„ო’ბრაიენის ჩამოსვლა ბევრად მეტს გადაწყვეტს, ვიდრე სენატორების განცხადებები“ - კვირის პალიტრა

„ო’ბრაიენის ჩამოსვლა ბევრად მეტს გადაწყვეტს, ვიდრე სენატორების განცხადებები“

"ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება კანონპროექტის ჩაგდება.­ თუ არსებული სახით მიიღეს, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. "მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე", - ეს კი ამონარიდია წერილიდან, რომლითაც აშშ-ის ათმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს­ მიმართა. პრემიერი ამბობს, რომ კანონს აუცილებლად მიიღებენ, მაგრამ ამასთანავე, ირწმუნება, რომ მისი გუნდისთვის უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა, ამისთვის ყველაფერი კეთ­დება და 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება გაწევრებისთვის. "მეგობრები და პარტნიორები გვიტევენ, მტრები კი გვეთანხმებიან - თითქოს ასეთი მოცემულობა დევს ზედაპირზე, თუმცა ეს პროცესების პრიმიტიული აღქმაა, სინამდვილეში ძალიან ბევრი წყალქვეშა დინებაა, რომელიც მარტივად გასაშიფრავი არ არის, აქ სხვა რამ ხდება"­, - ასე აფასებს დღევანდელ რეალობას უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე.

რა გავლენას იქონიებს საქართველოზე­ პარტნიორებისა და მეგობრების თუ მტრულად განწყობილი ქვეყნის პოზიციები, ვინ როგორ და რა დოზით შეიძლება ჩაერიოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად აცნობიერებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მზად არის რიგ კომპრომისზე წავიდეს“

- როგორც ამერიკის, ასევე ევროპის გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფებიდან უმძიმესი შეფასებები ისმის. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მთელი ცივილიზებული სამყარო გვიტევს, კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ მხოლოდ რუსი პოლიტიკოსები იწონებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი თავს უფლებას აძლევს და რეცეპტებს გვიწერს, თუ როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ აქ არეულობა დაიწყება. მაგალითად, რუსმა ექსპერტმა კარნაუხოვმა, რომელიც კრემლის მითითების გარეშე სიტყვას არ ძრავს, უცებ განაცხადა, თუ თბილისში სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, რუსეთი სამხედრო ძალით უნდა ჩაერიოსო.

- როგორი შეიძლება იყო ის წყალქვეშა­ დინებები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიღმაა?

- შევეცდები ავხსნა, მაგრამ მანამდე მინდა აღვნიშნო ჰოლდინგ "პალიტრამედიის" ჟურნალისტის ემა ტუხიაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი პრემიერ კობახიძის ბრიფინგზე, მშვიდად დასვა მნიშვნელოვანი და ამასთანავე, კრიტიკული კითხვები. შეიძლება ითქვას, რესპონდენტი კონსერვის ქილასავით გახსნა. ძალიან საინტერესო იყო პრემიერის პასუხები, ბევრ ისეთ საკითხს მოეფინა ნათელი, რაც ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. მან ისაუბრა იმ დინამიკაზე, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის მიღებას შეიძლება მოჰყვეს - მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრა, კანონზე ვეტოს დადების საკითხი, ვენეციის კომისიის შეფასება და ა.შ. აშკარად ჩანდა, რომ საქართველოს ხელისუფლება უპირობოდ არ აპირებს ამ კანონის მიღებას. არის დათქმები, რომლებიც ამ კანონის მიღების შემდეგ ამუშავდება. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად აცნობიერებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მზად არის რიგ კომპრომისზე წავიდეს.

- ბრიფინგზე პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ მზად არის გაითვალისწინოს შენიშვნები­, მაგრამ ჯერაც არ მოუსმენია კონკრეტული კრიტიკა და შენიშვნები.

