"მე და ლელა უკვე წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, ყველაფერს მისრულებს და განსაკუთრებით მხარში მიდგას, როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები" - ჰალკი ოჯახზე, სიყვარულსა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

"მე და ლელა უკვე წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, ყველაფერს მისრულებს და განსაკუთრებით მხარში მიდგას, როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები" - ჰალკი ოჯახზე, სიყვარულსა და კარიერაზე

"მთავარი ფინანსური სტაბილურობაა. როცა კაცს შეუძლია ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოს, მაშინ ყველაფერი მარტივია"

ლევან საგინაშვილი მსოფლიოს უპირველესი მკლავჭიდელია.

მან ეს სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, როცა თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვა: ლევანმა კანადელი სპორტსმენი, დევონ ლარატი დაამარცხა და 23 აპრილს სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ჰალკს ამ გამარჯვებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვესაუბრეთ.

- მოგვიყევით სტამბოლში გამართულ შეჯიბრებაზე - რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება თქვენთვის?

- როგორც ყველა მსოფლიო დონის პაექრობა, ჩემთვის ეს შეჯიბრებაც უმნიშვნელოვანესი იყო, მე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა დამეცვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის კომერციული შეჯიბრებაა, სადაც მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონები გამოდიან. მოკლედ, ყველა მონაწილეობს, ვინც ამ სახეობაში მაგარია. ეს იყო შეჯიბრება მსოფლიოს პირველობისთვის და რადგან გავიმარჯვე, ახლა უკვე პირველი მკლავჭიდელი ვარ ჩემს წონით კატეგორიაში. ამისათვის დიდხანს და გულმოდგინედ ვემზადებოდი.

- ალბათ ჩვენს მკითხველს აინტერესებს: ბავშვობიდანვე გამოირჩეოდით ფიზიკური ძალით?

- არა, ბავშვობაში საამისო არაფერი მეტყობოდა, პირიქით, გამხდარი ვიყავი და ერთი შეხედვით, სუსტიც კი ვჩანდი, ვარჯიშიც გვიან დავიწყე - 20 წლის ასაკში. ამ შედეგს დიდი შრომისა და გენეტიკური მონაცემების წყალობით მივაღწიე. როგორც გითხარით, ფიზიკურად ძლიერი არ ვიყავი, მაგრამ ისეთი მონაცემები მქონდა, რაც სპორტის ამ სახეობას სჭირდება. როგორც ჩემი მწვრთნელი, ლადო ხუციშვილი ამბობდა, მაჯის ზომა, ხელის მტევნის სიგრძე და სხვა მონაცემები იდეალური მქონდა. სწორედ ჩემი მწვრთნელის და სისტემატური ვარჯიშის დამსახურებაა ის ყველაფერი, რასაც მივაღწიე.

- 20 წლის ასაკში ვარჯიშის დაწყება დაგვიანებული ხომ არ იყო?

- არა, რადგან მკლავჭიდი ისეთი სახეობაა, სადაც სპორტსმენები 50 წლამდე და უფრო დიდხანსაც რჩებიან. ასე რომ, ძალიან არ დამიგვიანია. ჩემმა მწვრთნელმა ყველაზე დიდი როლი შეასრულა, რომ სპორტის ამ სახეობით დავინტერესებულიყავი. მაშინ ქართულ მკლავჭიდზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ლადო ხუციშვილმა შეჯიბრებებზე გამიყვანა, საქართველოს ნაკრებშიც მიმიღო და მერე გზა ჩემით გავიკვალე. ხშირად ვფიქრობ, რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს ყველას, ვინც ამ გზას ახლა დაადგა. ვაკვირდები და ვხედავ, რა კარგი ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ ხელშეწყობა არ აქვთ - არ იციან, როგორ მოიქცნენ და რა გააკეთონ. მე რაღაცნაირად შევძელი და ჩემს მიზნებს მივაღწიე, მაგრამ რა ქნას ახალგაზრდამ, რომელსაც არავინ უწყობს ხელს? როცა ფედერაცია სათანადოდ არ მუშაობს, ეს პირველ ყოვლისა, ახალგაზრდა სპორტსმენებს აზიანებს - ისინი ვეღარ ახერხებენ მიზნის მიღწევას. მიუხედავად ამისა, მაინც ვარჯიშობენ, შრომობენ და ცდილობენ... ამ ბიჭებს ძალიან უჭირთ და თუ მომავალში სიტუაცია არ შეიცვლება, საუკეთესო თაობას დავკარგავთ. ასეთი ბიჭები გვყავს - ერთმანეთზე უკეთესები და თითოეულ მათგანს მიხედვა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ნაბიჯსაც ვერ წადგამენ. სპორტსმენი რაც უნდა მონდომებული იყოს და კარგი მონაცემები ჰქონდეს, თუ მატერიალური მხარდაჭერა არა აქვს, არაფერი გამოუვა.

