„ამ ახალგაზრდების ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ არ აჰყვნენ დესტრუქციულ ძალებს“
ქვეყანაში ვითარება უფრო დაიძაბა. ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს დევნიან, სცემენ, აშინებენ, ურეკავენ და ემუქრებიან. პარალელურად, ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება. ახლანდელი პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ:
- "ქართულმა ოცნებამ" ძალიან სახიფათო სტრატეგია აირჩია. ყველა მეთოდი, რომელთაც ოპონენტების გასაჩუმებლად მიმართავენ, ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმების მეთოდებს - შევიწროება, დამცირება, შეურაცხყოფა, გარიყვა, სტიგმატიზება და ა.შ. როცა ამ მეთოდებს ოპოზიციური ძალები იყენებენ, რა თქმა უნდა, ესეც მიუღებელია, მაგრამ, როცა იმავე მეთოდებით ბრძოლას იწყებს ძალაუფლების სათავეში მყოფი ჯგუფი, ეს გაცილებით მეტ რისკს ქმნის. ასე რომ, ამჟამად ჩვენ ავტორიტარული რეჟიმის დამყარების ზღვარზე ვართ. ამიტომაც სანამ დროა, უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება და ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს, უფრო ღრმად არ შეტოპოს.
ზუსტი პარალელის გავლება შეიძლება დღევანდელ ვითარებასა და 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომამდე არსებულ პერიოდთან - ხელისუფლების ოპონენტებს მაშინაც ურეკავდნენ ხოლმე, სადარბაზოებზე აწერდნენ, "აქ ცხოვრობს მოღალატე". ასე რომ, "ოცნების" მეთოდები ამ ქვეყანას უკვე გამოცდილი აქვს ისტორიის ძალიან სახიფათო პერიოდში. სასწრაფოდ გვჭირდება მუხრუჭი. დღევანდელი "ქართული ოცნება" და 2011-12 წლის "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთისგან "ორი გვამით" განსხვავდება. 26 მაისს 2 გვამიც იყო მიტინგზე და ღმერთმა დაგვიფაროს, აქამდე მივიდეს პოლიტიკური პროცესი.
- მოსახლეობის ნაწილისთვის ეს აქციები გაიგივებულია "ნაციონალებთან", ამბობენ, რა მინდა "ნაცების" აქციაზეო.
- რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დადიან მიტინგებზე, ხანდახან სიტყვითაც გამოდიან. ზოგისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქ მხოლოდ მატერიალურ საკითხებს კურირებენ, ვთქვათ, მიკროფონს ვინ მოიტანს, დინამიკს ვინ გამართავს და ა.შ. პროტესტის ბირთვი ახალგაზრდები არიან, სპონტანურად, გულწრფელი ემოციით. დანარჩენი, ვინც ერევა ამაში, იქნება "ნაციონალური მოძრაობა" თუ მათთან დაკავშირებული ლიდერები, გადაწყვეტილებების მიღებაში მათი გავლენა მიზერულია, თუმცა, რა თქმა უნდა, შეეცდებიან მეტი გავლენა ჰქონდეთ. ახალგაზრდების პოლიტიკური მიზანი ერთადერთია, რომ საქართველო არ დაშორდეს ევროკავშირს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფსკრული არ უნდა გაჩნდეს, ის ხიდები, რაც ჩვენს ქვეყანას დასავლეთთან აქვს გადებული, წყალს არ უნდა გავატანოთ. ამ ახალგაზრდების ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ არ აჰყვნენ დესტრუქციულ ძალებს, არ აჰყვნენ იმ ჯგუფებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ ვიღაცას თვალი ამოსთხარეს ან დაიჭირეს, "ოქეია"... მათ უნდა იფიქრონ, როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თან არ განელდეს მუხტი, სანამ "ქართული ოცნება" უკან არ დაიხევს.
ის, რომ საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით ეს "ნაცების" აქციებია, ერთი მხრივ, ეს ჟურნალისტების ბრალია, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ ტრადიციული რესპონდენტების გარდა, კიდევ სხვასაც ჰკითხონ აზრი, იქ მყოფ ნებისმიერ მონაწილეს.
