"ერთმა გასროლამ შეიძლება მთელი ქვეყანა ააფეთქოს"
ძალზე რთული კვირა მოვიტოვეთ უკან - ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საზოგადოების პროტესტი არ წყდება. შაბათს, 11 მაისს, საღამოს 9 საათისთვის უამრავი ჩვენი მოქალაქე შეიკრიბა თბილისში, რიყეზე, ევროპის მოედანზე, "ქართული ოცნების" ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სხვადასხვა საერთაშორისო მთვლელის თანახმად, შეკრებილთა რაოდენობა 200 000 კაცს აჭარბებდა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ამის დაჯერება არ სურს. მმართველმა პარტიამ, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, 1-ლ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებსა და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში სატელეფონო და მასთან ერთად რეალურ სივრცეში ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია "ქართული ოცნებაა". ხელისუფლება ამას უარყოფს. განსჯის თემად იქცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომ კვლევა ჩაატარეს და მათ ყველაზე მეტი მაღალი IQ-ს მქონე მხარდამჭერი ჰყავთ. "არ გეშინიათ, მე, ასეთი დაბალი IQ-ს ადამიანს რომ მირეკავთ?" - ამგვარი სახუმარო ფრაზით მიპასუხა ექსპერტმა, ბატონმა სანდრო თვალჭრელიძემ, როდესაც ინტერვიუს შესათანხმებლად დავურეკე. ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას სწორედ მასთან ერთად შევაფასებთ:
- პრემიერ კობახიძის ტელეწამყვანებთან შეხვედრას უყურეთ? ხომ ნახეთ, მთელი მსოფლიო ცდება, მხოლოდ ის არის მართალი. ყველაზე საშიში კი ის არის, მას ამ ყველაფრის გულწრფელად სჯერა. მისთვის ყველაფერი მარტივი ყოფილა, დანარჩენს, ყველას, დაბალი IQ გვქონია, მხოლოდ ის და მისი უფროსი არიან ინტელექტის მეტრები. ის, რასაც ამბობდა კულტურაზე, ზრდილობაზე, უკვე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მეჩვენება, რომ ისინი ბევრ რამეს ვერ ხვდებიან, მათ შორის ვერც ყველაზე მთავარს, და მართლაც ჰგონიათ, რომ ეს ამხელა საპროტესტო მოძრაობა კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ააგორა. ასე რომ ყოფილიყო, ეს საპროტესტო მუხტი დიდი ხნის გაცამტვერებული იქნებოდა. დაუჟინიათ, ეს თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" აღორძინებაა - არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, გაამარტივოს პროცესები, რაც დიდი შეცდომაა. "ნაციონალური მოძრაობა" და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა პროცესს იწყებდა ზემოდან, აქ კი სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს მოვლენები დაიწყო ქვემოდან და ამ მოძრაობას არა ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი. ამიტომაც ასეთი მოძრაობის დამარცხება შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, ეს არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ბოლო ფაზა. ასეთი ძლიერი პროცესი ერთი მახსენდება ისტორიაში - 1789 წლის 14 ივლისი, როდესაც ბასტილია დაანგრიეს. შემდეგ გაჩნდნენ რობესპიერი, მარატი და ა.შ. ვინ დაანგრია ბასტილია? - ხალხმა. დღეს ჩვენთან სწორედ ამგვარი სახალხო მოძრაობაა აგორებული, რომლის ავანგარდში ახალგაზრდობაა. ჩვენს ხელისუფლებას ეს არ ესმის და ამას შესაძლოა ქვეყნისთვის ძალიან სავალალო შედეგი მოჰყვეს. სამაგიეროდ, ეს კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს და მათი გაფრთხილება, არ მიიღოთ ეს კანონიო, არ არის მხოლოდ ფასეულობების კონფლიქტით განპირობებული, მიუხედავად იმისა, რომ მეც სრულიად დარწმუნებული ვარ, ეს რუსული კანონია. თუ რატომ, თქვენთან წინა ინტერვიუში განვმარტე, ამიტომ ამაზე დროს აღარ დავკარგავ. მოკლედ, რასაც დღეს ხელისუფლება ამბობს, ან არის მიზანმიმართული ტყუილი მოსახლეობის შესაცდენად, ან საკუთარი თავის მოტყუება.
- ტელეწამყვანებთან შეხვედრა ახსენეთ და, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის ემა ტუხიაშვილის კითხვის პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი კომპრომისს აღარ გამორიცხავენ ვეტოს დაძლევის პროცესში. როგორი შეიძლება იყოს ეს კომპრომისი?