- რა უნდა იღონოს ამ დროს მკლავჭიდის ფედერაციამ?

- ფედერაციამ სათანადოდ უნდა იმუშაოს: მან უნდა გამოავლინოს საუკეთესო ხალხი, ჩაატაროს საქართველოს ჩემპიონატი, საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინოს და მერე, ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე წაიყვანოს. სინამდვილეში რა ხდება? - ელემენტარულ ტურნირებსაც ვერ ატარებენ! საქართველოს ჩემპიონატი ვერ ჩაგვიტარებია და რომელ მსოფლიოს ასპარეზობებზეა ლაპარაკი?!

- იცით, რა არის საინტერესო? ამდენი პრობლემის მიუხედავად, ქართველი სპორტსმენები როგორ აღწევენ ამ დონის წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე?

- ალბათ, აქაც გენეტიკაა წამყვანი: ინდივიდუალურ სპორტში ქართველები განსაკუთრებით ძლიერები ვართ. ცოტა გუნდურ სახეობებში გვიჭირს, მაგრამ სადაც ძალაა საჭირო - მკლავჭიდში, ჭიდაობაში, მძლეოსნობაში და ა.შ., ყველგან ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ეტყობა, შესაბამისი მონაცემები ჯიშშიც გვაქვს და ეს გენეტიკურია.

- როგორ გხვდებიან, როცა ხალხმრავლობაში ხართ?

- ხალხმრავლობა ჩემთვის სასიამოვნოცაა და დამღლელიც. სასიამოვნო იმიტომ, რომ ხალხი მოდის, სიყვარულს ყველა თავისებურად გამოხატავს, ზოგი მესალმება და მიღიმის, ზოგი - ჩემთან ფოტოების გადაღებას ითხოვს... როცა ირგვლივ ბევრი ხალხია, ეს ჩემთვის ცოტა რთული და დამღლელია. ამიტომ, სახლში ყოფნას და ვარჯიშს ვამჯობინებ. თუ შეჯიბრებისთვის ვემზადები, მაშინ ხომ მთლიანად ვარჯიშზე ვარ გადართული და სხვა არაფერი მაინტერესებს.

- საინტერესოა, როგორ იქცევით, როდესაც ჩხუბში ან კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდებით?

- დიდი ხანია მსგავს სიტუაციაშია აღარ აღმოვჩენილვარ. თან ვერიდები და თან, ჩემ გარშემო არ არის ხალხი, რომელიც ასეთ კონფლიქტებს შექმნის. დიდ სუფრებსა და მოლხენას მირჩევნია ვივარჯიშო, ჩემი საქმე ვაკეთო. საბედნიეროდ, ამაში ოჯახის წევრებიც ხელს მიწყობენ, მაქსიმალურად მეხმარებიან.

- რა უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, რომ ხელით შეეხოთ?

- არ ვიცი, ალბათ, ძალიან უნდა გამაბრაზოს, მაგრამ მგონი, ასე ვერავინ გამაბრაზებს. საერთოდ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ძალიან ბევრი წელია, ასეთ სიტუაციაში აღარ ვყოფილვარ, რითაც კმაყოფილი ვარ.

- ცოტა ხნის წინ დაქორწინდით. მოგვიყევით თქვენს რჩეულზე.

