„ძალიან ცოტა გვაშორებს სამოქალაქო დაპირისპირებას“ - კვირის პალიტრა

„ძალიან ცოტა გვაშორებს სამოქალაქო დაპირისპირებას“

ანალიტიკოს გიორგი გობრონიძის განმარტებით, ქართულ პოლიტიკას ნულოვანი ჯამის თამაში ახასიათებს, რაც ნიშნავს, რომ მხარეები ფსონად ჩამოდიან ყველაფერს, რაც გააჩნიათ. შესაბამისად, გამარჯვებული იღებს ყველაფერს, დამარცხებული განადგურდება...

- ვერ ვიტყვით, რომ მმართველი ძალა განცალკევებულად დგას, საზოგადოების გარეშე, მხარდამჭერები "ოცნებასაც" ჰყავს.­ თანამშრომლო­ბის ნაცვლად პირდაპირი და ეტაპობრივი რადიკალიზაციის მომსწრენი გავხდით, რამაც შეგვიყვანა ისეთ ჩიხში, საიდანაც უკვე ძალიან ცოტა მანძილი გვაშორებს სამოქალაქო დაპირისპირებას. მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდა­ და ამის გამო გუნდის გადახალისებამაც კი მოუწია, მაინც ასე დაუფიქრებლად შემოაბრუნა კანონპროექტი. შარშანდელი მარცხი იმით ახსნეს, რომ თურმე ხალხს სწორად ვერ აუხსნეს ამ კანონის არსი. და ამჯერად ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდათ?! ამბობენ, რომ ამ კანონის მიზანია გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, მაგრამ საკმარისია გამჭვირვალობის მისაღწევად ის სტანდარტი, რომელსაც კანონი აწესებს? საჭიროა "უცხოური გავლენის მქონეთა" სტატუსით დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები? რეალურად, მთავრობა პრობლემას ხედავს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, არადა, ქვეყანაში 35 000-მდე არასამთავრობოა, საიდანაც აქტიური შეიძლება მხოლოდ 14 000 იყოს. საჭიროა კი ამხელა მასის დარეგისტრირება ახალ რეესტრში? 90-იან წლებში სწორედ ასეთმა სიჯიუტემ და უკომპრომისობამ დაგვაკარგვინა ტერიტორიები, მიგვიყვანა სამოქალაქო ომამდე. არ მინდა დავიჯერო, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ნანგრევების მართვის სურვილი აქვს... რაც პროტესტი დაიწყო, ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ორივე დაპირისპირებულ მხარეს აძლევდა შეშფოთების საფუძველს. გასაგებია, პოლიციელებმა არაერთხელ გადაამეტეს უფლებამოსილებას, მაგრამ არც მეორე მხარე იყო მართალი, როდესაც სპეცრაზმელებისა და მმართველი გუნდის ლიდერების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება დაიწყეს. ეს საგანგაშო სიგნალი იყო, ე.ი. ხალხი არ ენდობა­ სამართა­ლდამცავ სისტემებს. თუ ვინმე ფლობდა ინფორმაციას ძალის გადამმეტებელი პოლიციელების შესახებ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მიეწოდებინა. ძალიან მაინტერესებს, რა ხდება იმ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებში, სადაც ასეთი­ ადვილია განსაკუთრებული დეპარტამენტის თანამშრომლების იდენტიფიცირება, მათი პირადი მონაცემების ამოღება­ და გასაჯაროება, როდესაც ნებისმიერს შეუძლია ქალაქის მერის და პრემიერის ტელეფონის ნომრის მოპოვება და გავრცელება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სერიოზულ მოდერნიზებას საჭიროებს. ტელეფონის ნომრების გასაჯაროებას უკვალოდ არ ჩაუვლია - ამის შემდეგ დაიწყო მოქალაქეებთან მასობრივად რეკვა და ლანძღვა-გინება. დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შავ სიებს­ ატოლებენ. ხალხს ურეკავენ, ფსიქოლოგიურად ძალადობენ, სცემენ. თუ ეს მმართველმა გუნდმა წაახალისა, გამოდის, ხელისუფლებამ ფუნქცია დაკარგა და თავისი უფლება გაურკვეველ ჯგუფებს გადააბარა. ეს ვინმეს უბრალო რამე ხომ არ ჰგონია?!