- ხელისუფლებამ ამ კანონპროექტზე ხელი მარტო იმიტომ უნდა აიღოს, რომ არ შეიძლება მიიღო კანონი, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს, ხალხს ერთმანეთს აპირისპირებს. შეუძლებელია მთელი მსოფლიო ცდებოდეს და მხოლოდ ირაკლი კობახიძე იყოს მართალი. თუ მაღალი IQ აქვს, ამაზე დაფიქრდეს. ჩემი აზრით, მიუხედავად ამ თითქოს გაჯიუტებისა, ხელისუფლებას მოუწევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ლაპარაკი და უკან დახევაც. ჩამოვლენ აქ მაღალი დონის წარმომადგენლები და ესენიც საკუთარ განზრახვასა და ვეტოს დაძლევაზე საბოლოოდ უარს იტყვიან. სხვანაირად მართლაც ჩიხში აღმოვჩნდებით. ახლა დასავლეთთან ვაჭრობას ცდილობენ. ხომ ნახეთ, რუსთაველის თეატრში ევროპის დღის აღნიშვნაზე არ მივიდნენ. ეს არის დემარში, რომელიც მათთვის კარგად არ დასრულდება.
- გასულ კვირას გახშირდა სატელეფონო მუქარები პროტესტანტ აქტივისტებთან, თავდასხმები მათზე და ა.შ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის უკან "ქართული ოცნება" დგას...
- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ ძალადობას ძალადობით უპასუხოს ვინმემ. ერთმა გასროლამ შეიძლება მთელი ქვეყანა ააფეთქოს. ვერაფერს სწავლობს, უახლოესი ისტორიის აზრზე არ არის ეს მაღალი IQ-ს მქონე ხალხი. ტერორი ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა. ამგვარ რაღაცებს შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო პერიოდშიც ცდილობდნენ ვიღაცები, სააკაშვილის მმართველობის დროს ხომ მასშტაბური იყო საზოგადოების დაშინება. გამოუვიდათ რამე, ვინმემ გაიმარჯვა ტერორით?! პირიქით, სულ უფრო მეტად იკვრება ასეთ ვითარებაში საზოგადოება. ასეთი მეთოდებით ქართველი ადამიანის დაშინება შეუძლებელია. პირიქით, ეს ყველაფერი უფრო გააძლიერებს საპროტესტო მუხტს.
ივანიშვილი სულ ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრი რამის გათვლა შეუძლია. თუ ასეა, გამოდის, ის განგებ ანგრევს "ქართულ ოცნებას", ან ელემენტარული რაღაცების გათვლა არ შეუძლია. მან დაკარგა საზოგადოებასთან კავშირის ძარღვი. ჰგონია, ის ხალხი, ვინც მასთან მიდის და მლიქვნელურად რაღაცებს ეუბნება, მართალია, არადა, სიმართლე სხვაგან არის. მე სოციალურ ქსელებში არა ვარ, ჩემი შვილი მაცნობს ხოლმე იქაურ ამბებს და ამას წინათ წამიკითხა ერთი პოსტი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა, "ქოცებო", უკვე "ნაცები" გახდითო. ტერორის გზას ერთი მძიმე დასასრული აქვს - როგორი მაღალი იდეებითაც არ უნდა საზრდოობდე, შენ მაინც ჯოჯოხეთურ სამყაროში ხვდები, როდესაც ტერორის გზას ადგები. ისტორიულადაც ასე იყო. აიღეთ დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია ინგლისში, როდესაც ოლივერ კრომველი დიქტატორად იქცა. იგივე დაემართათ რობესპიერსა და მარატს და ა.შ. როგორც კი ტერორის გზას ადგები, წასულია შენი საქმე, იმიტომ, რომ ბოლო ერთია - ამ ნიაღვარში რომ მოხვდები, მერე რაც არ უნდა იქნიო ხელები, მაინც წაგიღებს. ტერორის გზიდან გამოსავლის პოვნა თითქმის შეუძლებელია, მასთან ბრძოლა კი შეუქცევად პროცესად იქცევა.