- სინამდვილეში, მე და ლელა უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ერთად ვართ, უბრალოდ, ამაზე ჟურნალისტებთან არ ვსაუბრობდი. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ, მშობლები კი - ცალკე არიან. როგორც შეუძლიათ, ყველანაირად მეხმარებიან, რომ კარგად ვივარჯიშო. ჩემი მეუღლეც ასეთია: ყველაფერს მისრულებს და განსაკუთრებით მხარში მიდგას, როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები. საერთოდ, მკლავჭიდელებს ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს, განსაკუთრებული მენიუ გვესაჭიროება. როცა ასპარეზობისთვის ვემზადები, სპეციალური კვებაა საჭირო. სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ბევრი მიმართულებით მჭირდება მომზადება. სპორტსმენის ყოველდღიური ცხოვრება რთულია. როცა პროფესიულ სპორტში ხარ, დიდი სტრესი და ფსიქოლოგიური დატვირთვა გიწევს, რაც შენს ოჯახსა და მეორე ნახევარზეც გადადის. ამ გზის გავლა ერთად გვიწევს და ჩემი მეუღლე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ყველაფერი შემიმსუბუქოს.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, დაახლოებით 15 წელია. თავიდანვე მომეწონა, რადგან ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა, პირველად მისი თვალები მომეწონა. მერე თანდათან, მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, კარგა ხანს პაუზაც გვქონდა, მაგრამ სოციალური ქსელით მაინც ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. იგი პროფესიით ფინანსისტია, მუშაობაც უნდა, მაგრამ მე უარს ვეუბნები: სახლში იმდენ რამეს აკეთებს და ისე მეხმარება, რომ მის გარეშე გამიჭირდება. ამიტომ ძირითადად, მე მეხმარება. სხვათა შორის, პრესასა და მედიასთან ურთიერთობა არ უყვარს, ამიტომ, მეც არ მინდა მასზე ბევრი ვილაპარაკო.

- ალბათ, შვილის გაჩენაზეც გიფიქრიათ, პირველი გოგონა გირჩევნიათ თუ ბიჭი, როგორც ტრადიციულ ოჯახებშია მიღებული?

- მაგას არა აქვს მნიშვნელობა, პირიქით, მე უფრო გოგო მინდა, რადგან და არ მყავს და ჩვენს სანათესავოში სულ ბიჭები არიან (იღიმის). მოკლედ, გოგოც ძალიან გამახარებს და ბიჭიც.

- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ოჯახური სიმშვიდის შესანარჩუნებლად?

- ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი: მთავარი ფინანსური სტაბილურობაა. როცა კაცს შეუძლია ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოს, მაშინ ყველაფერი მარტივია.

- 26 მარტს მთელი საქართველო ჩვენი ნაკრების გამარჯვებას რომ ზეიმობდა, თქვენც სტადიონზე იყავით?

- რა თქმა უნდა. მე არც ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას არ ვტოვებ და სპორტის ბევრი სახეობა მაინტერესებს. 26 მარტს მეც სტადიონზე ვიყავი და სხვების მსგავსად, სიხარულის ცრემლები მეც წამომივიდა, ხმაც ჩამიწყდა და მერე, ქუჩაში გამოსულებსაც შევუერთდი. ყველა ერთად ვიყავით, ყველას ერთი რამ გვიხაროდა და ეს შეუდარებელი განცდა იყო. ასეთი ერთობა და დადებითი განწყობა მე არ მახსოვს! მხოლოდ სპორტს შეუძლია მთელი ქვეყანა ასე გაახაროს და გააერთიანოს, განსაკუთრებით ფეხბურთს, რომელიც სულ სხვა, განსაკუთრებული მოვლენაა.

- გერმანიაშიც აპირებთ წასვლას და ჩვენი ნაკრების მატჩებზე დასწრებას?

- გერმანიაში ვერ წავალ, რადგან იმ დღეებში იაპონიაში, ტოკიოში მივდივართ. იქ საქართველოს დღეები იმართება, იაპონელებს უნდა გავაცნოთ ქართული კულტურა, სპორტი და ჩვენს ნაკრებს იქიდან ვუგულშემატკივრებ.

- საინტერესოა, თქვენი რჩეული მკლავჭიდელი ვინ არის?

- ჩემთვის და ალბათ, ნებისმიერი მკლავჭიდელისთვის გამორჩეული მოვლენაა ჯონ ბრზენკი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი, დიდი მკლავჭიდელია. ქართველებს შორის ზაურ ცხადაძე უნდა გამოვყო, რომელსაც სერიოზული მიღწევები ჰქონდა ჩვენს სახეობაში.

- დაბოლოს, მომავალში მწვრთნელად თუ წარმოგიდგენიათ თავი?

- რა თქმა უნდა, სპორტსმენის კარიერას რომ დავასრულებ, რატომაც არა?! როგორც გითხარით, ძალიან საინტერესო, ნიჭიერი თაობა მოდის და ამ ბავშვების პედაგოგობა ნამდვილად ღირს. ახლა კი, 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და ამ სამ წელიწადში ექვსი მატჩი უნდა ჩავატარო, სამი - სტამბოლში, სამი კი დუბაიში. ჩემი მიზანია, ექვსივე მატჩში გამარჯვება მოვიპოვო და დავამტკიცო, რომ ქართველი სპორტსმენები პირველობას ადვილად არავის უთმობენ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"