სკანდალური და საგანგაშო სტატია საქართველოზე - ბრიტანული გაზეთის ავი წინასწარმეტყველება:"კრიტიკული მომენტი დადგება მომავალ კვირაში, როცა..." - კვირის პალიტრა

სკანდალური და საგანგაშო სტატია საქართველოზე - ბრიტანული გაზეთის ავი წინასწარმეტყველება:"კრიტიკული მომენტი დადგება მომავალ კვირაში, როცა..."

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის - „სფექთეითორის“ (The Spectator) 11 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „საქართველო რევოლუციის ზღვარზე“ (ავტორი - სვეტლანა მორენეცი), რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისის მთავარი ქუჩა - რუსთაველის გამზირი - ბრძოლის ველს ჰგავს: სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი ცდილობს, საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილე, ძირითადად - ახალგაზრდები, ცრემლმდენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალოს.

ერთი შეხედვით, თითქოსდა მიტინგები უკავშირდება რეპრესიულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში იხილება, მისი მიღების მიზნით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ბრძოლა - ერთი მხრივ, ქვეყნის მთავრობას შორის, რომელიც მოსკოვისაკენ არის გადახრილი და მეორე მხრივ - მოსახლეობას შორის, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

კრიტიკული მომენტი დადგება მომავალ კვირაში, როცა საქართველოს საკანონმდებლო ორგანო კენჭს უყრის სადავო კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები - არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბიუჯეტის 20%-ს იღებენ, „უცხოელ აგენტებად“ (ანუ „უცხოური ძალის ინტერესთა გამტარებელ ორგანიზაციებად“) გამოცხადდებიან. ქართული კანონპროექტი იმეორებს 2012 წელს რუსეთის მიერ მიღებული მსგავსი კანონის დებულებებს, რომლითაც კრემლი დამოუკიდებელ მასმედიას და ოპოზიციას დევნის. ამ კანონპროექტის მიღება ხაზს გადაუსვამს საქართველოს იმედებს ევროკავშირში გაწევრებაზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მესამე მოსმენის შემდეგ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს (ანუ ძალაში არ შევა), თუმცა მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის დეპუტატების ხმები, რომ პრეზიდენტის ვეტო გადალახოს.

თუ კანონპროექტი კანონი გახდება და იურიდიულ ძალას მიიღებს, ეს ქვეყანაში რევოლუციის გამოწვევას ნიშნავს. სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოში 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ქვეყანა მოქცეულია თურქეთსა და რუსეთს შორის. უახლოეს ისტორიაში ქართველებმა რამდენიმე ლიდერი დაამხეს, მათ შორის ედუარდ შევარდნაძე, რომელიც არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ეს მოხდა 2003 წლის „ვარდები რევოლუციის" დროს, რომლის შედეგად საქართველო ევროპის გზაზე დადგა. რუსეთმა საქართველოს ევროპულ ორიენტაციაზე რეაგირება მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, როცა მოსკოვის ჯარების მიერ მხარდაჭერილმა [აფხაზმა და ოსმა] სეპარატისტებმა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის მიტაცება-გაკონტროლება მოახერხეს. მას შემდეგ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ვლადიმერ პუტინის ჯარების ოკუპაციის ქვეშ რჩება და ე.წ. გაყინულ კონფლიქტებად მოიხსენიებიან.

როცა 2022 წელს რუსეთის არმიის ტანკებმა გეზი კიევისაკენ აიღეს, ევროკავშირმა კრემლის აგრესიას იმით უპასუხა, რომ კიევს სამხედრო დახმარება გაუწია და უკრაინას (და მასთან ერთად, მოლდოვასა და საქართველოს) ევროკავშირის კარი გაუღო. გასული წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ქვეყნის მთავრობა ვერ აკმაყოფილებდა ევროკავშირში მიღებისათვის დაწესებულ ჩვეულებრივ კრიტერიუმებს.

