"საკვანძო ფიგურების "რეზერვუარში" გადასროლილი შოიგუ და ეკონომისტი ბელოუსოვი თავდაცვის მინისტრად - პუტინის "ინოვაციური" მოლოდინები და ილუზია - რას წერს მსოფლიო პრესა - კვირის პალიტრა

"საკვანძო ფიგურების "რეზერვუარში" გადასროლილი შოიგუ და ეკონომისტი ბელოუსოვი თავდაცვის მინისტრად - პუტინის "ინოვაციური" მოლოდინები და ილუზია - რას წერს მსოფლიო პრესა

უცხოური პრესა ფართოდ აშუქებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის მთავრობაში საკადრო ცვლილებების თაობაზე, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან სერგეი შოიგუს გათავისუფლებისა და მის ნაცვლად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნის შესახებ. სერგეი შოიგუ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინმა იშვიათი საკადრო გადაადგილება განახორციელა - შეცვალა თავდაცვის მინისტრი“ (ავტორები პოლ სონი და ანტონ ტროიანოვსკი), რომელშიც ნათქვამია:

„ვლადიმერ პუტინმა კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალი სერგეი შოიგუ ეკონომისტით - ანდრეი ბელოუსოვით შეცვალა. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პირველი მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილება, უკრაინაში შეჭრის შემდეგ - ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას შეეხო. ვლადიმერ პუტინმა ამით იმ განზრახვის დემონსტრირება მოახდინა, რომ მას სურს, სამხედრო ძალისხმევას მდგრადი ეკონომიკური საფუძველი ჰქონდეს.

ამასთან, სერგეი შოიგუს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი თავის ძველ მეგობარს უახლოეს გარემოცვაში ინარჩუნებს, თუმცა მას, მინისტრობისგან განსხვავებით, პირდაპირი უფლებამოსილება აღარ ექნება. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკოლაი პატრუშევს, რომელიც ასევე პრეზიდენტის ახლო თანამებრძოლია, ჯერ კიდევ სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სტრუქტურებიდან, მისი ბედის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ანდრეი ბელოუსოვი, განათლებით ეკონომისტი, რუსეთის პირველი ვიცეპრემიერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს და დიდი ხნის განმავლობაში ითვლება ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო ეკონომიკურ მრჩევლად. როგორც კრემლმა განაცხადა, მზარდი თავდაცვითი ბიუჯეტი ითხოვს, რომ თავდაცვის სამინისტროს ეკონომიკურად განათლებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხელმძღვანელობდეს. სწორედ ანდრეი ბელოუსოვი გადააქცევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „უფრო ღია და გახსნილ სისტემად, ინოვაციების განსახორციელებლად“.

ვლადიმერ პუტინის მხრიდან მინისტრთა კაბინეტში მომხდარი ცვლილებები საკმაოდ იშვიათ ნაბიჯს წარმოადგენს - რუსეთის პრეზიდენტი, როგორც წესი, თავს არიდებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, ამიტომ გუშინდელი მოვლენები შეიძლება შემობრუნებით მომენტად იქცეს უკრაინასთან ომში, რომელიც ორ წელზე მეტი ხანია, გრძელდება.

პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას ჩამოაშორა ისეთი ადამიანი, რომელსაც რუსი მიმომხილველები, ომის „ქორები და მხარდამჭერები“ და დასავლელი ანალიტიკოსები თვლიან საკმაოდ პასუხისმგებელ პიროვნებად იმ მრავალრიცხოვანი წარუმატებლობისათვის, რომელიც მოსკოვმა ომის პერიოდში განიცადა. თავდაცვის მინისტრად ეკონომისტის დანიშვნით ვლადიმერ პუტინმა ჩუმად აღიარა ეკონომიკური ძლიერების მნიშვნელობა ნებისმიერი სამხედრო გამარჯვებისათვის.

გავიხსენოთ, რომ სერგეი შოიგუს სავარაუდო გადადგომის შესახებ ხმები ომის პირველი კვირების შემდეგ გაისმა, როცა რუსეთის არმია სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მოგვიანებით დაიწყო სერგეი შოიგუსა და „ვაგნერის“ ხელმძღვანელის - სერგეი პრიგოჟინის დაპირისპირება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ვლადიმერ პუტინი, რომელიც აფასებს ლოიალობას და ძველ მეგობრობას, სერგეი შოიგუს მიმართ ერთგული დარჩა.

ახლა, როცა რუს სამხედროებს უპირატესობა აქვთ ბრძოლის ველზე, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოავლინა საკადრო ცვლილებებისათვის. იგი ამით აჩვენებს, რომ რუსეთს აქვს შესაბამისი დისციპლინა და ეკონომიკური პოტენციალი ხანგრძლივი ომის წარმოებისათვის. სხვათა შორის, სერგეი შოიგუს თავზე ღრუბლები გასულ თვეში გამოჩნდა, როცა რუსმა სამართალდამცველებმა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე დააკავეს, კორუფციის ბრალდებით.

გაურკვეველია, თუ რა გავლენა ექნება სერგეი შოიგუს ომის მიმდინარეობაზე. მართალია, მისი ახალი თანამდებობა თითქმის ანალოგიურია, რაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლისა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, პუტინის რუსეთში ეს თანამდებობა შეზღუდული გავლენის მქონე პოსტს წარმოადგენს, რამდენადაც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების ორგანოებს არ აკონტროლებს.

„სერგეი შოიგუ საკმაოდ დიდი კაცია და ამიტომ ის იმ მდგომარეობაში არ ჩავარდება, რომ მუხლებზე დაეცეს“, - აღნიშნავს ალექსანდრე ბაუნოვი, აშშ-ის კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, - "მაგრამ თავის ახალ ამპლუაში სერგეი შოიგუ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც რეალური უფლებამოსილება და ბიუჯეტი არ აქვს“.

ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც 2020 წელს, ვიცეპრემიერად დანიშვნამდე, კრემლის ეკონომიკური მრჩეველი იყო, მთავრობის იმ ეკონომიკურ ბლოკს მიეკუთვნება, რომლის მიერ შემუშავებულმა ანტისანქციურმა პროგრამამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. კრემლმა პოზიტიურად შეაფასა ეკონომისტების ოპერატიული რეაგირება დასავლურ სანქციების მიმართ, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით. უშიშროება-უსაფრთხოების სამთავრობო ბლოკი კი პირიქით - „რეპრესიების ქვეშ მოექცა“, რადგან რუსი მაღალჩინოსანი სამხედროები ომის პირველ თვეებში მცდარ სტრატეგიას ახორციელებდნენ და წარუმატებლობა განიცადეს.

(წყარო)

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინმა შოიგუს შეცვლა მხოლოდ პრეზიდენტობის მეხუთე ვადის დაწყების დროს გადაწყვიტა“ (ავტორები - ქეთრინ დევისი, სემ კულება), რომელშიც კომენტირებულია რუსეთის მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

როგორც აშშ-ის კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი - ტატიანა სტანოვაია ამბობს, „სერგეი შოიგუს დანიშვნა რუსეთის უშიშროების საბჭოში იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერი ამ სტრუქტურას მიიჩნევს როგორც "რეზერვუარს“ თავისი საკვანძო ფიგურებისათვის, ანუ იმ ადამიანებისათვის, რომელთა მთლიანად გაშვება არ სურს, მაგრამ არც მათი უსაქმოდ დატოვება უნდა“.

ბევრი თვლის, რომ სერგეი შოიგუმ მთავარი როლი შეასრულა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. როგორც ცნობილია, კრემლი იმედოვნებდა, რომ რუსეთის ჯარები სწრაფად დაამარცხებდნენ უკრაინის რიცხოვნობით მცირე და ნაკლებად ძლიერ არმიას, ხოლო უკრაინელები რუსეთის ჯარებს ხელგაშლით შეხვდებოდნენ. ამის ნაცვლად, ომმა უკრაინის ხელისუფლება და ხალხი წინააღმდეგობის გაწევისათვის დარაზმა, თავდაცვისათვის განაწყო და რუსეთის ჯარებს ერთობ დამამცირებელი დარტყმები მიაყენა. ფართოდ რეკლამირებული რუსეთის სამხედრო ძლევამოსილება სამარცხვინო უკანდახევით შეიცვალა კიევის მისადგომებიდან და ხარკოვის ოლქიდან.

