საქართველოს მარადიული პატრიარქი - კვირის პალიტრა

საქართველოს მარადიული პატრიარქი

"როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის­ ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში", - ეს სიტყვები 100 წლის წინ, 1924 წლის მარტში წარმოთქვა სასამართლო პროცესზე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია). წლების შემდეგ ის წმინდანად და ეროვნულ გმირად შერაცხეს."თუ დავუკვირდებით, ბოლო ხანს აქტიურად ციტირებენ მის ფრაზებს, რაც ცხადყოფს, რომ ხალხს ენატრება ეროვნულ გმირს პლუს მაღალი სასულიერო მოღვაწე და ამისთვის გაიხსენეს უწმინდესი ამბროსი. მერე რა, რომ ის 100 წლის წინ იყო, ის მარადიული თანამედროვეა და ეს გამოჩნდა ახლა", - გვეუბნება ისტორიის დოქტორი, თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე საქართველოს თავისუფალი სულის სიმბოლო ზეკაცზე.

მთელი მისი მოღვაწეობა იყო სამართლიანი ბრძოლა რუსული კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ

- საქართველოს ისტორია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე და შეიძლება ითქვას, ორივეს ისტორია ერთი დიდი ქვაკუთხედი და ერთიანობაა. ამ ერთიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას. უწმინდეს ამბროსის სამ სხვადასხვა სახელმწიფო წყობაში მოუწია მოღვაწეობამ. ამ სამიდან მხოლოდ ერთი იყო, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და დანარჩენი ორი - რუსეთის იმპერია და საბჭოთა რუსეთი. შესაბამისად, მღვდლობიდანვე არ ჰქონია მშვიდი ცხოვრება. 35 წლის ასაკში დაქვრივდა -–1896 წელს მისი მეუღლე, კესარია მერჭულე მშობიარობას გადაჰყვა, რის შემდეგაც ამბროსი ხელაია ბერად აღიკვეცა და მთელი მისი მოღვაწეობა იყო სამართლიანი ბრძოლა რუსული კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ.

მან სამღვდელო მოღვაწეობა სოხუმიდან დაიწყო, შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, საიდანაც აირჩიეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. სანამ მღვდელმთავარი გახდებოდა, XX საუკუნის დასაწყისში იწვნია გადასახლება და რისთვის? - იმისთვის, რომ იყო გულმხურვალე ავტოკეფალისტი და იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. იმხანად რუსეთის იმპერია სერიოზულად არ უყურებდა ქართველი ავტოკეფალისტების მოთხოვნებს, მაგრამ მოულოდნელად, 1905 წელს, ქართველმა სასულიერო პირებმა (412-მა ღვთისმსახურმა) ხელი მოაწერეს საგანგებო პეტიციას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და რუსეთის იმპერიამ დაინახა, რომ ძალიან სერიოზულად იყო საქმე, ქართველი ავტოკეფალისტები მძლავრობდნენ, რომელთა შორის იყო იმჟამად არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, და 1908 წელს ის რუსეთში გადაასახლეს. მის პირად ჩანაწერში ვკითხულობთ: "1908 წლის დამლევს, უწმინდესი სინოდის განკარგულებით სასტიკად ვიქენი დასჯილი, აღმეხადა ღვდელმსახურების უფლება და გაგზავნილ ვიქენი რიაზანის სამების მონასტერში, სადაც გავატარე ერთ წელიწადზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ. 1910 წელს დამიბრუნეს ღვდელმსახურების უფლება"­. თუმცა 1917 წლამდე არქიმანდრიტ ამბროსის არ მისცეს სამშობლოში დაბრუნების უფლება, ანუ 1908-დან 1917-მდე რუსეთის იმპერიას გადასახლებული ჰყავდა, რადგან მისი ეშინოდათ, ისევე, როგორც ეშინოდათ კირიონ საძაგლიშვილისა­ - ორივე რუსეთისთვის­ საშიშ ძალად იყო აღქმული, ვინაიდან ავტოკეფალიის აღდგენა სურდათ. ასე რომ, ამბროსი ხელაია 1917 წლამდე სამშობლოდან შორს იყო (იმ წელს, როდესაც­ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, ის გადასახლებაში იყო ისევე, როგორც ეპისკოპოსი კირიონი). 1917 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე მაშინდელ პეტროგრადში რუსეთის დროებით მთავრობასთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდა სამი სასულიერო პირი: ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია და დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე. ისინი საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარებას ითხოვდნენ. სექტემბრის თვეში გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი კრება, რომელმაც კათალიკოს-პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი აირჩია და ამავე კრებაზე გადაწყდა საკითხი არქიმანდრიტ ამბროსის მღვდელმთავრად გამორჩევისა და კურთხევის შესახებ. ის ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად, მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება, იყო ჯერ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, შეთავსებით მართავდა ცხუმ-აფხაზეთის სამწყსოსაც, ხოლო მოგვიანებით, 1919 წლიდან, უშუალოდ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ეწოდა.

"თავისუფალო სამშობლო, ნუ შეგეშინდება ცხოვრების ტალღების"

როდესაც ამბროსი ცხუმ-აფხაზეთის მღდელმთავრად დამტკიცდა, სოხუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ჯერ კიდევ რუსულ ენაზე იყო. მან 1918 წლის 26 დეკემბერს მიმართა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს სოხუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენა-შემოღების აუცილებლობის შესახებ. იმავე დღეს მეუფე ამბროსიმ საკათალიკოსო საბჭოს გაუგზავნა კიდევ ერთი მიმართვა, რომელშიც მიმოიხილა სოხუმის ეპარქიაში იმჟამად არსებული ვითარება. ის თავის სიტყვაში ყოველთვის ხაზს უსვამდა თავისუფლების მნიშვნელობას. მაგალითად, 1920 წლის 28 თებერვალს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ამბროსიმ სოხუმში დამფუძნებელი კრების წლისთავთან დაკავშირებით წარმოთქვა სიტყვა, სადაც აღნიშნა: "ეკლესია და ქრისტეს სწავლა დამცველია თავისუფელებისა, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. თავისუფლება უნდა გამოიხატოს მოძმეთადმი სიყვარულში, პატივისცემაში მოძმის პიროვნებისა, მისი რწმენისა და მისწრაფებისა. თუ ჩვენ სიტყვით ვქადაგებთ თავისუფლებას და საქმით მას ვარღვევთ და ვცდილობთ მხოლოდ პირადი თავისუფლებისათვის, მაშინ ეს არ იქნება თავისუფლება, არამედ ეს იქნება თვითნებობა". იმავე 1920 წლის 26 მაისს სოხუმში წარმოთქვა სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მეორე წლისთავთან დაკავშირებით: "თავისუფალო სამშობლო, ნუ შეგეშინდება ცხოვრების ტალღების. ჩვენთან არს ღმერთი და როდესაც პეტრესაებრ (საუბარია პეტრე მოციქულზე) შევთხოვთ მას, უფალო, გვიხსენ ჩვენო, ის გვეტყვის: გამხნევდით, ნუ გეშინისთ, მე თქვენთანა ვარო. მაშინ ჩვენ მარტონი არ ვიქნებით, ჩვენი შემწე იქნება ღვთისმშობელი და ქრისტე­ მაცხოვარი, მაშ, მოვიკრიბოთ, აღვიჭურნეთ სარწმუნოებით და ღვთისადმი სასოებით და ამათ შევუერთოთ თავგანწირული სიყვარული სამშობლოსადმი, მაშინ მტრებიც სირცხვილეულ იქნებიან და ჩვენი ერის თავისუფლებაც განმტკიცდება, მაშინ ჩვენი სიხარული იქნება სრული და სამარადისო".

ამბროსის მოღვაწეობა არ არის მხოლოდ საეკლესიო სიცოცხლე, რა თქმა უნდა, ის იყო მაღალი იერარქი, მაგრამ, იმავდროულად, იყო ეროვნული მოღვაწე, ეროვნული გმირი, რომელსაც წლების შემდეგ სრულიად სამართლიანად მიენიჭა ეს წოდება.

გასაბჭოებული საქართველოს პირველი პატრიარქის აღსაყდრება სვეტიცხოველში

- 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა და 15 აპრილის #21 დეკრეტით საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს ეკლესია, ფაქტობრივად, უუფლებო, იურიდიული ძალის არმქონე ინსტიტუციად გამოაცხადა.

1921 წლის ზაფხულში გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე. ამ დროს მიტროპოლიტი ამბროსი სოხუმშია. მაშინ არსებობდა ასეთი მმართველობითი ორგანო - საკათალიკოსო საბჭო, რომლის წევრები იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო სწავლული პირები და ამ საბჭომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაუსწრებლად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი, რომელსაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ალავერდელ ეპისკოპოს პიროს ოქროპირიძის დეპეშით ეცნობა: "მიტროპოლიტი ამბროსი არჩეულია კათალიკოსის მოსაყდრედ, აცნობეთ, საჩქაროდ ჩამობრძანდეს". როდესაც ამბროსიმ შეიტყო, რომ დაუსწრებლად აირჩიეს, მან ნდობისთვის წერილობით გადაუხადა მადლობა საკათალიკოსო საბჭოს, თუმცა დასძინა, რომ ვერ მოახერხებდა თბილისში ჩასვლას, ვერ დატოვებდა აფხაზეთს, ვინაიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არსებული ვითარება "მრავალი­ საქმის კეთებას" მოითხოვდა. ამით მან თქვა, აფხაზეთს ვჭირდები და ამ პატივის გამო ვერ ჩამოვალ თბილისშიო. მის ამ ქმედებაში ჩანს, რომ ის წინა ხაზზე აყენებდა სამშობლოსა და ეკლესიის ინტერესებს და არა პიროვნულ პატივს.

1921 წლის სექტემბერში უკვე გელათში გაიმართა მესამე საეკლესიო კრება. საპატრიარქო ტახტზე სულ ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს -–მოსაყდრე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა. ხმათა უმრავლესობით ამბროსი აირჩიეს (დღეს ორივენი წმინდანები­ არიან, ორივე საბჭოთა რეჟიმს შეეწირა. ნაზარი­ 1924 წელს დახვრიტა საბჭოთა რეჟიმმა). ამბროსი ხელაია გელათში აირჩიეს, ხოლო აღსაყდრდა 14 ოქტომბერს (ახალი სტილით სვეტიცხოვლობას) სვეტიცხოველში. საქართველო ამ დროს რამდენიმე თვის გასაბჭოებული იყო და აღსაყდრების დროს ხელაიას წარმოთქმული სიტყვა გმირობის ტოლფასი იყო. ამით ის იმთავითვე წავიდა სიკვდილზე.

"დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა. ამისთვის საუკეთესო­ მატარებელი და დამცველი ეროვნული იდეალებისა არის ეროვნული ეკლესია. ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს ეროვნული სარწმუნოების შეცვლას. პოლიტიკურ რწმენაში და ცხოვრების ცვალებადობაში, სადაც ხშირად ეროვნული იდეალები დავიწყებას მიეცემიან, უცვლელია მხოლოდ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნორმები, რის გამოც ეკლესიაში ეროვნული იდეა სამარადისო და შეურყეველია” (ამონარიდი მისი სიტყვიდან)". ამით მან ხალხს უთხრა, მართალია, დღეს ხელისუფლებაში უკანონოდ გვყავს საბჭოთა რუსული რეჟიმი, მაგრამ ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეინარჩუნოს ეროვნულობა და საოკუპაციო ძალაც ეროვნულმა ეკლესიამ უნდა დაგვამარცხებინოსო. გმირობაა, 1921 წლის 14 ოქტომბერს რომ ასეთ რამეს ამბობს გასაბჭოებული საქართველოს პატრიარქი.

საბჭოთა რეჟიმის მხილება გენუის კონფერენციაზე - რამ შეიწირა კათალიკოს-პატრიარქი

- 1922 წლის აპრილ-მაისში იტალიის ქალაქ გენუაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საბჭოთა რეჟიმი ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ საქართველო არ დაუპყრია, თითქოს ანექსია არ მომხდარა და თავად ხალხმა შეცვალა ხელისუფლება; რომ საქართველო ისევ დამოუკიდებელი იყო და კეთილმეზობლური და თანამშრომლური ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა რუსეთთან. საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალისასახვევად საბჭოთა რუსეთმა ცალკე დელეგაცია გაგზავნა საბჭოთა რუსეთის სახელით და ცალკე - ფსევდოდელეგაცია საბჭოთა საქართველოს სახელით (თითქოს ეს ორი სხვადასხვა სახელმწიფო იყო). კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლები. ამ დროს გენუის კონფერენციაზე მოულოდნელად გაიგზავნა საქართველოს პატრიარქის მემორანდუმი, რომელშიც ის მთელი სიმწვავით ამხელდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს და მოითხოვდა საბჭოთა საოკუპაციო ძალების საქართველოდან დაუყოვნებლივ გაყვანას. საბჭოთა რეჟიმს განზრახვა ჩაეშალა - მან ვეღარ წარუდგინა მსოფლიოს თავი როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მეზობელი, პირიქით, გამოჩნდა როგორც დამპყრობელი. ამბროსი ხელაიამ რუსეთი მსოფლიოს წინაშე ამხილა როგორც ოკუპანტი და კოლონიზატორი. სწორედ ამას შეეწირა ამბროსი ხელაია.

რამდენიმე კვირაში, 1922 წლის 13 ივნისს, უწმინდესი პირველად გადაიყვანეს ჩეკაში დაკითხვაზე. ის პირადად ჩეკას­ თავმჯდომარე კოტე ცინცაძემ დაჰკითხა. როდესაც საკათალიკოსო საბჭოს წევრებმა შეიტყვეს, რომ უწმინდესი ჩეკაში იყო, მაშინვე შეიკრიბა საბჭო და გვიან ღამით პატრიარქი დააბრუნეს რეზიდენციაში. მეორე დღეს პატრიარქმა საბჭოს სხდომა გამართა და მოუყვა წევრებს, რა ხდებოდა ჩეკაში. ასე ნელ-ნელა ემზადებოდა საბჭოთა მთავრობა მის დასაპატიმრებლად. იმავე წლის 17 ნოემბერს მთავრობამ გამოიტანა დადგენილება და საქართველოს ეკლესიას საპატრიარქოს რეზიდენცია ჩამოართვა. ეს იყო შურისძიების ერთი ეტაპი, შემდეგი იყო მისი დაპატიმრება. უწმინდესი ჯერ დაკითხვებზე ატარეს, მორალურ ტერორში ამყოფეს და საბოლოოდ, 23 წლის 12 იანვარს, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ, ე.წ. ჩეკამ, მიიღო მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება. დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს სრული შემადგენლობა და, ფაქტობრივად, საქართველოს ეკლესია მმართველობითი ორგანოს გარეშე დატოვეს. ყველანი მეტეხის ციხეში გამოკეტეს.

"სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული - სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო"

- ამბროსი ხელაიას სასამართლო პროცესის დასკვნითი სხდომები 1924 წლის 10-დან 19 მარტის ჩათვლით მიმდინა­რეობდა ნაძალდევის მუშათა თეატრში (დღეს იქ კინოთეატრი "საქა­რთველოა"). მათ მობილიზებული ჰყავდათ ბოლშევიკები, პროვოკატორები, რომლებიც პროცესზე საშინელ ფრაზებს ისროდნენ, იმავდროულად, პრესაში იბეჭდებოდა ცილისმწამებლური კარიკატურები და სასულიერო პირების მკაცრად დასჯის მოთხოვნები. რამდენიმე კეთილგონიერმა იურისტმა გაბედა კათალიკოსის ადვოკატობა. ესენი იყვნენ: ნინიძე, გუნცაძე, დადიანი, ყანჩელი და ქავთარაძე.

1924 წლის 19 მარტს კათალიკოს ამბროსის მიესაჯა პატიმრობა 7 წლითა და 9 თვით, ასევე, დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა დეკანოზ იასონ კაპანაძეს, რომელმაც გენუაში მემორანდუმი წაიღო. დეკანოზი მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა, ამერიკაში გადავიდა, იქ პროტოპრესვიტერის წოდება მიიღო და ხანდაზმული მეუღლესთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

საბჭოთა რეჟიმს ამბროსი ხელაიას დახვრეტა სურდა, მაგრამ რომის პაპმა და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ევროპიდან ზარები დაარისხეს, რათა ამბროსი­ დახვრეტას გადაერჩინათ. თუმცა მას დახვრეტაზე მეტი გაუკეთეს - წლების განმავლობაში აწამეს.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობილ ფრაზას: "სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული - სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო", არც ერთ დოკუმენტში არ ფიქსირდება, მაგრამ უწმინდესმა თავისი ცხოვრებით ამაზე ბევრად მეტი თქვა. მთელი მისი მოღვაწეობა­ იყო თავგანწირვა და ამ ერთ ფრაზას არც ისეთი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ,­ რომ შესაძლოა ამბროსი ხელაიამ ეს მართლაც თქვა და საბჭოთა რეჟიმმა არ შეიტანა დოკუმენტში, ვიღაცამ გამოიტანა პროცესიდან მისი ნათქვამი.­ ეს არის ჩემი ვარა­უდი, თორემ როგორც ისტორიკოსი ვერ დავადასტურებ.

უწმინდესს შენდობა არ უთხოვია...

- 1924 წლის აგვისტოში ასევე დააპატიმრეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, რომელიც სექტემბერში საფი­ჩხიის ტყეში დახვრიტეს. საბჭოთა რეჟიმს ის კი არ სურდა, უწმინდესი ციხეში დატანჯულიყო, იცოდნენ, ამის გამო მას გმირად შერაცხავდნენ, ამიტომ უწმინდესისგან მონანიების, აღიარების მიღებას ცდილობდნენ, იქნებ ეთქვა, შევცდი, გენუის კონფერენციას წერილი რომ გავუგზავნე, საბჭოთა რეჟიმი არ არის საოკუპაციოო, ბოდიშს მოახდევინებდნენ და გაუშვებდნენ. მაგრამ ამას ვერაფრით მიაღწიეს, ვერ გატეხეს, უწმინდესს ბოდიში არ მოუხდია, შენდობა არ უთხოვია. საბჭოთა რეჟიმმა ბოლოს ასეთ პროვოკაციას მიმართა - ეკლესიაში გამოძებნა დასაყრდენი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი (შემდგომში პატრიარქი ქრისტეფორე) და მისი თანამოაზრეები და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დროებითმა მმართველობამ თითქოს პატრიარქის შეწყალება ითხოვა. მათ საბჭოთა რეჟიმმა დააწერინა დაპატიმრებულთა შეწყალების და გათავისუფლების შესახებ თხოვნა, თუმცა ეს უწმინდესთან არ იყო შეთანხმებული. 1925 წლის 10 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება ამბროსი ხელაიას გათავისუფლების შესახებ და მეორე დღეს უწმინდესმა შეასრულა ღვთისმსახურება სიონის ტაძარში, სადაც გულში ჩამწვდომი სიტყვა წარმოთქვა.