ქართველთა 80%-ს სურს, რომ მათი სამშობლო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი ოლიგარქი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში დააგროვა და ქვეყნის პოლიტიკაში ყველაზე გავლენიან ადამიანად რჩება - საქართველოს განვითარების „მესამე გზის“ მომხრედ გამოდის, იმავდროულად - მოსკოვსაც უახლოვდება და, პარალელურად, ნატო-ევროკავშირში გაწევრების სურვილს დეკლარირებს. ამასთან, მას არ მოსწონს ევროკავშირის აქცენტი ოლიგარქების ძალაუფლების შეზღუდვაზე („დეოლიგარქიზაცია“). იგი ორმაგ თამაშს ეწევა: ერთი მხრივ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს, საზოგადოების დასამშვიდებლად, მეორე მხრივ კი ხელს უშლის რეფორმების გატარებას, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრებისთვის.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დაწყებული, ყველა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპული ლოზუნგებით და დღემდე ინარჩუნებს ხელისუფლებას, მაგრამ ყველაფერს აკეთებს ბრიუსელის საწყენად და გასაჯავრებლად: თბილისი არ იცავს ანტირუსულ სანქციებს და მეგობრულ ურთიერთობას ავითარებს რუსეთის მხარდამჭერ ჩინეთთან. პეკინი, თავის მხრივ, საქართველოში მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციებს ახორციელებს საავტომობილო გზებისა და ანაკლიის შავიზღვისპირა სატვირთო პორტის მშენებლობაში. ანაკლიის საზღვაო პორტი „შუალედური სავაჭრო დერეფნის“ მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა გახდეს. თეორიულად საქართველოს დემოკრატიულ მსოფლიოსთან მიერთება სურს, პრაქტიკულად კი - მთავრობა დაკავებულია კავშირების გაფართოებით მსოფლიოში არსებულ ავტოკრატიებთან.

ქართველებმა საკუთარი მთავრობის კურსის გადახრა კარგად შენიშნეს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგზეც აისახა - მისი პოპულარობა განუხრელად ეცემა. თუმცა ბიძინა ივანიშვილი მზად არის, გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება ხელისუფლებაში დასარჩენად: პროპაგანდა, დეზინფორმაცია, არჩევნების გაყალბება (ოპოზიციის მტკიცებით). მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, თუ ის ძალაში შევა, კარს დაუხურავს არჩევნებისადმი დასაკვირვებლად იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „უცხოელი აგენტის“ სტატუსს მიიღებენ. შესაბამისად, მათ არ ექნებათ ხმების გაყალბების გამოვლენის შესაძლებლობა ანუ ისინი ისეთივე მდგომარეობაში ჩავარდებიან, როგორიც რუსეთში ხდება. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით შექმნილი ვიდეორგოლები „ლგბტ-საზოგადოების“ წინააღმდეგ.

პარლამენტის შენობასთან პოლიცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამიზნულად მოქმედებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ლიდერს ლევან ხაბეიშვილს სამართალდამცველებმა ცხვირი გაუტეხეს. ამასობაში კი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი, საპყრობილეში ჩაკეტილი რჩება. იგი [ბიძინა ივანიშვილის] მოწინააღმდეგე პროდასავლურ ლიდერად განიხილება.

ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მსხვილ ტელეარხს აკონტროლებს და მათ თავისი ოპონენტების კრიტიკისა და ცილისწამებისათვის იყენებს. მილიარდერმა დაიწყო შეთქმულების პრომოსკოვური თეორიის პროპაგანდა. თავისი იშვიათი სატელევიზიო გამოსვლის დროს, გასულ კვირაში, მან განაცხადა, რომ დასავლეთის „ომის გლობალური პარტია“ საქართველოს გამოყენებას პაიკის სახით ცდილობს, რუსეთთან დაპირისპირების მიზნით. მისი თქმით, დასავლეთს სურს საქართველოში მეორე ანტირუსული ფრონტი გახსნას - აი, რატომ არის აუცილებელი ზემოხსენებული კანონის მიღება.

