„მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან...“
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი ხელოვანები დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა უმეტესობამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონისა" და საპროტესტო აქციების შესახებ მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, პირად საუბარში კი ზოგისთვის ფინანსების გამჭვირვალობა პრობლემას არ წარმოადგენს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და უარი თქვან იმაზე, რასაც ქვეყნის იმიჯისთვის ზიანი და არეულობა მოაქვს.
"გვჯერა, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია"
ირმა სოხაძე, მომღერალი, ტელეწამყვანი: - მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის. პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგებით. შეიძლება ვიღაცამ მართლაც ისარგებლოს, ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგეს და იმაზე უარესი შედეგი მივიღოთ, ვიდრე იმ ფულის აღმოჩენა თუ ამ კანონის მიუღებლობა იქნება. ჩვენ იქ ვცდებით, როდესაც განსხვავებული აზრისა და კუდიანების დევნას ვიწყებთ, შეთქმულების თეორიებს განვიხილავთ. აქ არ არის განსხვავებული აზრი, აქ ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენი მომავალი - ევროპისკენ სვლა კონსტიტუციით, 78-ე მუხლითაა დამტკიცებული. ნუ დავყოფთ, რომ თითქოს ახალგაზრდებს უნდათ ევროპა და ჩემს თაობას კი - რუსეთი. არა, ბატონო, მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში და ვიცი, რაც არის, და როგორღა უნდა მინდოდეს იმ წარსულში დაბრუნება? ვინ დაგვაბრალა ეს ჩემს თაობას? ეს არ არის თაობათა ომი და საერთოდ, ეს არავის ომი არ არის. შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც აუცილებელია, მაგრამ არ მინდა ყველა ნიუანსი ვიცოდე ქვეყნის შუაზე გახლეჩის ფასად. ხომ გახსოვთ, რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე? მართლაც გვჯეროდა, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია", და უცებ კვლავ შუაზე რატომ გავიხლიჩეთ? ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი. გავიგოთ, რომ ყველა ვართ ერთ აზრზე! რაც უფრო მალე გავიგებთ და ვაღიარებთ, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც.
- თქვენი სიმღერა "ზღაპრის ბოლო კეთილია" ამ აქციებზეც არაერთხელ გაჟღერდა. ალბათ, ავტორისთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა ყველა თაობის წარმომადგენელი ამ იმედიან სიტყვებს ღიღინებს.
- ძალიან სასიამოვნოა და მიხარია. ჰოდა, იმღერონ! იმ ძალიან სასიხარულო საფეხბურთო მატჩის შემდეგაც მანტრასავით იმეორებდა ყველა, მაშინაც ვტიროდი, ოღონდ სიხარულის ცრემლებით, ვერ გადმოგცემთ, რა საოცარი შეგრძნებაა. ვიღაცამ მითხრა, აქციაზე ახალგაზრდებს აუკრძალეთ ეს სიმღერაო. მე და გია მაჭარაშვილმა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არ მივეცით ამის ნება, არც ლოგოდ და არც საუნდტრეკად არ მივცემთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რათა სათავეში ჩაუდგნენ და ამ სიმღერით გადატრიალება მოახდინონ, მაგრამ ახალგაზრდებმა, კი, ბატონო. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ვიქნებით ყველაზე ბედნიერი, თუ ამ სიმღერის თანხლებით ივლიან და შევალთ ევროკავშირში.
"ზღაპრის ბოლო კეთილია" - ასეც უნდა იყოს და გვჯერა, რომ ასეც იქნება.
"არ შეიძლება სხვა აზრის მქონე თანამოქალაქეს "რუსო, რუსო" ეძახო"
ზურა ხაჩიძე, მუსიკოსი: - "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს, რომ ვიცოდეთ, რა სიკეთეებს ხმარდება შემოსული თანხები და რა უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად, მე, თანამდებობის პირი, საქართველოს მოქალაქე, ყოველ წელს ხომ ვავსებ დეკლარაციას და არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოახდინოს დეკლარირება. ამაში ცუდსა და რუსულს ვერაფერს ვხედავ.
ბევრ ოპოზიციურ პარტიას აქვს ამ კანონის ალტერნატიული ხედვა, მაგალითად, გახარიას პარტიას, თვითონ "ნაციონალურ მოძრაობასაც" და თქვეს კიდეც, ჩვენც მივიღებთ, ოღონდ ჩვენ სხვა მთავრობა ვიქნებითო. წარმოიდგინეთ, რა კომიკურია ეს ყველაფერი. კარგად ვნახეთ, ქვეყანას როგორ მართავდნენ, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს სწორედ მათ მიჰყიდეს. ბევრჯერ მქონდა შემოთავაზება, რუსეთში წავსულიყავი და იქ ამეწყო ჩემი მუსიკალური კარიერა; დიდი ხნის წინ 2-3-ჯერ მიმღერია კიდეც, ოღონდ კერძო და არა სახელმწიფო დარბაზში და არასოდეს მქონია სურვილი, იქ დავრჩენილიყავი. მე ემიგრაციაშიც ბევრი ვიწვალე, მაგრამ საქართველოში ცხოვრება ყველაფერს მირჩევნია და როგორ ფიქრობთ, ისეთ კანონს დავუჭერ მხარს, რომელიც ჩემს ქვეყანას დააზიანებს?
