ღვეზელმა კინაღამ ფრანგულ-ჩინური დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია?! - როგორ ჩაერია გეოპოლიტიკა მაკრონისა და სი ძინპინის სადილში - კვირის პალიტრა

ღვეზელმა კინაღამ ფრანგულ-ჩინური დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია?! - როგორ ჩაერია გეოპოლიტიკა მაკრონისა და სი ძინპინის სადილში

ფრანგულმა პრესამ ფართოდ გააშუქა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის - სი ძინპინის ორდღიანი ვიზიტი პარიზში და მისი მოლაპარაკება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთან. მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, აგრეთვე, სტუმარ-მასპინძლის (მეუღლეებით) „ტურისტული ლაშქრობაც“ პირენეის მთებში, ესპანეთის საზღვართან, სადაც თურმე კინაღამ „დიპლომატიური ინციდენტი“ მოხდა...

გაზეთმა „ლე ფიგარომ“ (Le Figaro) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „სი ძინპინის ვიზიტი საფრანგეთში: რატომ ამოიღეს რესტორნის მენიუდან ბასკების „რუსული ღვეზელი“. პუბლიკაციაში ნათქვამია, თუ როგორ „ჩაერია“ გეოპოლიტიკა ჩინელ და ფრანგ ლიდერთა სადილში - ტურმალის უღელტეხილზე მდებარე რესტორანში, ბასკების ტრადიციული კერძის სახით. „ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დესერტი - პირენეელ მთიელთა საფირმო ღვეზელი, გეოპოლიტიკური კონტექსტის („უხერხული“ სახელწოდების) გათვალისწინებით, რესტორანში მოცვის ტარტით შეცვალეს. ამით დიპლომატიური ინციდენტი თავიდან იქნა აცილებული“, - ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ჩინეთის ხელმძღვანელის სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს ემანეუელ მაკრონმა სი ძინპინს, ცოლებთან ერთად, პირენეის მთებში გასეირნება შესთავაზა. ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ მათ ტურმალის უღელტეხილზე მდებარე რესტორანში ისადილეს, რომელიც ემანუელ მაკრონის მეგობრის - ერიკ აბადის საკუთრებას წარმოადგენს. ფრანგმა პრეზიდენტმა ეს ადგილი სპეციალურად შეარჩია, როგორც იდეალური, წყნარი და კომფორტული ადგილი მწვავე საკითხების განსახილველად, მათ შორის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.

მენიუ „ცისქვეშეთის“ ლიდერის საპატივცემულოდ...

მენიუში, რომელიც თვითონ რესტორნის მფლობელმა შეადგინა, ძირითადად, ტრადიციული პირენეული საჭმელები იყო. პირველ კერძად სტუმრებს „ჰარბიური“ - ბეარნული (გასკონური) სუპი მიართვეს, კომბოსტოსაგან და ბატის ხორცისგან მომზადებული, შემდეგ - ცხვრის მოხარშული ბარკლის ხორცი, ღორის ხორცის შაშხი გარნირით - ლობიოთი და სოკოებით.

რაც შეეხება დესერტს... რესტორნის შეფ-მზარეულმა, დესერტის სახით, სპეციალურად მოამზადა პირენეელთა საფირმო კერძი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივმა გასკონელებმა და ბასკებმა იციან - ორიგინალური სახელით „რიუსი“ (le russe).

საშიში „რუსულ-ყირიმული“ ღვეზელი

ნუშისა და თხილისაგან მომზადებულმა ღვეზელმა თავისი სახელწოდება, ლეგენდის თანახმად, მიიღო იმ რეცეპტისაგან, რომელიც პირველად... ყირიმში გაჩნდა. თვითონ ღვეზელი, რომელიც შაქრის ჭიქურით არის დაფარული, გურმანებს რუსეთის თოვლიან ვაკეს მოაგონებთ. ოჯახური საკონდიტრო საცხობი Artigarrède, რომელიც რეცეპტის საიდუმლოებას 1920 წლიდან ინახავს, თავის ვებგვერდზე წერს, რომ ელისეის სასახლის მენიუში „რუსული ღვეზელი“ პირველად პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა შეიტანა, შემდეგ კი, მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა - ჟაკ შირაკმა და ნიკოლა სარკოზიმ ტრადიცია გააგრძელეს და „რუსული ღვეზელი“ მრავალი ქვეყნის მეთაურს დააგემოვნებინეს, საფრანგეთში მათი ოფიციალური ვიზიტების დროს.

მაგრამ რადგანაც ამჯერად სადილი განსაკუთრებული გეოპოლიტიკური კონტექსტის - უკრაინის კონფლიქტის ფონზე გაიმართა, ეს დესერტი, რომელიც ემანუელ მაკრონის და მის ცოლს - ბრიჯიტს ძალიან უყვართ, მოცვის ტორტით შეცვალეს. „ჩემი ბრალი არაფერი არ არის. მე ეს მენიუ ელისეის სასახლეს ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გავუგზავნე“, - განუცხადა რესტორატორმა ჟურნალისტებს.

„არა - დიპლომატიურ ინციდენტს!“

რა თქმა უნდა, მოცვის ტორტიც პირენეულ კერძს წარმოადგენს და „რუსულ ღვეზელზე“ არანაკლებ გემრიელია და, შესაბამისად, უხერხულობაც თავიდან იქნა აცილებული იმ დროს, როცა უკრაინის საკითხი, უეჭველია, განსახილველად ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იყო სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტის დროს.

მართალია, ჩინეთი არასდროს პირდაპირ არ აცხადებს თავის მხარდაჭერას რუსეთის მიმართ და ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, მაგრამ პეკინში გმობენ დასავლეთის ჩარევას რუსეთ-უკრაინის ომში და მოსკოვთან თანამშრომლობას აფართოვებენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო