რა ელის საქართველოს ყველაზე მძიმე სცენარის განვითარების შემთხვევაში - კვირის პალიტრა

რა ელის საქართველოს ყველაზე მძიმე სცენარის განვითარების შემთხვევაში

"საგიჟეთში ყველა იმას ლაპარაკობდა, რაც მოეპრიანებოდა, როგორც ეს პარლამენტში ხდება ხოლმე".

იაროსლავ ჰაშეკი, ჩეხი მწერალი

გასული კვირა მძიმე იყო და სავარაუდოდ, ეს კვირაც არანაკლებ მძიმე იქნება. დიახ, საქართველოში მიმდინარე მოვლენები თანდათან ემსგავსება საგიჟეთს - უფრო ზუსტად, ერთმანეთში არეულ მარაზმს, აბსურდის თეატრსა და ცუდ სიზმარს. საზოგადოებას სუპერპოლარიზაცია ისე მოედო, რომ ნელ-ნელა სახიფათო ზღვარს ვუახლოვდებით. სამწუხაროდ, გამოსავალი არ ჩანს. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს მძიმე მდგომარეობა განიმუხტოს, თუ დაიწყება მხარეებს შორის დიალოგი, თუმცა ამის შანსი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს.

მედიატორიც აღარ არსებობს. ადრე პოლიტიკური კრიზისებისას ამ როლს დასავლელი სტრუქტურები და ევროპელი და ამერიკელი ჩინოსნები ასრულებდნენ ხოლმე. დღეს ხელისუფლება მათ მხარედ აღიქვამს. საუბედუროდ, ქვეყანაშიც არ არსებობს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ფიგურა, ან ინსტიტუტი, რომელსაც ორივე­ მხარესთან­ "მიესვლება" და შეძლებს მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხმას.

ისმის ხმამაღალი ფრაზები, რომ საზოგადოება ბრძენია და არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებას. რა თქმა უნდა, ქართველი საზოგადოება ბრძენია და კარგად­ იცის, რა არის საჭირო ქვეყნის ინტერესებისთვის. თუმცა ზოგჯერ საზოგადოებას არც ეკითხებიან ხოლმე, როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში.

ვართ თუ არა ახლოს სამოქალაქო დაპირისპირებასთან? ალბათ, ყველაზე ახლოს 2012 წლის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი არ აპირებდა ხელისუფლების დათმობას, რომ არა ჩვენი ამერიკელი მეგობრების ჩარევა. ყოველდღე ხდება ისეთი მოვლენები, რასაც სულ რამდენიმე თვის წინ ვერც წარმოვიდგენდით და ვუახლოვდებით ზღვარს, რომლის გადალახვის შემთხვევაში უკან დაბრუნება და ცხოვრების ჩვეული რეჟიმით გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

მძიმე სცენარი

2023 წლის მარტში ცნობილი მოვლენების შემდეგ თქვენმა მონა-მორჩილმა დაწერა სტატია იმის შესახებ, რა ელის საქართველოს, თუ რუსეთმა მიზანს მიაღწია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქაოსი დაიწყო. დიახ, რუსეთმა, რადგან დარწმუნებული ვართ - ეს ქვეყანა თავისი სპეცსამსახურებითა და მეხუთე კოლონებით ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში გაიმეოროს 90-იანი წლები.

თუ ქვეყანაში ყველაზე მძიმე სცენარი­ განვითარდა, შემდეგ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რა კანონიც გინდა მიიღე, ვინც გინდა ის იყოს მთავრობაში და ვაკისროთ შემდეგ ერთმანეთს პასუხისმგებლობა დაუსრულებლად.

აი, რას წერდა თქვენი მონა-მორჩილი­ 2023 წლის მარტში ანუ რა ელის საქართველოს, თუ მოვლენები ყველაზე მძიმე სცენარით განვითარდა:

1. ევროპა, ევროკავშირი და ნატო შეგვიძლია დავივიწყოთ. ქაოსში ჩაძირული ქვეყანა არავის არაფერში სჭირდება. მაქ­სიმუმ, რაც შეუძლიათ ჩვენთვის გააკეთონ, ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარებების გამოგზავნა და ქართველი ლტოლვილების შეფარებაა. სავარაუდოდ, ქვეყანაში ქაოსის დაწყების გამო ევროკავშირი გაგვიუქმებს უვიზო რეჟიმს, რადგან მათთვის საფრთხის შემცველი ტერიტორია ვიქნებით. ქვეყანას შეუწყდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დაფინანსება.­ ქართველ სტუდენტებს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდებათ განათლების ევროპასა და აშშ-ში მიღება;

