"ყველამ იცის, რომ დარბაზის არენდისთვის ფულის გადახდა მიხდება, მაგრამ ეს არც არავის აღელვებს. დერიუგინი ახლა აღარავის სჭირდება... ქუჩაში რომ მივდივარ, ბევრი მცნობს" - კვირის პალიტრა

"ყველამ იცის, რომ დარბაზის არენდისთვის ფულის გადახდა მიხდება, მაგრამ ეს არც არავის აღელვებს. დერიუგინი ახლა აღარავის სჭირდება... ქუჩაში რომ მივდივარ, ბევრი მცნობს"

1982 წლის კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში იმდენად ჩახლართული და დრამატული გამოვიდა, რომ ჩემი ძველისძველი ბლოკნოტი თუ არ მოვიშველიე, ისე დეტალებს ვერ გავიხსენებ. მეხსიერებაში მხოლოდ ის შემომრჩა, რომ ტურისტულ ჯგუფთან ერთად კოლუმბიაში იმყოფებოდა თბილისის "დინამოს" ვეტერანი კალათბურთელი ლევან ჩხიკვაძე; ჩემპიონატის მატჩებს სჯიდა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გიორგი (გოგი) ავალიშვილი და, რაც მთავარია, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნიკოლოზ დერიუგინმა. 30 აპრილს მას 65 წელი შეუსრულდა.

კოლია ფიზკულტურის ინსტიტუტში პირველად 1975 წელს, სესიების დროს დავინახე. სკოლა ის-ის იყო დაამთავრა, მაგრამ უკვე თბილისის "დინამოში" თამაშობდა და საყოველთაო სიმპათიითაც სარგებლობდა. ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი ზაირა ნათაძე კათედრიდან კათედრაზე დაჰყვებოდა, რომელიმე ლექტორს გამოცდაზე რომ არ დაეჩაგრა... ტანმაღალი ბიჭები ქართულ კალათბურთს ყოველთვის უჭირდა. თავის დროზე ყველაზე მაღალი ჩვენს გუნდში ოთარ ქორქია იყო (190 სმ). მერე ანზორ ლეჟავა გამოჩნდა (210 სმ), 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან კი კოლია დერიუგინის (206 სმ) ეპოქა დადგა. იმ დროისთვის საბჭოთა ნაკრებს უკვე ჰყავდა კოლიაზე უფრო მაღალი ცენტრალური თავდამსხმელები, მაგრამ დერიუგინი ტოლს არავის უდებდა. პირიქით, ბევრს აშკარად ჩაგრავდა კიდეც, განსაკუთრებით - 220-სანტიმეტრიან გიგანტს, ვლადიმირ ტკაჩენკოს. იმხანად დერიუგინი დაახლოებით 100 კგ-ს იწონიდა, ტკაჩენკო კი თავისი 140 კგ-ით ნამდვილი გოლიათი იყო და საბჭოთა კავშირისა და ევროპის საუკეთესო ცენტრადაც ითვლებოდა. ის რომ საჯარიმოში დადგებოდა, სხვებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა... თუმცა კოლია ქუთაისური ხრიკებით მაინც ახერხებდა მის გამწარებას. საკმარისი იყო ვლადიმირი ოდნავ შესჯახებოდა დერიუგინს, ეს უკანასკნელი ისე გააფორმებდა ამ უმნიშვნელო კონტაქტს, რომ მსაჯი იმწამსვე ჩასტვენდა...

ნიკოლოზ დერიუგინი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. კალათბურთსაც იქ ეზიარა საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელ სულიკო თორთლაძესთან. სწორედ მის ხელში დაოსტატდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია. როგორც ბატონი სულიკო იხსენებდა, ბავშვობაში დერიუგინი არაფრით გამოირჩეოდა თანაგუნდელებისგან. მერე თანდათან აიყარა ტანი, ამასთან, საოცრად მოქნილი იყო.

ნიკოლოზ დერიუგინი იხსენებს:

