"ყველაზე ცუდად ის ხელისუფლება ამთავრებს, ვისაც ხალხის პროტესტის არ ესმის" - კვირის პალიტრა

"ყველაზე ცუდად ის ხელისუფლება ამთავრებს, ვისაც ხალხის პროტესტის არ ესმის"

საპროტესტოდ გამოსულ ახალგაზრდობას არაერთი საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი თუ რიგითი მოქალაქე შეუერთდა და მათ შორის ისტორიკოსი ბუბა კუდავა.

- ჩვენს თანამოქალაქეებს ხშირად არწმუნებენ, რომ "პოლიტიკა მათი საქმე არ არის", რომ "ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს", რომ "არ შეიძლება საკითხების პოლიტიზება" და ა. შ., არადა, პოლიტიკა სწორედაც რომ ყველას ეხება­, მთელი საზოგადოების ცხოვრებასა და საქმიანობაში იჭრება და ამიტომაც, დიახაც, თითოეული ჩვენგანის საქმეა. განზე გადგომის უფლება არა გაქვს, როცა საქმე ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება. ასეთ დრო გულგრილობა თუ ფსევდო აპოლიტიკურობა დანაშაული მგონია.

- რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონი ჩვენთვის?

- უამრავჯერ განიმარტა, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ხალხისთვის თვალებში ნაცრის ყრას, ძალიან მოკლედ განვმარტავ: იმიტომ, რომ ის ჩვენს პარტნიორებს არ მოსწონთ და მოსწონს რუსეთს; იმიტომ, რომ მისი მიღების შემთხვევაში შეუძლებელი ხდება ევროპასთან ინტეგრაცია, რაც სწორედ რუსეთის ინტერესია; იმიტომ, რომ ის მიმართულია შენი მოკავშირის - დასავლეთის მხარდაჭერილი ორგანიზაციების წინააღმდეგ და არა რუსეთის გავლენის შესასუსტებლად; იმიტომ, რომ რუსეთშიც ზუსტად ასე დაიწყო და დღეს იქ აქციაზე სუფთა ფურცლით დგომისთვისაც იჭერენ; იმიტომ, რომ სწორედ რუსული ხელწერაა, თავად კორუფციაში იძირებოდე, სახელმწიფო და მისი ყოველი შტო მიტაცებული გქონდეს, საზოგადოებისთვის უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყოს და ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაციების "გამჭვირვალობით" ინტერესდებოდე; იმიტომ, რომ არასამთავრობო სექტორი დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების დაბალანსების ეფექტური საშუალებაა, რუსეთსა და მის მსგავს ქვეყნებში კი მათ ქვეყნის მთავარ საფრთხედ განიხილავენ და ამგვარი სულისკვეთების მატარებელია ეს კანონიც; იმიტომ, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში ხელისუფლებას ლეგალური საშუალება ეძლევა გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაციაც კი და ასეთია სწორედ რუსეთის სახელმწიფო; იმიტომ, რომ კანონის მიღებას ამდენი ადამიანი აპროტესტებს, შენ კი საზოგადოებრივ აზრს არაფრად აგდებ და მაინც რქებით გაგაქვს, ამგვარი რამ სწორედ რუსეთსა და მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება.

- ყველაზე მძიმე მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რას უნდა ველოდოთ?

- ყველაზე ცუდად ის ხელისუფლება­ ამთავრებს, ვისაც ხალხის პროტესტის არ ესმის. უარესი სცენარი იქნებოდა, საქართველოდან ბელარუსის ტიპის ავტორიტარული, რუსეთის სატელიტი ფსევდოქვეყანა მიგვეღო, რაც მინიმუმ ერთი თაობით ჩაგვტოვებდა იმპერიულ ჭაობში. ახალგაზრდების შემართებას რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ ეს ძნელად თუ გამოუვათ, თუმცა მოდუნების უფლება მაინც არა გვაქვს.

1991 წლის დამოუკიდებლობით თითქოს დავაღწიეთ თავი საბჭოთა კავშირს - რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიას, მაგრამ მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ მენტალური მარწუხები დღემდე ვერ მოგვიშორებია. ამის შედეგია, რომ საზოგადოების ნაწილი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა ბოროტება მოგვიტანა რუსეთთის მიერ საქართველოს დაპყრობამ. ხშირად გაიგებთ­ საუბარს იმ "სიკეთეების" შესახებ, რაც თურმე თან ახლდა რუსეთთან "თანაცხოვრებას". ეს "სიკეთეები" ცალკე საკამათო თემაა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რის ხარჯზე მივიღეთ: სახელმწიფოებრიობის გაუქმების, ეკლესიის ავტოკეფალიის წართმევის, აჯანყებების სისხლში ჩახშობის, რეპრესიებისა და დევნის, ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იდეოლოგიური მოწამვლისა და განვითარების პერსპექტივაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

ჩვენი ხელისუფლება დღითი დღე ემსგავსება რუსულ ავტორიტარიზმს, რომელიც "მუდმივია", რომელიც "ხალხზე ზრუნავს", "დასავლეთს და გარყვნილებას ებრძვის", "ეკლესიასა და ოჯახის სიწმინდეს იცავს". კარგად დავაკვირდეთ თანამედროვე რუსეთის ჩამოყალიბების დინამიკას და დავინახავთ, რა მომავალს გვიქადის ხელისუფლების პუტინისებური მიტაცების სქემა.

ხშირად დამდგარა რთული და კრიტიკული პერიოდები და დღესაც ეს ეტაპი გვიდგას, თუმცა არ შეიძლება უმთავრეს მიზნად "გადარჩენა" დავისახოთ. მიზანი, განვითარება და გაძლიერება უნდა იყოს და ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია ყოველდღიური შრომა, ბრძოლა, კრიტიკული აზროვნება, მტრისა და მოკავშირის ამოცნობა, პრინციპულის არდათმობა და ისიც მუდამ გვახსოვდეს, რომ ეს დაუსრულებელი პროცესია. ხშირად გაიგებთ, მომავალ თაობებს მაინც არ მოუწიოთ აქ დგომაო. მოუწევთ და არაერთხელაც, რადგან ყოველ ახალ თაობას ახალი გამოწვევები ექნება, თავისუფლებისა და სახელმწიფოსთვის ბრძოლა ხომ ყველა პერიოდის საზოგადოების პასუხისმგებლობაა.

რუსუდან შაიშმელაშვილი