"კაცობრიობაში ამაზე უარესი ერი არ არსებობს...პუშკინიც დიდი შოვინისტი იყო და ვითომ ადამიანების უფლებების დამცველი ანდრეი სახაროვიც" - გურამ პეტრიაშვილის ემოციური ინტერვიუ
ბოლოდროინდელ მოვლენებზე მწერალ გურამ პეტრიაშვილს ვესაუბრეთ.
- ქვეყნის დანგრევისათვის რუსული ხელი დღესაც საუკეთესოდ იყენებს ხალხის დაყოფას. 30 წლის წინ ე.წ. პუტჩი ანუ საქართველოს დანგრევა და სამხედრო გადატრიალებაც სწორედ ხალხის დაყოფის საფუძველზე მოხდა. მართალია, კანონიერი ხელისუფლების მომხრე მაშინ საქართველოს უდიდესი ნაწილი იყო, მოწინააღმდეგე კი ერთი მუჭა მოღალატეები, მაგრამ რუსული იარაღით მაინც მოხერხდა ქვეყნის დანგრევა. დღემდე სწორედ ეს მოვლენები მოგვყვება. ძნელია გაიგო, სად იმალებიან მოღალატეები. ისინი შესაძლოა პროტესტისთვის გამოსულ ხალხშიც აღმოჩნდნენ და სიტუაცია დიდი საფრთხისკენ წაიყვანონ. ვთქვათ, საფრთხე შეუქმნას ახალგაზრდების სიცოცხლეს, რამაც სიტუაცია უმართავი გახადოს. ახალგაზრდობის პროტესტი სამართლიანია. მათ რუსულ ეპოქაში არ უცხოვრიათ და საღად ხედავენ, ვინ არის რუსეთი და რომ იქ დაბრუნება წარმოუდგენელია. მე მთელი ცხოვრების განმავლობაში რუსეთის შესწავლაზე მეტი დრო არაფრისთვის დამითმია და პირდაპირ ვამბობ: კაცობრიობაში ამაზე უარესი ერი არ არსებობს. ამ ერში მხოლოდ 40 წლის ასაკამდე შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ადამიანს დაარქმევ, 40 წლის შემდეგ კი ყველა კაციჭამიად გადაიქცევა, მზად არიან ირგვლივ ყველაფერი გადაყლაპონ, ნებისმიერი ერი და მათი ყველანაირი მშვენიერება და სიკეთე. ამას თავად რუსებიც აღიარებენ და მით უფრო ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს. თვით პუშკინიც კი, რომელსაც დიდ პოეტად მიიჩნევენ, სინამდვილეში დიდი შოვინისტი იყო. უამრავი ლექსი აქვს, რომელშიც სასტიკად ებრძოდა პოლონეთის განმათავისუფლებელ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. წერდა, თუ რუსულ ზღვაში პატარა სლავური მდინარეები არ ჩაედინებიან, რუსული ზღვა დაშრება და ეს არ უნდა დავუშვათო. მეორე მაგალითსაც გეტყვით: ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი ყველაზე დიდი რუსი ანდრეი სახაროვიც უდიდესი შოვინისტი იყო. სწორედ მან თქვა, საქართველო მცირე იმპერიაა, აფხაზეთი აქვს დაპყრობილიო. ეს ხალხი ცდილობს ყველაფერი აღგავოს, რაც მათ კაციჭამია ბუნებას წინ აღუდგება.

რუსეთი უკრაინის სისხლს არ დაჰყაბულდება, ჩვენკენაც გამოიხედავს. ჩვენ სამაჩაბლოსთვის ომი რუსეთმა დღე-ნახევარში დაგვიმთავრა. ახლაც იმავეს იზამს, თუკი მოინდომა. ამ დროს მისი ყველაზე საშინელი მსხვერპლი ისევ ახალგაზრდობა იქნება. ამიტომაც მიმაჩნდა ამ ხელისუფლების ერთადერთ დადებით მხარედ რუსეთთან ურთიერთობის ისე მოგვარება, რომ საკონფლიქტო სიტუაცია არ შექმნეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ისევ მისი ქვეშევრდომი გაგვხადონ. კანონი, რომლის საწინააღმდეგოდ ქუჩაში ამდენი ხალხი გამოვიდა, რუსულია...