- მეც არ მომწონს ამ კანონში ზოგიერთი საკითხი. უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებში მართლა არ ჩანს კონკრეტიკა, რა არ მოსწონთ. შეიძლება ბევრს კანონი წაკითხულიც არა აქვს, მაგ­რამ არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. შეიქმნა ტრენდი, თითქოს ამ კანონის მიღება "ქართულ ოცნებას" მოსკოვმა დაავალა და ა.შ. ამას გარდა, არის პოლიტიკური ინტერესებიც, აშკარაა, დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს "ქართული ოცნება" არ მოსწონთ და ამ კანონის "წყალობით" ცდილობენ ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას. ზოგჯერ ისეთი განცდაც კი მაქვს, რომ ხელისუფლებაში სხვა ხალხი უნდა ყველას - როგორც ჩვენს მეგობრებს, ასევე ჩვენს მტრებსაც. კანონის გამო დიდი აჟიოტაჟია, მაგრამ ამის მიზეზი მისი შინაარსი კი არა, ის გეგმაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიუყვება. ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სიჯიუტე, რომელიც ეხება რეგიონულ საკითხებს, უპირველესად კი უკრაინას. წარმოუდგენელი რამ მოხდა. თქვენი გაზეთის ფურცლებიდან არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რა მოხდა 2022 წლის 4 მარტს, მაგრამ მკითხველს მაინც შევახსენებ, პირადად ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორ ახდენდნენ ზეწოლას ქართულ მხარეზე, რათა უკრაინის კონფლიქტში ჩართულიყო საკუთარ კონფლიქტურ ტერიტორიებზე გააქტიურებით. გასაგებია, რომ რუსეთისთვის უნდოდათ დამატებითი თავსატეხის შექმნა, მაგრამ საბოლოოდ ვის შეექმნებოდა პრობლემები, საკითხავია, რუსეთს თუ საქართველოს! სხვათა შორის, კობახიძის ბრიფინგზე პირველად გახმიანდა, რომ ივანიშვილი ნამდვილად არის ფაქტობრივი სანქციის ქვეშ. ასევე გაირკვა, რომ სინამდვილეში შვეიცარიის ბანკში მის ფულზე დადებული ყადაღა არ მოხსნილა. გამოვიდა ასეთი ფორმულა - ივანიშვილი ენდო დასავლელ პარტნიორებს, დასავლურმა საბანკო სისტემამ კი რთულ ვითარებაში ჩააგდო.

- ე.ი. ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება,­ ამ ყველაფრის მიზეზი ივანიშვილისთვის დაბლოკილი­ ფულია?

- ამ ფულის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი ერთ დიდ საერთო მოზაიკაში ჯდება და პარტნიორების დამოკიდებულებას ასახავს ჩვენი ხელისუფლების მიმართ.

- თქვენი აზრით, მიიღებენ კანონს?

- მიიღებენ, მაგრამ შემდეგ დაიწყება კანონის გადახედვა. ეს დასკვნა გამოვიტანე­ როგორც პრემიერის განცხადებებიდან ბრიფინგზე, ასევე სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედეგად. მინდა აღვნიშნო, რომ ო’ბრაიენის ჩამოსვლა ბევრად მეტს გადაწყვეტს, ვიდრე სენატორების განცხადებები.

- სხვათა შორის, პრემიერმა თქვა, რომ მას მართალია დადასტურებული აქვს ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრა, რომელიც ასევე პარლამენტის თავმჯდომარესაც უნდა შეხვდეს, მაგრამ ვიზიტის მიზეზი დაზუსტებით არ იცის და ეს სავარაუდოდ, უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას.

- ეს განცხადება ნიშნავს, რომ საუბრის თემის დემონსტრირება დიდად არ სურს. თუმცა ფაქტია, რომ ო’ბრაიენი აქ მოსალაპარაკებლად ჩამოდის.