- თბილისში რომ გადმოვედი, "დინამოში" საკანდელიძე და ქორქია დამხვდნენ. ჯერ კიდევ ქუთაისურად ვუქცევდი, "აქანე და იქანე", რაც ძალიან ამხიარულებდა თანაგუნდელებს. თბილად მიმიღეს, განსაკუთრებით - მიშა ქორქიამ. მერე ნაკრებშიც ერთად ვითამაშეთ და 1977 წელს საკონტინენტთაშორისო თასიც ერთად მოვიგეთ. მიშა მოედანზე ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო. 1975 წლის საკავშირო ჩემპიონატში მოსკოვში ადგილობრივ არმიელებს ვხვდებოდით. ეს გუნდი პრაქტიკულად საბჭოთა ნაკრები იყო, ამიტომ ვიცოდით, რომ წავაგებით, და წავაგეთ კიდევაც - 100:110, მაგრამ ამ მატჩში ბიჭებმა ჩემი გამოცდა გადაწყვიტეს და ერთთავად მე მამარაგებდნენ ბურთებით. მეც თამაში გამომივიდა და არმიელებს 57 ქულა ჩავუგდე. თან არ დაგავიწყდეთ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო 3-ქულიანი ტყორცნები... საკავშირო ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდრე გომელსკიმ პირველად სწორედ მაშინ მომაქცია ყურადღება. მოსკოვშიც მიწვევდა თავის კლუბში, ცსკა-ში, კარგ პირობებსაც მთავაზობდა, მაგრამ მე ქუთაისისა და საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა და უარი ვუთხარი. შეიძლება ამიტომაც აჭიანურებდა ნაკრებში ჩემს მიწვევას. მოგვიანებით თავად აღიარა ეს. ასე რომ, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადამდე მნიშვნელოვან ტურნირებში არც მითამაშია. მოსკოვში კი, გახსოვთ, რაც დაგვემართა. ამერიკელების დელეგაცია ბოიკოტის გამო არ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში. იუგოსლავიელებს ევროპის ბოლო ჩემპიონატში ლამის 20-ქულიანი სხვაობით მოვუგეთ, სხვა გუნდები კი სერიოზულ მეტოქეებად არ მიგვაჩნდა და ვფიქრობდით, რომ ოქროს მედლები გარანტირებული გვქონდა. ალბათ სწორედ მეტოქეების შეუფასებლობა იყო ჩვენი დამარცხების მიზეზი. ჯერ კიდევ ფინალური ეტაპის მატჩები მიმდინარეობდა, გომელსკიმ რომ გვითხრა: ამ თამაშს რომ მოიგებთ, ჩეკებს მოგცემთ და ყველას ახალთახალ "ვოლგებს" დაგირიგებთო. ყველაფერმა ამან ფსიქოლოგიურად იმოქმედა ჩვენზე და იუგოსლავიელების გარდა წავაგეთ იტალიელებთანაც და საბოლოოდ მესამე ადგილზე აღმოვჩნდით, ჩემპიონები კი იუგოსლავიელები გახდნენ.

ნიკოლოზ დერიუგინისთვის ოლიმპიური ბრინჯაო ალბათ კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. მით უმეტეს, რომ თავად ურიგოდ არ თამაშია. პრინციპულ მეტოქეებთან - იუგოსლავიელებთან და ბრაზილიელებთან მატჩებში, 13 და 14 ქულით საუკეთესოთა შორის იყო, ხოლო სასტარტო შეხვედრაში ინდოეთის გუნდთან ალექსანდრე სალნიკოვთან ერთად 17 ქულით ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა.

მოსკოვში მიღებული მწარე გამოცდილება, როგორც ჩანს, გუნდმაც და მთავარმა მწვრთნელმაც გაითვალისწინეს და მომდევნო ტურნირებში ისევ დაიბრუნეს პირველობა. 1981 წლის პრაღის ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა ნაკრებმა იტალიელებს 30-ქულიანი სხვაობით მოუგო, ბალკანელები კი 20-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ერთობ ჩახლართული სიტუაცია შეიქნა 1982 წლის კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატზე. შესარჩევ ქვეჯგუფში აშშ-ის გუნდი მოულოდნელად დამარცხდა ესპანეთის ნაკრებთან 99:109. ბრაზილიელებმა წააგეს ავსტრალიელებთანაც და საბჭოთა კალათბურთელებთანაც. ისინი პირველად ვერ მოხვდნენ ფინალურ შვიდეულში. ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა, იუგოსლავიის გუნდმა, 81:88 დათმო შეხვედრა აშშ-ის ნაკრებთანაც და საბჭოთა გუნდთანაც 94:99. თავის მხრივ, საბჭოელებს ამერიკელებმა სძლიეს, მაგრამ სუპერფინალში ისევ საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ნიკოლოზ დერიუგინი:

- გადამწყვეტი შეხვედრა აშშ-ის ნაკრებთან დრამატული გამოვიდა. თავიდან 31:20 დავწინაურდით, მაგრამ ტაიმის მიწურულს 49:47 მეტოქეები გავიდნენ წინ. შესვენების შემდეგ თამაში ქულა ქულაში გაგრძელდა, თუმცა ინიციატივას მაინც ამერიკელები ფლობდნენ. სწორედ ამ დროს მითხრა გომელსკიმ: მოემზადე, მოედანზე უნდა შეგიყვანოო. ასეთ დროს გამოცდილ კალათბურთელებსაც არ უნდათ ხოლმე თამაშში ჩართვა. არც მე მინდოდა და მოთელვას ვაჭიანურებდი, მაგრამ ბოლოს მაინც მომიწია მოედანზე გასვლამ. მახსოვს, ტრიბუნიდან ლევან ჩხიკვაძე მამხნევებდა: "მიდი კოლია, მიდი!" ამან რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე და რამდენიმე წუთში 7 ქულა მოვაგროვე. წინ გავედით და, რაც მთავარია, თამაში უკვე ჩვენ მიგვყავდა. 95:94 გავიმარჯვეთ და ზურაბ საკანდელიძის შემდეგ მეორე ქართველი კალათბურთელი გავხდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

