"პირადი ზიზღი არ უნდა იყოს კარგ მომავალზე უპირატესი. აქციებზე მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსის პატივისცემა არც მე მაქვს... იდეით აღსავსე ახალგაზრდები სხვაა" - კვირის პალიტრა

"პირადი ზიზღი არ უნდა იყოს კარგ მომავალზე უპირატესი. აქციებზე მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსის პატივისცემა არც მე მაქვს... იდეით აღსავსე ახალგაზრდები სხვაა"

სტატია სრულად იხილეთ გაზეთში "კვირის პალიტრა" N19 ან ონლაინ - "აპოლიტიკური ვარო, დღეს ამის ძახილი­ კონფორმიზმია. ახლა ყველაფერი­ პოლიტიკაა, რადგან..."

უკვე რამდენიმე კვირაა არ ცხრება მღელვარება კანონზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". საზოგადოების ნაწილი პროტესტს აქციაზე გამოხატავს, ნაწილი სახელისუფლებო კონტრაქციას უერთდება და თვლის, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია უცხო ქვეყნების გავლენის გასაკონტროლებლად. ჩვენ საზოგადოებისათვის ცნობილ პირებს ვთხოვეთ ამ საკითხზე აზრის გამოთქმა.

"დღეს, როგორც არასდროს, ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება და თითოეული ჩვენგანი ისტორიის ნაწილი ვხდებით"

გთავაზობთ ამონარიდს მუსიკოსის, ქეთათო პოპიაშვილის ინტერვიუდან:

- ეს კანონი უკანონობის დაწესება და იმ ყველაფრის უგულებელყოფაა, რაც 30 წლის განმავლობაში ძლივძლივობით მოგვიტანია - დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. ის, რომ ევროპაში უვიზოდ დავდივართ და ბევრი სიკეთე გვაქვს, ამ კანონით ხელის ერთი მოსმით ვამბობთ უარს და სულ სხვა ორბიტაზე გადავდივართ, ქვეყნის დასალიერში, იქ, საიდანაც თვითონ რუსები გარბიან და ლტოლვილებად არიან აქაც კი - როგორ უნდა გიჭირდეს ადამიანს, რომ იმ ქვეყანაში გაიქცე ლტოლვილად, რომელიც ოკუპირებული გაქვს და სადაც შენი ყოფნა არ უხარიათ. ვისაც ფული აქვს, ევროპასა და აშშ-ში მიდის, დანარჩენები ჩვენთან მოდიან, ჩვენ სად წავალთ, ეს უკვე აღარ ვიცი. ეს კანონი ყველაფერს წყალში ჩაგვიყრის, რისთვისაც გვიწვალია.

დღეს ისტორია იწერება. რაკი ქართველები ძალიან ცოტანი ვართ, ბევრი რამის ფუფუნება არა გვაქვს და დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის 83 დეპუტატი, რომლებიც ამ კანონის მიღებას უჭერენ მხარს, ბოლო წუთს სწორ არჩევანს გააკეთებენ. შენს არჩევანზეა დამოკიდებული, ქვეყნის მოღალატე იქნები და შენი ოჯახი, შვილები, შთამომავლები მოღალატის სტატუსს ატარებენ თუ პირიქით, შეგიძლია გმირი იყო. ამ ყველაფრის შეჩერება "ქართული ოცნების" დეპუტატებს ხელეწიფებათ, ქართველები არიან, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და არავინ და არაფერი ღირს იმ სირცხვილად, რომლითაც უნდა იარონ. მათ შორის არის ერთი ძალიან ჭკვიანი და კარგი ბიჭი - ნიკა სამხარაძე. ჩვენ ოთხი კლასი ერთად ვსწავლობდით. იმედია, ის ამ გამყიდველების სიაში არ ჩაეწერება, ნათელი გონების ადამიანი იყო და მგონი, საღი აზრი მასშიც გაიმარჯვებს.