ვიღაცები ამბობენ, რომ ამ ტერორის გზაზე პუტინის რეჟიმი ჯერჯერობით იმარჯვებს, მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის. პუტინის წინააღმდეგ 160-მილიონიან ქვეყანაში 5-10 ათასი კაცი გამოდიოდა, ჩვენს 3-მილიონიან საქართველოში კი აქციებზე 200 000 კაცი გამოდის. ხომ ნახეთ, რეგიონებშიც რა ხდება? ბათუმის მსვლელობა ხომ ნახეთ? წინ შშმ პირები რომ მოდიოდნენ, აქეთ-იქით აივნებზე კი გადმომდგარი იყვნენ ხანდაზმული ადამიანები და ტაშს უკრავდნენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ვინც ქუჩაში გამოდის, იმაზე მეტი მათ შინიდან თანაუგრძნობს. ვიღაც ასაკშია, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას ბიზნესი აქვს და იმის დაკარგვა აფიქრებს და ა.შ. მაგრამ ეს ხალხი არჩევნებზე "ოცნებას" აღარ მისცემს ხმას. როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა რესურსიც არ უნდა გამოიყენონ, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოგებული არჩევნები უკვე დღეს აქვთ წაგებული. დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში კოალიციური მთავრობა მოვა.
სხვა საქმეა, ვისგან იქნება დაკომპლექტებული და იქნება თუ არა რევანში? ხელისუფლება შეიცვლება, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე შეუქცევადი მსოფლიო პროცესები არ მოხდა. ჩვენც ხომ იმ უზარმაზარი კონგლომერატის შემადგენელი პატარა კუნძული ვართ, რასაც ჩვენი ცივილიზაცია ჰქვია. ვიმეორებ, დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ტაქტიკა და სტრატეგია ტრაგიკულად მცდარია. კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტიო. მაგარი კვლევაა... ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიკვლიეს, როგორ დაითვალეს ამდენი ხალხის IQ? დადონ მეთოდოლოგია. ინტერესით ვკვდები...
- საერთოდ რაში სჭირდებოდათ ეს განცხადება და საზოგადოების ახლა ინტელექტის მიხედვით დაყოფა?
- რა ვიცი... გადაწყვიტეს, რომ ხალხს გამოუცხადონ, ჩვენი მომხრეები თუ არა ხართ, იდიოტები ხართ, არაფერი გესმით. ჭკვიანები მარტო ჩვენ ვართ, ვიცით, როგორ ვმართოთ სახელმწიფოო - მარტივი ნარატივია. ისევ ჟურნალისტებთან კობახიძის შეხვედრას დავუბრუნდები. მე პირადად მათ ადგილას სხვანაირად წავიყვანდი ამ კითხვა-პასუხის რეჟიმს, წყნარად, ყოველგვარი დეკლარაციების გარეშე და გამოვააშკარავებდი მის IQ-ს. კობახიძემ სცადა სხვა სიბრტყეში გადაეყვანა დებატები, ჟურნალისტებიც გაჰყვნენ, რაც არასწორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუბრის სტრატეგია მაინც არასწორი იყო.
- ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი იდეების, ლიდერებისა და სუფთა აპოლიტიკური ძალების დეფიციტია. როგორ ფიქრობთ, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოაყალიბებს ასეთ ლიდერებს და ძალებს?
- ყურძენს რომ დაწურავ, ჯერ მაჭარი უნდა დადგეს, მერე უნდა დაღვინდეს. ვფიქრობ, ეს ახალგაზრდებიც ჯერ უნდა დაღვინდნენ. ჩვენ ჯერ ვხედავთ სოციალურ მოძრაობას. რომ არ გაეწვიათ ეს კანონპროექტი შარშან და ეს მოძრაობა გაგრძელებულიყო, მაშინ დღეს უკვე იქნებოდა ანგარიშგასაწევი ახალი პოლიტიკური ძალა, მაგრამ არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი და ამ დროში შეუძლებელი მგონია ამ სოციალური მოძრაობიდან ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩეკა. კი, გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა ლიდერი სუფთა ხელებით, მაგრამ მათ დაღვინება სჭირდებათ, გამოცდილების შეძენა. შემდეგი 2028 წლის არჩევნებისთვის, ვფიქრობ, ნამდვილად გვეყოლება ახალი და ბევრად საინტერესო პოლიტიკური მოთამაშეები.
- არის შიში, რომ თუ ხელისუფლება არ წავიდა დათმობაზე, შეიძლება ისეთი მძიმე პროცესები დაიწყოს, რომ არჩევნებამდე ვერც მივიდეთ.
