„რამენაირად საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ, თორემ...“ - კვირის პალიტრა

„რამენაირად საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ, თორემ...“

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში საქართველოს ელჩი აგენტების კანონის შესახებ ხელისუფლების პოზიციის გამო თანამდებობიდან გადადგა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად, ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიისა და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვედრაზე უარი უთხრა, რადგან პაპუაშვილის თქმით, "არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის". რას ნიშნავს ყოველივე ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხებზე გერმანიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ბერლინის უნივერსიტეტში მიწვეულ ლექტორს ელგუჯა ხოკრიშვილსა­ და დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" უფროს მკვლევარს გიგი გიგიაძეს­ ვესაუბრეთ.

"ძალიან ცუდ ფაზაში გადაგვიყვანა ხელისუფლებამ"

ელგუჯა ხოკრიშვილი: - ბოლო დროს არაერთხელ შევხვდი ბერლინის­ პოლიტისტებლიშმენტს, რომელიც ყურა­დღებით­ აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ასევე ვიცი ამ საკითხზე­ ოფიციალური პარიზისა და ბრიუსელის აზრი, ევროკავშირში ცდილობენ ერთიანი­ პოზიცია ჰქონდეთ. თითქმის ყოვე­ლდღიური­ კოორდინაცია აქვთ ერთმა­ნეთთან, ბრიუსელთან და, თუკი რამე მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გაკეთდეს, ერთმანეთთან ათანხმებენ... საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები, ძალადობა განსხვავებული აზრის გამო, განსაკუთრებით მასზე, ვინც პროტესტს გამოხატავს, დიდი კითხვის ნიშანს უსვამს იმას, თუ როგორ მივალთ არჩევნებამდე. აქამდე­ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ შეიძლება მესამე მოსმენით არ მიიღონ ე.წ. აგენტების კანონი, გადავადდეს და არჩევ­ნების შემდეგ არჩეულმა პარლამენტმა გადაწყვიტოს. მაგრამ ახლა სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. როგორ ჩატარდება არჩევნები, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უკვე წინასაარჩევნო პერიოდში ვა­რთ და მმართველი ძალა ნაწილო­ბრივ ჩართულია ძალადობაში, ამიტომ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოა. თუ ეს კანონი მესამე მოსმენით მიიღეს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის იმ მუხლის დარღვევა იქნება, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ზუსტად იმავე კანონის მიღება სცადა უნგრეთმაც. არადა, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაასაბუთა, რომ ეს დისკრიმინაციული­ კანონია და ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს. ევროკავშირს აქვს ოფიციალური პოზიცია - ამ კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერდება და ეს ავტომა­ტურად ხომ ნიშნავს, რომ როცა მთავრობა მაინც არ იშლის თავისას, არღვევს კონსტიტუციას?

ზაფხულში უკრაინისა და მოლდოვის საკითხზე პირველი მოსმენა გაიმართება, დაიწყება თუ არა მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრებაზე და სავარაუდოდ, ჩვენზეც იმსჯელებენ. ალბათ, ითქმება, რომ ჩვენ მათ არათუ ჩამოვრჩით, არამედ ამ კანონის მიღებით სხვა სიკეთეებიც შეგვიჩერდება. ის, რაც ამ დღეებში ხდება, პირდაპირ მაჩვენებელია არა მარტო პოლარიზაციის გაღრმავების, არამედ სახელმწიფოს მოშლისაც, რადგან ამაში ჩართული არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, რა თქმა უნდა, არაპირდაპირ, და არაფერს აკეთებენ ძალადობის აღსაკვეთად. მეტიც, ხელისუფლება იმუქრება კიდეც. ასე რომ, გავედით ყველანაირი სივრციდან და რთულად წარმომიდგენია, მივიდეთ იქამდე, რომ შესაძლებელი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ძალიან ცუდ ფაზაში გადაგვიყვანა ხელისუფლებამ გაუაზრებელი თუ გააზრებული ქმედებებით.

- ახსენეთ, რომ კანონის მესამე მოსმენით მიღებას ელოდებიან. აქვთ უკვე გადაწყვეტილი, რა შემთხვევაში რა რეაგირება ექნებათ?