თავისუფალი სულის სიმბოლო

- უწმინდესი საბჭოთა რეჟიმს ცოც­ხალი აღარ სჭირდებოდა, ამიტომ შიდასაეკლესიო ამბოხი მოუწყვეს - ქრისტეფორე ციცქიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო პატრიარქის წინააღმდეგ შიდა ბრძოლა. 1927 წლის 22 მარტს საბჭოთა რეჟიმის წაქეზებით ეკლესიის დროებითმა მმართველობის წევრებმა კათალიკოს ამბროსის გამოუცხადეს, რომ ის გათავისუფლდა საქმეთა წარმოებისაგან. მეორე დღეს, 23 მარტს, მან დაკარგა მეტყველების უნარი, შემდეგ გონება და 29 მარტს ღამის 3 საათზე გარდაიცვალა.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამბ­როსი ხელაიას არის საქართველოს მარადიული კათალიკოს-პატრიარქი, თავი­სუფალი სულის სიმბოლო.

ავტოკეფალიის აღდგენის, ანუ 1917 წლის შემდეგ (მოგეხსენებათ, 1811-14 წლებში რუსეთმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია), ჩვენ არ გვყოლია ამბროსიზე და კირიონ მეორეზე დიდი კათალიკოს-პატრიარქი.

მათი სახელის ხსენება საბჭოთა დროს ტაბუდადებული იყო. ეროვნულმა მოძრაობამ, კერძოდ, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წამოსწიეს მისი სახელი. როგორც ზვიადი ამბობდა, საქარ­თველოს დამოუკიდებლობის აღდგენის­ ერთ-ერთი ლეგიტიმური საფუძველი სწორედ უწმინდესი ამბროსის 1922 წლის გენუის კონფერენციის მემორანდუმია. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა წმ. მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით ის წმინდანად შერაცხა. ამ საკითხზე მაშინაც იყო აზრთა სხვადასხვაობა - ზოგიერთი ცდილობა იმის წარმოჩენას, თითქოს შემდგომი პატრიარქის, ქრისტეფორეს ხაზი უფრო სწორი იყო (ლოიალურობა საბჭოთა მთავრობასთან და სხვა). დღეს უკვე დამტკიცდა, ვინ უფრო მართალი იყო. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ამბროსი ხელაიას ეროვნული გმირის წოდებაც მიენიჭა (დაკრძალულია სიონის ტაძარში).

„ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას“

"ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები... თუ მე ვიცავდი ჩვენი ერის თავისუფლებას, ამის უფლებას მაძლევდა ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება, თუ საბჭოთა ადგილობრივი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა და მხოლოდ ვიცავდი მის დამოუკიდებლობას, თუ მე ხმა ამოვიღე რუსეთის დიდმპყრობელობის საწინააღმდეგოდ, იმ დიდმპყრობელობისა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას გვირჩევს ერთი ჩვენი უმაღლესი ხელისუფალთაგანი (ლენინი), თუ საბჭოთა ხელისუფლება აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის, მაშინ მე ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამომერთვას დანაშაულად ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვა და დიდმპყრობელობის დასაგმობად ხმის ამოღება.

დასასრულ ვიტყვი, რომ მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორის თვალით შეხედავს ეროვნული უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამას დაგვანახებს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნება. ასევე განაჩენი დაგვანახებს იმასაც, საბჭოთა ხელისუფლება მართლა იზიარებს მისგან აღიარებულ ლოზუნგს ერთა თვითგამორკვევისას, თუ ეს მხოლოდ იდეალია, რომლის განხორციელებას უნდა ველოდოთ შორეულ მომავალში. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვარისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ თითქმის 37 წლის განმავლობაში.ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი - იყოს ნება ღვთისა! და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: "ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა".