სოსო, დათო და ბესო... "ღიმილის ბიჭები" უკრაინის ფრონტიდან - კვირის პალიტრა

სოსო, დათო და ბესო... "ღიმილის ბიჭები" უკრაინის ფრონტიდან

ბონდო ვარდოსანიძე: „მე გმირობა არ ჩამიდენია, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. გმირობა ჩაიდინეს სოსო გუგუტიშვილმა - „ბოლოკამ“, დავით ღოღაძემ - „დავითამ“ და ბესო ლომიძემ - „ტანკისტამ“. მათ დაუფიქრებლად გაწირეს სიცოცხლე ჩვენთვის, ჩვენი მიზნისთვის, სამშობლოსთვის. მათ დამანახეს, რა არის სინამდვილეში სიმამაცე, ერთგულება და თავგანწირვა“

"დიდი დანაკლისი ხართ, ლომებო, ხელში ჩამაკვდით, ჩემს ხელებში ამოისუნთქეთ ბოლოჯერ... ჩემს გულში დარჩებით", - ასე ემშვიდობება სპეცდანაყოფ "შავი არწივის" მებრძოლი ბონდო ვარდოსანიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაცემულ თანამებრძოლებს. 3 მაისის გამთენიისას ავდეევკის მიმართულებაზე ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი დაიღუპა. მეორე დღესვე "შავმა არწივმა" კიდევ ორი გამორჩეული მებრძოლი, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე დაკარგა. "სამი საუკეთესო მებრძოლი დავკარგეთ, შურს აუცილებლად ვიძიებთ, ბრძოლა გაგრძელდება სისხლის უკანასკნელ წვეთამდე", - ამბობს ბონდო ვარდოსანიძე, რომელიც სოსო გუგუტიშვილის ცხედრის გამოყვანისას დაიჭრა და ჰოსპიტალში მკურნალობს.

- ძალიან მიჭირს საუბარი. რამდენიმე დღის წინ სოსო, დათო და ბესო ცოცხლები­ იყვნენ. ალბათ, იცით, რომ სპეცდანაყოფი "შავი არწივი" განსაკუთრებით რთულ ოპერაციებს ატარებს. ამჯერადაც კონკრეტული შენობები უნდა გაგვეწმინდა მტრისგან. მტერი კი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილია. 3 მაისს მეთაურმა მითითებები­ მოგვცა და ორი ჯავშანტრანსპორტიორით წავედით. სწრაფად უნდა გვემოქმედა, რადგან მტრის ნაღმსატყორცნები აქტიურად მუშაობდნენ. დესანტირება მოხერხდა, პოზიციებზე განვლაგდით და დავიწყეთ სიტუაციის შეფასება. ალფა-ჯგუფს სოსო გუგუტიშვილი მეთაურობდა, ხოლო ბრავო-ჯგუფს - ბესო ლოლაძე. პირველად ალფა-ჯგუფმა დაიწყო მტრით გამაგრებული შენობის დაშტურმვა, შემდეგ ბრავო-ჯგუფი­ მიჰყვა, რომელშიც მეც ვიყავი. ოპერაცია კარგად წარიმართა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შენობაში მახეები იყო დაგებული. პირველივე მახეს სოსო გუგუტიშვილმა დაადგა ფეხი და დარტყმის ძალამ ხელმარცხნივ გადაისროლა, მის უკან მიმყოლი მებრძოლი კი უკან გადმოაგდო. როგორც ჩანს, მაშინვე დაიღუპა, ხმაც კი­ არ ამოუღია. უცებ ცეცხლიც გაგვიხსნეს... ალფა-ჯგუფის ბიჭებს­ უკანა რიგებში მოუწიათ გადასვლამ და ჩვენ, ბრავო-ჯგუფის მებრძოლებს, მოგვიხდა საპასუხო ცეცხლის გახსნა. ბიჭები უნდა დაგვეზღვია. უკვე ბინდდებოდა, როდესაც იქიდან გამოვედით. საარტილერიო დარტყმები ისევ გრძელდებოდა, როგორც ჩვენი, ისე რუსების. დავალება წარმატებით შევასრულეთ, მაგრამ სოსო დავკარგეთ, შევედით რვანი და გამოვედით შვიდნი. მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნების ცეცხლით ისედაც ძველი შენობები ადვილად ინგრეოდა, სამწუხაროდ, ის კედელიც ჩამოინგრა, სადაც სოსოს ცხედარი იყო. თუმცა არც გვიფიქრია მისი იქ დატოვება. გადავწყვიტეთ, ცალკე ჩაგვეტარებინა მისი გამოყვანის ოპერაცია.

beso-lomize-1715547617.jpg

- კი მაგრამ, თუ კედელი ჩამონგრეული იყო, როგორ გამოიყვანდით?