2. შეგვიძლია დავივიწყოთ ისეთი ცნება,­¬როგორიცაა აშშ-თან პარტნიორული­ ურთიერთობა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა სავალალო დღეში აღმოჩნდება­. ამ კუთხით ჩვენ, ძირითადად, აშშ-ზე ვართ დამოკიდებული. იმ ქვეყანას, სადაც მუდმივი რყევებია და ბუნდოვანი პერსპექტივა­ აქვს, იარაღს აღარავინ მიაწვდის. აშშ გადახედავს საქართველოსთვის ფინანსური­ დახმარების საკითხსაც, ჰუმანიტარული დახმარების გამოკლებით. საბოლოოდ, გეოპოლიტიკურად უპატრონოები დავრჩებით­.

3. გეოპოლიტიკურად უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას ეშმაკი, უფრო ზუსტად, "რუსული დათვი" დაეპატრონება. მოდი, შევთანხმდეთ, რომ არანაირი ორი რუსეთი­ არ არსებობს - არც ელცინის, არც პუტინის და არც პუტინის მოწინააღმდეგეების. გამარჯვებული რუსეთიც საფრთხეა ჩვენთვის და დამარცხებულიც - კრემლი მღვრიე წყალში თევზაობას არასოდეს მოეშვება. მოსკოვი საქართველოში ყველა დაპირისპირებულ ძალას მხარს დაუჭერს, ოღონდ იმ დოზით, რომ გამარჯვება არც ერთმა მხარემ არ მოიპოვოს. რუსეთის მიზა­ნიც სწორედ ეს არის - საქართველო იყოს მუდმივ რყევებში, რათა სახელმწიფოებრივი­ საფუძვლები მოირყეს. გამოჩნდებიან მოღა­ლატეები, რომლებიც წერილებს გაგზავნიან მოსკოვში და საქა­რთველოში წესრიგის დამყარებას სთხოვენ. გააქტიურდებიან სეპარატისტები და ქართულ სოფლებში "ლეკიანობის" ახალ მასშტაბებს მივიღებთ. საბოლოოდ, მოსკოვი­ შეეცდება ისე დაასუ­სტოს ჩვენი ქვეყანა, ისე გატეხოს მორალურად საზოგადოება, რომ უახლოესი 50 წლის განმავლობაში საქართველომ ევროპისკენ (ნატოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია) ვეღარც კი გაიხედოს;

4. საქართველო დაკარგავს თავის გეოსტ­რატეგიულ მნიშვნელობას. აბრეშუმის­ გზა, ევროკაბელი და სხვა გლობალური პროექტები მხოლოდ კეთილ მოგონებად დაგვრჩება. დასავლეთი არ დაგველოდება, თუ როდის ვინებებთ დალაგებას. მოიძიებს­ ალტერნატიულ მარშრუტებს და გეოპოლი­ტიკურად დავრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში;

5. ჩამოიშლება სამართალდამცავი სისტემა. აყვავდება კრიმინალი. ქვეყანა კვლავ დაიყოფა საძმოებად და სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებებად. დაბრუნდება ის წლები,­ როდესაც ადამიანები საღამოს ექვსი­ საათის შემდეგ ქუჩაში გასვლას ერიდებოდნენ. გაჩნდება უკონტროლო იარაღი. ქვეყანა აივსება ნარკოტიკებით, აქედან გამომდინარე ყველაზე უარესი შედეგებით;

6. ემიგრაცია ჰიპერმასშტაბებს მიაღწევს.­ დღეს აღარ არის 90-იანები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ საზღვარგარეთ მოხვედრის გზებზე. დღეს ეს გზებიც ყველამ იცის და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ინგლისურსაც ფლობს. ქვეყანა დაიცლება ადამიანური რესურსისგანაც, ინტელექტისგანაც და პერსპექტივებისგანაც;

