როცა სხვისი მართვის მოწმობით ატარებთ მანქანას და პატრულმა გაგაჩერათ - კვირის პალიტრა

როცა სხვისი მართვის მოწმობით ატარებთ მანქანას და პატრულმა გაგაჩერათ

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებული ადვოკატი გიორგი ქათამაძე.

mup8cmyg-1716135517.jpeg

მოგესალმებით. დიღმის მასივში 30 წელია ჩვენი სახლის ერთოთახიანი ბინის გაგრძელებაზე იყო არმატურებისგან ამოყვანილი რკინის კონსტრუქცია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვიყიდეთ ეს სახლი, გამყიდველმა გვითხრა, რომ შეგვეძლო აგვეშენებინა. საქმე ის არის, რომ წლების წინ მოშენებებით ისარგებლა მთელმა კორპუსმა და ამ კონსტრუქციით დასრულდა ეს პროექტი. არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა ბოლომდე არ მიიყვანა საქმე. პირველ-მეორე სადარბაზოს ბოლომდე აქვთ აშენებულ-მოშენებული და სწორედ მესამეზე გაჩერდა კონსტრუქციის დონეზე. ვიფიქრე, შემეძლო აშენება, მომიჯნავე მეზობლებიც დავითანხმე და ვინაიდან მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსით ვსარგებლობ, გაფართოებაზე ვიზრუნე, მაგრამ სამი დღის წინ მოვიდა წარმომადგენელი და მომახსენა, რომ დაჯარიმებული ვიქნები უახლოეს მომავალში. გთხოვთ გამარკვიოთ, როგორ შეიძლება ჩემს სასიკეთოდ ვიმოქმედო. გამომრჩა დამეწერა, რომ ეს მიშენება არის კორპუსის ტერიტორიაზე და არანაირად არ ჩანს ფასადზე. ჯარიმა, როგორც ვიცი, 10.000 ლარია, ჯარიმასთან ერთად დანგრევაც მომთხოვეს, იქნებ არსებობს გამოსავალი?

- მსგავს შემთხვევაში აუცილებელია თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის მიმართვა 2007 წლამდე აშენებული შენობის ლეგალიზაციის მიზნით. თეორიულად დასაშვებია ლეგალიზება, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმს, არქიტექტურის სამსახურში დაადგენენ, ჯდება თუ არა იმ პირობებში, რაც ლეგალიზაციას ექვემდებარება.

მინდა შევიძინო მიწა, რომელიც არის არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიის და ზედ დგას დანგრეული შენობა. მიწის მფლობელია სახელმწიფო. ვის უნდა მივმართო, რომ ეს შენობა მიწიანად შევისყიდო?

- თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროსთვის მიმართვა, მოთხოვნით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო აუქციონზე გამოიტანოს კონკრეტული მიწის ნაკვეთი. მიმართვას თან უნდა ერთვოდეს მიწის აზომვითი ნახაზი. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრო საჯარო აუქციონზე გამოიტანს ქონებას, აუქციონზე მონაწილეობის მიღებით შეიძლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეძენა.

რამდენიმე თვის წინ გავიფორმე მიწა და სახლი. სახლი აშენებულია 90-იან წლებში, თუმცა დღეს იუსტიციის სახლში მითხრეს, რომ სამშენებლო ფართობი დოკუმენტის გარეშეა. ეგ როგორ უნდა მოვაგვარო?

- სრული პასუხისათვის საქმეზე მეტი გარემოების ცოდნაა საჭირო. მაგალითად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი თბილისის ტერიტორიულ ფარგლებში მდებარეობს თუ რომელიმე რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრის პასუხი, რაც მითითებულია, სავარაუდოდ, განმარტავს, რომ სახლი უნებართვოდ არის აშენებული. ასეთ შემთხვევაში, თუ სახლი თბილისის ტერიტორიულ ფარგლებშია, უნდა მიმართოთ თბილისის არქტიტექტურულ სამსახურს და მოითხოვოთ შენობა-ნაგებობის ლეგალიზაცია. ასევე აუცილებელია იმის ცოდნა, თუ უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციას რა კრიტერიუმებით დაექვემდებარა და რომელი კანონის ნორმები გავრცელდა მასზე.

გამარჯობა, ვიყავი უცხოეთში და გამომიშვეს დეპორტით, ახლა ისევ მინდა წასვლა სამუშაოდ, ოღონდ სხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა შევიცვალო სახელი და გვარი. რა დოკუმენტებია საჭირო, რა დაჯდება, რა მოტივით შეიძლება მითხრან უარი და შემდეგ შემეძლება თუ არა ისევ ჩემი სახელ-გვარის დაბრუნება?

- გვარის შეცვლა სურვილზე არაა დამოკიდებული, გვარის შეცვლის პატივსადები საფუძველი უნდა არსებობდეს. მაგალითად, ერთ-ერთ მეუღლეს სურს მეუღლის გვარზე გადასვლა, ან თუ მამის გვარი აქვს, სურვილი აქვს დედის გვარზე გადავიდეს. რაც შეეხება დოკუმენტებს, იმის მიხედვით იქნება წარსადგენი, თუ რა საფუძვლით იცვლება გვარი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გვარის შეცვლას მოქალაქე ვერ მოახერხებს, თუკი განცხადებას არ წარადგენს თავად. ასევე, თუ ის დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიიდან არ გასულა 5 წელი. ასევე უნდა დაზუსტდეს, რომ ამჟამად „სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა სიაში არ იმყოფება, არ იგულისხმება მხოლოდ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, არამედ უცხო უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოც.

საავადმყოფოში რამდენიმე დღე ვიწექი, გაწერის დროს მოვიდა გადასახდელი კოლოსალური თანხა, რისი გადახდის საშუალება არა მაქვს. როცა ვერ უხდი კლინიკას, რა შეიძლება მოხდეს? არც სახლი მაქვს და არც სამსახური, რომ მიჩივლონ, საიდან მოვიტანო ფული. როგორ მოვიქცე?

- საავადმყოფოს წარმოეშვა ფულადი მოთხოვნა სამკურნალო სამუშაოების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ თუ ამას მოვალე არ დაფარავს, ან ვერ დაფარავს, კლინიკა კანონით დადგენილი წესით შეიტანს სარჩელს და სამართლებრივი გზით მოითხოვს თანხას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ხდება საერთო წესით, რაც დადგენილია სააღსრულებო წარმოებისთვის, ამიტომ აღნიშნულის გამო შეიძლება მოხდეს მოვალის მოვალეთა რეესტრში ჩასმა და მის უძრავ/მოძრავ ქონებაზე ყადაღის გავრცელება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ არანაირი ქონება არა აქვს მოვალეს, სასამართლოს გადაწყვეტილების დღიდან 10 წლის შემდეგ, მოთხოვნა გახდება ხანდაზმული.

ჩემი ოჯახის წევრი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა მანქანას ნასვამ მდგომარეობაში და მოუხდა ავარია. უნაზღაურებდა ყველაფერს მეორე მხარეს, მაგრამ მან მაინც გამოიძახა პოლიცია და საქმე აღძრეს 116-ე მუხლით, ზარალი ანაზღაურდა, იყო სადღაც 400 ლარამდე ღირებულების. ამ მუხლში არაფერია ნათქვამი, რა სასჯელი ემუქრება პირს, რომელსაც არა აქვს მართვის მოწმობა. რამდენად არის შესაძლებელი ჯარიმით გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, თუ შეიძლება ადმინისტრაციული წესითაც დასაჯონ?

- პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და არა აქვს მართვის უფლება/მოწმობა, ექვემდებარება დაჯარიმებას 500 ლარით. რაც შეეხება სხვა ნაწილს, მოცემულ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებულია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მსგავს შემთხვევაში პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის მათ შორის ეკისრება პირს, რომელმაც მართვის უფლების არმქონე პირს სამართავად გადასცა თავისი სატრანსპორტო საშუალება.

ბინის ორდერი დავკარგე და ეროვნულ არქივში დოკუმენტი არ იძებნება. როგორ შეიძლება კუთვნილი ბინის დაკანონება? ის ორდერი დედაჩემის სახელზე იყო, რომელიც გარდაცვლილია. რა შეიძლება გავაკეთო?

- გასარკვევია, არქივს შეუძლია თუ რა გასცეს ცნობა იმის თაობაზე, მსგავსი დოკუმენტი არსებობდა თუ არა, იყო თუ არა გაცემული, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის დედანი აღარ არსებობს. თუ მსგავსი ცნობა ვერ გაიცემა, მაშინ უნდა მოხდეს სხვა, მეზობელი ბინების უფლებადამდგენი დოკუმენტების გადამოწმება და შეიძლება სხვა ბინებზე მოიძებნოს ბინების განაწილების სია, რითაც დადგინდება ორდერის კონკრეტულ პირზე გაცემის ფაქტი.

ჩემმა ყოფილმა ქმარმა მიგვატოვა მე და ჩემი ორი შვილი და ბავშვებს არანაირი ქონება არ დაუტოვა. რომ არ მომეთხოვა წილი, ეს ბინაც გადააფორმა სხვის სახელზე, არც ერთხელ არ გადაუხდია ალიმენტი, რომელიც დაკისრებული აქვს. გადაჰყვა ვიღაც ქალს და ახლა მასთან ცხოვრობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, აქეთ მემუქრება შვილებს წაგართმევო, შემიძლია თუ არა მას მამობის უფლება ჩამოვართვა, როგორ მოვიქცე?

- მშობლის უფლების ჩამორთმევა არის უკიდურესი ზომა და აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო იმ შემთხვევაში, თუ: მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს - ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ან რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. აღნიშნული კი სასამართლოში უნდა იქნეს დადგენილი.

ჩემი ყოფილი ქმარი იურისტია და მემუქრება, რომ საჩივარს შეიტანს სასამართლოში და ბავშვებს წამართმევს, მხოლოდ ნახვის უფლება გექნებაო. რა შემთხვევაში შეუძლია შვილები წამართვას? მაქვს სქრინები და ჩანაწერები, სადაც ამბობს თავად ბავშვზე უარს და მაგინებს. მე არ ვაპირებ საჩივრის დაწერას, მაგრამ თუ თვითონ დააპირებს ბავშვების წართმევას, რამდენად გამოდგება ეს მესიჯი მტკიცებულებად? ვმუშაობ, მაქვს შემოსავალი და შემიძლია დამოუკიდებლად გავზარდო ჩემი შვილები. ვცხოვრობ ნორმალური ცხოვრებით. მისი ოჯახი არაადეკვატურია. ხომ არ შემიძლია მას შევუზღუდო ბავშვის ნახვის უფლება?

- ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მარტივი ნამდვილად არაა, როდესაც ბავშვი ცხოვრობს ერთ მშობელთან წლების განმავლობაში, ითვლება, რომ ბავშვი ადაპტირებულია მის საცხოვრებელთან. საცხოვრებელის შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მეორე მშობელი დაამტკიცებს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მასზე ცუდ გავლენას ახდენს ან სათანადოდ არ უვლის და ა.შ.

წლების წინ ჩემს პენსიონერ დედას ბანკის თანამშრომელმა მოტყუებით მოაწერინა ხელი და თაღლითმა მეზობელმა აიღო ფული. ამის გამო ვიჩივლეთ სასამართლოში და დადასტურდა სხვების ბრალეულობა, მიეცნენ პასუხისგებაშიც. ამდენი წლის მერე რომელიღაც კომპანია რეკავს და ავიწროებს ჩვენს ოჯახს. დედა გარდაცვლილია და ჩვენგან ითხოვენ 10.000 დოლარის გადახდას. ვალი იყო სამი ათას ლარამდე. გთხოვთ გვაპოვნინოთ გამოსავალი.

- მოცემული გარემოებით დგინდება, რომ სესხის ხელშეკრულება ჩაითვალა ბათილად, რაც ნიშნავს, რომ არც არსებობდა და არც არავის აქვს მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე. როდესაც მსგავსი შემთხვევის მიუხედავად, ისევ ხდება დაკავშირება იმისათვის, რომ თანხა მაინც გადაგახდევინოთ საფუძვლის გარეშე, შეიძლება საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩაითვალოს თანხის მოტყუებით მითვისებად და არაა გამორიცხული აღნიშნულ ქმედებაზე დაიწყოს გამოძიება. ამიტომ უმჯობესია მიმართოთ საგამოძიებო ორგანოს და სიტუაცია სათანადოდ აუხსნათ.

- ლუდი მქონდა ცოტა მიღებული, პატრულმა გამაჩერა და ერთი წლით შემიჩერეს მართვის უფლება. აქვს თუ არა აზრი გასაჩივრებას, ან რა შეიძლება გავაკეთო, რომ მართვის უფლება დავიბრუნო?

- გასაჩივრებით იმ შემთხვევაში უნდა გასაჩივრდეს, როდესაც ადმინისტრაციულად სახდელდადებული არ ეთანხმება იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც მითითებულია ოქმში. თუ ნამდვილად ნასვამია მძღოლი და საპირისპირო ვერ დადასტურდება გასაჩივრებით, გასაჩივრების საჭიროება არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში უმჯობესი იქნება მიმართვა და იმის დასაბუთება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა აუცილებელია მძღოლისთვის, აუცილებლობა კი შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ მძღოლისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლის წყაროა სატრანსპორტო საშუალების მართვა და მსგავსი საფუძველი.

- ჩამორთმეული მაქვს მართვის მოწმობა., სხვისი მართვის მოწმობით რომ ვიარო და გამაჩეროს პატრულმა, რა სამართლებრივი პრობლემა შეიძლება შემექმნას. სისხლის სამართლის დანაშაულში გავა? ვისიც არის მართვის მოწმობა, რა პრობლემა შეექმნება. ის არ არის ამჟამად საქართველოში და უახლოესი 5 წელი არც აპირებს ჩამოსვლას.

- აღნიშნული ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ექვემდებარება 700 ლარით დაჯარიმებას.