მასობრივი პროტესტის შემთხვევაში, ალბათ, იძულებული იქნებიან, კანონი უკან წაიღონ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ხალხის აზრი ისევ ორად არის გაყოფილი და სხვათა შორის, არა მხოლოდ იმის გამო, რომ უმართავი საფრთხის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ ვერ ხედავს იმ ახალ ძალას, რომელსაც ენდობა, რომელიც თუ მმართველობაში მოვიდა, არ მოატყუებს. საპროტესტოდ გამოსული გულწრფელი და მართალი ახალგაზრდობა მართლაც დიდი ძალაა, მაგრამ ახალი ძალა, ახალი ლიდერი არ ჩანს. მიუხედავად ყველაფრისა, ახლა არის იმედი რუსეთისგან გათავისუფლებისა. მსოფლიოც ერთიანდება რუსეთის დასამხობად. გარდა ამისა, არსებობს ერთი გარემოებაც, რომელიც ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი ტოვებს საქართველოს გადარჩენის იმედს. ეს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისევ ქართული ხასიათია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ბოლომდე ლაფში ჩაფლულიც კი გაიღვიძებს და დაიწყებს ბრძოლას, როგორ ამოვიდეს ლაფიდან. ამის საილუსტრაციოდ ჩვენს ისტორიას უამრავი მაგალითი აქვს. თუნდაც გავიხსენოთ, რა სიტუაციაში მოვიდა მეფე დემეტრე თავდადებული. მოვიდა მაშინ, როდესაც მონგოლებისაგან დაპყრობილ საქართველოში, სადაც ცოდვების განკითხვაც არ არსებობდა, თავად მეფეც ლაფში იყო ჩაფლული. ისეთ ლაფში, რომ კათოლიკოსიც გაექცა, უზნეო მეფის ცქერა ჩემს ძალას აღემატებაო. მაგრამ როცა დადგა არჩევანი, რომ მტერს ან ქვეყანა უნდა გადაებუგა, ანდა მეფე უნდა ხლებოდა თავის მოსაკვეთად, დემეტრემ სიკვდილი აირჩია, მე წავალ, დაე, მე მომკვეთონ თავი, საქართველოს აოხრებას ასე სჯობიაო. ამ დროს კი სწორედ ის დარბაზი ტიროდა და შესთხოვდა მეფეს, არ წახვიდეო, რომელიც ადრე უზნეობის გამო განუწყვეტლივ ლანძღავდა, მაგრამ დემეტრე თავის მოსაკვეთად მაინც წავიდა. გავიხსენოთ, როგორ მოვიდა ილია ჭავჭავაძე, თითქოს არსაიდან: ერთი ჩვეულებრივი კაცი, რომელიც არც დევგმირი იყო და არც ლამაზი ჭაბუკი, რომელიც ხალხის ყურადღებას მიიზიდავდა, მაგრამ მოვიდა თუ არა, ხალხმა იხუვლა და მის გვერდით დადგა, გაერთიანდა. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს უდიდესი მოღვაწის, არჩილ ჯორჯაძის მაგალითსაც. ეს კაცი გზიდან აცდენილი და გარუსებული გახლდათ, ვიდრე პეტერბურგის ქუჩებში მეორე დიდი ქართველი, თედო სახოკია შეხვდებოდა. ჰოდა, შეხვედრისას თედოს შესჩივლა, ისე დავიღალე, საქართველოში დაბრუნება შეიძლებოდა, მაგრამ სად დავბრუნდე, როდესაც ქართული აღარ ვიციო. სახოკიამ უთხრა, ქართული როგორ არ იცი, შე კაცო, დამიწერე ქართულად, რაც ახლა მელაპარაკე და მომიტანეო. ჯორჯაძემ კი დაუწერა, მაგრამ მტერს იმისთანა ნაწერი. სახოკიამაც ყველა სიტყვა გადაუსწორა: წადი, ახლა ეს ტექსტი გაასწორე და ისე გადაწერეო. აი, ასე ატარა მთელი წელიწადი და უდიდეს საზოგადო მოღვაწედ აქცია. ან ზვიად გამსახურდია როგორ მოვიდა, როდესაც არც საქართველოს გათავისუფლების წინა პირობა ჩანდა და არც ამისთვის ლიდერის მოსვლის შესაძლებლობა. ჰოდა, ეს ამბები უბრალო გამოვარდნები კი არ არის, არამედ ქართული ხასიათის გამოვლინებაა. ქართული ხასიათი ეგ არის, შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, მაგრამ როგორც დემეტრეს, ერთ დღეს ყურში "რაღაც ხმამ" წასჩურჩულოს, გამოფხიზლდი, ნახე საკუთარ თავს რა დამართე, რა ლაფში ხარ და ამოდი მანდედანო. ისიც გამოიღვიძებს და დედას უტირებს, იბრძოლებს, იწვალებს და აისრულებს, ამოვა იმ ლაფიდან, დადგება გაწმენდილი, გასუფთავებული. იტყვის, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, არ შეგაშინოს პატარა მდინარის პირად გაზრდილო ბიჭო, დიდი მდინარეების პირას გაზრდილებმაო, და აასრულებს საქვეყნო მიზანსაც. შორს არა მგონია ეგ დრო. ეგებ კარზე მომდგარიც არის, ვინ იცის.