ისტორიის გაკვეთილები ანუ რა ხდებოდა ქართულ-რუსულ პოლიტიკურ კულუარებში - კვირის პალიტრა

ისტორიის გაკვეთილები ანუ რა ხდებოდა ქართულ-რუსულ პოლიტიკურ კულუარებში

საქართველოსთვის ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთავარი პრობლემაა. ისიც ფაქტია, რომ ვინც აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ის სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს საქართველოს ისტორიაში. ყველა ხელისუფლების დროს დროგამოშვებით "ამოტივტივდება" ხოლმე სადისკუსიო თემა - არის თუ არა შანსი, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის რაიმე ისეთი გარიგება დაიდოს, რომ რუსეთი აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თბილისის შესაბამისი დათმობების სანაცვლოდ. თუმცა ამ დისკუსიებისას, როგორც წესი, უკანა პლანზე ინაცვლებს მთავარი კითხვა - არის თუ არა სანდო პარტნიორი რუსეთი და მის დაპირება-შეპირებას (თუ ასეთი არსებობს), აქვს თუ არა რაიმე ფასი. პასუხები უნდა ვიპოვოთ საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

როგორ მოატყუეს რუსებმა შევარდნაძე

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ასოცირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნასა­ და საქართველოს დასავლური კურსის დასაწყისთან. ასეც არის. თუმცა ეს შევარდნაძემ მაშინ გააკეთა, როდესაც ყოველგვარი იმედი გადაეწურა, რომ რუსეთთან რაიმე შეთანხმებას მიაღწევდა. არადა, რუსეთი მაშინ დემოკრატიულ ქვეყნად ინიღბებოდა, ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი "სამშვიდობო" ჯარები იდგნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

შევარდნაძე რუსებმა პირველად მაშინ მოატყუეს, როდესაც აფხაზეთის ომის დროს სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმებინეს და მძიმე ტექნიკა გამოაყვანინეს სოხუმიდან და თან სადმე ახლომახლო კი არა (რომ ქართულ მხარეს საჭიროების შემთხვევაში რეაგირება მოესწრო, არამედ ფოთში). შემდეგ კი იყო შეტევა სოხუმზე, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსი სამხედროების დაგეგმილი იყო.

აფხაზეთის ომის შემდეგ შევარდნაძე იყო ყველაზე პრორუსი მმართველი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამ საკვანძო უწყებას (თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების უწყება) რუსების დანიშნული მინისტრები აკონტროლებდნენ. თავად შევარდნაძე მზად იყო, რომ საქართველოში რუსების სამხედრო ბაზები 25 წლით დაეკანონებინა. მეტიც, თბილისი მზად იყო, უარი ეთქვა ეროვნულ ვალუტაზე და საქართველო რუბლის ზონაში შესულიყო. რა თქმა უნდა, შევარდნაძე იმედოვნებდა, რომ კმაყოფილი კრემლი აფხაზეთს დააბრუნებდა.

მეტი რაღა უნდა დაეთმო საქართველოს ხელისუფლებას? იმის იქით უკვე აღარაფერი იყო. რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები თბილისში უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე თათრეთში ან რუსეთის სხვა რომელიმე ნაციონალურ რესპუბლიკაში.

თუმცა აფხაზეთი კი არა, კრემლს გალის რაიონის ერთი სოფელი არ დაუბრუნებია, ამ თემას კი მუდმივად იყენებდა პროვოკაციებისთვის, რათა საქართველო კიდევ ერთხელ შეეტყუებინა ხაფანგში, რაც ქვეყანას საბოლოოდ დაშლიდა. ასე მოხდა 1998 წელს, როდესაც კრემლმა "აჭამა" საქართველოს ხელისუფლებას და მისცა "გარანტია", რომ თუ ქართული ჯარი აფხაზეთში შევიდოდა, რუსი სამშვიდობოები "გაიწეოდნენ". იმ წელს გალში მარულა გაიმართა­ ქართული დროშებით, სიტუაცია დაიძაბა­ და... რა თქმა უნდა, რუსი სამშვიდობოები არსად გაწეულან, გალის მოსახლეობა კი მეორედ იქცა დევნილად. შევარდნაძე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, როგორ "აჭამეს" რუსებმა და ჯარი არ შეიყვანა გალში, თორემ 1998 წელსვე მოხდებოდა ის, რაც 2008 წელს მოხდა.