- უკრაინაში ომისა და სხვა გლობალური პრობლემების გამო ჩვენი საკითხი არ არის პრიორიტეტული, რომ არსებობდეს რაღაც ოფციები და სტრატეგიები. საქართველო ევროკავშირის ყურადღების ცენტრში მოექცა თავისუფლების დასაცავად ქართველი ხალხის გაბედული გამოსვლით, რამაც სიმპათია და მხარდაჭერა გამოიწვია და სწორედ ამიტომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ამ კანონზე გაკეთდა ოფიციალური განცხადებები და იმედს არ კარგავენ, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა მესამე მოსმენით არ მიიღოს. ჩემი ინფორმაციით, არის კოორდინირება დედაქალაქებს შორის, თუმცა არ ვიცი, კოორდინაცია არის თუ არა ვაშინგტონთანაც. არა მგონია იყოს, რადგან დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას. დიპლომატიურ დონეზე იმასაც აქვს მნიშვნელობა, განცხადებას ვინ აკეთებს. აქამდე დიპლომატიური განცხადებების სიმწვავის ესკალაცია მაქსიმუმზე არ ასულა, მაგრამ მოსალოდნელია მაქსიმუმს მიაღწიოს და მერე გამოჩნდება, რას აპირებს ევროკავშირი. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენთან.

- როგორ ხსნიან ამ კანონის მიღების მიზანს? მიაჩნიათ, რომ ეს არის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯები თუ რუსეთის გავლენით დასავლეთზე უარის თქმა?

- აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ როდესაც რაღაცას აკეთებ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რა მნიშვნელობა აქვს, ამას ვიღაცის დაკვეთით აკეთებ თუ შენი ინიციატივით. შედეგი ის იქნება, რომ გავხდებით დუგინის რუსეთისა და ლუკაშენკოს ბელარუსის­ პოლიტიკური სისტემა. ამით ხომ დასავლეთის სივრცეში მოსახვედრად ყველა გზა გვეჭრება. რადგან ჩვენი დასავლური სივრციდან ჩამოშორება ჩვენი დაუძინებელი მტრის, პუტინის მიზანია, შენ კი ისეთ რამეს აკეთებ, რაც მას მიზნის მიღწევაში დაეხმარება, რუსული ყაიდის, რუსეთის ინტერესების გამტარებელი მთავრობა გამოდიხარ.

"ხელისუფლება აღარ აქცევს ყურადღებას მოქალაქეების სურვილს"

გიგი გიგიაძე: - ხელისუფლებამ ამ კანონის მიღებამდე პირდაპირ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების დევნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობა, მათი სტიგმატიზაცია და მათთვის "აგენტის" დაძახება. მაგალითად, ჩვენს ოფისთან უკვე იყო მათი პლაკატები გაკრული, გააკრეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსა და თანამშრომლების სახლებთანაც. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კანონის მიღებამდე დაიწყო ბრძოლა არასამთავრობო სექტორთან და ცხადია, კანონის მიღების შემდეგ რა მოხდება. ჩვენი პარტნიორები ხედავენ, თუ როგორ სწრაფად უარესდება ვითარება საქართველოში, როგორ კარგავენ ძალას დემოკრატიული ინსტიტუტები და როგორი სწრაფი უკუსვლით მიდის ქვეყანა. ეს არის მკაფიო ნიშანი იმაზე, რაც ივანიშვილმა თქვა 29 აპრილს, და აქამდეც იყო მინიშნებები, რომ შეეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც არის კავშირში დასავლურ ღირებულებებთან.

- რა შეიძლება ყოველივე ამას მოჰყვეს?

- უკვე არაერთხელ მოვისმინეთ ევროპული ინსტიტუტების, ევროპელი და ამერიკელი მეგობრების, ევროპარლამენტარების მკაფიო მინიშნებები. ამიტომაც მოსალოდნელია საქართველოს მიმართ მრავალფეროვანი და კომპლექსური მიდგომა იქნეს გამოყენებული. უკვე სერიოზულად განიხილება იმ პირთა დასანქცირების საკითხი, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ, კოორდინაციას უწევენ მოსახლეობის დევნას, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას. შესაძლებელია ევროკავშირთან ურთიერთობების ფორმატების გადახედვა და ევროპარლამენტმა ამაზე უკვე მიანიშნა კიდეც, მინიშნება იყო კანდიდატის სტატუსზეც და ამის შეჩერების მექანიზმიც არსებობს. შესაძლებელია უვიზო რეჟიმის შეჩერებაც. საამისოდ ევროპას დასჭირდება გაცილებით ნაკლები წევრის თანხმობა, ვიდრე მის მიღებას სჭირდება. სულ 14 ქვეყანაზეა საუბარი და ინიციატივა შეიძლება წამოვიდეს, როგორც ევროკომისიისგან, ასევე რომელიმე წევრი ქვეყნისგან. ასე რომ, გვაქვს ძალიან მკაფიო რეგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში, ძალიან სწრაფი უკუსვლა ყველა მიმართულებით. ბოლო დღეებში რაც ხდება, ძალიან ჰგავს იმას, რაც თავის დროზე ხდებოდა რუსეთსა და ბელარუსში, სამოქალაქო საზოგადოების, აქტიური მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ფიზიკური დევნა. საგანგაშოა რომ ხელისუფლება ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის.

