ომის 800 დღეში რუსეთმა 3 ათასი ტანკი დაკარგა... - კვირის პალიტრა

ომის 800 დღეში რუსეთმა 3 ათასი ტანკი დაკარგა...

თარიღებისა და ციფრების შედარება ხშირად მხოლოდ სიმბოლურია, მაგრამ ზოგჯერ მაინც საინტერესო დამთხვევები ხდება...

რამდენიმე დღის წინ 800 დღე-ღამე შესრულდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა მეზობელს და მას შემდეგ უკრაინის მიწაზე ფართომასშტაბიანი ბრძოლები მიმდინარეობს, რომლებიც ეპიზოდურად აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლებს ხოლმე...

ყველა ომს კი თავისი დანაკარგი აქვს და ამ შემთხვევაში საინტერესო დამთხვევა მოხდა, როდესაც ომის მე-800 დღე რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგებმა მხოლოდ ძირითადი საბრძოლო ტანკების სახით ზუსტად...3 000 შეადგინა...

თავიდანვე ხაზს გავუსვამთ, რომ ჩვენ ვსარგებლობთ საერთაშორისო ინტერნეტრესურსის Oryx-ის მასალებით, რომლებიც დაფუძნებულია ბრძოლის ველზე და ზურგში გადაღებულ ფოტოვიდეო მასალებზე და ბევრად უახლოვდება რეალობას, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ყველა აფეთქებული ტანკისა თუ ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტო არ იქნება გადაღებული ან ეს ფოტოები არ მოხვდება ინტერნეტსივრცეში, აქედან გამომდინარე ორივე მხარის რეალური საბრძოლო დანაკარგები წესით უფრო მეტიც შეიძლება იყოს, ვიდრე ეს Oryx-ის მიერ მოგროვებულ ფოტოვიდეო კადრებში მოჩანს...

Oryx-ის მონაცემების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგმა უკრაინის ფრონტზე ამ მომენტისთვის შეადგინა 3 ათასი ძირითადი საბრძოლო ტანკი, რომელთაგან უდიდესი ნაწილი- 2 001 ერთეული აფეთქებულია (შესაბამისად არ ექვემდებარება აღდგენას); 156 დაზიანებული; 329 მიტოვებული, ხოლო 514 კი უკრაინის დამცველებმა წაიღეს ალაფის სახით.

საგულისხმოა, რომ 2022 წლისთვის, უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და დანაყოფების ოფიციალურ შტატში სწორედ 3 ათასამდე სხვადასხვა მოდიფიკაციის ძირითადი საბრძოლო ტანკი ირიცხებოდა ანუ გამოდის რომ ომის მე-800 დღეს აგრესორმა რუსეთმა მთელი თავისი სატანკო პარკი დაკარგა?

ლოგიკურად სწორედ ასე გამოდის, რეალურად კი საქმე სულ სხვანაირადაა, რადგან შტატში არსებული ტანკების გარდა, რუსეთს საბჭოთა დროიდან შემორჩენილი არანაკლებ 18-19 ათასი ტანკი განთავსებული ჰქონდა დიდი ხნით შენახვის ბაზებში.

მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი გაძარცვული და დაჟანგებული იყო ღია ცის ქვეშ ათწლეულობით მოუვლელად დგომის შედეგად, რუსეთის არმიამ სწორედ ამ ტანკების აღდგენა-მოდერნიზაცია წამოიწყო-ტანკი თვითმფრინავი არ არის, მისი ჯავშანკორპუსის აღდგენა ბევრად უფრო ადვილია...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკარგულ სამი ათასს ძირითად საბრძოლო ტანკების სიაშია, როგორც სტალინის დროინდელი T-54 და T-55-ები, ისე ხრუშჩოვის პერიოდის T-62 და T-64-ები, ბრეჟნევის ხანის T-72 და T-80-ები, ასევე შედარებით თანამედროვე, უკვე პუტინის რეჟიმის პერიოდში მოდერნიზებული T-90М-ები...

საერთო ჯამში კი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ომის 800 დღე-ღამეში დაკარგეს 15 724 ერთეული საბრძოლო და სამხედრო ტექნიკა-ტანკები, საარტილერიო დანადგარები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები, რადიოლოკატორები, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, უპილოტო საფრენი აპარატები, ხომალდები და კატარღები...

2-tanki-1715344101.jpg
უკრაინის ფრონტზე აფეთქებული ეს ამერიკული „აბრამსი“ სპეციალურად ჩაიტანეს მოსკოვში პუტინის მომხრე მოსახლეობისთვის საჩვენებლად...

ბუნებრივია, რომ სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების საბრძოლო დანაკარგებს ვერც მეორე მებრძოლი მხარე-უკრაინა გადაურჩა...

იმავე Oryx-ზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას - 800 დღიან საბრძოლო მოქმედებებში უკრაინამ საერთო ჯამში დაკარგა (აფეთქებულის, დაზიანებულის, მიტოვებულისა და მოწინააღმდეგის მიერ ალაფად წაღებულის სახით) 5 678 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - 809 ერთეული ძირითადი საბრძოლო ტანკი.

უკრაინელების დანაკარგები ტანკების მხრივ მართალია თითქმის ოთხჯერ მცირეა, მაგრამ უფრო მრავალფეროვანია, რადგან თუკი უკრაინამ ომის დასაწყისში რუსი ოკუპანტების მოგერიება ძირითადად T-64, T-72 და T-80 ტიპის საბჭოთადროინდელი ტანკებით დაიწყო, შემდეგ მის სატანკო პარკს შეემატა სლოვენური M-55S-ები, პოლონური PT-91 Twardy-ები, ბრიტანული Challenger 2-ები, ამერიკული M1A1 SA Abrams-ები, გერმანული Leopard 2A4, Leopard 2A6, Leopard 1A5 -ები და შვედური Stridsvagn 122-ები...

უკრაინის არმიის ამ „სატანკო ზოოპარკმაც“ განიცადა საბრძოლო დანაკარგები, მათ შორის 6 „აბრამსი“, ერთი „ჩელენჯერი“ და სხვადასხვა მოდიფიკაციის 37 ერთეული „ლეოპარდი“.

პუტინის რეჟიმმა ამ ყველაფრისგან მორიგი საინფორმაცი შოუს მოწყობა განიზრახა და ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ალაფად აღებული ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკის რამდენიმე ერთეული მოსკოვში წაიღო საყოველთაო ჩვენებისთვის, ამჯერად ბევრად უფრო დიდი მასშტაბის შოუ მოაწყო მოსკოვის ცენტრში, როდესაც მოსახლეობას აფეთქებული ამერიკული „აბრამსებისა“ და გერმანული „ლეოპარდების“ დათვალიერების საშუალება მისცა...