- ქართველი კალათბურთელიო, ახსენე, და სწორედ ქართველობასთან დაკავშირებით მინდა გკითხო. ოლიმპიური ჩემპიონი, სერგეი კოვალენკო ქართული კალათბურთის აღზრდილია, თუმცა პორტ-არტურში იყო დაბადებული. ჩვენი ლეგენდარული მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევის წინაპრები სტავროპოლის მხარიდან იყვნენ. ოლეგ ბლოხინის ყოფილი მეუღლე, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში, ირინა დერიუგინა უკრაინელია. შენი წინაპრები საიდან ჩამოვიდნენ საქართველოში?

- სიმართლე გითხრა, ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ მამაჩემი ტყიბულში დაიბადა. მოგეხსენებათ, ტყიბული მაღაროელების ქალაქია. ქვანახშირის მოპოვება იქ XIX საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყეს. საჭირო იყო საქმის მცოდნე სპეციალისტების მოწვევა და ასე მოხვდა დერიუგინების გვარის ჩვენი შტო საქართველოში. მერე უკვე მშობლები ქუთაისში გადასახლდნენ.

- ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნოდარ დუმბაძის მშობლიური გურულების ენაზე რომ მესმის საუბარი. დიდ პატივს ვცემ მეგრელებს და სვანებს, თავიანთი ენა რომ შეინარჩუნეს. ქუთაისი ქართულად კი ლაპარაკობს, მაგრამ მაინც თავისი საოცარი კოლორიტი აქვს. შენ თუ შეინარჩუნე შენი კუთხის "აქანა და იქინე"?

- კარგად მახსოვს, თბილისში რომ ჩამოვედი, "დინამოს" კალათბურთელების დიღმის ბაზაზე ვცხოვრობდი და პირველი ინტერვიუ ჩემთან სწორედ შენ ჩაწერე. მაშინ სუფთა ქუთაისურად ვუქცევდი. თან რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და გამართული ქართულით ხეირიანად ვერც ვლაპარაკობდი. მას შემდეგ აგერ უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა და დღეს "ისთეს" და "მასთეს" აღარ ვამბობ. ჩვეულებრივი თბილისური ქართულით ვსაუბრობ.

- რამდენი წლის იყავი, თბილისში რომ ჩამოგიყვანეს?

- მეცხრე და მეათე კლასი აქ დავამთავრე. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, თუმცა, ვიდრე "დინამოში" გადმომიყვანდნენ, ნორმალურად ვსწავლობდი, მერე კი შეჯიბრებები, შეკრებები დამეწყო და სწავლისთვის უკვე ნაკლები დრო მრჩებოდა. თან ქუთაისში დედაჩემი მაკონტროლებდა. იქ უფრო მოწესრიგებული მოსწავლე ვიყავი და "ზავოდში" სისტემატურად დავდიოდი სკოლაში.

- ქუთაისში შენი მწვრთნელი ბატონი სულიკო თორთლაძე იყო. ის თუ გაკონტროლებდა ხოლმე, თუ გჭირდებოდა უფროსის მკაცრი ხელი? მიშა ქორქიამ ერთხელ თურმე ისე გააბრაზა ბატონი სულიკო, რომ მან სილა გააწნა მეცხრე თუ მეათეკლასელ მიშას. შენ როგორ გექცეოდა თორთლაძე?

- რაც მითხარი, პირველად მესმის, მიუხედავად იმისა, რომ მიშასთან ვმეგობრობდი. რაც შეეხება ბატონი სულიკოს ჩემთან ურთიერთობას, ყოველთვის მამაშვილურად მექცეოდა. ძალიან ვუყვარდი. სულ მეფერებოდა. თორთლაძე ინტელიგენტი კაცი იყო. მთელ ქუთაისს უყვარდა. თუ გავაბრაზებდით, "შე შობელძაღლო" - გვეტყოდა და სულ ეს იყო.

- კოლია, კარგა ხანია ვსაუბრობთ და არაფერი გითქვამს შენი ოჯახის შესახებ. მეუღლე, შვილები - რას საქმიანობენ? შენ თავად როგორ ხარ?

- ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია, მადონა ცაავა.

- ე.ი. მეგრელი მეუღლე გყოლია. მეგრული თუ გასწავლა?

