"ანონიმუსის" ქართული პროტესტი - რას წარმოადგენს დაჯგუფება, რომელიც საქართველოს სამთავრობო ქსელებს ემუქრება - კვირის პალიტრა

"ანონიმუსის" ქართული პროტესტი - რას წარმოადგენს დაჯგუფება, რომელიც საქართველოს სამთავრობო ქსელებს ემუქრება

ბოლო დროს საქართველოს სამთავრობო ქსელები რამდენჯერმე გახდა ქსელ "ანონიმუსის" სამიზნე. მცირე ხნით გაითიშა შს და იუსტიციის სამინისტროების გვერდები, გამოქვეყნდა ზოგიერთი მაღალჩინოსნის პერსონალური თუ სამსახურებრივი ინფორმაციის შემცველი მონაცემი. "ანონიმუსის" შესახებ ჩვენ ის ვიცით, რომ კულისებში მოქმედი აქტივისტებისა და ჰაკერების დეცენტრალიზებული გაერთიანებაა, რის გამოც ბევრი მათ "ჰაქტივისტებსაც" უწოდებს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ "ანონიმუსმა" საჯარო ომი გამოაცხადა და იერიში მიიტანა რუსულ სატელევიზიო არხებზე. დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გაერთიანებამ თითქმის ყველა არხზე მოიპოვა წვდომა და მათ ეთერში ომის ამსახველი კადრები გაუშვა უკრაინის ჰიმნთან ერთად. რა შეიძლება­ იყოს "ანონიმუსის" მიზანი, ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე გვესაუბრება:

- "ანონიმუსი" ჰაქტივისტური დაჯგუფებაა, რომლის სამიზნეა ის მთავრობები, სადაც, მათი მოსაზრებით, ირღვევა ადამიანის უფლებები, სახელმწიფო ავიწროებს განსხვავებულად მოაზროვნეებს, არსებობს ავტორიტარიზმის ტენდენციები. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებებში "ანონიმუსის" ნაწილმა ეს ნიშნები დაინახა. ნაწილს იმიტომ ვამბობ, რომ ეს ჯგუფი არ წარმოადგენს მუდმივი კომპლექტაციის დანაყოფს, ის უფრო ამა თუ იმ იდეით პერიოდულად გაერთიანებული ჰაკერების ერთობაა. მაგალითად, ჯგუფი­ თავს ესხმოდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და რადიკალური ისლამის სხვა რესურსს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ გათიშა რუსული სამთავრობო საიტების ნაწილი და გაასაჯაროვა­ თავდაცვის მაღალჩინოსნების საკონტაქტო მონაცემები. აქამდე "ანონიმუსის" რესურსი არ იყო საკმარისი, რომ მწყობრიდან გამოეყვანა კრიტიკული ინფრასტრუქტურა (ენერგეტიკა, ბანკი, ტრანსპორტი). ის უფრო ვებგვერდების შეფერხებით, ან იდეოლოგიური მოწოდების გავრცელებით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, უკრაინის მხარდამჭერი შეტევებისას მან ვერ შეძლო რუსული არმიის საბრძოლო პოტენციალის შემცირება ან რუსი ხალხის დამოკიდებულების შეცვლა ომისადმი და ამით კრემლის საბრძოლო სულისკვეთების დაცემა, თუმცა იდეოლოგიური ზეწოლის ობიექტი გახდა ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსანი, გასაჯაროვდა მათი მობილურები, ფოსტის მისამართები, მიმოწერა. მიუხედავად იმისა, რა კეთილშობილურიც არ უნდა იყოს მიზანი და რაც არ უნდა ემთხვეოდეს ჩვენი შეხედულებები მათ ხედვას, უნდა გვესმოდეს, რომ ჰაქტივიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და მისი მხარდაჭერა ან მასში ჩართულობა არ არის ლეგიტიმური. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა გადავიდნენ "ანონიმუსის" დადებულ ბმულზე (არსებობს ინფიცირების რისკი), არ უნდა ჩამოტვირთონ მათი ან მათი სახელით დადებული ფაილი - ამას თავად ჰაკერები გააკეთებენ.აქტივისტური (ეს უკვე არ არის დანაშაული, ჰაქტივიზმისგან განსხვავებით, რაც ჰაკერობას გულისხმობს) და საპროტესტო მიზნით შესაძლებელია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სურათის, სქრინის გამოყენება, საპროტესტო ან საინფორმაციო მესიჯების და გზავნილების დაგზავნა. არ შეიძლება "ანონიმუსის" გამოქვეყნებული პასვორდით ვინმეს მეილზე ან ანგარიშზე შესვლა - ცდუნება დიდია, მაგრამ ეს დანაშაულია და ამას აუცილებლად გამოიყენებენ თქვენს პასუხისგებაში მისაცემად. გამოქვეყნებული პასვორდით ისარგებლებს იმავე ჯგუფის ან სხვა ჰაკერი და ინფორმაციასაც გაასაჯაროებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა "გამოქვეყნებული­ ინფორმაცია" სულაც ანკესი, სატყუარა იყოს კიბერთაღლითების ან მტრულად განწყობილი სპეცსამსახურის მიერ თქვენი კომპიუტერის დასავირუსებლად და ინფორმაციის მოსახსნელად.

