"ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან - უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება" - კვირის პალიტრა

"ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან - უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება"

რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად მატულობს განსაცდელიც. მიუხედავად ტკივილებისა, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა აღავლინა და იქადაგა.

მეუფე გრიგოლი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

მისი შეფასებით, ქვეყანაში მდგომარაეობა დღითი-დღე მძიმდება. მიტროპოლიტი არ გამორიცხავს , რომ „ დაგროვილი უარყოფითი ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას“.

„დღეს ხარობს ჩვენი გული, მაგრამ ეს სიხარული არის ნაკლულოვანი, რადგან გვერდს ვერ ავუვლით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს; რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად მატულობს განსაცდელიც, ღელავს მთელი საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, პოლიტიკური სპექტრი, პოზიცია და ოპოზიცია, მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება და მატულობს კონფრონტაციის საფრთხე და ხარისხი. ყოველივე ეს იწვევს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას, რაც ძალიან საშიშია, რადგან ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას; სტიქია კი თავის გზაზე არაფერს და არავის არჩევს და წალეკვას უქადის ყველაფერს, რაც წინ დახვდება. და ასეთ ვითარებაში ადამიანთა გაჯიუტება ცდომილებაში საბედისწერო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად გვაწუხებს ის აშკარა საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა მოჰყვეს. ასეთ საგანგებო ვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცოცხალი რწმენით 4 ნასაზრდოები სულიერი სიბრძნე, რადგან იგი საკაცობრიო ცხოვრების გამოცდილებას საღვთო სიბრძნის ჭრილში განჭვრეტს და აფასებს.

წმიდა სახარებისეული სიბრძნე, თუ მას ადამიანი გულის კარს გაუხსნის, სულიერი სიბრძნის წყაროდ იქცევა ადამიანში. ჩვენი ნამდვილი ძალა ჩვენს სულიერ და ფიზიკურ ერთობაშია და არა გათითოკაცებაში. საქართველოს ისტორია ცხადყოფს, რომ ჩვენი სამშობლო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის; ...და დღემდე ვერავითარმა მომხვდურმა, აშკარა ურჯულომ თუ მზაკვრულად მოსულმა ე.წ. „სჯულიერმა“ ვერ ამოძირკვა ჩვენში ქართული სული და ქრისტეში რწმენა; ამით ჩვენ ამაყნი ვართ და მდაბლად ვმადლობთ უფალს.

მიუხედავად ტკივილებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება. ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადოებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა!

შესაძლოა, ძველ თაობას ზოგი რამ არ მოსწონდეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა, მაგრამ ეს ხომ ვერ გამოდგება იმის საკმარის არგუმენტად, რომ ისინი ცუდად მოვიხსენიოთ ან კიდევ ცუდად განვეწყოთ მათ მიმართ; პირიქით, სწორედ აზრთა და ხედვათა სხვაობა და ურთიერთჭიდილი, დისკუსია და მსჯელობა არის მასაზრდოებელი წყარო საკაცობრიო სიბრძნისა, სწორედ ის არის საიმედო გზა ჭეშმარიტებისაკენ და იმის უდავო პირობა, რომ გამოირიცხოს კაცთა მხრიდან ერთადერთი და უცდომელი ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზია, რაც დაგვიცავს საბედისწერო ცდომილებებისგან და უზრუნველყოფს ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების იმგვარ მშვიდობისმყოფელ წესრიგს, ასე რომ გვსურს და ვესწრაფვით, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერა და ვერ დავამკვიდრეთ! ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი შვილების თაობა! იმედი მაქვს, რომ მათი მონდომებითა და ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა, ხოლო ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი კი საკუთარ თავს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობს! მამებმა და შვილებმა ერთად უნდა ვაშენოთ ამ ქვეყნის მომავალი,“- განაცხადა მეუფე გროგოლმა.

IPN