- იმედს არ ვკარგავდით, რომ მის მოძებნას შევძლებდით. თათბირი ჩავატარეთ, სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე მონახაზი გავაკეთეთ და მოვემზადეთ. გარშემო ყველაფერი ისეთი ინტენსივობით იბომბებოდა, რომ შეიძლებოდა შენობამდეც ვერ მიგვეღწია ცოცხლებს, თუმცა უკან დახევა არავის უფიქრია. ქართველები ჩვენს მკვდრებს არ ვტოვებთ და ეს მტერმაც და მოყვარემაც იცის. სხვათა შორის, ყველამ ისიც იცის, რომ ქართველებს ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილი რომ გვირჩევნია. რუსებმა დააფიქსირეს ჩვენი გადაადგილება და ისევ აამუშავეს მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნები, თუმცა დესანტირება მაინც მოვახერხეთ...

- კი მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ დავალება წარმატებით შეასრულეთ, შენობას ისევ მტერი როგორ აკონტროლებდა?

- ჩვენი მუშაობის სპეციფიკა ასეთია - ჩვენ შევდივართ პოზიციებზე, მტრისგან ვწმენდთ ტერიტორიას, გამოვდივართ და იმ ადგილზე შედის რეგულარული ჯარი. რაც შეეხება სოსოს, იქიდან გამომდინარე, რომ ნანგრევებში მოყვა, მის გამოყვანას დრო დასჭირდებოდა, დრო კი არ იყო, იმიტომ, რომ არტილერიამ ცეცხლი გახსნა, თან, რუსები მიხვდნენ, რომ ქართველები ვიყავით შესული და დაბომბვა უფრო გააძლიერეს. არ მინდა ტრაბახში ჩამომართვათ, უკრაინელებსაც რომ ჰკითხოთ, დაგიდასტურებენ, რუსებისთვის ქართველები ყველაზე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ უფრო რისკიანად ვიბრძვით. როდესაც ხვდებიან, რომ მათ წინააღმდეგ ქართველები არიან, უფრო მეტად ახდენენ ძალების მობილიზებას. იმ შენობაში, სადაც სოსო გუგუტიშვილი დავკარგეთ, 30 უკრაინელი სამხედრო დავტოვეთ, უკან რომ მივბრუნდით, 12 კაცი იყო დარჩენილი. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელებს ქართველების ფრონტის ხაზზე დანახვა ძალიან უხარიათ. სოსოს გამოსაყვანად რომ მივბრუნდით, უმოტივაციოდ დაგვხვდნენ, ჩვენ გავამხნევეთ და უნდა ითქვას, რომ ძალიან მაგრად მოგვეხმარნენ პოზიციის დაკავება-გამაგრება-დაშტურმვაში... ალფა-ჯგუფის მეთაურობა მე გადმომაბარეს, ბრავო-ჯგუფის მეთაურობა კი ბაჩო ნონაშვილს, რომელიც წინადღეს სოსო გუგუტიშვილის ჯგუფში იყო და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. შესაბამისად, ზუსტად იცოდა სად იყო სოსო აფეთქებისას. განვლაგდით პოზიციებზე, ჩემ წინ დათო ღოღაძე იჯდა, ბესო ლომიძე მარცხენა ფრთაზე იყო გამაგრებული, დათოს შევხედე და რაღაც არ მომეწონა მისი გამოხედვა, შევძახე, დავით, ხომ ხარ ხოდზე-მეთქი. რაღაც ვერა ვარ, მაგრამ მოვიხოდებიო. სოსოს დაცემა მან ძალიან განიცადა. იმ დღეს ბესო ლომიძეც ვერ იყო ხასიათზე.

