პუტინის არმიამ ხარკოვისკენ ახალი ფრონტი გახსნა... - კვირის პალიტრა

პუტინის არმიამ ხარკოვისკენ ახალი ფრონტი გახსნა...

რას ისახავს მიზნად რუსი ოკუპანტების ხელმეორედ შეტევის წამოწყება უკრაინის ჩრდილოეთზე - 10 კმ-იანი „ბუფერული ზონის“ შექმნას საზღვარზე, დონბასის დამცველი უკრაინული დანაყოფების „გატყუებას“ ხარკოვისკენ თუ თავად ხარკოვის დაპყრობას?

9-10 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც რუსეთში ტრადიციულად აღნიშნავდნენ გამარჯვების დღეს, რუსეთის არმიამ ახალი შეტევა წამოიწყო.

ფაქტობრივად, გაიხსნა ახალი ფრონტის ხაზი რუსეთ-უკრაინის საზღვრის ბელგოროდ-ხარკოვის მონაკვეთზე, უფრო სწორად, ნაწილობრივ განმეორდა 2022 წლის 24 თებერვლის დილა (არადა, მაშინაც რუსი სამხედროები 23 თებერვლის, მათი დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ დაესხნენ თავს უკრაინას), როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სახელმწიფო საზღვარი ხარკოვის მიმართულებაზეც გადალახეს და უკრაინის ამ სიდიდით მეორე ქალაქის დაპყრობა სცადეს.

ხარკოვის მისადგომებიდან რუსი ოკუპანტები უკრაინის დამცველებმა რამდენიმე თვეში, 2022 წლის შემოდგომისთვის გაყარეს და მას შემდეგ უკრაინის ამ ნაწილში შედარებითმა მშვიდობამ დაისადგურა, მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვი­ რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ ოცდაათ კმ-ში თუ მდებარეობს.

მაგრამ ბოლო თვეებში რუსეთმა განაახლა ხარკოვის ინტენსიური დაბომბვა ბელგოროდის ოლქიდან, რისი ერთგვარი მაპროვოცირებელი შეიძლება გამხდარიყო რუსეთის სწორედ ამ საზღვრისპირა ბელგოროდის ოლქში "რუს მოხალისეთა კორპუსისა" და ლეგიონ "თავისუფლება რუსეთს" სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების (რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შექმნილია) რამდენჯერმე შეჭრა...

ამ სადაზვერვო-დივერსიულ აქტებს ხარკოვის რაიონიდან ბელგოროდის ოლქში უკრაინისთვის სამხედრო წარმატება არ მოუტანია, თუმცა საინფორმაციო ომის ველზე გამოადგა - მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინის წინააღმდეგ თავად რუსებიც იარაღდებიან და თავს ესხმიან მისი რეჟიმის სახელისუფლებო სტრუქტურებს რუსეთის ტერიტორიაზევე.

შესაბამისი რეაქცია ჰქონდა კრემლს, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას "სანიტარული ზონა" უკრაინასთან, რათა სადაზვერვო-დივერსიული თავდასხმები მის ტერიტორიაზე აღკვეთოს. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ 9-10 მაისის ღამეს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილზე, ხარკოვსა და ვოვჩანსკთან რუსი ოკუპანტების შეტევები შეიძლება უკავშირდებოდეს სწორედ ასეთი, არანაკლებ 10 კმ-იანი სიგანის "სანიტარული ზონის" შექმნის მცდელობას, რათა "რუს მოხალისეთა კორპუსისა" და ლეგიონის "თავისუფლება რუსეთს" სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა ვეღარ შეძლონ რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა საზღვრის ამ მონაკვეთიდან.

2-xarkovi-1715547086.png
"დრაკონის კბილები" თავდაცვითი ზღუდეების მოწყობის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არასაკმარისი...

მეორე ვერსია, თუ რატომ ცდილობს რუსეთის არმია ხელმეორედ შეჭრას საზღვრიდან ხარკოვის მიმართულებაზე, უკავშირდება მოსაზრებას, რომ რუსეთის გენშტაბს ამით ისედაც 2000 კმ-ზე გადაჭიმული ფრონტის ხაზის კიდევ დაგრძელება სურს, რათა უკრაინის დამცველები იძულებულნი გახდნენ აღმოსავლეთ ფრონტიდან მოხსნან საბრძოლო დანაყოფები და გადაისროლონ ჩრდილოეთ ფრონტზე ხარკოვის დაცვის გასაძლიერებლად, რაც უფრო შეასუსტებს ჩასივ-იარის, კონსტანტინოვკისა და შემდგომ უკვე კრამატორსკისა და სლოვიანსკის (რომელთა დაპყრობასაც ძალიან ცდილობს პუტინის არმია) დაცვის ზღუდეების მდგრადობას.

