ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმა და ტრაგიკული სცენარი უკრაინისთვის - როგორ შეაღწიეს პუტინის სპეცსამსახურებმა უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში - კვირის პალიტრა

ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმა და ტრაგიკული სცენარი უკრაინისთვის - როგორ შეაღწიეს პუტინის სპეცსამსახურებმა უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში

საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან დროებით უკრაინაში გადავინაცვლოთ: 7 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გამოავლინეს პრეზიდენტ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი პირების მკვლელობის გეგმა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ოპერაციის ფარგლებში დააკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს (შემდეგში სდს) ორი პოლკოვნიკი, რომლებიც გადაბირებულნი იყვნენ რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" მიერ და ზელენსკის, ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის და უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ივან მალიუკის მოკვლას გეგმავდნენო.

„დარტყმა მოსწრებაზეაო“: ქუჩის ბრძოლების ეს ფილოსოფია დიდ პოლიტიკაშიც აქტუალურია. უფრო მეტიც: ხშირად კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი რომელიმე პოლიტიკური ლიდერის სიკვდილ-სიცოცხლეზეა დამოკიდებული. ისტორიას მრავალი მაგალითი ახსოვს, როდესაც მეფე-სულთან-იმპერატორ-პრეზიდენტ-დიქტატორების პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზიდან ძალადობრივ „წასვლას“ მოვლენების რადიკალური ცვლილება გამოუწვევია. სწორედ ამგვარი ასოციაციები წარმოშვა უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.

ადრეც აღვნიშნე, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება მარტო ფრონტებზე არ მიმდინარეობს და რუსეთის სპეცსამსახურების ტერორისტული თავდასხმები ყველგან, თვით უკრაინის ყველაზე დაცულ კაბინეტებშიც შეიძლება განხორციელდეს.

უკრაინის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების განცხადებით, რუსეთის აგრესიის და­წყე­ბი­დან, კრემლს ზე­ლენ­სკის ლიკვიდაციის ათამდე მცდე­ლო­ბა ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წინ და კიევის დაკავების შემთხვევაში, ზელენსკის ლიკვიდაციის საკითხი გადაწყვეტილი იყო, რაც რამზან კადიროვის „ბოევიკებს“ და პრიგოჟინის „ვაგნერის“მებრძოლებს უნდა განეხორციელებინათ. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ: ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმები ნამდვილად აქვს რუსეთს და კონკრეტული მუშაობაც მიმდინარეობს აღსასრულებლად. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც, ჩემი აზრით, ზელენსკის მიერ „პოლიტიკური სცენის“ ნაადრევად დატოვება შეცვლის ომის სცენარს და უკრაინის დამარცხებას გამოიწვევს.

პუტინის ხელისუფლებისთვის ყოველთვის „მიზანი ამართლებდა საშუალებას“. რა ხდება დღეს? რამდენადაა პრიორიტეტული ზელენსკის ლიკვიდაცია რუსეთისთვის? შეუძლია თუ არა რუსეთს ნებისმიერ გზით (დაბომბვა, სპეცოპერაცია, მოწამლვა და ა.შ.) უკრაინის პრეზიდენტისა და ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის ლიკვიდაცია, რაც ნამდვილად გამოიწვევდა უკრაინის წინააღმდეგობის, სულ მცირე, შესუსტებას? ამგვარი მოწოდებებით არა ერთხელ გამოსულან რუსი პროპაგანდისტები და პუტინის „ფანები“. რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან პუტინის მთავარი სამიზნე ზელენსკი იყო და კიევის ე.წ. სამთავრობო კვარტალზე სარაკეტო თავდასხმები არ წყდებოდა. რუსეთის დიქტატორს მაშინ ეს გეგმა ჩაეშალა.

ზელენსკი, ბუდანოვი, მალიუკი და უკრაინის სხვა თანამდებობის პირები რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქის მასობრივი დაბომბვების შემდეგ განსაკუთრებულად დაცულ „ბუნკერებში“ იმყოფებიან. მათი ადგილსამყოფელი მკაცრადაა გასაიდუმლოებული და მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან. სწორედ მათ რიცხვში არიან სდს-ის თანამშრომლებიც, რომლებიც 24/7 რეჟიმში ახორციელებენ დასაცავი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამიტომ გასაგებია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს სტრუქტურებში შეღწევა და მაღალჩინოსანი ოფიცრების გადაბირებაა.

რამდენად დაცულია ზელენსკის უსაფრთხოება? სდს უკრაინის სპეცსამსახურების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია და სახელმწიფო სტრუქტურებისა და მაღალი თანამდებობის პირების დაცვას ახორციელებს. სდს 1992 წლის 15 იანვარს შეიქმნა და, მიუხედავად შედარებით დაბალი სტატუსისა, უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტს ექვემდებარება. თუმცა არის ერთი საინტერესო ნიუანსიც: უკრაინის კანონმდებლობით პრეზიდენტის უსაფრთხოებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე ახორციელებს უკრაინის უშიშროების სამსახურიც სდს-თან კოორდინაციით. ეს გარემოება მიანიშნებს, რომ უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის სტრუქტურაშია) ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებს უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს სისტემაშიც ახორციელებს. ომში მყოფი ქვეყნისთვის ამგვარი კონტროლი გამართლებულია.

