„ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ასწიოს თამასა, იმის ჩვენება სურს, რომ არავის არ დაემორჩილება“ - კვირის პალიტრა

„ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ასწიოს თამასა, იმის ჩვენება სურს, რომ არავის არ დაემორჩილება“

როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს და როგორ მივალთ არჩევნებამდე, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, გია ხუხაშვილსა და ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

"ნაცმოძრაობამ" უნდა გააცნობიეროს, რომ მიშა ვეღარ მოვა"

გია ხუხაშვილი: - ხელისუფლება­ უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ კარგ დღეში, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია მაგრად კუდის მოქნევა, რაც არ უნდა უპერსპექტივო და ბუნდოვანი იყოს მისი მომავალი.­ თუმცა ეს არ არის ივანიშვილის სტილი. ბიძინა რაც არ უნდა გაბრაზდეს, მისთვის დამახასიათებელი არ იყო ასეთი ქმედებები, ის ყოველთვის ითვალისწინებდა ქართულ ეთნოფსიქოლოგიას და ახლა რაც ხდება, ასლია იმ ტექნოლოგიებისა, რაც პუტინმა გამო­იყენა რუსეთში სამოქალაქო აქტივი­ზმის გასანადგურებლად. მაგრამ ეს ტექნოლოგია რუსულ ეთნოფსიქოლოგიაზე იყო გათვლილი და ამის ასე ავტომატურად გადმოტანა მიჩენს ეჭვს, რომ ბიძინაც ჩამოშორებულია პროცესს და არ არის მთავარი მოქმედი პირი. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირდაპირ ეფ-ეს-ბეს ინსტრუქტორები მოქმედებენ და აკეთებენ იმას, რაც უკვე აპრობირებულია. მათ ჰგონიათ, ჩვენც ისეთივე ხალხი ვართ, როგორიც რუსები. აქაც პირდაპირ ნაჯახით მოქმედ­ებენ და არ ითვალისწინებენ ქართულ სულსა და სულისკვეთებას, ხელისუფლება კი უკვე ავტომატურად, მორჩილებით მართავს პროცესს. კიდევ ერთი მომენტია ე.წ. შავი სამყაროს გამოყენება - გინებები ტელეფონზე, დახვედრები­. ის, რაც ვიდეოკადრებში ვნახეთ, ცხადია, არ იყო ძალოვანების მოწყობილი. ეს იყო ქუჩის­ "შპანა" და მათ სწორედ შავი სამყარო მართავს. ცოტა ხნის წინ ქართველი ქურდული ავტორიტეტები გაათავისუფლეს ციხიდან და ასეთ ხალხს ლამაზი თვალების გამო არ უშვებენ - ეს ერთგვარად შეთქმულების თეორიაა, თუმცა იმდენად აუხსნელად ვითარდება პროცესები, იძულებული ვართ ასეთ ფაქტებს მივაქციოთ ყურადღება...

- ივანიშვილთან თავის დროზე დაახლოებული პირები მუდმივად იხსენებენ, რომ ბიძინა მათ ყოველთვის ეუბნებოდა, დასავლეთის იქით გზა არა გვაქვსო და ახლა პუტინმა შეაშინა?

- არის შიშიც, მორჩილებაც, გარკვეული სარგებელიც, თავდაცვაც დასავლეთისგან, სადაც ივანიშვილი, ფაქტობრივად, უკვე პერსონა ნონ გრატაა. გარდა ამისა, მან დაინახა, რომ შეუძლია რუსული იმპერიული სალარო მოიზიდოს საქართველოში­ და ამით იხეიროს. ოფშორების კანონი ამისთვის შემოიტანა, რათა გახდეს რუსული შავი ფულის მოლარე - რამდენიმე მოტივი აქვს და ეს უფრო ართულებს ვითარებას.

- თუ რუსეთიდან მოდის მუქარა, თავის დაცვისთვის ხომ ყველაზე კარგი გზა დასავლეთთან ურთიერთობაა?

- ის აღარ ენდობა დასავლეთს, თორემ დღესაც შეიძლება დერეფანი დაუტოვონ, იმუნიტეტის შეძენა დასავლეთისგან დღესაც შეუძლია, მეორეა ის, რაც გითხარით, რუსული ფული... მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის ფაქტორები, რაც დღეს საზოგა­დოებაში მუშაობს, არასწორი ანალიზი გააკეთა, ახლა კი ჩიხშია და უთხრეს, ახლა შენ გაიწიე და ჩვენ მივხედავთო. ამიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ ბიძინა უკვე ვეღარაფერს აკონტროლებს, თორემ ასე არ შეტოპავდა, რადგან საკმაოდ ფრთხილი ადამიანია.

- არსებობს ვერსია, რომ კობახიძეს ის, ასე ვთქვათ, იზოლაციაში ჰყავს და არავის უშვებს დასალაპარაკებლად.

- ბიძინა ისეთი მარ­ტივი­ ადამიანი არ არის, რომ კობახიძემ მისი იზოლაციაში მოქცევა შეძლოს. ბიძინას თუ ვინმესთან კომუნიკაცია უნდა, ამაში­ კობახიძე ხელს ნამდვილად ვერ შეუშლის. რა თქმა უნდა, შესაძლოა ის შეაცდინეს, ვგულისხმობ ახალგაზრდების დამოკიდებულებას პროცესებისადმი. შარშან რომ შოკი მიიღო ამ ახალგაზრდების აქტიურობის გამო, ეს ფაქტორი მას გათვალისწინებული არ ჰქონდა და გაიცა დირექტივა, რომ ემუშავათ ახალგაზრდებთან. ეს სტუდკავშირები ხომ აქვთ, კომკავშირის ანალოგი, და მათი მეშვეობით დაიწყეს ახალგაზრდებთან "მუშაობა", მისცეს ცოტაოდენი ფული და მათაც დაწერეს ანგარიშები, რომ ყველაფერი კარგად არის. ახალგაზრდებს პოლიტიკა არ აინტერესებთ, ეზიზღებათ ოპოზიცია, გართობაზე არიან ორიენტირებული. მოკლედ, პირობითად, ასი უნივერსიტეტიდან მიუვიდა ანგარიში, რომ ახალგაზრდობა ჩვენია და აღარ გამოვაო. ასი რომ ერთი და იმავეს გეუბნება და სხვა წყარო არა გაქვს, დაიჯერა, რომ ახალგაზრდობა მართლა არ იაქტიურებდა. არადა, ეს ტყუილი აღმოჩნდა და ახალგაზრდობა შარშანდელზე მოძლიერებულია. ასე რომ, ეს გათვლა არასწორი გამოდგა.

- ამ ყველაფერში კობახიძეს რა როლი აქვს?­

- არანაირი როლი არა აქვს. ის მხოლოდ შემსრულებელია, პოლიტიკური სოციოპათია, რომელსაც პაიკივით ათამაშებენ­ და ახლა ამ სისულელეებს აფრქვევს. არავის IQ-ს არ ვზომავ და შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სოციოლოგიური კვლევის დროს ადამიანისთვის IQ-ს ტესტის ჩატარება იმხელა ტყუილია, სასაცილოდაც არ ღირს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისეთი ტყუილი თქვას, როგორიც არის, მაგალითად, ის, რომ მარსელები გვიტევენ ან ხაზარაძეს ბაზა აქვს მთვარეზე და იქ ასაწყობებს იარაღს.

- შეიძლება ამ სქემაში მოაზრებული იყოს, რომ არჩევნებს არ ჩაატარებენ?

- პროცესი ისე ვითარდება, რომ არჩევნებზე ლაპარაკი არასერიოზული მგონია. ჩვენ დღეს გვაქვს უკვე არა პოლიტიკური პროცესის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორის განსაზღვრის პრობლემა. ჩვენ ახლა სხვა განზომილებაში ვართ და თუკი ვითარება განიმუხტება, ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ არჩევნებზე.

