განწირული ქალაქი: რაფაჰის ცოდვის ბორბალი - რატომ აღარ აწვდის ბაიდენი ნეთანიაჰუს რაკეტებს?! - კვირის პალიტრა

განწირული ქალაქი: რაფაჰის ცოდვის ბორბალი - რატომ აღარ აწვდის ბაიდენი ნეთანიაჰუს რაკეტებს?!

აშშ ათწლეულებია, ისრაელის მთავარი სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორია და თითქმის ყველაფერში უჭერს მხარს, მაგრამ დღეს უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა ღაზას სექტორთან დაკავშირებით, რომ თვით თეთრი სახლიც კი იძულებულია გაითვალისწინოს საერთაშორისო ნეგატიური განწყობის ზრდა ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორცილებულ სამხედრო ოპერაციასთან მიმართებაში...

გასული წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-„ჰამასის“ ომი გადამწყვეტ მომენტამდე, უფრო სწორად კი - ქალაქამდე, რაფაჰამდე მივიდა... რაფაჰა ღაზის სექტორის უკიდურესი სამხრეთის ქალაქია, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება და რომლის აღება და გაკონტროლება სურს ისრაელის „ცახალს“...

2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასისა“ და სხვა ისლამური შეიარაღებული დაჯგუფებების ღაზის სექტორიდან ისრაელის კიბუცებზე ერთ-ორდღიანი დაუნდობელი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ისრაელის შეიარაღებული ძალები 8 თვეზე მეტია, არანაკლები დაუნდობლობით ბომბავენ და აფეთქებენ ღაზის სექტორში მაცხოვრებელი პალესტინელების საცხოვრებელ სახლებს...

ისრაელის „ცახალმა“ და სპეცსამსახურებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, თითქმის ყველგან აიღეს კონტროლი, რჩება სექტორის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, ქალაქი რაფაჰა, რომლის 250 ათას მაცხოვრებელს სხვა ქალაქებიდან იძულებით გამოქცეული 1,5 მლნ დევნილიც შეუერთდა და ადვილი წარმოსადგენია, რა ცოდვის ბორბალი დატრიალდება ამ ქალაქში, როდესაც ორიოდე დღის წინ ისრაელის „ცახალმა“ ჩვეული ტაქტიკით - ჯერ საავიაციო და საარტილერიო დაბომბვებით და შემდეგ - ჯავშანკოლონების სროლებით შესვლა დაიწყო ამ ქალაქში.

1-rapaha-1715248874.png
ისრაელის ტანკებმა მაინც შეუტიეს პალესტინელების რაფაჰას, ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად...

ისრაელის ხელისუფლება ურყევია - ჩვენ გვინდა „ჰამასის“, რომელმაც ასეთი სისასტიკით დაგვიხოცა ისრაელის მოქალაქეები, სრული განადგურება, რისი განხორციელებაც აუცილებელია სწორედ რაფაჰაში, რადგან „ჰამასის“ გადარჩენილი მებრძოლები სწორედ იქ აფარებენ თავსო...

მაგრამ „ჰამასთან“ ერთად რაფაჰაში, უშუალოდ ეგვიპტის საზღვართან, რომლის გახსნას ოფიციალური კაირო, ბუნებრივია, არც აპირებს (რაში სჭირდება ეგვიპტეს ერთი-ორი მილიონი ღაზელი პალესტინელი დევნილი?), „ჰამასის“ გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად, დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეც „მოემწყვდია“(მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ხელისუფლება რაფაშაჰი მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას თვეზე მეტია, ამ ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს) და მსხვერპლიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს...

აშშ-ის ხელისუფლება კულუარულად დიდი ხანია აფრთხილებდა ოფიციალურ თელ-ავივს, რომ მას არ დაეწყო სამხედრო ოპერაციის გადატანა უშუალოდ ქალაქ რაფაჰაში, თუმცა ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნა-მოთხოვნა არ გაითვალისწინეს - შესაბამისად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის აჩერებს ისრაელის შეირაღებული ძალებისთვის ამერიკული უმართავი და მართვადი საავიაციო ბომბებისა და 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების გადაცემას, რადგან მსოფლიოს თვალში შეიარაღების სწორედ ეს კონკრეტული სახეობები ასოცირდება იმ დაუნდობელ დაბომბვებთან, რომლებითაც ისრაელის სამხედროებმა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს ღაზას სექტორის დასახლებული პუნქტების შენობა-ნაგებობები...

ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ცდილობს, ყველანაირად ლაფში ამოსვაროს მოქმედი პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის სახელი, აცხადებს - „ჰამასმა“ მოკლა ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - ჩვილები და ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს ამერიკელები, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერი ჯო ამ ტერორისტების მხარესაა. ბაიდენი არის სუსტი, კორუმპირებული და მსოფლიო პირდაპირ III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. არაკეთილსინდისიერმა ჯო ბაიდენმა, იცის თუ არა ეს, განაცხადა, რომ შეუჩერებს იარაღის მიწოდებას ისრაელს, რომელიც ღაზაში „ჰამასის“ ტერორისტების აღმოსაფხვრელად იბრძვის...“

2-rapaha-1715248939.png
ისრაელის მიერ რაფაჰაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის რაიონი ამ რუკაზე ყავისფრადაა მონიშნული...

თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, რაფაჰაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების გამო, ისრაელისთვის ყველა სახის შეიარაღების გადაცემაზე უარი არ უთქვამს, მაგალითად, კვლავ მიაწვდის „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საზენიტო რაკეტებს.

გასაგებია, რომ ისრაელის ხელისუფლება, რომელმაც ამხელა მასშტაბის საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ჩაატარა ღაზის სექტორში, „ჰამასის“, როგორც სამხედრო ძალის გასანადგურებლად, უცბად უკან არ შეტრიალდება და გაბრუნდება - ოფიციალურ თელ-ავივს სურს, ისარგებლოს შექმნილი სიტუციით და ერთხელ და სამუდამოდ დაამხოს „ჰამასის“ დე-ფაქტო ხელისუფლება ღაზის სექტორში, რომელიც 2007 წლიდან მოდის.

ისრაელი წამსვლელია ღაზის სექტორის დროებით ოკუპაციაზეც კი (მიუხედავად იმისა, რომ ამას თითქმის მთელი მსოფლიო დაგმობს), რათა დრო მოიგოს და ღაზის სექტორის მმართველობაში დააბრუნოს ისეთი პალესტინური პოლიტიკური ძალა, რომელიც, „ჰამასისგან“ განსხვავებით, ბევრად უფრო ლოიალური გახდება თელ-ავივის მიმართ.

3-rapaha-1715248993.png
საავიაციო ბომბები, რომელთა მიწოდება აშშ-მა ისრაელს დროებით შეუწყვიტა, რადგან არ სურს, რაფაჰაც მიწასთან გასწორებულ სხვა პალესტინურ ქალაქებს დაემსგავსოს...

ისრაელის სახელმწიფოებრივი ინტერესები გასაგებია - მას არ სურს, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი ტრაგედია ოდესმე განმეორდეს, შესაბამისად, აღარ უნდა არსებობდეს ღაზის სექტორის საზღვრებიდან მეზობელი ისრაელის კიბუცებზე თავდასხმების მცირე საშიშროებაც კი.

იმ შემთხვევაში, თუკი მდინარე იორდანიის დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში ერთიანი პალესტინური სახელმწიფო შეიქმნება, რომელიც მშვიდობიან თანაცხოვრებას გაარძელებს მეზობელ ისრაელთან, ეს ახლო აღმოსავლეთის საუკუნოვან დაპირისპირებას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ...

მაგრამ ის, რომ ბევრს არც ისრაელში სურს იხილოს ერთიანი პალესტინური სახელმწიფო და თავად პალესტინელებშიც მოიძებნებიან ბევრნი, ისეთნი, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობას და მის განადგურებაზე ოცნებობენ - ასე რომ, ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას ჯერ ბოლო არ უჩანს...