„ქართული ოცნება“ საქართველოში შეთქმულების მომზადებაში უკრაინასაც კი ადანაშაულებს. მმართველი პარტია აქეთ-იქით აწყდება უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის განცხადებებსა და უკრაინისადმი კრიტიკულ გამონათქვამებს შორის“, - ამბობს თინა ბოკუჩავა, „ერთიანი ნაცმოძრაობის“ დეპუტატი პარლამენტში, - „სიმართლე კი ისაა, რომ „მეოცნებეები“ ფსონს რუსეთის გამარჯვებაზე დებენ“.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა სტრატეგია საკმაოდ მარტივია: „ქართული ოცნება“ გასულ წელს, ოპოზიციის პროტესტების გამო, იძულებული გახდა იგივე კანონპროექტი უკან გაეწვია. იმ პირობებში, როცა ქართული პოლიტიკური ოპოზიცია, ფაქტობრივად, დაშლილია მრავალი წვრილი პარტიის სახით, დღეისათვის ქუჩის აქციები ერთადერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს მათ გასაერთიანებლად და დასარაზმავად. თუმცა, როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, მოლაპარაკებები პოლიტიკური გაერთიანებისათვის უკვე დაწყებულია. არადა, დრო ძალიან ცოტა რჩება: საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ქართული „პრორუსული“ კანონპროექტი გააკრიტიკა, ხოლო კონგრესის 14-მა წევრმა სენატორმა საქართველოს მთავრობას გამაფრთხილებელი წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ისინი დაიმუქრნენ, რომ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას ხმას მისცემენ, სანქციები დაუწესდებათ. ბიძინა ივანიშვილი უკვე ცდილობს, მსოფლიოში გაბნეული თავისი აქტივები გადაარჩინოს და უსაფრთხო ადგილზე განათავსოს, სანქციების თავიდან აცილების მიზნით. „ოლიგარქზე ასეთი ზეწოლა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს“, - ამბობს თინა ბოკუჩავა, - „ივანიშვილმა უნდა იგრძნოს ამ კანონპროექტის მიღების ნეგატიური შედეგები, ხოლო ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მას აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ“. დეპუტატი კანონპროექტისადმი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას ფართო გლობალური სურათის ნაწილად თვლის: „ეს არის ცივილიზაციური ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ ახორციელებს. ივანიშვილმა ისტორიის არასწორი მიმართულება ამოირჩია და ცდილობს, ამ მიმართულებით ქართველი ხალხიც წაიყვანოს, პოლიტიკურ უფსკრულში გადასავარდნად. მაგრამ ქართველი ხალხი მას ეუბნება: „ჩვენ შენთან ერთად არ წამოვალთ“. თბილისის ქუჩებში ასეთი განწყობა ნამდვილად შეინიშნება“.

მიტინგების მთავარმა ლოზუნგმა - „დიახ - ევროპას, არა - რუსულ კანონმდებლობას“ - ბოლო დღეებში ასეთი ტრანსფორმირება განიცადა: „არა - რუსულ კანონმდებლობას, არა - რუსულ მთავრობას“. თავის დროზე საქართველოში და უკრაინაში მომხდარი „ვარდების“, „ნარინჯისა“ და „მაიდნის“ რევოლუციები გამოწვეული იყო დემოკრატიული ოპტიმისტური გრძნობებით და იმ იმედით, რომ ქვეყნები რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის ბრჭყალებიდან გათავისუფლებულიყვნენ. ამჟამად, როცა რუსეთი უკრაინაში წინ მიიწევს, ამ იმედში ბევრი უკვე დარწმუნებული აღარ არის. თბილისში ფიქრობენ, რომ [ქვეყნისათვის] დრო იწურება: „ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ საქართველოს ევროკავშირში წევრად მიღებისათვის ასეთი კარგი შესაძლებლობის ფანჯარა არ ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს. ჩვენ არ ვიცით, ფანჯარა კიდევ როდის გაიღება, [ამიტომ დღევანდელი შანსით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ]“.

წყარო