მესამე ვერსია იმისა, თუ რატომ გახსნა ახალი ჩრდილოეთის ფრონტი რუსეთის არმიამ, უკავშირდება ხარკოვის დაპყრობის სურვილს, რომლის აღების პირველი ცდა ორი წლის წინ კრემლს ჩაეფუშა.

მაგრამ მილიონიანი ხარკოვის შედარებით ადვილად დაპყრობა, როგორც რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტი თუ ავდეევკა აიღეს (ისიც რამდენიმეთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ), წარმოუდგენელია, ამისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ამ სიდიდით მეორე ქალაქს არანაკლებ ასიათასიანი დაჯგუფებით უნდა შეუტიონ მაშინ, როდესაც ამ მომენტში ჩრდილოეთ მიმართულებაზე მხოლოდ 30-ათასიანი საბრძოლო დაჯგუფება "სევერი" ჰყავთ.

3-xarkovi-1715547086.png
ომის დასაწყისში ხარკოვში შეჭრილ რუსი სპეცრაზმელების ჯავშან - "ტიგრებს" უკრაინის დამცველებმა საჩვენებელი დასჯა მოუწყვეს...

ჩრდილოეთის ფრონტის გახსნიდან პირველივე დღეს რუსმა ოკუპანტებმა შეძლეს საზღვრისპირა ხუთი უკრაინული სოფლის დაკავება და ზოგ ადგილას 5-6 კმ-ზე წინ წაწევაც, რამაც შექმნა წარმოდგენა, რომ პუტინის არმია რამდენიმე დღეში მიადგება საზღვრიდან ოცდაათიოდე კმ-ით დაშორებულ ხარკოვს.

თუმცა ასე არ არის, რადგან დაპყრობილი უკრაინული სოფლები ისედაც ე.წ. ნაცრისფერ ზოლში იყვნენ ანუ უკრაინის არმიის თავდაცვის პირველი ზღუდე გასაგები მიზეზების გამო უფრო საზღვრის სიღრმეშია მოწყობილი და რუს ოკუპანტებს ის ჯერ არ გადაულახავთ, მთავარი ბრძოლები ფრონტის ამ ახალ მონაკვეთზე ჯერ კიდევ წინაა.მოამზადა

რატომ აღმოჩნდა უფრო გამძლე რუსული თავდაცვის ზღუდეები, ვიდრე უკრაინული

უკრაინის დამცველები მართლაც გმირულად, თავგანწირვით იბრძვიან და მესამე წელია აკავებენ მათ მიწაზე შეჭრილ რუსი ოკუპანტების ურდოებს, მაგრამ ჯერ ბახმუტის, შემდეგ ავდეევკის დაკარგვამ და ოჩერეტინოსთან ფრონტის ხაზის მოულოდნელმა გარღვევამ გააჩინა ლოგიკური კითხვა: თუკი რუსი ოკუპანტების "სუროვიკინის თავდაცვის ხაზმა" შეძლო 2023 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე უკრაინის მთავარი კონტრიერიშის შეკავება ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე, რატომ ვერ მოახერხა ეს უკრაინამ 2024 წლის გაზაფხულიდან აღმოსავლეთ ფრონტზე?

როგორც აღმოჩნდა, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც დროულად არ იზრუნა ბახმუტისა და ავდეევკის დასავლეთით თავდაცვის მეორე და მესამე ხაზების მოწყობაზე და ახლა ჩასივ-იარის დაცვისთვის ბრძოლაში უკრაინელ მეომრებს ნიჩბით ხელში უწევთ პატარა სანგრების გათხრა რუსი ოკუპანტების გამანადგურებელ ცეცხლში.

2014 წლის მოვლენების შემდეგ ავდეევკასთან უკრაინის არმიამ კარგად გამაგრებული და დაცული საინჟინრო ზღუდე ააგო, რამაც მის მებრძოლებს საშუალება მისცა ფრონტის ხაზი შეენარჩუნებინა ოკუპირებული დონეცკიდან ათიოდე კმ-ში ომის ორი წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც სხვა მიმართულებებზე რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ას კმ-ზე უფრო ღრმადაც შეიჭრნენ.

ანალოგიური თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა უნდა დაწყებულიყო ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულიდან, მაგრამ მაშინ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან დარწმუნებული გახლდათ დიდი კონტრშეტევის წარმატებაში და არავინ ფიქრობდა თავდაცვით ზღუდეებზე, განსხვავებით რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან, რომლებიც დღესაც აგრძელებენ საინჟინრო ფორტიფიკაციების აგებას, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის თითქმის ყველა მონაკვეთზე საბრძოლო ინიციატივას ფლობს და შეტევაზეა გადასული.

იმედია, უკრაინის გენშტაბმა ხარკოვის მისადგომებთან მაინც მოასწრო ძლიერი თავდაცვითი ზღუდეების აგება, რათა უკრაინისთვის ასეთ მნიშვნელოვან ქალაქში რუსი დამპყრობლების შეჭრა არ დაუშვას.