- დავუშვათ, რომ ეს პროცესი ხელისუფლების წაქეზებული არ არის?

- მთლად უარესი! ესე იგი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ მშვიდობას და მიდის უკონტროლო ძალადობა. თუმცა პასუხისმგებლობა ეკისრება მეორე მხარესაც. აუცილებელია პროცესები დაბრუნდეს ლეგიტიმურ ჩარჩოებში. ასევე უმნიშვნელოვანესია, დაპირისპირებაში ჩართულმა ყველა მხარემ შიში დასძლიოს.

- რას გულისხმობთ?

- ქვეყანაში ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ყოველთვის რეპრესიები იწყება. ამის შიში დღევანდელ ხელისუფლებაშიც ბევრს აქვს. ამბობენ, რომ ოპოზიციაში­ აქვთ შავი სიები, დარწმუნებული არიან, რომ ამ სიებში თავადაც არიან და როგორც კი ძალაუფლებას დაკარგავენ, მაშინვე დევნის ობიექტები გახდებიან.

- მათი შიში საფუძვლიანია?

- საფუძვლიანია. საქართველოში ჯერ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უნახავს ხელისუფლების განსხვავებულად გადაბარების ფაქტი. 35-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ყველა ხელისუფალი ცდილობდა ძალაუფლების განმტკიცებას დემოკრატიული პროცესების შეფერხების ხარჯზე. გამსახურდიას კი არაფერი არ დასცალდა, მაგრამ მის დროს ასეთი ნარატივი იყო - "ჯერ თავისუფლება და მერე დემოკრატია", შევარდნაძის დროს - "ჯერ სტაბილურობა და მერე დემოკრატია", სააკაშვილის დროს - "ჯერ მოდერნიზაცია და მერე დემოკრატია". "ქართული ოცნება" კი ხალხს ჯერ "სისხლიანი რეჟიმის" მობრუნებით ემუქრებოდა, მერე ლოზუნგი "არ აგარევინებთ" მოიგონეს. პრაქტიკულად, ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, ჩვენი პოლიტიკური კულტურის რეფლექსია.

- ტემპერატურის მომატებასთან ერთად საგარეო პოლიტიკური რისკებიც ხომ იზრდება?

- ხელისუფლება აშკარად იზოლაციონისტურ პოლიტიკას ეწევა. პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი პირით თქვა, რომ ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, რადგან ამის დრო არა აქვს. არადა, პოლიტიკური კრიზისის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მედიაცია. თუ "ქართული ოცნება" ასე გააგრძელებს, აუცილებლად წააგებს, არჩევნებიც რომ მოიგოს, მაინც წააგებს, იმიტომ, რომ ძალაუფლების აბსოლუტური კონსოლიდაციის შედეგი დიქტატურაა. ეს კი უდიდესი უბედურებაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც და იცით, რატომ? იმიტომ, რომ დიქტატურა საბოლოოდ საკუთარ შემოქმედს ანადგურებს. ჩვენ უკვე ორჯერ შევცვალეთ ხელისუფლება რევოლუციური სცენარით - ერთხელ შევარდნაძე მივიღეთ, მეორედ - სააკაშვილი. ყველა პოსტრევოლუციური მთავრობა პოსტრევოლუციურ ეიფორიაში­ ვარდება და იწყებს იმ სახიფათო გზაზე სიარულს, რომელზეც უკვე ორჯერ წავიმტვრიეთ ცხვირი. ამიტომ მოვუწოდებ ორივე მხარეს, კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღონ. ეს ე.წ. რუსული კანონი მაინც ვერ ამოქმედდება არჩევნებამდე, ძალიანაც რომ მოინდომონ, შეიძლება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აამოქმედონ, ამიტომ იქნებ ჯობს 2024 წლის პარლამენტმა იმსჯელოს ამ კანონზე. თუ არჩევნებს მოიგებენ, მაშინ ამ კანონს უფრო მარტივად მიიღებენ, თუ დამარცხდებიან, მაშინ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი რეალიზდება ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. საქართველოში ყველა წინასაარჩევნო პერიოდის წინ პრეაპოკალიფსური სცენარი იქმნება. ახლაც ამ რეალობაში ვცხოვრობთ. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, თორემ ერთ დღესაც ქვეყანას დავკარგავთ.

ხათუნა ბახტურიძე