"ყველამ ხმა რომ აიმაღლოს, სკოლიდან ყველას ხომ ვერ გაუშვებენ?" - კვირის პალიტრა

"ყველამ ხმა რომ აიმაღლოს, სკოლიდან ყველას ხომ ვერ გაუშვებენ?"

ბოლო კვირებში, თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული აქციების ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან. მათი უმრავლესობა სტუდენტია, თუმცა, მიტინგებს და მსვლელობებს სკოლის მოსწავლეებიც ესწრებიან. ამ თემაზე აქტივისტი და პედაგოგი ირმა გორდელაძე გვესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"9 აპრილის თაობის წარმომადგენელი ვარ - იმ თაობისა, რომელიც უზარმაზარ, ბოროტ ძალას დაუპირისპირდა და საქართველოს დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა მოუტანა. იმ ახალგაზრდების უკან, რომლებიც ქუჩაში დგანან და რუსულ კანონს აპროტესტებენ, მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები დგანან. სწორედ ამ პროცესის, ამ ჯაჭვის შიში აქვთ და ამიტომ ცდილობენ, ყველას დამაკნინებელი იარლიყი მიაკერონ, ტალახში გასვარონ და ამ გულანთებულ ახალგაზრდებს რაღაცები დააბრალონ. თუმცა, ამ დღეებმა დაგვანახვა, როგორი ახალი თაობა გვყოლია..."

"რუსეთში ამგვარი კანონი 2012 წელს მიიღეს და მერე, ერთიმეორის მიყოლებით გააქრეს არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული ტელევიზიები და ჟურნალისტები, მერე ამ ხალხის დაჭერაც დაიწყეს და არჩევნებში ხმის უფლებაც ჩამოართვეს. დღევანდელ რუსეთში უკვე აღარ არსებობს თავისუფალი ხმა, რომელიც პუტინის რეჟიმს შეეწინააღმდგება. საქართველოშიც ანალოგიური წესრიგის დამყარება სურთ..."

"მათ აქვთ შიში, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ულუკმაპუროდ დარჩებიან. ძირითადად, სწორედ ამ მეთოდით ცდილობენ პედაგოგთა ფენის გაჩუმებას. არადა, ყველამ ხმა რომ აიმაღლოს, სკოლიდან ყველას ხომ ვერ გაუშვებენ? შეიძლება ზოგიერთი მასწავლებელი ხელისუფლების მომხრეც იყოს, მაგრამ როცა ხედავ, რომ მთავრობა შენი ქვეყნის მომავლისთვის და შენი გაზრდილებისთვის საშიშ, სახიფათო პოლიტიკას ატარებს, ხმა არ უნდა აიმაღლო?.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე