„ჩემი მიზანია მოვლენებთან, ადამიანებთან ახლოს ვიყო, თუნდაც ყველაზე რისკიან მომენტებში“ - კვირის პალიტრა

„ჩემი მიზანია მოვლენებთან, ადამიანებთან ახლოს ვიყო, თუნდაც ყველაზე რისკიან მომენტებში“

ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოს დედა ქართველი ჰყავს - მარიამ ალაფიშვილი, მამით კი იტალიელია. ნიკოლო საქართველოს ფოტონამუშევრებით მსოფლიოს აცნობს. მისმა გადაღებულმა ფოტომ იუნესკოს პრიზი მოიგო, გამოფენა ჩინეთში დაიწყო და ახლახან პარიზში დაიხურა. ის ხშირად ჩადის საოკუპაციო ხაზთან და კიდევ მრავალ პროექტში მონაწილეობს.ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო მილანში ცხოვრობს და მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. საქართველო ძალიან უყვარს და თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, თავად გვიამბობს.

- ნიკოლო, ორი ქვეყნის სიყვარულით იზრდებოდით, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

- ბავშვობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული პერიოდი იყო, ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამდი, რადგან ორივე სამშობლოში ვიზრდებოდი. ყოველთვის ვიყავი და ახლაც ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, რისკზე წასვლაც მიყვარს და ამანაც განაპირობა, რომ ფოტოგრაფია ავირჩიე.

ხუთი წლის წინ კამერების ბევრი არაფერი გამეგებოდა, არც ფოტოგრაფიაში არსებული წესების. ვიღებდი, ლამაზად ვაწყობდი კადრს და ეს ლამაზ ფოტოდ მიმაჩნდა. ტელეფონით ვიღებდი ქუჩებს, ადამიანებთან მისვლისა მერიდებოდა. თუმცა გავიდა დრო, გამოცდილებაც შევიძინე და მუშაობა უფრო სერიოზულად გავაგრძელე. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ლამაზი კომპოზიცია ან სწორი ექსპოზიცია, არამედ მასში ჩაქსოვილი განწყობა და შინაარსი. ჩემი მიღწევები მამაჩემის დიდი დამსახურებაც არის, გამოცდილებას მიზიარებდა, კამერის გამოყენებაც მისგან ვისწავლე. ჩემი პირველი დაფინანსებით ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში, ნიუ-იორკში ვისწავლე. გარდა სწავლისა, იქ ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. იყო გამოწვევებიც. მაშინაც არ ვთვლიდი დიდ პროფესიონალად თავს და ახლაც ვამბობ, რომ ფოტო­გრაფიასთან ერთად ვიზრდები და ვყალიბდები.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ავიხდენდი ოცნებას და საერთაშორისო მედიასაშუალებებისთვის ვიმუშავებდი, გავაშუქებდი კულტურულ, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებს­. ასე რომ, ოცნებასა და მიზანდასახულობას ყოველთვის აქვს აზრი. გამოცდილებასთან ერთად ბევრი უნარი შევიძინე, მათ შორის მთავარი, კომფორტის ზონიდან გამოსვლაა.

image00003-1715540813.jpeg

ყოველთვის, როდესაც რედაქტორები პოლიტიკურ ან კულტურულ თემაზე ახალ დავალებას მაძლევენ, გამოწვევად ვიღებ. ფოტოგრაფები და ფოტოჟურნალისტები ხომ ამ დროის მემატიანეები ვართ, ფაქტობრივად, ისტორიას "ვწერთ" და ვალდებული ვართ ყველა მოვლენას გულდასმით ვადევნებდეთ თვალსა და პირუთვნელები ვიყოთ. რაც შეეხება რისკზე წასვლას, ცნობილ ფოტოჟურნალისტ რობერტ კაპას აქვს გამონათქვამი, თუ ფოტო კარგი არ გამოგდის, ესე იგი, შენ არა ხარ საკმარისად ახლოსო... ჩემი მიზანი ყოველთვის ის არის, რომ საგნებთან, მოვლენებთან ან თუნდაც ადამიანებთან ახლოს ვიყო, თუნდაც ყველაზე რისკიან მომენტებში.

- თქვენმა ფოტონამუშევარმა იუნესკოს პრიზი მოიპოვა.

- ერთ-ერთი პირველი ფოტოამბავი, რომელიც ჩემი პირველი დაფინანსებით შევქმენი თჰომსონ ღეუტერს Fოუნდატიონ-ისგან, იყო ბორჩალოელ ხალიჩების მქსოველ ქალებზე, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. მათი ნდობის მოპოვება, კომუნიკაციის დამყარება, მათ ოჯახებში შესვლა არ იყო იოლი. ასეთ დროს მოვლენებს სწორად უნდა მიჰყვე, რადგან ნდობაზეა ყველაფერი აგებული. იუნესკოსგან პრიზის მიღება დიდი პატივი იყო ჩემთვის.

- ვიცი, რომ კიდევ ბევრ პროექტზე მუშაობთ...

- დიახ, ერთ-ერთი საქართველოში არსებული მცოცავი ოკუპაციის პრობლემის გაშუქებაა. ნამდვილად სარისკოა იქ წასვლა, განსაკუთრებით ფოტოჟურნალისტისთვის.

დღევანდელ დემონსტრაციებზეც რთულია მუშაობა, რადგან შეიძლება ხელი შეგიშალონ. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, რისკზე მაინც მივდივარ და ვაშუქებ.

image00001-1715540813.jpeg

იმ დროიდან, რაც ფოტოჟურნალისტიკას მოვკიდე ხელი, ომის ჟურნალისტიკამ ძალიან დამაინტერესა. ომი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ შეიძლება იყოს ფოტოგრაფისთვის სამუშაოდ, მაგრამ ჩემი სურვილიც ჩემი ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარეობს.

ხშირად მიწევს საოკუპაციო ხაზზე ჩასვლა. უკვე ძალიან ბევრ ოჯახს ვიცნობ. ზოგის სახლი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ზოგის სახლს უკან საოკუპაციო ზოლი გასდევს და საკუთარ ეზოში გავლისაც კი ეშინია. იქ ომის კვალი დღემდე ჩანს, გარემოსაც ეტყობა და ხალხსაც. იქაურები ყოველდღე იბრძვიან, რათა ოჯახებს საცხოვრებელი პირობები შეუქმნან. რთულია იქ უსაფრთხოდ ყოფნა, მაგრამ ბრძოლას უკეთესობისთვის ყოველთვის აქვს აზრი და სწორედ ამას ვაფასებ იმ ადამიანებში. ამიტომაც საოკუპაციო ხაზის ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ყოფისა და ვითარების ფოტოდოკუმენტირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთი მცირედია, რითაც შემიძლია მათ დავეხმარო.

დარწმუნებული ვარ, მალე ქართველი ხალხიც დაიმკვიდრებს ადგილს ევროკავშირში. უკვე მრავალი წელია როგორც მოქალაქე, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი თვალყურს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ყოველდღე ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი გვაძლიერებს­ და ერთობას გვასწავლის. ქართველი ხალხი ოდითგანვე ისწრაფოდა და ახლაც ისწრაფვის ნათელი მომავლისკენ და ეს ბრძოლა ნაყოფს გამოიღებს.