„ჩვენ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი“

"შენ ვეღარ იმუშავებ ამ ქალაქში", - გააფრთხილა მელ გიბსონმა ჯიმ კევიზელი ფილმ "ქრისტეს ვნებანის" გადაღებების წინ. "ჩვენ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი", - ეს კი მსახიობის პასუხი იყო.

"ქრისტეს ვნებანი" ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა, ის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლება - 611 მილიონი მსოფლიოს მასშტაბით. მელ გიბსონის ფილმში ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო 12 საათია ასახული. ფილმი, როგორც სიუჟეტითა და კრიტიკოსების გამოხმაურებებით, ასევე მთავარი როლის შემსრულებლითაც გამორჩეულია. ჯიმ კევიზელი ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მედიისთვის სასურველ რესპონდენტად იქცა, რადგან ის გულახდილად ჰყვებოდა ყველა იმ სირთულეზე, რაც როლის შესრულების დროს გადახდა თავს.

"მელ გიბსონმა გამაფრთხილა, რომ იესო ძალიან რთული შესასრულებელი პერსონაჟი იქნებოდა, თუმცა არ შემშინებია. ვფიქრობდი, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, უნდა ვითამაშო, თან ჩემი ინიციალები ემთხვევა - J.C. ( Jesus Christ) და 33 წლის ვარ-მეთქი", - იხსენებს კევიზელი.

გადაღებების დროს მსახიობმა 20 კილოგრამი დაიკლო, დაარტყა ელვამ, ორჯერ გაიროზგა, ამოიგდო მხარი და საათობით სიცივეში შიშვლად ყოფნის გამო პნევმონია დაემართა. მსახიობს ასევე ჰქონდა ჰიპოთერმია, სხეულის ტემპერატურის სახიფათო დონემდე დაქვეითება, ბოლო სცენის, ჯვარცმის გადაღების დროს კი გულის უკმარისობა - საათობით ჯვარზე გაკრულმა ყოფნამ მსახიობის გულზე ცუდად იმოქმედა და გადასაღებ მოედანზე სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდათ. ექიმმა, რომელმაც ჯიმ კევიზელი გასინჯა, ფილმის რეჟისორს უთხრა, რომ მისი ამ მდგომარეობაში დატოვება სიცოცხლისთვის საშიში იყო. მსახიობის სურვილით ფილმის გადაღება არ შემწყდარა. ჯიმი მიიჩნევდა, რომ წილად ხვდა პრივილეგია შეესრულებინა ქრისტეს როლი და შეასრულებდა ნებისმიერ ფასად. მისი შემართება იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელ გადამღებ ჯგუფზე იმოქმედა. ბოლო სცენის გადაღებისას ჯვარზე გაკრულ კევიზელს ელვამაც დაარტყა. მსახიობებისა და გადამღები ჯგუფისთვის ეს შოკის მომგვრელი იყო. საბედნიეროდ, ნახევრად შოკში მყოფი მსახიობი გადარჩა.

პედრო სარუბი, ბარაბას როლის შემსრულებელი, ამბობდა, რომ თითოეულ ეპიზოდს ისე გრძნობდა, როგორც სინამდვილეს, ხოლო ლუკა ლიონელი, იუდას როლის შემსრულებელი, რომელიც ათეისტი იყო, ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ მოინათლა, ქრისტიანობა მიიღო, გაქრისტიანდა რეჟისორის ერთი მუსლიმანი ასისტენტიც.

კითხვაზე, თუ როგორ ემზადებოდა ქრისტეს როლის შესრულებისთვის, კევიზელმა უპასუხა: "ცეცხლით, ჩემში იყო დაუოკებელი ცეცხლი. ყველაზე რთული ფიზიკური ტანჯვა იყო, გრიმის კეთების პროცესი, რომელიც ღამის 2 საათზე იწყებოდა და დილის 10-მდე გრძელდებოდა. დღედაღამ გარეთ ვიყავი, ვუძლებდი სხეულის ტკივილს, რაც უნებურად მიბიძგებდა, რომ მელოცა. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბოლო სცენა, როდესაც ჯვარზე ხარ გაკრული და ხედავ, როგორ ამოგცქერის ხალხი. მეგონა, ამ ეპიზოდის გადაღებას ვერ გავუძლებდი, ვერ გადავიტანდი სხეულის ტემპერატურის ცვალებადობას, კანკალს, მეგონა, ვკვდებოდი. ამ დროს კი ქვემოთ ხალხი სვამდა ყავას, ეწეოდა სიგარეტს, საუბრობდნენ და სრულიად გულგრილი იყვნენ იმის მიმართ, რასაც განვიცდიდი".