სერგეი შოიგუმ, რომელიც თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე 20 წელი სულ სხვა პროფილის მქონე სტრუქტურას ხელმძღვანელობდა - საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, გენერლის წოდება სწორედ იმდროინდელი სამსახურის დროს მიიღო.

როგორც ბრიტანელი პოლიტოლოგი და რუსეთის სპეციალისტი მარკ გალეოთი აღნიშნავს, „სერგეი შოიგუ ახალ თანამდებობაზე ისეთი რეპუტაცია და ავტორიტეტი არ ექნება, როგორც მის წინამორბედს ნიკოლაი პატრუშევს, თუმცა იმ თანამდებობას, რომელიც ახლა შოიგუს უკავია, პატრუშევი ცდილობდა მეორეხარისხოვანი ბიუროკრატიული პოსტიდან უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ექს-თავდაცვის მინისტრს გარკვეული გავლენა მაინც ექნება: საიდუმლო მასალები, რომელიც პრეზიდენტს მიეწოდება, შოიგუს ხელში გაივლის“ (წყარო).

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (გამოდის ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინმა თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურების ხელმძღვანელები შეცვალა“ (ავტორები გებრიელ გევინი და ევა ჰარტოგი), რომელშიც ციტირებულია ბრიტანელი ექსპერტების თვალსაზრისები და მათ მიერ გაკეთებული კომენტარები.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

როგორც სამხედრო დაზვერვის და ნატოს დაგეგმვის ყოფილი სპეციალისტი ფილიპ ინგრემი ამბობს, „ვლადიმერ პუტინის ნაბიჯი შესაძლებლობას აძლევს მას სერგეი შოიგუ ისევ გვერდით ჰყავდეს და იმავდროულად იმედი ჰქონდეს, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი რუსულ სამხედრო უწყებაში არსებულ კორუფციას ბოლომდე გამოავლენს. გარდა ამისა, ანდრეი ბელოუსოვი ინოვაციებს განახორციელებს, რაც ბრძოლის ველზე გამარჯვებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“.

ბრიტანელი თავდაცვის მინისტრის გრანტ შეპსის აზრით, სერგეი შოიგუს, როგორც მრავალწლიანი ჩინოვნიკის მემკვიდრეობა იმაში გამოიხატება, რომ მას პასუხისმგებლობა ეკისრება 350 ათასი რუსი ჯარისკაცის სიკვდილში და სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვაში, უკრაინაში შეჭრის გამო“ (წყარო).

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ ტაიმსი“ (Financial Times) ბეჭდავს სტატიას - „პუტინმა უშიშროებისა და თავდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელობაში მოულოდნელი ცვლილებები მოახდინა“ (ავტორი - მაქს სედონი), რომელშიც ასეთი კომენტარია გაკეთებული:

„ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებული ცვლილებები ნიშნავს ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან ცვლილებას ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თანაც - საომარი მოქმედებების ფონზე. ეკონომისტ ანდრეი ბელოუსოვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით კრემლის მიზანია, როგორმე ეფექტიანად შეამციროს უზომოდ გაზრდილი სამხედრო ხარჯები, რომელიც რუსეთის ეკონომიკისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს (მიმდინარე წელს ბიუჯეტის სამხედრო ხარჯებში რეკორდული თანხაა გამოყოფილი - 118,5 მილიარდი დოლარი).

სერგეი შოიგუ ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში ხელშეუხებელ ფიგურას წარმოადგენს - ისინი მეგობრები არიან და ერთად ატარებდნენ შვებულებებს ტუვაში, შოიგუს სამშობლოში. სერგეი შოიგუმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „პრიგოჟინის ამბოხების“ განეიტრალებაში.

თუმცა მეგობრობა - მეგობრობად, მაგრამ უკრაინასთან ომში სერგეი შოიგუმ და მისმა პროტეჟემ - რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა „მოიკოჭლეს“ - ბევრი წარუმატებლობა განიცადეს ბრძოლის ველზე. გარდა ამისა, კრემლი შეშფოთდა თავდაცვის უწყებაში კორუფციის მაღალი დონით“.

(წყარო)

უცხოური პრესის მიმოხილვა მოამზადა სიმონ კილაძემ