- "ანონიმუსი" ამბობს, რომ მათი ბრძოლა­ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ამით არ ამოწურულა. როგორი შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი?

- არ არსებობს ცნობები "ანონიმუსის" შეტევებით გამოწვეული კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ზარალის ან მსხვერპლის შესახებ. სამაგიეროდ, "ანონიმუსი" ფოკუსირდება ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე შეტევებზე, რამაც შესაძლოა იდეოლოგიური მესიჯის გავრცელება, სერვისების შეფერხება ან მოკლევადიანი მოშლა გამოიწვიოს. მისი სამიზნე უფრო სამთავრობო რესურსებია, თუმცა მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის მოპარვა, პირველი გვერდის შეცვლით მესიჯის გავრცელება უფრო მოსალოდნელია, ვიდრე სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შეფერხება.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, "ანონიმუსი", ძირითადად, ისტორიის სწორ მხარეს დგას. სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იყვნენ ისინი?

- "ანონიმუსს" არ ჰყავს მუდმივი პირა­დი შემადგენლობა. ეს არის ამა თუ იმ იდეით პერიოდულად გაერთიანებული ჰაკერთა ქსელი, რომელთა ეთნიკური თუ სახელმწიფოებრივი კუთვნილება რთულად დასადგენია.

- არ არის გამორიცხული "ანონიმუსის" წევრებს შორის ქართველებიც იყვნენ?

- რა თქმა უნდა, რადგან ეროვნულობის მიხედვით შეზღუდვა არ არსებობს

- რა შეგიძლიათ გვითხრათ უცხოეთიდან­ - უკრაინიდან, აფრიკიდან და ა.შ. შემომავალი­ ზარების შესახებ, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს კითხვებს უსვამდნენ და აგინებდნენ?

- მუქარის ზარების ადრესატები არიან სოციალურად აქტიური მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ის, ვინც ეწინააღმდეგება საკამათო კანონმდებლობის მიღებას, გამოხატავენ პროტესტს, აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ცხადია, ეს ზარები მიზნად ისახავს საპროტესტო მუხტის ჩახშობას, ტერორის ატმოსფეროს შექმნას...

- ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინას შორის აქტიური კიბერომი მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ ეტაპზე ჩვენს წინააღმდეგ არ მიმართავს სამხედრო ინტერვენციას, უნდა ვიყოთ თუ არა მზად იმისათვის, რომ ჩვენთანაც დაიწყოს კიბერომი. რა უნდა ვიცოდეთ და რისთვის უნდა ვიყოთ მზად?

- კიბეროპერაციები სწორედ მაშინ არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი, როდესაც აგრესორს არა აქვს მიღებული გადაწყვეტილება სრულმასშტაბიან შეჭრაზე. როდესაც კიბეროპერაციებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა იმ შეტევებისა, რომელთა ეფექტიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოშლა, სერვისების შეფერხება, სახელმწიფოს ქმედუნარიანობის შეზღუდვაა, არსებობს ფსიქოლოგიური ეფექტის კიბეროპერაციებიც, რაც არჩევნებზე ზემოქმედებას, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრას, მოსახლეობაში ტერორისა და შიშის ატმოსფეროს დათესვას გულისხმობს. ამ მოცემულობას თუ გავითვალისწინებთ, რუსული კიბეროპერაციები საქართველოში მოსალოდნელია და სახელმწიფო ამისთვის მზად უნდა იყოს.

ხათუნა ბახტურიძე