„ისე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი“

11-1715544699.jpg

ქრისტეს ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმებიდან ასევე გამორჩეულია ლეგენდარული რეჟისორის ფრანკო ძეფირელის "იესო ნაზარეველი", სადაც ღვთისმშობლის როლს ოლივია ჰასი თამაშობს. მსახიობისთვის ეს როლი ისეთივე განსაკუთრებული აღმოჩნდა, როგორიც მისი პირველი გამოჩენა კინოეკრანებზე ფილმში "რომეო და ჯულიეტა". ოლივია ჰასი ფილმზე მუშაობას ასე იხსენებს:

"ისე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი. სიამაყით ვივსები, როდესაც მეუბნებიან, რომ ღვთისმშობელმა შეძრა მაყურებელი. ყველაზე რთული იყო ბოლო სცენა, როდესაც მარიამი იესოს დასტირის. გადაღება საღამოს დავიწყეთ და შუაღამისას შევისვენეთ. ფრანკო ასეთი სცენების გაცოცხლებაში გენიალური იყო. ძალიან ვნერვიულობდი და მარიამ მაგდალინელის როლის შემსრულებელს, ენ ბენკროფტს შევჩივლე და მან მირჩია, ორიოდე ჭიქა ღვინო დამელია. მართლაც, სამი ჭიქა ღვინო დავლიე და ისე განვიცადე ყველაფერი, ცრემლების ზღვა მომდიოდა, როცა იესოს დავტიროდი. მახსოვს, როგორ ავიტაცე რობერტის სხეული. მეორე დღეს ფრანკომ მითხრა: "ოლივია, ბრავო! ძალიან კარგად გაართვი თავი, მაგრამ გირჩევ, გადასაღებ მოედანზე აღარ დალიო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთულეს სცენას თამაშობ".

ფრანკო ძეფირელის "იესო ნაზარეველი" გამორჩეულია არა მხოლოდ ოლივია ჰასის მონაწილეობით, არამედ მთავარი როლის შემსრულებლითაც. ცნობილი ფაქტია, რომ 1977 წელს ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ რობერტ პოველი (იესოს როლის შემსრულებელი) იმდენად პოპულარული გახდა, რომ თავის ფოტოს რამდენჯერმე ხატებთან წააწყდა, და ამან იმდენად გააღიზიანა, რომ მედიის საშუალებით საზოგადოებას მიმართა: "მე მხოლოდ მსახიობი ვარ, მე იესოს როლი შევასრულე, გთხოვ გაიაზრეთ ეს!" გადაღებების პროცესს კი პოველი ასე იხსენებს: "მე არ ვიყავი ქრისტიანი, საზოგადოდ, არც მორწმუნე, თუმცა ფილმზე მუშაობის დროს ბიბლიის კითხვა დავიწყე, შევისწავლე ყველაფერი, რაც იესოს ცხოვრებას უკავშირდებოდა და მინდა ვაღიარო, რომ შეუძლებელია არ იწამო ქრისტე, როდესაც გადასაღებ მოედანზე მისი ცხოვრებით იცხოვრებ. იყო რამდენიმე სცენა, რომელმაც შემძრა, მაგალითად, მთაზე ქადაგების სცენა. ფრანკო ძეფირელი საოცარი სცენების შექმნის ოსტატი იყო, ჩვენ განთიადს დაველოდეთ, მზემ პირველი სხივები ზეთისხილისა და კვიპაროსის ხეებს შეახო, გარშემო ცეცხლი გვქონდა დანთებული... იმდენად მისტიკური სცენა იყო, რომ ავტირდი. ეს კადრი ფრანკომ არ ამოჭრა, დატოვა ის ბუნებრივი ემოცია, რაც მთაზე ქადაგების სცენამ აღმიძრა".

ნინო წიფურია