- რა განმუხტავს? ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს.

- არ ვიცი, რა გითხრათ. თუმცა მე ოპტიმისტი ვარ და მგონია, მომავალი ყველა­ შემთხვევაში დადგება. ამ ქვეყნის მომავალს ახალგაზრდები განსაზღვრავენ და ახლა ჩვენ მათთვის ქვეყნის გადაბარების პროცესში ვართ. რაც არ უნდა სცემო და აჯანჯღარო, მომავალი ხომ მაინც მოვა, დროს ხომ ვერ გააჩერებ? იმედია, ამ ეტაპს მინიმალური დანაკარგით გავივლით და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი დაამარცხებს წარსულს.

- ოპოზიცია არ ჩანს ამ ყველაფერში და ეს რამდენად კარგია?

- ოპოზიცია ვერ შედის თამაშში და ახლა მაინც უნდა ისწავლოს ჭკუა, ხალხში გავიდნენ და დაარწმუნონ, აიყოლიონ. თბილისში დღეს ყველაფერი გადაწყვეტილია, სადაც "ქოცი" ამომრჩეველი, ჩემი აზრით, აღარ არსებობს. შეიძლება ვიღაც შეაშინონ და ხმა მიაცემინონ, მაგრამ ნატურალური ამომრჩეველი, ვისაც სწამს, რომ "ქოცების" ხელში ხვალ უკეთესად იცხოვრებს, ასეთი ადამიანი აღარ არსებობს თბილისში. ვფიქრობ, "ოცნებას" თბილისი უკვე პირწმინდად აქვს წაგებული. რეგიონებში სხვა სიტუაციაა, იქ ეს პროპაგანდისტული შტურმი მუშაობს, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში. ამიტომ პოლიტიკოსებმა რკინის ქალამნები ჩაიცვან, ჩავიდნენ და იმ ხალხს აუხსნან, რეალურად რა პროცესებთან გვაქვს საქმე.

- მოსახლეობაში ისევ მოქმედებს სააკაშვილის ფაქტორი, ისევ მისი დაბრუნებით აშინებენ, რასაც პირდაპირ ვთქვათ, თავად სააკაშვილი უწყობს ხელს თავისი განცხადებებით. ამის გათვალისწინებით, "ნაცმოძრაობის" როლი როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესებში?

- "ნაცმოძრაობას" თუ რეალურად სურს ხელისუფლების შეცვლა და არა ის, რომ ბიძინა წავიდეს და მიშა მოვიდეს, უნდა გააცნობიეროს, რომ მიშა ვეღარ მოვა. თუ მათი ამოცანაა მიშას მოსვლის გარეშე ბიძინას გასტუმრება, მე ორ რამეს ვურჩევდი: პირველი, მიშამ გააკეთოს განცხადება, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვებს ქვეყანას და არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესში, რათა "ოცნებას" წაერთვას "მიშა მოდის" სპეკულაციის საფუძველი. მეორე - "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გამოაცხადოს, რომ მათ კოალიციური მთავრობის ფორმირების შემთხვევაში არ ექნებათ პრეტენზია ძალოვან სტრუქტურებზე. ეს ორი განცხადებაა საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებას წავართვათ ტვინების გამორეცხვის ბოლო იარაღი და ისევ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი რომ არ გვქონდეს... მეორე საკითხია, გააკეთებს თუ არა ამას ან სააკაშვილი, ან "ნაცმოძრაობა", რადგან­ "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა", მიუხედავად ანტაგონიზმისა, ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ.

"დღეს ყველაზე დიდი საფრთხე არაპროგნოზირებადი ხელისუფლებაა"

ირაკლი მელაშვილი: - ეს ხელისუფლება სულ უფრო მზარდი ტემპით ემსგავსება წინა ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდებით - ესენიც გადავიდნენ დაშინებაზე; დიალოგის ნაცვლად, ესენიც ცდილობენ ჩაახშონ განსხვავებული აზრი; ცდილობენ ახლავე უზრუნველყონ გამარჯვება არჩევნებზე. ამისთვის მოქალაქეები ტერორით უნდა დააშინონ, ძალით გაიტანონ ეს კანონი, ხალხში შექმნან უმწეობის განცდა, რომ არაფერი გამოდის, უნდა შევეგუოთ და, ფაქტობრივად, განადგურებული ოპოზიციის ფონზე მიაღწიონ არჩევნებში გამარჯვებას. ეს არის ამათი ამოცანა, ზუსტად ის, რაც 2008-09 წლებში გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ", როდესაც თავზე გადაგვალეწა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები და მერე, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგების დაცვა ვერ შეძლო, აღარ გასჭირვებია საპარლამენტო არჩევნების მოგება. ხელისუფლებასთან ბრძოლაში დამარცხებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ფონზე სურს "ოცნებას" არჩევნებზე წავიდეს. ეს კი ხელს შეუწყობს რომ ქვეყანაში განუკითხაობა დამყარდეს და ხელისუფლებას რაც უნდა, მხოლოდ ის ხდებოდეს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყოველივეში აშკარად ჩანს სპეცსამსახურების ხელი - შეუძლებელია აქციების მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების მასობრივად გასაჯაროება, ვიღაცებისთვის გადაცემა და დარეკვა სპეცსამსახურების გარეშე ხდებოდეს.

- ის, რომ საერთაშორისო საზოგადოების აზრი ხელისუფლებისთვის აღარ არის ანგარიშგასაწევი, პროცესებზე რა გავლენას მოახდენს?

- ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ასწიოს თამასა, იმის ჩვენება სურს, რომ არავის არ დაემორჩილება, თუკი ვინმე ხელს შეუშლის მის ხელისუფლებაში დარჩენას. ამისთვის მიდის არჩევნების წინ ეს ბრძოლა. ხელისუფლება ერთადერთ საფრთხეს ხედავდა იმაში, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამათ გამარჯვებას არჩევნებში ეჭვქვეშ დააყენებდნენ. ამიტომ ცდილობენ ლეგიტიმაციის პრობლემა არ შეექმნათ და ამისთვის ფრიად უცნაური და უტვინო­ გზა აირჩიეს. კობახიძემ რომ დაწერა თავიანთ მაღალ IQ-ზე, ეს გზა, პირიქით, სწორედ ძალიან დაბალი IQ-ს მაჩვენებელია. გადაწყვიტეს, ხელის ერთი მოსმით მოსპონ ყველა ის სტრუქტურა, რომლებიც შეიძლება­ არჩევნებს დააკვირდეს და კრიტიკული შენიშვნები დაწეროს. ყველა, ვინც მათ არ ეთანხმება, აგენტებად უნდა გამოაცხადოს. თუმცა, ჩემი აზრით, არათუ თავისი პრობლემა გადაჭრეს, სათუო გახადეს თავიანთი მმართველობის ლეგიტიმაცია, რადგან პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ადგილი აღარ რჩება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორისთვის, მედიისთვის, იმ აქტორებისთვის, რომლებიც არ მუშაობენ ხელისუფლების დაფინანსებით, ეს არის უკვე ავტორიტარული სისტემა და მას არ ექნება დემოკრატიული ქვეყნებიდან ლეგიტიმაცია. თუ ვინმეს ჰგონია, ევროკავშირი საქართველოს გარეშე ვერ იარსებებს და ბრიუსელსა და პარიზში ვერ დაიძინებენ, ჩვენ თუ არ მიგვიღეს, ძალიან ცდებიან. ბევრი მეგობარი გვყავს და ცდილობენ ხელი შეგვიწყონ, რადგან ჩვენი ევროინტეგრაცია კარგი იქნება, მაგრამ ეს არ არის ისეთი მუდმივა, რომელიც არასდროს შეიცვლება, რომ ყველაფერს გავაფუჭებთ და ევროკავშირი მაინც იძულებული იქნება მიგვიღოს. ჩვენი პრობლემები ჩვენი მოსაგვარებელია და ის, რომ ჩვენ არ გვივარგა პოლიტიკური სპექტრი, ის, რომ გვყავს უვარგისი პოლიტიკური პარტიები და წარმოდგენა არა გვაქვს, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, საერთოდ როგორ უნდა მოვახდინოთ სისტემის რეფორმირება, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავიდან ავიცილოთ ყოველ რამდენიმე წელიწადში დიდი კრიზისები და დაპირისპირება, ეს არის ჩვენი პრობლემა. ეს ჩვენი მოსავლელია, არავინ არ ჩამოვა და ამ საკითხს არ გადაგვიჭრის.

- ის, რაც დღეს ხდება, რა გავლენას იქონიებს არჩევნებზე?

- ძალიან მძიმე არჩევნები იქნება. არ ვიცი, ვინ ურჩია და რატომ, მაგრამ ყოველგვარ ლოგიკას არის გაცდენილი ის, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. ყველა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ "ოცნებას", ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება, დღეს კი მტრად მოიკიდეს ათიათასობით ჩვენი მოქალაქე. უკვე, ალბათ, ასიათასობითაც, რადგან ახალგაზრდობას უკვე შეუერთდნენ მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც ურეკავენ, ლანძღავენ და ემუქრებიან. "ოცნება" პირდაპირ ამბობს, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერიაო, და როდესაც ასე გექცევიან, შენც იძულებული ხდები, ისე მოექცე, როგორც მტერს. გამოდის, ამ ხელისუფლების შეცვლა ასიათასობით ადამიანისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ხდება. ხელისუფლებამ ისე დააყენა საკითხი მუქარებითა და ძალადობით, რომ თუ მე არ შევცვალე ეს ხელისუფლება, გამოდის, ან ქვეყანა უნდა დავტოვო, ან გამანადგურებენ და, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ტემპერატურა მაქსიმალურად აიწევს. რაც მთავარია, უამრავი მოქალაქე, რომლებიც პოლიტიკური პროცესის მიმართ ინდიფერენტული იყო და ხელისუფლებამ გამოაღვიძა და ძალიან დიდი ნაწილი თავის წინააღმდეგ განაწყო.

- არჩევნებამდე პროცესების განვითარების რა სცენარებია მოსალოდნელი? თუ არის საფრთხე, რომ ვითარება ისე დაიძაბოს, არჩევნები აღარ ჩატარდეს?

- დღეს ყველაზე დიდი საფრთხე არაპროგნოზირებადი ხელისუფლებაა, რომელიც უპირველესად აზიანებს საკუთარ თავს და, რაც მთავარია, ქვეყანას. ხელისუფლებას ეგონა, ენჯეოები საზოგადოებაში არაპოპულარულიაო და მათ დასაცავად ხალხი არ გამოვიდოდა. ახლა ვინც გამოვიდა, ჰგონიათ, ლომჯარიასა და გიგაურის დასაცავად არიან გამოსული? ასე ცდილობენ გაასაღონ, მაგრამ ამან არ იმუშავა, რადგან ამ ადამიანების, მგონი, 90%-ზე მეტმა არც იცის, ვინ არის გიგაური თუ ლომჯარია. ისინი იცავენ საკუთარ თავისუფლებას და ამას ვერ ხვდება ხელისუფლება. ჩვენს ხალხს სურს იცხოვროს თავისუფლად, ჩვენი ახალგაზრდები ამისთვის იბრძვიან. ამ ბრძოლაში კანონსაც კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ისინი ხედავენ მთავარს - ხელისუფლებას სურს მათი თავისუფლების შეზღუდვა და სულაც არ არის აუცილებელი, ქუჩაში ვინც გამოდის, "ენჯეოშნიკი" იყოს. ადამიანებმა­ დაიწყეს საქართველოში სხვისი უფლებების დაცვა, რათა მათი უფლებებიც არ იყოს შელახული. ეს ძალიან კარგია ანუ ვყალიბდებით ნორმალურ საზოგადოებად. ხალხი ქუჩაში­ რომ გამოვიდა, ხელისუფლებამ იფიქრა, თვითონაც გამოიყვანდა და ამის შეეშინდებოდათ ახალგაზრდებს, მაგრამ მოტყუვდნენ. მერე იფიქრეს, დარბევების შეეშინდებოდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დარბევების კი არა, დახვედრებისა და ცემა-ტყეპისაც არ ეშინიათ. ამის მერე რა სისულელეს გააკეთებენ, არ ვიცი. ყველა გათვლა გაუფუჭდათ, აუცდათ რეალობას.