ბევრს აღიზიანებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები, რადგან მათგან­ ბევრი წყენა ახსოვთ, მაგრამ ეს პირადი ზიზღი არ უნდა იყოს იმ კარგ მომავალზე უპირატესი. დღეს, როგორც არასდროს, ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება და თითოეული ჩვენგანი ისტორიის ნაწილი ვხდებით, თითოეული ჭანჭიკია მნიშვნელოვანი. ეს ახალგაზრდები ძალიან პოზიტიურები, ორგანიზებული არიან. ეს ის შემთხვევაა, თუ შეკვდომა იქნება საჭირო, უნდა შევაკვდეთ, სხვა შემთხვევაში, ცუდად შემოგვხედავენ და გვეტყვიან, ჩვენი მოპოვებული თავისუფლება დაკარგეთო. რუსეთშიც არანაკლები პროტესტი იყო ამ კანონის გამო და არავის ეგონოს, იქ ცხვრები იყვნენ და ადვილად მოახვია თავს მთავრობამ, 2012 წელს დიდი დემონსტრაციები და დაჭერები იყო. იქ მიიღეს და დღეს ამას ძალიან ნანობენ. არ უნდა გავიმეოროთ ეს ცუდი მაგალითი. ახლა ბევრია დამოკიდებული "ოცნების" მხარდამჭერებზე, ახლა იმის დრო არაა, ვინ მოგწონს და ვინ არა. იმ აქციებზე ზოგჯერ მეც მხვდებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომელთა პატივისცემა არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო იდეა გავწირო. ქვეყნის თავისუფლება ყველაფერზე მეტია.

- ზოგი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ამ სიტყვებით, რუსეთი, რუსული კანონი, წამოაგეს და წააქეზეს ახალგაზრდობა და ამან ააგორა საპროტესტო ტალღა.

- ეტყობა, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენს ახალგაზრდებზე. წაქეზებული და ფულზე გაყიდული ადამიანები სხვაა, იდეით აღსავსე კი სხვა. ხომ ხედავთ, როგორ იქცევიან ეს ახალგაზრდები - დილიდან თავის დაცვის საშუალებებს არიგებენ, რომ არ დაშავდნენ. ხაზგასმით მინდა ვთქვა კიდევ ერთი რამ - რაც ჩვენს პოლიციას კომუნისტების დროსაც არ გაუკეთებია, იმას დღევანდელი პოლიცია აკეთებს.­ მაშინ რუსები აწვალებდნენ­ ადამიანებს, დღეს - ეგენი. 7 ნოემბერსაც საში­ნელება ხდებოდა, სამწუხაროდ, ქართველების­ ხელით. დღეს ტელეფონებია, ყველაფერი ფიქსირდება. ამ ადამიანებსა და მათ შვილებს ამ ქვეყანაში ცხოვრება მოუწევთ და არ იქნება მარტივი. ყველა უნდა მოვეგოთ გონს და მივხვდეთ, რომ ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე ვდგავართ და ან უნდა გადავრჩეთ, ან ამ იდეას შევაკვდეთ. სხვა შემთხვევაში, დიდ სირცხვილში მოგვიწევს ცხოვრება.

- აქციებზე ხშირადაა ირაკლი ჩარკვიანის­ სიმღერები. რა ემოცია გაქვთ, როცა გესმით?­

- ირაკლი ყოველთვის დროს უსწრებდა და მისი ხელოვნება, მუსიკა კრიტიკულ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ჟანგბადივით აუცილებელია. როდესაც ეს ბავშვები თვითორგანიზებულ მიტინგებზე მის მუსიკას აჟღერებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამაგალითო და დიდი სულისკვეთების მომტანია. სხვაობაა, როდესაც ახალგაზრდები იდეის გამო, არადაფინანსებულ მიტინგზე აჟღერებენ და სხვა, როცა რომელიმე კონკრეტულ პარტიას უნდა თავისთვის ქულების ჩაწერა. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა იქ ირაკლის მუსიკა ისმის. ირაკლიმ თქვა: "თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ, რომ ვქნა, და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს, ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს". ჩვენ უნდა მოვიგოთ, პირველ რიგში, ჩვენი თავებისთვის, გარუსება არ შეიძლება!

განაგრძეთ კითხვა - "აპოლიტიკური ვარო, დღეს ამის ძახილი­ კონფორმიზმია. ახლა ყველაფერი­ პოლიტიკაა, რადგან..."