დავიწყეთ გადაადგილება, შენობასა და შენობას შორის ღია ადგილი იყო, რომელსაც მტერი ხედავდა და როგორც მერე გაირკვა, სნაიპერი აკონტროლებდა. ბაჩო ნონაშვილმა და ბესო ლომიძემ შენობისკენ გადაირბინეს, დათო ღოღაძე და ღვთისო მოსულიშვილიც შენობის დაშტურმვაზე იყვნენ, მე, როგორც მეტყვიამფრქვევე, ბიჭებს ვაზღვევდი... ურთულესი ოპერაცია იყო, არც ერთი უცხოური დანაყოფი არ გარისკავდა იქ შევლას... რაღაც მომენტში დავინახე, რომ დათო ღოღაძე მოწყდა. 15 თუ 20 მეტრი მაშორებდა მას, მაგრამ სწორედ ეს მონაკვეთი იყო ღია, რომელსაც მტერი ხელისგულივით ხედავდა. ტყვიამფრქვევი ავიღე, მივირბინე დათოსთან, თან ცეცხლი მქონდა გახსნილი. ამასობაში, ბაჩო ნონაშვილი და ბესო ლომიძე უკან გადმოვიდნენ, იმიტომ, რომ შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს და წინ ვეღარ წავიდოდნენ. მე ამასობაში ტყვია-წამალი გამომელია და დავაგდე ტყვიამფრქვევი. იქვე პატარა ღრმული იყო, გადმოვათრიე დათო და შიგ ჩავწექი. ვყვიროდი, დავით, შემომხედე-მეთქი, თან ჩაფხუტს ვხსნიდი. მოვხსენი ჩაფხუტი და ვნახე, ტყვია თავში მოხვედრია. ხელებში ჩამაკვდა, ჩემს ხელში ამოისუნთქა უკანასკნელად... ყველა მიმართულებით გვესროდნენ, ახლაც არ ვიცი, როგორ გადავრჩი...

ამ ოპერაციას შტაბი ზემოდან, უპილოტო საფრენი აპარატით უთვალთვალებდა და ყველაფერი დაფიქსირებულია. უკრაინელი ჯარისკაცები გაოცებულები იყვნენ, ეს რა გააკეთეთო.

bondo-vardosanize-1715547617.jpg

- დავით გოგაძის გამოყვანა არ მოხერხდა?