- ნახეთ, როგორი საპროტესტო აქციები იმართება დემოკრატიულ საფრანგეთში, წვავენ მანქანებს, რკინის გისოსებით კეტავენ მიმდებარე მაღაზიებსა თუ კვების ობიექტებს, რადგან პროტესტანტები ამსხვრევენ მინებს, მიმართავენ სხვა დესტრუქციულ მოქმედებებს... ჩვენთან რა ხდება? - ეს ამდენი პროტესტანტი, ამდენი ახალგაზრდა გამოდის ქუჩებში და მშვიდად მართავს მსვლელობებსა და დემონსტრაციებს. არაფერი იკეტება გარშემო, პირიქით, მაღაზიები და კაფეები მუშაობენ და ხეირიანადაც ვაჭრობენ. აი, ეს განსხვავებაა ჩვენსა და საფრანგეთის აქციებს შორის. ამ ახალგაზრდებისგან ძალადობას ვერ ვხედავთ, გარდა პროვოკატორებისა, რომლებიც მრავლად არიან, თუნდაც ისინი, პარლამენტის კარის დაზიანებას რომ ცდილობდნენ. მე კარგად დავიმახსოვრე - მათი სახეებიც მახსოვს, 8 ახალგაზრდა იყო, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სხვა პროტესტანტების მოწოდებებს. როგორც ვიცი, ეს ხალხი ჯერ არ დაუკავებიათ, რატომ, თუ იცით? - იმიტომ, რომ შეგზავნილი იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ამგვარი პროვოკაციების მოწყობას კვლავაც შეეცდებიან, მაგრამ იმედია, რომ ახალგაზრდები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეძლებენ პროვოკაციებს ჩაქრობას. ვიმეორებ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ხელისუფლებას არ დაავიწყდეს - ვერავის ვერაფერს გადააბრალებს, ყველა რისკი და საფრთხე, რაც წარმოიშვა ახლა ქვეყანაში, მისი ბრალია! ჯვარი გვწერია და, თუ რამ ცუდი მოხდება, ესეც მათი ბრალი იქნება. ჩვენი ახალგაზრდები ძალიან სწორად აზროვნებენ, მომავალზე არიან ორიენტირებული. ხვდებიან, რომ სულ სხვა რამ არის რევოლუცია და სხვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჩემი შეფასებით, შეიძლება პატარა ექსცესები იყოს, მაგრამ ეს მასობრივ სახეს არ მიიღებს. ღმერთმა დაგვიფაროს რევოლუციისგან, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნებით და არა რევოლუციით.
- ცნობილია, რომ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთმა მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ მან მოუსმინა გვარამიას, მელიასა და ჯაფარიძის საუბარს აქციაზე მყოფებისთვის ფულის გადახდის თაობაზე და რომ თითქოს მათგან 1.200 ლარი აიღო.
- ვიდრე ამაზე გიპასუხებთ, მინდა აუცილებლად ვახსენო "ფეისბუქში" შექმნილი ჯგუფი "დაიტოვე", რომელსაც 200 000-მდე წევრი ჰყავს. გასაოცარია ამ ხალხის ერთმანეთისადმი სოლიდარობა და დახმარების სურვილი. ისინი ფულსაც აგროვებენ ერთმანეთის დასახმარებლად. მიმაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ჩვენში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება, რომლის მოტყუება და გადაგდება პოლიტიკოსებს აღარ გამოუვათ. ეს ჯგუფი მე ძალიან მაიმედებს. რაც შეეხება იმ ახალგაზრდის ჩვენებას, მე მაინც მგონია, რომ ეგ წინასწარ დაგეგმილის ნიშნებს ატარებს. კარგი, მისცეს ეს 1.200 ლარი, მაგრამ ათიათასობით ადამიანი რომ ლამის ყოველდღე ქუჩაში გამოდის, განა მათგან რამდენს აძლევენ ფულს, თან ყოველდღიურად? ამხელა რესურსი ივანიშვილსაც კი არა აქვს, არათუ ვინმე სხვას. ან კიდევ თუ არეულობა და დესტრუქცია უნდათ, სად ჩანს ეს? აგერ, უზარმაზარი აქცია იყო 11 მაისს, რამე მოხდა, ვინმემ რამე დესტრუქციული გააკეთა? ასე რომ, ეს ტყუილები აღარ გაუვა ხელისუფლებას. სასაცილოა მათი ლაპარაკი. მაგ ხალხს, რომელსაც ძალიან მაღალი IQ აქვს, ვიღაცამ უახლესი ისტორიის კურსი უნდა წაუკითხოს.