ან როგორ შეიძლება თანამოქალაქეებს რუსი ეძახო. ეს გავეშებული და გამხეცებული ჩვენი მეზობელი ტანკებით უნდათ შემოიყვანონ? კარგად ვნახეთ, 2008 წელს თვითონ სადაც გაიქცნენ. გვინახავს, მაშინდელი სახელმწიფო თანამდებობის პირები როგორ დაატარებდნენ მანქანებით რუს გენერლებს და მწვადებით უმასპინძლდებოდნენ. არ შეიძლება სხვა აზრის მქონე თანამოქალაქეს "რუსო, რუსო" ეძახო. თუ დემოკრატიაზეა საუბარი, განსხვავებული აზრის მიღება უნდა შეეძლოთ. ჩემთვის ჯერ არის უფალი, ჩემი სამშობლო და შემდეგ ყველა ის გაერთიანება, რომლებიც სიკეთეს მოუტანენ ჩემს ქვეყანას, უკან კი არ დაიხევენ. 2012 წლის მერე სწორედ "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა ევროპული კურსის დეკლარირება საკანონმდებლო დონეზე. მეზობლებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენ ვერსად გადავსახლდებით, ვერც რუსეთი გადავა სხვაგან, ვერც აზერბაიჯანი და ვერც სომხეთი, ამიტომ ნორმალური ურთიერთობაა საჭირო და არა პროვოცირება, როცა რუსული სამხედრო მანქანა დაქოქილია. ხომ ხედავთ, გარშემო რა ომებია გაჩაღებული, ფეთქებადსაშიში სიტუაციაა ყველგან, ჩვენთან კი პირველი ციკლია 12-წლიანი, რაც ომი არ ყოფილა და სიმშვიდეა. მე არ ვამბობ, რომ უპრობლემო ქვეყანაა, მაგრამ ხელისუფლებას საგნობრივად უნდა ვეკამათოთ, იარლიყები კი არ უნდა მივაკეროთ ერთმანეთს.
ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ ბავშვები მოწამლეს დეზინფორმაციით, სპორტსმენები, ხელოვანები ბულინგის მსხვერპლი გახადეს. ესაა სამწუხარო, თორემ "ნაციონალურ მოძრაობასაც" კარგად ვიცნობ და ამ პროცესებს კულისებიდან ვინც მართავს, ეგეც ძალიან კარგად ვიცი.
ნებისმიერ ქვეყანას რომ გადავხედოთ, პოლიცია როგორ იყენებს ძალას მომიტინგეების მიმართ, ჩვენი პოლიცია შაქარი და მურაბაა მათთან შედარებით. სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციას, რომელიც მაქსიმალურად გაწონასწორებულია. იქ უმაღლესი დონის პროფესიონალები მუშაობენ, რამე რომ მოხდეს, ისევ მათ უნდა დაიცვან ქვეყანა, რასაც დღედა ღამ ემსახურებიან კიდეც და მათი დისკრედიტაცია დაუშვებელია.
ალბათ, გახსოვთ, 2009 წლის 13 ივლისს სამმართველოსთან გამართულ მშვიდობიან მიტინგზე როგორ გვცემეს. ის იყო პოლიტიზებული პოლიცია, დღევანდელი კი რადიკალურად განსხვავდება, აპოლიტიკურია და მნიშვნელოვნად ითვალისწინებს იმას, რომ აქციებზე საქართველოს მოქალაქეები დგანან. როგორ შეიძლება პოლიციელს აფურთხო და საპასუხო რეაქცია არ მიიღო? ამ სიტუაციაში მაქსიმალურად მოზომილი იყო. ამ უწყების დისკრედიტაცია მიდის!
ხელისუფლებამ არაერთი გამოსავალი შესთავაზა ოპოზიციასა და აქციის მონაწილეებს. საერთოდ, როცა კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევი და პარლამენტის წევრი ხარ, გამოსავალი ყოველთვის დიალოგია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რისთვისაცაა მომზადებული კანონის ამგვარი ბრენდირება, დასათაურება... "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის განშტოებებს ოქტომბერში არჩევნების მოგების იმედი არა აქვთ და ცდილობენ სახელმწიფო რამენაირად გადააყირაონ, რევოლუციის ძალით მოვიდნენ სათავეში. ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარავის გამოუვა. ხელისუფლება ძალიან სწორად მართავს პროცესს.