მეორედ, 2001 წელს, რუსებმა საქართველოს ხაფანგში შეტყუება ისევ გადაწყვიტეს. ქართულმა მხარემ პანკისში მყოფი რუსლან გილაევის რაზმი კოდორის ხეობაში გადაისროლა და გააფთრებული ბრძოლები­ დაიწყო. თუმცა რუსებმა მეორედ "გადააგდეს" შევარდნაძე და ქვეყანა ბეწვზე გადარჩა, რომ უფრო უარესი სცენარით არ განვითარებულიყო მოვლენები.

წერილი მედვედევს ანუ რას სთავაზობდა სააკაშვილი პუტინს

1544050282-58243-1715523378.jpg

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ახალი ხელისუფლება ავითარებდა ნარატივს, რომ თითქოს თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში მთავარი პრობლემა შევარდნაძე იყო. აქაოდა, შევარდნაძეს რუსები იმდენჯერ ჰყავს "გადაგდებული", მას აღარ ენდობოდნენო. სააკაშვილის ხელისუფლებას­ პუტინთან "დალაგების" იმედი, სავარაუდოდ, "აჭარის რევოლუციამ" გაუმყარა, როდესაც აჭარაში იმ დროს მყოფი რუსული სამხედრო ბაზა არ ჩაერია დაპირისპირებაში და ასლან აბაშიძე რუსული თვითმფრინავით მოსკოვში გაამგზავრეს. "პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს", - ამბობდა მაშინ სააკაშვილი გაზეთ "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

2008 წლის გაზაფხულზე რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა სკანდალური მასალა, რომლის მიხედვით, ქართულმა მხარემ მოსკოვს ნატოში გაწევრებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაბრუნება­ მოსთხოვა.­ წერილის მიხედვით, თბილისი რუსეთს, ფაქტობრივად, აფხაზეთის ორად გაყოფას სთავაზობდა - ოჩამჩირესა­ და გალს ქართველები აკონტროლებდნენ, კოდორის იქით ტერიტორიას კი დე ფაქტო რუსები.

სააკაშვილის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო "კომერსანტში" გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ...

სააკაშვილმა 2013 წელს "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აპრილში მან წერილი მისწერა პუტინს, რომელიც მაშინ რუსეთის პრემიერი იყო (თუმცა რეალური მმართველი რომ პუტინი იყო, ეჭვი არავის ეპარებოდა).

"ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ ვთქვათ ნატოზე უარი, ჩვენ ხელშეკრულებით­ ვართ მზად, ვთქვათ უარი ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ, თავის მხრივ, დაგვეხმარებით ტერიტორიებზე პროგრესზე, ოღონდ ეს ხელშეკრულებით დავაფიქსიროთ. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით, რაც ნიშნავდა, ტერიტორიებს ისედაც წაგართმევთო", - აცხადებდა სააკაშვილი 2013 წელს.

სააკაშვილის თქმით, 2008 წლის მაისში მან წერილი უკვე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს მისწერა.

"მივწერე, რომ ვიცი, გაქვთ ინტერესები კურორტებზე, ბაზებზე.… ჩვენ ლტოლვილები­ ვერ შეგვყავს, გადაინაცვლეთ კოდორის ჩრდილოეთით და შევიყვანოთ ლტოლვილები, სანაცვლოდ, დაგიკანონებთ სოხუმის აეროპორტით, რკინიგზით სარგებლობას, დაგიკანონებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ. პრაქტიკულად ყველაფერს გაგიკეთებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ ომი... ომი არ მიხსენებია, მაგრამ რაც შეიძლება მოვიფიქრო, თუ მათ მართლა ომი არ უნდათ, ყველაფერი მივცეთ და დაწყნარდნენ. ბევრმა უცხოელმა თქვა მაშინ, პრაქტიკულად, ამით აფხაზეთის გაყოფას სთავაზობთო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო აფხაზეთის გაყოფა, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი ჩვენი რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გრძელვადიანად მათ ინტერესებს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში".