არის მეორე ფაქტორიც - თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მედიასაშუალებას, ყველა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს გამოხატავს. მაგალითად, "მთავარ არხს" სურს ნიკა გვარამია გამოჩნდეს, რომ ის არის წინა ხაზზე. ვინც ამ პროტესტს კრიტიკულად უყურებს და თან სურს ობიექტურად შეაფასოს მოვლენები, ერთი რომელიმე არხის ლინზიდან არ უნდა შეხედოს პროცესს, თვალსაწიერი ცოტა უნდა გაიფართოოს. მთავარია, ამ ახალგაზრდებმა ყველაგან და ყოველთვის თქვან, "არსად არ ვიჭრებით, ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღია მშვიდობიანი პროტესტი და სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება".
- დიდხანს ხომ ვერ გაგრძლედება პროტესტი ასე ქაოსურად, დადგება დრო, როცა ის პოლიტიკურ სახეს მიიღებს. თქვენ ვინ გესახებათ ლიდერად და თუ "ნაციონალები" აღმოჩნდებიან სათავეში, ხომ არ გამოიწვევს ეს ამ პროცესის დისკრედიტაციას?
- ამ პროტესტის მიზანი არჩევნებს არ უკავშირდება. რა თქმა უნდა, არჩევნებზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ამ პროცესის მიზანი ერთადერთია - ეს კანონი გაიწვიონ ან განხილვა არჩევნების შემდგომ პერიოდში გადაიტანონ. როგორც კი ეს ამოცანა შესრულდება, ამ საპროტესტო მოძრაობის ერთი ფუნქცია ამოიწურება. ვფიქრობ, მას ლიდერი არც სჭირდება. პირიქით, თუ ეყოლება ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მაშინ ეს იქნება ცენტრალიზებული მოძრაობა და მის რეალურ მიზანს დააზარალებს. არჩევნების საკითხი სხვა არის, დეცენტრალიზებული მოძრაობის მიზანი - სხვა. თუ კანონის მესამე მოსმენას არ გადაიტანენ, მერე სხვა ეტაპი დაიწყება და მოვლენათა განვითარებაზე შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მანამდე ეს მოძრაობა ასრულებს თავის პირველ და მთავარ ფუნქციას.
- არის შანსი, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხიოს?
- ეს ჯერ არ ჩანს, პირიქით, მხოლოდ ცეცხლზე ნავთს ასხამენ. თუმცა მიზერული იმედი მაინც მაქვს. მწამს, რომ "ქართულ ოცნებაში" ჯერ კიდევ არიან საღად მოაზროვნენი და მხოლოდ ერთ კაცს არ ემორჩილებიან. ასევე, გააჩნია, რა ზეწოლა იქნება ქუჩიდან და საზღვარგარეთიდან. ახალგაზრდებმა ხმა გააგონეს ქვეყნიერებას. მათ თავიანთი ნება ძალიან მკაცრად გამოხატეს, ახლა ჯერი საერთაშორისო ზეწოლაზეა. ვთქვათ, შალვა პაპუაშვილს ეტყვიან, ბატონო შალვა, თქვენ დასანქცირდებით, თქვენი შვილი, სადღაც რომ სწავლობს, ვეღარ გააგრძელებს სწავლას; ან ღარიბაშვილის შვილს ეტყვიან, ვიზა აღარ გაქვს და დაბრუნდი შენს ქვეყანაშიო, - აი, ამას რომ ეტყვიან და მათ შვილებს მართლა რომ გამოგზავნიან საქართველოში, ეს იქნება სერიოზული ზეწოლა. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ არ მიუღწევია პროცესს კრიტიკულ ნიშნულამდე. მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური და ხანგრძლივი პროტესტი, რომელსაც შედეგი მოაქვს. ვფიქრობ, გაგრძელდება გამოსვლები, კვლავ გადაიკეტება რამდენიმე სატრანსპორტო კვანძი. რაც არ უნდა თქვან უსაფრთხოების სამსახურებმა, ამ ახალგაზრდებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება აქვთ. ისინი ძალიან მწყობრად აფიქსირებენ თავიანთ აზრს. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" უკან დახევაც შესაძლებელია, მეტადრე მაშინ, როდესაც ძლიერდება პროტესტი არა მარტო ქუჩაში, არამედ ძლიერდება დასავლეთის ზეწოლაც. მომავალ კვირებში უფრო მეტ გზავნილს მიიღებენ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, მათ შორის იქნება საუბარი სანქციებზეც. ასე რომ, "ქართული ოცნება" არ არის ისეთი "კერკეტი კაკალი", რომლის გატეხა შეუძლებელია.
- რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა, რათა პოლიტიკოსებისგან თავი შორს დაიჭირონ?
- ახალგაზრდებს სრული დისტანცია უნდა ჰქონდეთ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებთან. რაც მეტი ახალგაზრდა გამოვა ქუჩაში, მით ნაკლები შანსია, რომ მათ დაეპატრონოს ვინმე. ახალგაზრდები უნდა იყვნენ გამორჩეული პოლიტიკოსებისგან იმით, რომ ყველგან და ყოველთვის მხარს უჭერდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას. უარი უნდა თქვან დაძაბვაზე, "მოლოტოვის კოქტეილებზე", სადღაც შევარდნაზე. თუ მშვიდობიან სტრატეგიას აირჩევენ და ისევ იქნებიან ბევრნი, როგორც გასულ დღეებში ვნახეთ, სრულად დისტანცირდებიან ამ პოლიტიკური კლასისგან, რომელიც, ბუნებრივია, ცდილობს ხელი მოითბოს ამ გულწრფელ დემონსტრაციაზე.
- დაიწყო ქუჩაში მოქალაქეებზე პოლიციელების თავდასხმები, სახლში შევარდნა, შენიღბული პირები ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე ძალადობენ, სცემენ... რით აიხსნება ეს?
- სამართალდამცველები ისე მოქმედებენ, როგორც ხელისუფლებას აწყობს. თუ ვინმემ რამე დააშავა, ხომ შეიძლება ნორმალურად გამოიძიო, ადვოკატი დაასწრო ჩხრეკას. ერთი კაცის დაჭერას რად უნდოდა ერთი ბატალიონის მივარდნა შუაგულ ქალაქში?! მაგრამ ეს ძალის დემონსტრირებაა, ხალხის დაშინება, თქვენც იგივე გელითო. ხელისუფლების ამ ქმედებებს ჰქვია შეუზღუდავი აგრესია თავისი მიზნების მისაღწევად. აგრესიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, აღარავის არჩევენ.
სამართალდამცავი უწყებები არც რეაგირებენ ქუჩაში მოქალაქეების ცემა-ტყეპაზე, არავინ გამოუკითხავთ, არც დაუჭერიათ, არც ერთი სათვალთვალო კამერა არ უნახავთ, რათა გამოევლინათ დამნაშავეები. აქედან გამომდინარე, იბადება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ძალადობას მხარს უჭერენ. საქმე გვაქვს კრიმინალური მენტალიტეტის პირებთან, რომლებიც "ქართულ ოცნებაში", როგორც ჩანს, დაწინაურებული არიან და ეუბნებიან მხარდამჭერებს, კანონს ნუ დაიცავთ, მიდით, სცემეთ მოწინააღმდეგე აზრის პირებსო.
ამის მიზანია ხალხი არ გამოვიდეს მიტინგზე, მშობლებმა შვილები არ გაუშვან აქციაზე იმის შიშით, რომ შესაძლოა დალეწილი და ნაცემი დაბრუნდნენ უკან. ერთია, რომ შიშს აღვივებენ და მეორე, სურთ შექმნან ქაოსი, რათა ხალხს გაუჩნდეს მოთხოვნილება, წესრიგი და სიმშვიდე გვინდაო. ასე რომ, ძალადობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. სურთ შეგვეშინდეს, ჩვენ კი, პირიქით, არ უნდა შეგვეშინდეს. ახლა ისეთი პერიოდია, თუ ახლა მათ გაუვიდათ, მომავალში უარესი ვითარება იქნება. ხელისუფლება უფრო მეტ აგრესიას მიმართავს. თუ ახლა არ მიიღეს პასუხი, თუ ვერ იგრძნეს, რომ თავისას ვერ გაიტანენ, თუ წინააღმდეგობა არ შეხვდათ, ბუნებრივია, ვეღარაფერი შეზღუდავთ და აგრესიაც გამძაფრდება.
სოფო კაჭარავა