ექსპერტის შემზარავი პროგნოზი პენსიებზე - „ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“ - კვირის პალიტრა

ექსპერტის შემზარავი პროგნოზი პენსიებზე - „ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“

„ეს რეფორმა არ არის, წარმოუდგენელი სითავხედეა - ხელისუფლების სითავხედეს არ აქვს საზღვარი“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

როგორც ცომაია აღნიშნავს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით, ფაქტობრივად, საპენსიო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკს ქმნიან, სადაც საინვესტიციო საბჭოს საშუალებით, გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა.

„ფაქტობრივად, თუ მის შინაარსობრივ მხარეს ავიღებთ, საპენსიო სააგენტოსგან ქმნიან სახელმწიფო ბანკს. სტრუქტურულადაც რომ შევხედოთ, ყურადღება მიაქციეთ როგორ ხდება საბჭოს წევრების დანიშვნა (მე სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ) - უშუალოდ მთავრობა ნიშნავს და დანარჩენები ფორმალურად აცხადებენ ღია კონკურსს, თუმცა გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. საბჭოს წევრების ხელში ექცევა სამივე მიმართულება: მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და მისი საქმიანობის მონიტორინგი, აუდიტიც“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეკონომიკის ექსპერტის განმარტებით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, საპენსიო დანაზოგებიდან ინვესტიცია რისკიან პროექტებში განხორციელდეს, მათ შორის გაიცეს კრედიტები. შესაბამისად, საქართველოში საპენსიო დანაზოგი რისკიან აქტივად იქცევა.

„უშუალოდ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას საინვესტიციო საბჭოს წევრების მეშვეობით და შეუძლია, ძალზედ რისკიან პროექტებში განახორციელოს ინვესტიციები, კრედიტების გაცემაც კი შეუძლიათ. შესაბამისად, საპენსიო დანაზოგები ნამდვილად ძალზედ რისკიანი აქტივები იქნება საქართველოში, თუ ამ კანონპროექტმა მიიღო კანონის სახე“, - დასძინა მან.

როგორც დაგეგმილი ცვლილებიდან ირკვევა, რისკების მართვის ნაწილი მმართველი საბჭოს ფუნქციაში შევა, რომელიც თავის მხრივ, შედგება 15 წევრისგან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაამტკიცებს. ცომაიას თქმით, რეფორმა შეიცავს კორუფციის და გაუმჭვირვალობის ნიშნებს და შესაძლოა, ერთ დღეს თითოეული მოქალაქის დანაზოგი უბრალოდ „აორთქლდეს“.

განაგრძე კითხვა