როგორ აპირებდნენ გერმანელები თბილისის დაბომბვას - რას გადაურჩა საქართველო - კვირის პალიტრა

როგორ აპირებდნენ გერმანელები თბილისის დაბომბვას - რას გადაურჩა საქართველო

ფაშისტური გერმანიის კაპიტულაციიდან 79-ე წლისთავს მსოფლიოს დიდი ნაწილი 8 მაისს აღნიშნავს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ამ თარიღს 9 მაისს ზეიმობენ, თუმცა მთავარი არა კონკრეტული თარიღია, არამედ - ის საშინელი მეორე მსოფლიო ომი, რომელიც კაცობრიობამ გადაიტანა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, უფრო მეტი დაიჭრა და დასახიჩრდა, რითაც საქართველომ თავისი დიდი წვლილი შეიტანა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების საერთო საქმეში, თუმცა, ამასთანავე, გადაურჩა კიდევ ერთ დიდ უბედურებას - ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ ქართულ მიწაზე, რისი დიდი ალბათობაც არსებობდა. ჰიტლერს სტრატეგიული შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩრდილო-კავკასიისა და სტალინგრადის ნაცვლად, სამხრეთ კავკასია და დასავლეთი საქართველო რომ აერჩია.

1-h1-1715160327.jpg
ჰიტლერის ლიუფტვაფე თბილისის ინტენსიური დაბომბვისთვისაც ემზადებოდა, თუმცა ის, რაც არ გააკეთა ჰიტლერმა, შეასრულა... პუტინმა...

მართალია, აფხაზეთისა და სვანეთის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ საქართველო გადაურჩა ჰიტლერის საჰაერო არმადის - ლიუფტვაფეს "ხალიჩისებურ" დაბომბვას, რომელმაც ნანგრევებად აქცია სტალინგრადი თუ ლენინგრადი.

მეორე მსოფლიო ომის ოთხი წლის განმავლობაში ლიუფტვაფემ საქართველოს ტერიტორიაზე ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ბომბები თუ ჩამოყარა და არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ შეეძლო ან ჰიტლერმა ქართველები დაგვინდო. საქმე ის იყო, რომ გერმანელი პილოტებისთვის ასეთი დავალება არ მიუციათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ლიუფტვაფე მაინც ემზადებოდა სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე - თბილისში...

ეს უნიკალური ფოტოსურათი სწორედ გერმანული ლიუფტვაფეს სადაზვერვო თვითმფრინავიდან არის გადაღებული და მასზე ჩანს თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის საამწყობო საამქროები, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

საჰაერო დაზვერვა ფრონტის ხაზიდან მოშორებით, ზურგში (მაშინ ბრძოლები ჩრდილო-კავკასიაში, თბილისიდან 150-200 კმ-ით ჩრდილოეთით მიმდინარეობდა), მიუთითებს, რომ ლიუფტვაფე აგროვებდა კონკრეტული სტრატეგიული ობიექტების განლაგების დეტალურ მონაცემებს, საბჭოთა საავიაციო ქარხნები კი გერმანელი პილოტების პირველი სამიზნეები იყო.

2-h1-1715160474.jpg
ეს უნიკალური ფოტოსურათი სწორედ გერმანული ლიუფტვაფეს სადაზვერვო თვითმფრინავიდან არის გადაღებული და მასზე ჩანს თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის საამწყობო საამქროები მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რომლებიც დასაბომბი საბჭოთა სტრატეგიული ობიექტების სიაში იყო შეყვანილი...

ომის დაწყებამდე თბილისის აღმოსავლეთით საავიაციო ქარხანა არ არსებობდა, მაგრამ გერმანელების სწრაფი და წარმატებული შეტევის გამო სტალინმა გასცა ბრძანება საწარმოებისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქარხნების საბჭოთა კავშირის დასავლეთიდან აღმოსავლეთში დაუყოვნებლივი ევაკუაციის შესახებ. სევასტოპოლისა და ტაგანროგის საავიაციო ქარხნების ევაკუაცია სამხრეთით, საქართველოში გადაწყდა და მათ ბაზაზე 1941 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა.

გერმანიის არმიის დაზვერვის - აბვერის აგენტებს არ გამოეპარებოდათ ახალი საავიაციო ქარხნის ამოქმედება თბილისის გარეუბანში, ხოლო როდესაც მალევე ამ ქარხანამ დაიწყო "ლაგგ-3" ტიპის ავიაგამანადგურებლების სერიული წარმოება, რომლებმაც მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანულ "მესერშმიტებს", თბილისის საავიაციო ქარხანა ლიუფტვაფეს დასაბომბ სტრატეგიულ ობიექტთა სიაში აღმოჩნდა...

გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავის გადაღებულ სურათზე (ეს ფოტო, სავარაუდოდ, კინოფირის კადრია) კარგად ჩანს თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროები და დამხმარე შენობა-ნაგებობები, ამასთან, ლიუფტვაფეს დეშიფრატორებს ზუსტად აქვთ გაანალიზებული თითოეული შენობის დანიშნულება, რაც ზუსტი საჰაერო დაბომბვის წინაპირობა გახლდათ...

3-h1-1715160436.jpg
თბილისის საავიაციო ქარხნის იგივე ტერიტორია დღეს ასე გამოიყურება დედამიწის ორბიტიდან...

და მაინც, ეს საავიაციო ქარხანა, ისევე, როგორც თბილისი და მთელი საქართველო, საბედნიეროდ, გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელ საჰაერო დაბომბვას. მაგრამ გადის 66 წელი და ის, რაც დაგეგმა, მაგრამ არ გააკეთა ჰიტლერმა, აგვისრულა პუტინმა!

გერმანული საჰაერო-სადაზვერვო ფოტო 1942 წლის 12 აგვისტოთია დათარიღებული, 2008 წლის 10 აგვისტოს კი სწორედ თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომი ერთ დღეში ორჯერ დაგვიბომბეს პუტინის "შევარდნებმა" და თანაც - ამავე თბილისის საავიაციო ქარხნის გამოშვებული და ამ აეროდრომზევე "დაფრთიანებული" "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით...

აგვისტოს ომის ხუთ დღეში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქართული პოზიციების, სოფლებისა და ქალაქების დასაბომბად თითქმის ხუთი ათასამდე საავიაციო ბომბი, რაკეტა და მსხვილკალიბრიანი საარტილერიო ჭურვი გამოიყენეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მცირეკალიბრიან ქვემეხებსა და ცეცხლსასროლ იარაღზე.

სულ ერთია, რა ერქმევა მას - ჰიტლერი თუ პუტინი, თუკი ის შენი სამშობლოს დაბომბვას ბრძანებს, ე.ი. მტერია!