- ბესო ლომიძეს ჰქონდა კაუჭიანი თოკები, რომლის საშუალებითაც დაჭრილი­ თანამებრძოლის გამოთრევა შეიძლება. დავუყვირე, ერთი გადმომიგდე-მეთქი, ვფიქრობდი, დათოს თოკს გამოვაბამდი და ისინი გაათრევდნენ. არ ვიცი, ბესომ როგორ გარისკა, დაუფიქრებლად წავიდა სიკვდილზე, უძლიერესი მეომარი იყო, უზარმაზარი სამხედრო გამოცდილებით... თოკი კი არ გადმომიგდო, თავად გადმოირბინა ამ ტყვიების წვიმაში და სამწუხაროდ, ტყვია პირდაპირ ზურგში მოხვდა. მაშინვე მოწყდა. დავუყვირე, ზურგზე გადმოტრიალდი, გადმოგათრევ-მეთქი. ცალ ხელზე დათო მყავდა გადაწვენილი, მეორე ხელით ბესო ლომიძეს ქამარში ჩავავლე ხელი და ჩემკენ მოთრევას ვცდილობდი, როდესაც ტყვია ხელში მომხვდა და ბესოს ქამარს მექანიკურად გავუშვი ხელი. იმ წუთშივე მოვიკრიბე ძალა, დაჭრილი ხელით ისევ ჩავეჭიდე ბესოს ქამარს და ისევ მოვითრიე ჩემკენ, მაგრამ ამასობაში ბესოს ერთი ტყვია ზურგის, მეორე კი მხრის არეში მოხვდა. პირქვე დაემხო, გადმოვატრიალე და მზერა სამუდამოდ გაეყინა. ბესო მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ თანამებრძოლები გასაჭირში ვერ მიგვატოვა. ამას ყველა ვერ გააკეთებდა. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს დათო, მეორე მხარეს კი ბესო მიწევს, ორივე მკვდარია, გარშემო კი ტყვიების წვიმაა. წამიერად გავიფიქრე, რომ მეც მოვკვდებოდი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს. დათოს იარაღი ავიღე და ცეცხლი გავხსენი, ცალი ხელით მჭიდს ვცლიდი, იარაღს ვტენიდი და ვისროდი, მეორე ხელით ბესო ლომიძის გამოთრევას ვცდილობდი. ამ დროს ბიჭების ყვირილი გავიგონე, უნდა გამოიქცე, უნდა გამოიქცეო. მივხვდი, რომ ვერც ბესოს გამოყვანას შევძლებდი, ვერც დათოსას, გაშლილ ადგილზე, პატარა ორმოში ვიწექი, ორ დაღუპულ თანამებრძოლთან ერთად ორსართულიანი შენობიდან პირდაპირი დამიზნებით, ორივე სართულიდან მესროდნენ. წამოვხტი და ზიგზაგებით, მაქსიმალური სიჩქარით გამოვიქეცი. გადავირბინე იმ მიმართულებით, სადაც უკრაინელები იყვნენ, ერთ-ერთ უკრაინელ ჯარისკაცს იარაღი ავართვი და ჩემი ბიჭებისკენ გავიქეცი, რომ მათთან ერთად გამეგრძელებინა მტერზე შეტევა. შენობაში, რომელზეც იერიში უნდა მიგვეტანა, 6 სამხედრო უნდა ყოფილიყო, როგორც ჩანს, გაიგეს, რომ მიბრუნებას ვაპირებდით, და ბევრად მეტი დაგვხვდა. ქართველების მოლოდინში პოზიციები მაქსიმალურად გაამაგრეს. ხუთი კაცი მებარა, აქედან ვერც ერთს ვეღარ დავკარგავდი, ამიტომ ბიჭებს უკანა შენობაში შებრუნება ვუბრძანე. ჩემი მიზანი ამჯერად ბესოსა და დათოს ცხედრების გამოტანა იყო. შენობას, რომელსაც თავი შევაფარეთ, მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნები დაუშინეს. როგორც გითხარით, ოპერაციას შტაბიდან დრონებით აკვირდებოდნენ, და რაციით გვაცნობეს, რომ ის ადგილი, სადაც ბესო და დათო იყვნენ, მსხვილკალიბრიანი ნაღმით ააფეთქეს. გავვარდი გარეთ, რომ ყველაფერი ჩემი თვალით დამენახა, მაგრამ იქ ცხედრები აღარ იყვნენ.

- სოსო გუგუტიშვილთან დაკავშირებით რა მოხდა?

- შენობა, რომელშიც სოსო დაეცა, ნაღმსატყორცნების დარტყმებით მთლიანად ჩაიშალა. ბიჭებმა ძალიან განიცადეს, უკან დახევას არ აპირებდნენ, მტრისთვის თავის შეკვლას სურდათ და თითოეულ ჩვენგანს უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ერთმანეთის სიცოცხლე გვებარა, ჩვენ უკან დიდი მიზანი იყო, და აღარ უნდა გაგვერისკა. ერთობლივი გადაწყვეტილებით, უკან დავიხიეთ. ჩვენ ჩვენი ძმები ფრონტის ხაზზე არ მიგვიტოვებია, ომმა წაგვართვა მათი ცხედრები. როდესაც ჩვენს მეთაურს ვაკო სულაძეს ინფორმაცია გადავეცი, მან უკან დახევა გვიბრძანა და მართლაც, როგორც კი გამოვედით შენობიდან, ნაღმი მოხვდა და მთლიანად დაიშალა. გამოვედით საევაკუაციო წერტილზე და დაღამებას დაველოდეთ...

