რაღაც, დღემდე „ამოუცნობ ფენომენთან“ გვაქვს საქმე.

rrr-1715149983.jpg

განკარგულებას თუ ყურადღებით წაიკითხავთ იფიქრებთ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს, ხანგრძლივი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, ქვეყნის „დასავლური კურსის“ ღია მხარდაჭერა გადაუწყვეტია და „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის“ ზრდაზე შესტკივა გულიო. თუმცა პოლიტიკური ინტრიგებისგან შორს მდგომი საქართველოს რიგითი მოქალაქე შეიძლება ცოტა დაიბნეს და იკითხოს: აბა 29 აპრილს სამთავრობო მიტინგზე გამომსვლელთა (მათ შორის თავად პრემიერ–მინისტრის) მთელი ძალისხმევა და ორატორული ნიჭი გარე მტრების („უცხოური აგენტურის“), ანუ „დასავლეთის“, როგორც საქართველოში არასტაბილურობით დაინტერესებული ძალის, მხილებას და „შინაურ მტრებთან“ მათი „ფარული კავშირების“ გამოვლენას არ მიეძღვნაო? 29 აპრილს თუ თქვენვე ამბობდით „დასავლეთი“ მტერია, 30 აპრილს კი „ანტიდასავლური დეზინფორმაციისგან“ გინდათ საზოგადეობის დაცვა, მაშინ გაგვაგებინეთ: ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირზე? ვინ არის „დასავლეთის“ მტერი? ბოლოს და ბოლოს რა არის დეზინფორმაცია: ის რომ „დასავლეთი“ ჩვენი მეგობარია, თუ ის, რომ „დასავლეთი“ ჩვენი მტერია? – არ ცხრება „მოქალაქე“ .

ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი მმართველ პარტიას მოუწოდებდა ღიად დაეფიქსირებინა პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მაშინ პარლამენტის მცირე ჯგუფიდან დაწყებულ ანტიამერიკულ კამპანიას, რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და სტრატეგიულ მოკავშირეზე ღია თავდასხმებს.

დღეს კი მართლაც ძალზე რთული დავალება მისცეს „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს“, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აშშ–ისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაპირისპირება „დიპლომატიურ ჩარჩოებს“ გასცდა და სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა.

www-1715150047.jpg

მეთიუ მილერი

2 მაისს გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადება: „საქართველოს დასავლური კურსი საფრთხის ქვეშაა“, სადაც მანამდე არნახული, დაუფარავი და არადიპლომატიური პირდაპირობითაა აშშ–ის ხელისუფლების პოზიცია ფორმულირებული. გაეცანით ამ განცხადებას და თავად განსაჯეთ:

„ შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა და იმ სიცრუეს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ მის დასაცავად. მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია გააჩუმოს კრიტიკოსები და გაანადგუროს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება ხელისუფლების მნიშვნელოვან კონტროლს ნებისმიერ დემოკრატიაში.

ეს კანონი და პარტია „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას, რომელიც ჩვენ 32 წლის განმავლობაში ვუწევდით საქართველოს ამ ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარს, ძირფესვიანად ანგრევს იმ ძლიერ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს და მათ უფლებას, იყვნენ მოსმენილნი. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციას. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუშვან არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“ (ციტატის დასასრული).

„ნაციონალების ხელისუფლების დროს, რომ ძალადობდნენ მომიტინგეებზე, ექსპერტებზე და ჟურნალისტებზე, მაშინ სად იყვნენო?“ – ბევრი დასვავს ამგვარ კითხვას და მართალიც იქნება: 2004–2012 წლებში მომხდარ უამრავ დანაშაულზე და ძალადობაზე აშშ–ის მაშინდელ ადმინისტრაციას სათანადო რეაგირება ნამდვილად არ ჰქონდა. ეს იყო მათი უდიდესი შეცდომა, რომლის შედეგებსაც ჯერ კიდევ ვიმკით. ბევრს, მათ შორის მეც, იმ პერიოდში ჩადენილი უკანონობის, „ჯაშუშების“ შეკერილი საქმეებისა და „სახელმწიფო გადატრიალების“ მოგონილი სცენარების შესახებ არაერთხელ დაგვიწერია, არც ჩვენი კრიტიკული პოზიცია დაგვიმალავს ინტერვიუებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში.

kob-1715150096.jpg

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას მეორე დღესვე გამოეხმაურა პრემიერი ი. კობახიძე. მან „X“ –ზე (ადრე ტვიტერს რომ ვეძახდით) დადო „ტვიტი“, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარს ეხებოდა: „ გამოვთქვი ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ მხარდაჭერილი ორი რევოლუციის მცდელობის გამო და გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გაიხსნებოდა. გარდა ამისა, მე ავუხსენი ბატონ შოლეს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და ქუჩის აქციებთან დაკავშირებით მოგვაგონებს აშშ-ს ყოფილი ელჩის 2020-2023 წლებში გაკეთებულ მსგავს ცრუ განცხადებებს, რაც ხელს უწყობს ძალადობა უცხოური დაფინანსებული აქტორების მხრიდან და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერით. ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რაც სამართლიანი და პატიოსანი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.

მე არ გამომითქვამს ჩემი შეშფოთება ბატონ შოლესთან ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი ჩახშობის შესახებ“ – ამგვარი იყო ი. კობახიძის საკმაოდ სარკაზმული „ტვიტი“, სადაც შეტევის ობიექტი ფორმალურად აშშ–ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი და აშშ– ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ჩინოვნიკები“ , ფაქტიურად კი აშშ–ის დღევანდელი ადმინისტრაცია იყო, რადგანაც „კეთილი“ და „ბოროტი“ ელჩი არ არსებობს, ყველა ელჩი ახმოვანებს თავისი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ამ „პასუხის პასუხმა“ ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ ტექსტის ერთი „რევოლუციურ–ტერორისტული“ მონაკვეთი – „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,. თავს დავანგრიოთ ბანია“ – გამახსენა.

ალბათ არ ვცდები: წინა ხელისუფლების დანაშაულები და შეცდომები თავიდანვე გათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო დღევანდელი ხელისუფლების მიერ, რათა დღეს თვისობრივად სხვა ეტაპზე ვყოფილიყავით. თორმეტი წელი და სამი საპარლამენტო ვადა საკმარისი პერიოდი იყო: საქართველოს საზოგადოების კონსოლიდირებისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის, ევროპა–ნატოსკენ უფრო დაახლოებისთვის; ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და კიდევ ბევრი იმ სასიკეთო საქმისთვის, რომელთა დაპირება 2012–2013 წლებში უხვად ისმოდა. დღეს კი რა მივიღეთ? – ღია დაპირისპირება სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ორად გახლეჩილი საქართველო. სამაგიეროდ ოკუპანტია კმაყოფილი.

ჯიუტი რიგითი „მოქალაქე“ თავისას არ იშლის: „თუ „დასავლეთს“, თავის ამერიკა–ნატო–ევროკავშირიანად მტრად მიიჩნევთ და „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს“ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აბრალებთ, მაშინ ვინ არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია? ეს გზა ხომ არა ევროპისკენ, არამედ პირდაპირ „კრემლისკენ“ მიდის? მას სიმართლე და არა დეზინფორმაცია აინტერესებს.