ადრეც აღვნიშნე, რომ უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზელენსკიმ სპეცსამსახურებში „დიდი „საკადრო წმენდა“ მოაწყო და გაათავისუფლა წინა პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს დანიშნული კადრები. ეს „გარდამავალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სამწუხარო მოვლენაა.

2019 წლის 29 მაისს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პროფესიონალი სამხედრო, პოლკოვნიკი ალექსეი ოცერკლევიჩი სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსად დანიშნა, პოროშენკოს კადრის, ვალერი გელეტეის ნაცვლად, თუმცა ხუთი თვის შემდეგ, 2019 წლის სექტემბერში ოცერკლევიჩი პოლკოვნიკი სერგეი რუდით შეცვალა, რომელიც დღეს უკვე გენერალ-მაიორია და კვლავ სდს-ის უფროსია.

picture3-1715321535.jpg

სერგეი რუდი

როგორც ზემოთ ითქვა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ აგენტურული მუშაობის ბრალდებით, სდს-ის ორი მაღალჩინოსანი დააკავა. ერთ-ერთი მათგანია სდს-ის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ანდრეი გუკი. მას ბრალად ედება დასაცავი პირების (მათ შორის - უკრაინის პრეზიდენტის) შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის გადაცემა. ანდრეი გუკი ითვლება სდს-ის უფროსის, სერგეი რუდის ახლო მეგობრად. ისინი ერთად სწავლობდნენ უკრაინის სასაზღვრო ჯარების აკადემიაში და ნათელმირონი აკავშირებთ. უკრაინული წყაროების თანახმად, სერგეი რუდს თავისი მეგობრის მოადგილედ დანიშვნა სურდაო. ეფ-ეს-ბეს მიერ დაგეგმილი თავდასხმის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თავად სერგეი რუდის მომავალი სამსახურებრივი კარიერაც ეჭვის ქვეშ დადგება.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ლიკვიდაციისთვის რუსეთს სარაკეტო დარტყმა უნდა განეხორციელებინა, ხოლო „სამიზნეების“ მდებარეობის და მოძრაობის ზუსტი კოორდინატები ეჭვმიტანილი პოლკოვნიკებისგან უნდა მიეღო. პარალელურად, კიევში მყოფ ეფ-ეს-ბეს აგენტებს, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონით უნდა შეეტიათ ლიკვიდაციის ობიექტისთვის.

picture2-1715321535.jpg

დრონი ასაფეთქებელი მოწყობილობებებით, რომელიც ეფ-ეს-ბეს აგენტებს უნდა გამოეყენებინათ

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, კიევში მოქმედი ეფ-ეს-ბეს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფისთვის საჭირო შეიარაღება უკრაინის დედაქალაქში სდს-ის მაღალჩინოსანმა პოლკოვნიკმა (სავარაუდოდ, ეჭვმიტანილმა ანდრეი გუკმა) შემოიტანა. დაფიქსირებულია მისი სატელეფონო საუბრები ეფ-ეს-ბეს „კურატორთან“. ამ ოპერაციის ორგანიზაციას ეფ-ეს-ბეს მე-5 სამსახურის მე-9 დეპარტამენტის თანამშრომლები: მაქსიმ მიშუსტინი, დიმიტრი პერლინი და ალექსეი კორნევი ახორციელებდნენო, – აცხადებენ უკრაინის უშიშროების სამსახურში (https://nv.ua/ukraine/politics/ugo-i-pokushenie-na-budanova-zelenskogo-i-malyuka-chto-izvestno-o-krotah-fsb-v-ugo-novosti-ukrainy-50416293.html).

picture1-1715321535.jpg

მიშუსტინი, პერლინი და კორნევი

პუტინის მთავარი მიზანი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის (რომელსაც ის „ნარკომანებსა“ და „ნაცისტებს“ უწოდებს) ,,განეიტრალება" (მათი ლიკვიდაციის ჩათვლით) და უკრაინის ხელისუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანაა. პუტინი ცდილობს, მცირერიცხოვანი მობილური სადაზვერვო-დივერსიული რაზმები შეგზავნოს კიევსა და უკრაინის დიდ ქალაქებში.

მათი მიზნებია: უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, ქალაქებში დივერსიების მოწყობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის (ელექტროსადგურები, წყალსადენი, გათბობის სისტემა, ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემა და ა.შ.) მწყობრიდან გამოყვანა, მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა და სხვ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლს ჰქონდა (და, სამწუხაროდ, კვლავ აქვს) ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც სააშკარაოზე არ ჩანს, თუმცა განვითარებული მოვლენების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ: რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ წვდომა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების საიდუმლო გეგმებზე, მათ შორის: კონტრშეტევის მიმართულებებზე, შეიარაღების რაოდენობასა და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე, უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ (და მოსალოდნელ) დაპირისპირებაზე, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების გადაადგილებაზე და ა.შ.

ჩემი აზრით, უკრაინის საბოლოო გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნება, შეძლებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება დღეს არსებული ერთიანობის შენარჩუნებას; მოასწრებს თუ არა დასავლეთის სამხედრო დახმარების (სამწუხაროდ, დაგვიანებული) ეფექტიანად გამოყენებას და რამდენად ადეკვატურ პასუხს გასცემენ უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული რაზმების მოქმედებებს.

პ.ს. უახლესი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი რუდი.