- ჭიჭე-ჭიჭე (ცოტ-ცოტა)... მყავს უფროსი ბიჭი, ნიკუშა, პირველი მეუღლისგან. ისიც საკმაოდ მაღალია. ამერიკაში სწავლობდა და კალათბურთსაც თამაშობდა. თუმცა ახლა უკვე ლამის 40 წლისაა. ჯერ არ დაოჯახებულა. საქართველოში რომ ჩამოვალ, მერე მოვიყვან ცოლსო, - მეუბნება. მადონასთან შემეძინა ქალიშვილი ანა, 22 წლისაა. მეოთხე კურსის სტუდენტია. მე თავად, ჯანმრთელობის მხრივ ახლა არა მიშავს. ვცდილობ, საკუთარ თავს მივხედო. საცურაო აუზზე დავდივარ. მანქანით აღარ ვმგზავრობ, ფეხით სიარულს ვამჯობინებ. 55-ე სკოლაში სპორტულ დარბაზს ვქირაობ და იქ ვავარჯიშებ ბავშვებს. ყველამ იცის, მე რომ დარბაზის არენდისთვის ფულის გადახდა მიხდება, მაგრამ ეს არც არავის არ აღელვებს. დერიუგინი ახლა აღარავის სჭირდება...

- ნუ გიკვირს, კოლია. შენ გარდა, საქართველოს მთავრობამ ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის 1 სპორტსმენი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი დაივიწყა. აქ პარტიები და პოლიტიკა არაფერ შუაშია. ფაქტია - ქართული სპორტის ლეგენდა ავსტრალიაში გადაიხვეწა და იქ გარდაიცვალა. პირადად მე, ჩინოსნებზე მეტად, ხალხის ხსოვნას ვცემ პატივს; მათ თუ ახსოვხარ?

- უფრო - ჩემს თაობას. ქუჩაში რომ მივდივარ, ბევრი მცნობს. მესალმებიან. ზოგი მაჩერებს და მესაუბრება. მართალი ხარ. ეს მეც ძალიან მსიამოვნებს. ჩემს ჯგუფში კალათბურთზე ბევრს იმიტომ მოჰყავს შვილები და შვილიშვილები, რომ მე კოლია დერიუგინი ვარ: იციან, რომ ბევრი რამ შემიძლია ვასწავლო მათ ბავშვებს.

- ერთი პერიოდი "დინამოს" კალათბურთელებს დავყვებოდი რეპორტაჟების წასაყვანად და, თუ არ ვცდები, ლენინგრადში თვალი მოვკარი, რომ სასტუმროში ვლადიმირ ტკაჩენკო და ალექსანდრე ბელოსტენნი არყებით სავსე ჩანთით ჩაიკეტნენ ნომერში. შენ არ გეპატიჟებოდნენ ხოლმე?

- მე მაგათ კამპანიაში არ შევდიოდი, მაგრამ რესტორანში ერთად, რა თქმა უნდა, ვყოფილვართ. მერეც, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ერთმანეთი არ დაგვიკარგავს. არვიდას საბონისთანაც ვმეგობრობ, თუმცა ისე ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს.

- ყველა დროის ქართველი ცენტრალური თავდამსხმელებიდან ვის დააყენებდი? 1-ად - ოთარ ქორქიას თუ ზაზა ფაჩულიას?

- რა თქმა უნდა, ოთარ ქორქიას. ის საუკეთესო იყო თბილისის "დინამოშიც", საბჭოთა კავშირშიც და ევროპაშიც. რუსებიც აღიარებენ ამას. ქართველებიდან სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი ერთადერთი ქორქია იყო. ზაზა სხვა თაობაა. კალათბურთი უკვე მნიშვნელოვნად შეიცვალა. მეც დიდი კალათბურთი ვითამაშე, მაგრამ ქორქიასთან შედარებით, მეც მეორე რიგში ვარ. ბატონი ოთარი ლეგენდა იყო.

- დღევანდელი საქართველოს ნაკრები თუ შენი პერიოდის თბილისის "დინამო" - ვინ გაიმარჯვებდა?

- არც აქ შეიძლება შედარება. ჩემს დროს გუნდში ერთი ექიმი და ერთი მასაჟისტი გვყავდა. დღეს გუნდი რომ გამოდის მოედანზე, დამხმარე პერსონალის მთელი არმია მოჰყვება.

- ბოლოს ისიც მითხარი, ვინ მოიგებს პარიზის ოლიმპიადას კალათბურთში?

- NBA-ში დღეს ბევრი ევროპელი ვარსკვლავი თამაშობს, ამიტომ ოლიმპიადაზე რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ეყოლება სერიოზული გუნდი. თუმცა ამერიკელებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და მე მაინც მგონია, რომ ისინი გაიმარჯვებენ.

გოგი ფრანგიშვილი

ჟურნალი "გზა"