- კობახიძემ მედიასთან შეხვედრაზე თქვა, რომ ვეტოს დაძლევის პროცესში შეიძლება დაიხიონ უკან. რაზე შეიძლება წავიდნენ, რომ სიტუაცია დაწყნარდეს?

- ამისთვის ბევრი გზა არსებობს. თუნდაც ის, რომ ვეტოს კი არ დაელოდონ, არამედ მესამე მოსმენით მიღება გადადონ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. ეს განმუხტავს დაძაბულობას. თუმცა, ცხადია, ისევ არის იმის საშიშროება, რომ ხელისუფლება ისევ იცრუებს, რადგან არაერთხელ უთქვამს ტყუილი. მაგრამ, მგონი, ამას არ გააკეთებენ, რადგან ახლა მათი ამოცანაა, წელში გადაამტვრიონ სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ. ოპოზიცია კი უკვე წელში გადამტვრეული ჰყავდა.

- ოპოზიცია ახლა ჩამოშორებულია პროტესტის სათავეს და ეს რას ცვლის? ეს ხომ არის რადიკალურად სხვა პროცესი და არჩევნებისთვის რა დღის წესრიგს ჩამოაყალიბებს? რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?

- ის, რომ ოპოზიცია არ არის ამ პროტესტის სათავეში, ძალიან კარგია. კი, საზოგადოებას არ მოსწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოსწონს. გვახსოვს წინა აქციები, როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიკროფონთანაც არ მიუშვეს. ყველა ხელისუფლება პროტესტის დროს ახერხებდა აქციების ორგანიზატორებთან გარიგებას და ახლა ამ აქციებს ასეთი ორგანიზატორი არა ჰყავს. ისიც კი არ იციან, გარიგებაზე ვისთან უნდა წავიდნენ. თუმცა მეორე საკითხია, რომ მე ქუჩაში ვდგავარ, არ მოვდივარ შენთან გარიგებაზე და ვითხოვ ამ კანონის გაწვევას, შენ კი არ იწვევ და მერე ეს რაში გადაიზრდება, კაცმა არ იცის. სიტუაცია ნამდვილად ძალიან უცნაურია და განსაკუთრებით ქართული რეალობისთვის. ეს ძალიან ემსგავსება ევროპულ პროტესტს, "ყვითელი ჟილეტების" გამოსვლებს. თუ ახალგაზრდებმა გაქაჩეს, სლენგი რომ გამოვიყენოთ, აქციები გაგრძელდება, ალბათ, მაქსიმუმ ივნისამდე და მერე რა ხდება? ზაფხულში აქციებს აზრი არა აქვს, რადგან პარლამენტი მუშაობას წყვეტს. შემოდგომისთვის რა იქნება? არჩევნებზე მივდივართ ქუჩაში აქციებით თუ ქუჩაში ხალხი აღარ გამოვა, რადგან ხელისუფლებამ გატეხა სამოქალაქო წინააღმდეგობა? ამ დროს ოპოზიცია რას შვრება, გაუგებარია, რადგან ვერ ვხედავ ოპოზიციის ქმედებაში ვერც ტაქტიკას და ვერც ცვლილებას, არ ეტყობათ, რომ არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადებიან. ამიტომაც დღეს ყველაფერი დამოკიდებულია არა პოლიტიკოსებზე, არამედ ჩვენს ახალგაზრდებზე.

რუსა მაჩაიძე