"ჩემი პირადი აზრია და არაა პარტიის, რომ როცა ხდება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზება, მე ამას არ მივესალმები - ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ქვეყნის ღალატი" - კვირის პალიტრა

"ჩემი პირადი აზრია და არაა პარტიის, რომ როცა ხდება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზება, მე ამას არ მივესალმები - ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ქვეყნის ღალატი"

მე ერთი რამ მინდა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის შინაარსის განხილვაში არ შევა.

„დღეს, რთული სიტუაციაა, რთული ვითარებაა. ქვეყანას სხვა, უამრავი გამოწვევა აქვს, როგორიც არის იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში როგორი ვითარებაა, ხედავთ მეგობრებო, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არც გაჩერდება დიდი ხანი. სხვათა შორის,ამას გარდა, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს და ვითარებას. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს.

რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ, ამ კანონის მიმართ, ეს ჩემი პირადი აზრია და ეს არ არის პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის, თუ აზიის.მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი! აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს არის ღალატი. ამაზე უნდა იყოს საუბარი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, რომ შეიძლება თუ არა „მეგობარი“ სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყო, ეს ხომ კატასტროფაა?! ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე. ინტერესი არსებობს ერთი, ეს არის ქართული ინტერესი, საქართველოს ინტერესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, პარტნიორებთან შესაძლო მოლაპარაკების გახსნაზე, რაზედაც პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობდა.

„არ ვიცი, დეტალებზე თავად ისაუბრა პრემიერმა. დაველოდოთ, ჩემი პასუხი იქნება, რომ დაველოდოთ, ჯერ კიდევ არის დრო, მესამე მოსმენით უნდა აიყოს მიღებული ეს კანონი. შემდეგ ვეტოს დაძლევამდე დრო არის კიდევ. მთავარი მინდა ვთქვა, ჩვენ დღეს გვჭირდება დამშვიდება, სიტუაციის სტაბილურობა, განვითარება გვინდა“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

IPN