- თქვენ აქცენტი გააკეთეთ პრემიერის მინიშნებაზე, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ მთელი რიგი პროცედურებია­ გასავლელი და კომპრომისულ ნაბიჯად­ შეაფასეთ. ეს შეიძლება გამოსავალიც ყოფილიყო, ქუჩაში არსებულ პროტესტს კონკრეტული პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები რომ მართავდნენ, მაგრამ პროტესტის ავანგარდში ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მოსწონთ კიდეც ეს სანახაობად გადაქცეული აქციები, ერთად ყოფნა.

- გეთანხმებით, მეც მახსოვს ჩემი თავი 80-იანი წლების მიტინგებზე. დიახ, ჩვენი ემოციური განწყობები იმ დროისთვის მიღებულ ჩარჩოში არ ჯდებოდა და უფროსების მითითებებს, რომ ზომიერად მოვქცეულიყავით, ყურადღებას არ ვაქცევდით. ნაწილობრივ ამან განაპირობა ის ტრაგედია, რაც შემდეგ დატრიალდა. თუმცა არ გეთანხმებით იმაში, რომ პროცესს პოლიტიკოსები არ მართავენ. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მართვის ტაქტიკა, რომელიც ფასდება როგორც მართვადი ქაოსი, იქიდან გამომდინარე, რომ პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი, როგორ იმართება ახალგაზრდების ნაწილი. მე ამ ამბავში ერთი რამ ძალიან არ მომწონს, როცა მავანს სჭირდება, ესენი ბავშვები არიან, როცა სჭირდება, ახალგაზრდები. სიმართლე გითხრათ, ბავშვების მოწყობილი რევოლუცია არ მინახავს, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. რა თქმა უნდა, მეც ძალადობის წინააღმდეგი ვარ, საეჭვოდ მეჩვენება, როდესაც ამას მანტრასავით იმეორებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

- თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ჩვენს მეგობრებსაც და მტრებსაც სხვა ხალხი სურთ ხელისუფლებაში. ახლაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასა და ამ ძალის მიერ მართულ ახალგაზრდებზე საუბრობთ. ვის გულისხმობთ, ისევ "ნაციონალურ მოძრაობას"?

- სახელდება სხვა პოლიტიკური ძალებიც, რომლებმაც სპეციალურად მოამზადეს ახალგაზრდები საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ მე მათთან კონტაქტი არა მაქვს და არ ვიცი, "ნაცმოძრაობის" აქტივი­სტებს კი სახეზე ვცნობ. ირაკლი კობახიძემ ძალიან სწორად ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რა ტიპის წვრთნები გაიარეს ამ ახალგაზრდებმა, თუმცა ეს მე ისედაც ვიცოდი. ჩემს ერთ-ერთ სტუდენტსაც აქვს გავლილი ის სკოლა, რომელიც პერნშოუმ ჩამოაყალიბა წყნეთში 3 თუ 4 წლის წინ და ძალიანაც კარგად ვიცი, რა მომზადებაც გაიარეს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ხალხი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ ყველაფერი ვიცით, რას და როგორ ასწავლიან. ისიც ვიცით, რომ ეს არის მსოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგიები. ეს ჩანს კიდეც - ამ ახალგაზრდების მოქმედება ბევრად ორგანიზებულია, ვიდრე მათ ასაკს შეესაბამება. ვინც არაორგანიზებულია და თავისი ინიციატივით არის გასული, იმათაც ეტყობათ.

- ალბათ, დამეთანხმებით, რომ დღეს ქუჩაში არაორგანიზებულადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდაა გასული.

- რასაკვირველია, მაგრამ ორგანიზებული ნაწილი რომ არა, ის არაორგანიზებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ ასეთი აგრესიულები. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ გასაპროტესტებლად და არა პარლამენტის შენობის დასარბევად. გაპროტესტება და ძალადობრივი აქცია სხვადასხვა რამეა. ძალიან ცუდი პროცესებია დაწყებული. ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, რომ ახალგაზრდა თავში ბოთლს ურტყამს პოლიციელს, მაგრამ ისიც მაქვს ნანახი, ქალებს როგორ აწიოკებენ პოლიციელები. ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს, კარგად მახსოვს, 7 ნოემბრის აქციებზე რა ხდებოდა, როგორ გამოცვივდებოდნენ რუსთაველის პროსპექტის მიმდებარე ქუჩებიდან შენიღბული პირები და მიათრევდნენ ცალკეულ მომიტინგეებს.