მე გმირობა არ ჩამიდენია, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. გმირობა ჩაიდინეს სოსო გუგუტიშვილმა - "ბოლოკამ", დავით ღოღაძემ - "დავითამ" და ბესო ლომიძემ - "ტანკისტამ". მათ დაუფიქრებლად გაწირეს სიცოცხლე ჩვენთვის, ჩვენი მიზნისთვის, სამშობლოსთვის. მათ დამანახეს, რა არის სინამდვილეში სიმამაცე, ერთგულება და თავგანწირვა. უჰ, ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე, 25 წლის ვარ და ასე მგონია, უკვე ერთი საუკუნის ვარ.

davi-gogaze-1715547617.jpg

- ძალიან ახალგაზრდა ყოფილხართ, უკრაინაში როგორ მოხვდით?

- მამაჩემი აფხაზეთის ომის ვეტერანია, ისიც ახალგაზრდა ჩაერთო ომში და გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას, მითხრა, მეც ვერ გამიძლო გულმა, ჩემი ქვეყანა გასაჭირში რომ იყოო. ჩემმა ორმა მამიდამ 25-25 წელი იმსახურა ჯარში, ორივე 2008 წლის ომის ვეტერანია. მათაც კარგად გაიგეს ჩემი გულისწადილი. სხვათა შორის, აგვისტოს ომში ერთ-ერთი მამიდა შვილის მხარდამხარ იბრძოდა. საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ. თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი ინტერვენცია საქართველოში იქნება. უკრაინაში ომამდე, ბოლო ათი წელი რაგბის თბილისის "ლელოში" ვთამაშობდი­. მერე პოლონეთში გადავედი, უმაღლეს ლიგაში. კარგი ხელფასი და წარმატებული კარიერა მქონდა, მაგრამ რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, გულმა აღარ გამიძლო. როდესაც ტელევიზიით ვუყურებდი, რას აკეთებდნენ რუსები უკრაინაში, როგორ აწამებდნენ, ხოცავდნენ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს, წარმოვიდგენდი, რომ ამას საქართველოშიც გააკეთებდნენ. ერთ დღესაც მივიღე გადაწყვეტილება და ომში მყოფ ჩემს მეგობრებს დავუკავშირდი. "შავ არწივში" ბევრი მეგობარი მყავდა, თან ვიცოდი, როგორი დონის სპეცჯგუფი იყო. უარი მითხრეს, ჯერ 25 წლის ხარ, ცხოვრება წინ გაქვსო, მაგრამ ჩემი გავიტანე, "დავემუქრე", თქვენ თუ არ დამეხმარებით, სხვა დანაყოფში წავალ, ქართველების მეტი რა არის უკრაინაში-მეთქი. გაჭრა და მე და კოკა მურაჩაშვილი ერთად ჩამოვედით.

- კოკა მურაჩაშვილი, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოეს.

- დიახ, მაშინ ფეხი დაკარგა. მე და კოკა ერთ გუნდში ვთამაშობდით, უკრაინაშიც ერთად გავიარეთ წვრთნა. კოკა გამოცდილი სამხედროა, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა. არაერთ სამშვიდობო მისიაშია ნამყოფი. "შავ არწივში" კიდევ გადაგვამზადეს და დღეს ყველაზე რთულ ოპერაციებში ვმონაწილეობ.

soso-gugutishvili-1715547616.jpg

- ბოლო ოპერაციის დროს დანაკარგმა თქვენზე როგორ იმოქმედა? რას განიცდით, როდესაც ხედავთ, რომ მტერი ძლიერი და ვერაგია?

- ბრძოლის ჟინი მემატება, უფრო მეტად მინდა ამ ვერაგი მტრის დამარცხებაში წვლილი შევიტანო. ასეთი ბრძოლის ჟინით არიან აქ ქართველები. მერე რა, რომ სიკვდილს ყოველდღიურად ვუყურებთ თვალებში. სიცოცხლეს უფალი გვაძლევს, ყველაფერი მის ხელშია, ამ ქვეყნიდან ჩვენი გასვლის ჟამი რომ დადგება, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ფრონტის ხაზზე ვიქნებით თუ თბილ ლოგინში. ცხოვრების სიკვდილის შიშში გატარებას არ ვაპირებ. აუცილებლად ვიბრძოლებ საქართველოს სახელით, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემი გმირი თანამებრძოლებისთვის შური ვიძიო. ჩვენ ვიბრძოლებთ სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე.

ხათუნა ბახტურიძე