შოიგუს 12-წლიანი "ომის მინისტრობა" დასრულდა, თუმცა... - კვირის პალიტრა

შოიგუს 12-წლიანი "ომის მინისტრობა" დასრულდა, თუმცა...

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის „ომის მინისტრს“ - შოიგუს 9 მაისს წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის მიღება კი დააცადა, მაგრამ რამდენიმე დღეში ახალ მინისტრთა კაბინეტს მისი კანდიდატურა აღარ წარუდგინა...

შოიგუ 2012 წლის 6 ნოემბრიდან იკავებდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პოსტს - ამდენ ხანს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სავარძელში სხვა არავინ მჯდარა, რაც პირველ რიგში, განპირობებული იყო მისი პუტინისადმი ერთგულებითა და მორჩილებით, თუმცა მიუხედავად ამისა, უკვე მერამდენედ, „პრეზიდენტად კურთხეულმა“ პუტინმა მისი ჩანაცვლება მაინც განახორციელა.

ამით პუტინმა, ფაქტობრივად, შეასრულა სწორედ იმ პრიგოჟინის მოთხოვნა, რომელმაც გასულ წელს მოსკოვისკენ „ვაგნერის არმია“ დაძრა, თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენშტაბის უფროს გერასიმოვისთვის „ჭკუის სასწავლებლად“, რომლებსაც „ვაგნერის“ შემქმნელი უდიდეს კორუფციაში სდებდა ბრალს...

მართალია, პრიგოჟინი ვეღარ ეღირსა შოიგუს მოხსნას - ის ციდან „ჩამოიღეს“, მაგრამ მისი ბრალდებები გარკვეულწილად დადასტურდა კიდეც, როდესაც ა.წ.-ის 23 აპრილს შოიგუს მისი მოადგილე - ტიმურ ივანოვი კორუფციის ბრალდებით თავისსავე კაბინეტში დაუპატიმრეს...

2-shsh-1715584110.png
"რუსეთის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაგვყავს, „ომის გამოფიტვამდე“ საწარმოებლად", - პუტინი ახალ თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელოუსოვს...

ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ შოიგუ დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდა თავდაცვის მინისტრის სავარძელს და ორიოდე კვირაში ასეც მოხდა, რადგან ივანოვი სწორედ შოიგუს ერთგული კადრი გახლდათ და ვერავინ დაიჯერებს, რომ უზარმაზარი რუსეთის არმიის მომარაგებაჩაბარებული ივანოვი „მოტეხილ“ ასეულობით მილიონ რუბლს თავის ზემოთ მდგომს არ უყოფდა.

თუმცა პუტინმა შოიგუ ბოლომდე არ გაწირა და ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, რაც ავტორიტეტულად კი ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში, ერთგვარი საპენსიო თანამდებობაა, რომელიც ბევრს ვერაფერს წყვეტს, რაზეც მეტყველებს თუნდაც რუსეთის ექსპრეზიდენტის, მედვედევის ბედი - ის კი იკავებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, პუტინის მოადგილის პოსტს, მაგრამ, ძირითადად, ინტერნეტსივრცეში უაზრო პოსტების წერითაა დაკავებული, რომლების წერის შემართება მორიგი „ზაპოის“ შემდეგ ეწყება.

აგრესორ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფი უკრაინელების დიდ ნაწილს გაუხარდებოდა კიდეც შოიგუს მოხსნა, მაგრამ ის, ვინც მის ადგილზე მოვა, ბევრად უფრო საშიში გახდება უკრაინისთვის და - არა მარტო...

პუტინმა მინისტრთა კაბინეტს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც წინა მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

წესით, ეს მისთვის ჩამოქვეითებას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ აქ საქმე ბევრად უფრო რთულადაა - შეიძლება, სწორედ ბელოუსოვის დამსახურებაცაა, რომ ათასნაირი დასავლური სანქციის დაწესების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა, რასაც დასავლელი ეკონომიკის ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ.

პუტინი ძალიან ენდობა ბელოუსოვს და მისი გადაყვანით თავდაცვის სამინისტროში, კრემლი დასავლეთს ღიად ამცნობს - რუსეთი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის ანუ „ომისთვის გამოფიტვამდე“, რუსეთის ეკონომიკა სამხედრო ლიანდაგებზე გადაჰყავს, რისთვისაც რუსეთის თავდაცვის მინისტრად ნიშნავს იმ სამოქალაქო პირს, რომელსაც უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა „ომის ეკონომიკის“ მართვისას, ამასთან, ახალ თავდაცვით მინისტრს - ბელოუსოვს, ალბათ, დაევალება შოიგუ-ივანოვის კორუფციული კლანის ნარჩენების ლიკვიდაცია რუსეთის მთავარ თავდაცვით უწყებაშიც...