- როგორი გგონიათ, რისთვის დასჭირდათ ზონდერჯგუფების შექმნა, ან იმ უცნაური სატელეფონო ზარებით მოსახლეობის გინებითა და შეურაცხყოფით რის მიღწევას ცდილობს?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამას არ მივესალმები, მაგრამ გინდათ ერთი უცნაური ამბავი გითხრათ? ჩემთანაც შემოვიდა ასეთი სატელეფონო ზარი 9 მაისს, დილის 8:17 წუთზე. ნომერიც შემიძლია გითხრათ - +994 55 00 62 589. როგორც მივხვდი, აზერბაიჯანული ნომერია. არ ვუპასუხე, იცით, როგორ მივხვდი, საეჭვო ზარი რომ იყო?! სახელის და გვარის დასახელება არ მინდა, ერთ-ერთი ოპოზიციის მხარდამჭერი ცნობილი ჟურნალისტი თავის ფეისბუკგვერდზე წერდა. ნომერიც ჰქონდა გამოქვეყნებული, ზუსტად იმ ნომრიდან შემოვიდა ზარი ჩემს ტელეფონზეც.

- ამას როგორ ახსნით?

- ვფიქრობ, მოქმედებს ძალა, რომელიც ­პარალელურ რეჟიმში მუშაობს და სიტუაციის დაძაბვას ისახავს მიზნად. ეს არც არის გასაკვირი, როდესაც ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, მესამე ძალა ყოველთვის ცდილობს სიტუაციის ესკალაციას. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დეპუტატს შვილთან დაკავშირებული მუქარა რომელიმე ოპოზიციონერმა ან ოპოზიციურად განწყობილმა პირმა გაუგზავნა? საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ის, რაც ოპონენტის გაკეთებული გვგონია, შეიძლება მესამე ძალის პროვოკაცია იყოს. ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ და ემოციებით არ უნდა ვიმოქმედოთ. პოლიციაც ფრთხილად უნდა იყოს - თუ უფლებამოსილებას გადააჭარბებენ, შესაბამისად უნდა დაისაჯონ. თქვა კიდეც ამის შესახებ პრემიერმა. იცით, რაშია საქმე? ბოთლიდან ჯინს თუ გამოუშვებ მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს! ქაფი ამოდის ზემოთ... თავიდან ვერ ვხვდებოდი, თუ საფეხბურთო წარმატების შემდეგ ერთიანობის განწყობა ასე უცებ ასეთ დიდ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. ამიტომ ვსაყვედურობდი ხელისუფლებას, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, ასეთ დროს რატომ გადაწყვიტეს ამ კანონის შემობრუნება. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არეულობა აუცილებლად იქნებოდა, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად. კი ბატონო, ხელისუფლებას ეს კანონი რომ არ დაეყენებინა დღის წესრიგში, დღეს ქუჩაში პროტესტი არ იქნებოდა, მაგრამ იქნებოდა ხვალ - არჩევნების შემდეგ.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საპროტესტო აქციები მართულია ოპოზიციის პოლიტიკური კულუარებიდან. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციონერი ლიდერებიც შენიშნავენ თქვენსავით,­ რომ ხელისუფლება კარგად აცნობიერებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მზად არის კომპრომისზე წავიდეს?