7. ჩამოიშლება ეკონომიკა. როდესაც­ ვსა­უბრობთ ეკონომიკურ კოლაფსზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას კონკრეტული გამო­ხატულება აქვს. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩება, ნაწილი კი მხოლოდ ფორმალურად იმუშავებს - ხელფასს თვეების დაგვიანებით ან საერთოდ ვერ აიღებს. პენსიონერები იმ მცირე შემო­სავლის გარეშე დარჩებიან, რასაც დღეს იღებენ. მსხვილი ბიზნესი შეეცდება, საწარმოები საზღვარგარეთ გადაიტანოს ან გაკოტრდება. უცხოური ბიზნესი მომენტალურად დატოვებს ქვეყანას. აყვავდება შავი ბაზარი თავისი კოსმოსური ფასებით. საბანკო სისტემა დაბრუნდება იმ ნიშნულზე, რაც 90-იანებში იყო. მოიშლება სატრანსპორტო სისტემა. აყვავდება კონტრაბანდა;

8. დაიწყება ლარის სწრაფი გაუფასურება (გვახსოვდეს კუპონის ბედი). წარმოდგენაც კი ძნელია, რა კურსი შეიძლება ჰქონდეს ლარს დოლართან მიმართებაში. საბოლოოდ, მოშლილი ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის პირობებში, საქართველოში ლარს ჩაანაცვლებს უცხოური ვალუტა - დოლარი, ევრო, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი თურქული ლირაც;

9. შეჩერდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ნახევრად აშენებული ნაგე­ბობები განადგურდება, უკვე აშენებულები კი მოუვლელობის გამო დაიწყებს ამორტიზაციას;

10. ქვეყანაში ტურიზმი უკიდურესად შემცირდება. ეს ათასობით ადამიანის გაღატაკებას გამოიწვევს. დაიხურება სასტუმროები. შეჩერდება მშენებლობები;

11. ერთი მხრივ, მოიშლება ჯანდაცვის­¬ სისტემა და მეორე მხრივ, ადამიანებს არ ექნებათ იმის ფული, რომ ექიმთან იმკურნალონ.

თეორია და პრაქტიკა

თეორიულად არის გამოსავალი და მას არჩევნები ჰქვია. თუმცა მთავარი პრობლემაა არჩევნებამდე მშვიდობიანად მიღწევა, მისი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარება და იმის გამორიცხვა, რომ არჩევნების შემდეგ ისევ ახალი რყევები არ დაიწყოს. არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი და თუ ქვეყანამ ამ რეჟიმში იცხოვრა, ყოველდღიურად გაიზრდება საფრთხე, რომ რამე უბედურება მოხდეს.

გამოსავალი შეიძლება იყოს ორგვარი:­ 1. მმართველი გუნდი ცვლის კანონპრ­ოექტს. პირველ რიგში, სათაურს, რითაც გამორიცხავს არასამთავრობოებისა და მედიის ნაწილისთვის იარლიყის მიკერებას. მაგალითად, შეუძლიათ დაარქვან "უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების შესახებ" ან თუნდაც უბრალოდ და მარტივად "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. ასევე, შეარბილონ/გააუქმონ კანონპროექტში ის მექანიზმები, რომლებშიც­ არასამთავრობოები და უცხოელი პარტნიორები რეპრესიების საფრთხეებს ხედავენ;

2. მმართველი გუნდი აჩერებს კანონპროექტის განხილვას და აცხადებს, რომ დაე, ამაზე იმსჯელოს ახალი მოწვევის პარლამენტმა. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმიც იქნება - თუ სურს ამომრჩეველს მსგავსი კანონი­, ხმას მისცემს "ოცნებას", თუ არ სურს, სხვა პოლიტიკურ ძალას.

თუ პირველი ან მეორე სცენარი გათამაშდა, რა თქმა უნდა, პროტესტის ორგანიზატორებმა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგან და საერთო მიზნიდან გამომდინარე (ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება და არჩევნების ნორმალურად ჩატარება), აქციები უნდა შეწყდეს. და არ უნდა აჰყვნენ ზოგ-ზოგიერთის მოწოდებებს, რომ თურმე არჩევნებამდე ლოდინს აზრი არა აქვს და სასწრაფოდ რაღაც დროებითი თუ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თანმდევი პროცესი უნდა იყოს ამ ამაზრზენი სახლებთან დახვედრებისა და ცემა-ტყეპის შეჩერება და ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა. ასევე, უცნაურ ინიციატივებზე უარის თქმა, როგორიცაა, მაგალითად, რაღაც "უკმაყოფილოთა რეესტრის" შექმნა.

ასე რომ, თეორიულად გამოსავალი არის, პრაქტიკულად კი... სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ სინათლე არ ჩანს გვირაბის ბოლოში.

გიორგი კვიტაშვილი