"ვაქირავებ ბინას საშემოსავლო გადასახადით" - კვირის პალიტრა

"ვაქირავებ ბინას საშემოსავლო გადასახადით"

ბინის გამქირავებლებს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ქირის ღირებულება ლიმიტირებული არ არის და ნებისმიერ შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს. ურჩებს შემოსავლების სამსახური ჯარიმა-საურავების დარიცხვით ემუქრება.

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, თუ იურიდიული პირი ფიზიკური პირისგან ფართს იქირავებს, მაშინ იურიდიული პირი ვალდებულია თავად დააკავოს საშემოსავლო გადასახადი. ძველი კოდექსის თანახმად კი იურიდიული პირი კერძოს სრულად უნაზღაურებდა თანხას, საშემოსავლო გადასახადს კი ფიზიკური პირი იხდიდა.

ფიზიკურ პირებს შორის უძრავი ქონების ქირავნობის შემთხვევაში, გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის მოლაპარაკებით გადაწყდება, ვინ გადაიხდის 20%-იან საშემოსავლო გადასახადს. შემოსავლების სამსახურს კი მკაცრი ადმინისტრირების წარმოება მოუწევს, რათა გამოავლინოს კერძო პირებს შორის ქირაობის ფაქტები. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საგადასახადო უწყებისთვის მსგავსი ინფორმაციის მოძიება პრობლემა არ არის. როგორც ამბობენ, ინფორმაციის მოპოვებისთვის სხვადასხვა პროცედურა არსებობს. კერძო პირებზე ინფორმაციის მოპოვება ოდნავ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური სამართალდარღვევის ფაქტს გამოავლენს, პირს სრულად მოუწევს დამალული გადასახადის ანაზღაურება და ზედ დარიცხული საურავებისაც.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ეს სიახლე არ არის. დღესაც, მოქმედი კანონმდებლობით პირები, ვისაც უძრავი ქონება აქვთ მიქირავებული ფიზიკური პირებისთვის, ვალდებული არიან ამ შემოსავალს გაუკეთონ დეკლარირება და საშემოსავლო გადასახადი გადაიხადონ. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, აქამდე ძალიან მცირე რაოდენობით თუ შეხვდებოდით ისეთ მოქალაქეს, ვინც იხდის ამ  გადასახადს. ძირითადად, იხდის ის, ვისაც უძრავი ქონება მიქირავებული აქვს იურიდიული პირისთვის, რომელსაც სურს ხელშეკრულებით ჰქონდეს ურთიერთობა ფართის გამქირავებელთან, რათა მისთვის გადახდილი თანხა ხარჯში გაატაროს.

ახლა, როგორც ჩანს, შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა ამ საქმეს ყურადღება მიაქციოს, რადგან ბევრი ასეთი ტრანზაქცია კეთდება და სახელმწიფოს ბიუჯეტმა ამ ტრანზაქციების დაბეგვრით შეიძლება სოლიდური შემოსავალი მიიღოს.

ამ გადასახადის მასობრივად ამოღება აუცილებლად გააძვირებს უძრავი ქონების გაქირავების ფასს. ასე რომ, ვისაც სურს ბინის დაქირავება ან უკვე ნაქირავები აქვს, სულ მცირე 20%-ით გაეზრდება ქირის ღირებულება.

რაც შეეხება ამ გადასახადის ეფექტურ ადმინისტრირებას, ალბათ, შემოსავლების სამსახურს საამისოდ შემუშავებული ექნება სპეციფიკური მეთოდი. მაგალითად, ისეთი, როგორიც სავაჭრო ობიექტებისთვის აქვს, - საგადასახადოს თანამშრომლები ობიექტში საკონტროლო შესყიდვისთვის როგორც მომხმარებლები შედიან. ამავე პრინციპით შეიძლება ბინის გამქირავებელთან მივიდეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, იმ საბაბით, თითქოს ბინის დაქირავება სურს და თუ კანონდარღვევას გამოავლენს, დააჯარიმებს კიდეც. მერწმუნეთ, ხერხის მოფიქრება არ გაუჭირდებათ.

სარეკლამო განცხადებების ბაზა არსებობს, ამიტომ შემოსავლების სამსახურს კარგად ექნება დათვლილი, სად, რომელ უბანში რამდენი ბინა და რა ფასად ქირავდება".

(სპეციალურად საიტისთვის)