- ნებისმიერი ხელისუფლების დროს თუ ცუდი რამ ხდებოდა, საზოგადოებას დასავლეთის იმედი ჰქონდა, რომ მოახდენდა რეაგირებას და ხელისუფლებებისთვის ეს შემაკავებელი ფაქტორი იყო. "ქართული ოცნებისთვის" კი ჩანს, ეს შემაკავებელი ფაქტორი აღარ არსებობს. ამ ვითარებაში საზოგადოებას მხარდ­აჭერის რა ბერკეტები რჩება?

- საზოგადოებისთვის ყველაზე ძლიერი ბერკეტი არჩევნებია. ამიტომ მაქსიმალურად ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მანამდე უნდა იყოს ისევ მშვიდობიანი პროტესტი. აბსოლუტურად გეთანხმებით, ხელისუფლება აღარ აქცევს ყურადღებას მოქალაქეების სურვილს, არც აპირებს ცვლილება შეიტანოს საკუთარ პოლიტიკაში. არ ვიცი, რა გამოკითხვებს ატარებენ და რის იმედზე არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი უკვე მათ წინააღმდეგ იქნება, რადგან ამ 12 წლის განმავლობაში "ოცნება" ამ ხალხს სწორედ პროევროპულობით ატყუებდა. ისინი უკვე ცხადად ხედავენ, რომ ეს არ არის პროევროპული ძალა, პირიქით, არის მკაფიოდ გამოხატული ანტიევროპული ძალა, რადგან რასაც ისინი აკეთებენ ჩვენი ევროპული მისწრაფებების მაქსიმალურად დაზიანებასა და ევროპასთან დაახლოებისთვის ხელის შეშლას ემსახურება.

- საფრანგეთში საქართველოს ელჩის გადადგომის შემდეგ დარჩიაშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ მან საქმეს უღალატა და ა.შ. ნიშნავს თუ არა ეს ელჩების დაშინების ცდას და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ სხვა ელჩებიც გადადგნენ?

- ეს უფრო მათი შიშის დამადასტურე­ბელი განცხადება იყო. ეშინიათ, ამას არ მოჰყვეს ჯაჭვური რეაქცია და სხვა ელჩებიც არ გადადგნენ. კურიოზულია ის, რომ მინისტრის ამ რამდენიმეწინადადებიან­ განცხადებაში პირველი და ბოლო წინადადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. პირველში ამბობს, მე გადავაყენეო, მესამეში კი, თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილებაო. ეს აჩვენებს მათ პანიკას, უდიდეს შიშს, რომ დიპლომატების პროტესტი არ გახდეს მასობრივი. დარწმუნებული ვარ, ქართველი დიპლომატების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს გოჩა ჯავახიშვილის დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესებისადმი.

- დიპლომატების პროტესტს საერთაშორისო საზოგადოებაზე განსაკუთრებული ეფექტი­ აქვს. და თქვენი აზრით, საჭიროა სხვებიც გადადგნენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახოს, რა ხდება?

- არ მინდა ჩემი განცხადებით ვინმეს რამე მოვუწოდო. ეს თითოეულის ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ გოჩა ჯავახიშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ფაქტია, მსგავსი ქმედებები­ კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი პარტნიორებისთვის მდგომარეობის სიმწვავეს. საფრანგეთი ჩვენი უდიდესი პარტნიორია, აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი საქართველოს განვითარებაში და როდესაც ჩვენი ელჩი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას­, ეს არის მკაფიო გზავნილი, თუ რა ურთულეს მდგომარეობაშია საქართველო. ეს ნამდვილად გადამწყვეტი ეტაპია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჩვენ რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ შევინარჩუნოთ საღი აზრი და ჩვენი ევროპული მომავალი, რომელსაც ახლა დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ყველა ის მონაპოვარი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაესვას, რასაც ეს ხელისუფლება თავის აქტივად წარმოაჩენს.

რუსა მაჩაიძე