- გამორიცხულია, ოპოზიცია კომპრომისზე არ წავა, იმიტომ, რომ მათი მიზანი კანონის უკან გატანა კი არა, ხელისუფლების შეცვლაა. კანონი არ არის მთავარი, დაპირისპირება უნდა მომხდარიყო. ჯერ კიდევ გუშინწინ დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. არც ის აინტერესებს ვინმეს, არჩევნები მართლა გაყალბდება თუ არა, მთავარია, საზოგადოებაში შეიქმნას საპროტესტო განწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავად განმუხტოს სიტუაცია და გახდეს შუამავალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მესმის, რომ ხმამაღალი ნათქვამი გამომდის და შეიძლება ზოგადიც, მაგრამ ვფიქრობ, ხალხში სწორედ ასეთი განწყობა უნდა იყოს. სოციალურ ქსელში ყველა ვაჟკაცია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბურთი და მოედანი სხვებს რჩებათ, კონკრეტულად კი იმათ, ვინც უკეთ მომზადებულები არიან, ტრენინგებიც აქვთ გავლილი და უშეცდომოდაც მოქმედებენ იმისთვის, რომ ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხონ ნებსით თუ უნებლიეთ.

- ეს უფსკრული შეიძლება იყოს რუსული ინტერვენცია, სცალია მოსკოვს ახლა ამისთვის?

- რატომ არ სცალია?! რუსეთი დღეს უკრაინის ფრონტზე უპირატესობას ფლობს. დასავლელი მოკავშირეების დახმარებამ ძალიან დააგვიანა, რის გამოც უკრაინელები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. მე მხოლოდ სამხედრო შემადგენელზე არა მაქვს საუბარი, სულისკვეთებაც ძალიან დაეცა, გამოსავალი აღარ ჩანს. ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ უნდა ვთქვა, უკრაინა არ არის მრავალმილიონიანი ქვეყანა. ამ ქვეყნის მოსახლეობა სულ 25 მილიონს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუმინეთს ერთი მდინარე ყოფს, რომელიც ბოლო 8 თვის განმავლობაში 600-მა კაცმა გადაცურა - მათ ჯარში წასვლა არ სურდათ. აქედან 22 დაიხრჩო. დეზერტირობამ მასობრივი სახე მიიღო. არ ვამბობ, რომ ყველა უკრაინელი ასეთ განწყობაზეა, მაგრამ ძალიან შემცირდა მათი რიცხვი, ვინც იდეალებისთვის იბრძვის. უკრაინის თემის განვრცობა არ მინდა, უბრალოდ, ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საკუთარი დღის წესრიგი შექმნას. იცით, ყველაზე ცუდი რა არის? რუსეთი დღეს საერთაშორისო აზრს ანგარიშს აღარ უწევს. აქ რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, რუსეთი აუცილებლად გააკეთებს იმის მოდელირებას, რომ ვითომ ოფიციალურმა თბილისმა დახმარება სთხოვა. არ გაუკეთებია აქამდე ასეთი რამ თუ რა? მე ვშიშობ, ჩვენთან ყაზახეთის მოვლენები არ განმეორდეს. მართალია, იქ ო-დე-კა-ბეს პრინციპი მუშაობდა და მიზეზი ადვილად იპოვა, მაგრამ ახლა რუსეთს მიზეზის ძებნა აღარ სჭირდება, მისი ჯარები კი დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია. ყველაზე ცუდი ის არის, მოსკოვში უკვე საუბრობენ საქართველოს "დახმარებაზე".

- თქვენვე თქვით, რომ რუსეთი საერთაშორისო აზრს აღარ ითვალისწინებს და ინტერვენციისთვის მიზეზების ძებნას არ დაიწყებს. ასეთ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს აქ პოლიტიკური ტემპერატურა როგორია?

- დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ ქვეყანაში დაპირისპირება არ იქნება, მთელი საზოგადოება ორიენტირებული იქნება რუსეთისგან თავის დაცვაზე, სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში კი ყველაფერი გაცილებით გაუიოლდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებული ახალი წინადადებები გაჩნდეს. არც პროვოკაციები უნდა გამოვრიცხოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე.

ხათუნა ბახტურიძე