"ეს კანონი რუსეთთან რომ გვაახლოებდეს, მსგავსი ვერაფერი ამოვიკითხე"
ასმათ ტყაბლაძე, მსახიობი: - კანონი წავიკითხე და ვფიქრობ, რაღაც ადგილები შესასწორებელია, თუმცა გამჭვირვალობა არ არის ცუდი საქმე, უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს, საიდან და რისთვის მოდის ეს ფული, ოღონდ მხოლოდ არასამთავრობო კი არა, სამთავრობოც გამჭვირვალე უნდა იყოს. აქ კი ძველი და ახალი მთავრობის ჭიდილი მიდის, ყველას კვლავ სათავეში მოსვლა უნდა და ახალგაზრდები აიყოლიეს. რუსული მეც არაფერი მინდა. გაზი და დენი გვინდა, რა ვქნათ; რუსები თუ სიმსივნის სამკურნალო წამალს გამოიგონებენ, რომ ხალხი გადარჩეს, ეგეც მინდა, იყოს რუსული, არა უშავს, მაგრამ ცუდი რამე არც რუსული მინდა, არც ქართული და არც ამერიკული. არც ის მინდა, ვითომ თავისუფალი ვიყო და ამ დროს თითს მიქნევდეს ვიღაც, გინდა ევროპელი და გინდაც ამერიკელი და ისინი მიბრძანებდნენ, რა როგორ გავაკეთო.
ამბობენ, აქ მეორე ფრონტის გახსნა უნდათო, თუ ეს მართალია, როგორ შეიძლება ახლა ომი? სად გვყავს ჩასახოცი ბიჭები? არც ერთ მთავრობას არ ვემხრობი, ბოლომდე მართალი არც ერთი არ არის. პროტესტი მხოლოდ კანონს კი არ ეხება, სხვა რამეებზეა ხალხი გაღიზიანებული და ყველაფერი ერთად მოაწვა. ბავშვები მართლები არიან იმაში, რომ წესიერი და კარგი ცხოვრება უნდათ, მეტი განათლება, ნაკლები გადასახადით.
გული მწყდება, რა წარწერებს აკეთებენ ეს ახალგაზრდები, რა უმსგავსობა და ვანდალიზმია? ვინ აძლევს ფულს, რომ ეს საღებავები და რაღაცები შეიძინონ? ან ასეთი უხამსი სიტყვებით ერთმანეთის ლანძღვა როგორ შეიძლება? ერთმანეთის ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად. არ შეიძლება ცემა-ტყეპაში, გადაგდება-გადმოგდებაში შევეჯიბროთ ერთმანეთს. ან რამდენჯერ შეიძლება მთავრობა გადმოვაგდოთ? არსებობს არჩევნები, მიდი და აირჩიე. ცოტა იმათ წარსულსაც შეხედე, ვინც თანამდებობისთვის იბრძვის. წაიკითხონ, გაერკვნენ ეს ახალგაზრდები და ასე ბრმად ნუ აჰყვებიან. იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ არ გვინდა რუსეთი და ერთმანეთს ნუ დავჯიჯგნით!
როცა რამე გვიჭირს, პოლიციას ვეძახით, მოდი, მომეშველეო, და როგორ შეიძლება მათ ბოთლები ესროლო? მან თავი ხომ უნდა დაიცვას? ასე არ შეიძლება. ეს ბავშვები ემოციით, ქვეყნის სიყვარულით დადგნენ იქ და ვინც მათ მართავს, ის არ არის მართალი. ეს რომ ასეა, ყველა ხვდება.
ყველაფერი ვნახე ცხოვრებაში, სახელმწიფო ენის ამბებიდან მოყოლებული, სულ პარლამენტის წინ ვიდექი, როცა პროტესტის გამოთქმა იყო საჭირო, აქციებს მაშინდელ მთავრობას ვუწყობდი, გაზი და დენი რომ არ იყო, ქუჩებს ვკეტავდით, მთელ თბილისს კი არა, უკმაყოფილებას სიტყვით გამოვხატავდით, არასდროს გვიფიქრია, ქვები დაგვეშინა ან ვინმესთვის რამე დაგვეშავებინა.
დამთავრდა სააკაშვილის ამბები. ბიძინა ივანიშვილთან კი არაფერი მაქვს საერთო, არც მისი დახმარება მიმიღია ოდესმე, არც მის გამოსვლებზე ვყოფილვარ, მაგრამ ეს კანონი რუსეთთან რომ გვაახლოებდეს, მსგავსი ვერაფერი ამოვიკითხე. რუსეთიდან რომ შემოდის ფული, არ უნდა გავიგოთ, რას ხმარდება? არც ერთი მინდა და არც მეორე, ახალი ძალა უნდა წამოვიდეს.
სიძულვილს სიკეთე არასდროს მოუტანია, ერთმანეთი გვიყვარდეს და მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. მინდა ქართველს ქართველი უყვარდეს, გარჩევაც ქართული მინდა, ჩხუბიც და სიყვარულიც. არჩევნებიც ქართული იყოს და არა სხვისგან ნაკარნახევი. მიხარია, რომ აღარ ვართ რუსეთის მონა, მაგრამ არ მინდა ვიყო სხვისი მფარველობისა და დიქტატურის ქვეშევრდომი.