მხოლოდ შეგახსენებთ - როდესაც სააკაშვილი წერილებს სწერდა პუტინსა და მედვედევს და ნატოზე უარის თქმას ჰპირდებოდა, საქართველოში უკვე ჩატარებული იყო პლებისციტი (2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად), რომლის თანახმად, ამომრჩეველთა­ 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრებას.

შევარდნაძის არ იყოს, მეტი რაღა უნდა შეეთავაზებინა სააკაშვილს რუსეთისთვის? ფაქტობრივად, ყველაფერს უკანონებდა, რასაც პუტინი ხელს დაადებდა, თუმცა... რამდენიმე თვეში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

შესაძლებელია თუ არა რუსეთთან გარიგება-მორიგება

aksadjsijdosifjsif-1715523378.jpg

რუსეთი არ იცვლება. უბრალოდ, 2022 წლის თებერვლის შემდეგ მან ნიღაბი ჩამოიგლიჯა და აღარ ცდილობს, თუნდაც ფორმალურად, ცივილიზებული სახელმწიფოობანა ითამაშოს. შესაბამისად, ის დღეს უფრო სახიფათოა, ვიდრე 2022 წლამდე.

აქვს თუ არა პუტინთან გარიგება-მორიგებას რაიმე ფასი?! მოდი, ვკითხოთ სომხებს - კავკასიაში რუსების ყველაზე ერთგულ მოკავშირეებს. გულუბრყვილობაა იმის თქმა, თითქოს ყარაბაღის ბოლო ომამდე ფაშინიანს სომხეთი დასავლეთისკენ მიჰყავდა და იმიტომ გადაირია პუტინი. დიახ, ფაშინიანი არ ჰგავდა სომხეთის წინა მმართველებს, მაგრამ ისიც ყოველ ჯერზე პუტინს ერთგულებას ეფიცებოდა. თუმცა ამას კრემლის ბინადრისთვის არ შეუშლია ხელი, გარიგებოდა ერდოღანს და კავკასიაში თავისი ერთგული მოკავშირე თხასავით გაეყიდა. დღეს სომხეთი ისეთ დღეშია, ილჰამ ალიევი რასაც მოსთხოვს, ყველაფერს უსიტყვოდ აუსრულებენ, ოღონდ რამენაირად გადარჩნენ (რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა საკამათო საკითხი არ არის. უბრალოდ, ფაქტს ვამბობთ).

თუ ერდოღანი ჩვენც მოგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი­ იქნება, მაგრამ... საქართველო კავკასიის საკვანძო ქვეყანაა და ძნელი წარმოსადგენია, პუტინმა უარი თქვას შანტაჟის ისეთ იარაღზე, როგორიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია.

საქართველო აზერბაიჯანი არ არის. აქ საზოგადოების უმრავლესობაში ძლიერია პროდასავლური განწყობები. შესაბამისად, კრემლს აწყობს, რომ ორი ოკუპირებული რეგიონი მუდმივად გამოიყენოს როგორც დანარჩენ საქართველოზე დამიზნებული იარა­ღი და დესტაბილიზაციის წყარო. შესაბამისად, თუ კრემლიდან რაიმე­ სიგნალები მოდის გარიგება-მორიგებაზე, დიდი ალბათობით, არის მორიგი ხაფანგი, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრან ქართული პრობლემა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის­ გასაღები არის რუსეთის სამხედრო მარცხში­ და ისე დასუსტებაში, რომ ერთხანს მაინც ჩვენკენ გამოხედვის თავი აღარ ჰქონდეს. თუმცა ქართველებმაც არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რაც 90-იან წლებში დაგვემართა.

გიორგი კვიტაშვილი