"გურამ რჩეულიშვილს სახე, პირის აპარატი დაზიანებული აქვს, გატეხილი აქვს ცხვირი - ეს ცალკეული პოლიციელის გადაცდომა არ არის, ეს არის სისტემური დანაშაული" - კვირის პალიტრა

"გურამ რჩეულიშვილს სახე, პირის აპარატი დაზიანებული აქვს, გატეხილი აქვს ცხვირი - ეს ცალკეული პოლიციელის გადაცდომა არ არის, ეს არის სისტემური დანაშაული"

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პროდიუსერ გურამ რჩეულიშვილს სამართალდამცავებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

როგორც ბასილაია „ინტერპერსნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რჩეულიშვილს სახის არეში სისხლჩაქცევები აქვს, ამასთან, გატეხილი აქვს ცხვირიც.

„გურამ რჩეულიშვილი იყო მშვიდობიანი დემონსტრანტი, ის აქციაზე მშვიდობიანად იმყოფებოდა, მის ქმედებაში არანაირი სამართალდარღვევის ნიშანი არ იყო, ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებიც უკვე ბანდიტურ დაჯგუფებად იქცნენ, ხელი სტაცეს, უკანონოდ დააკავეს, თავიანთ რიგებში შეითრიეს, სადაც უმოწყალოდ სცემეს. გურამ რჩეულიშვილს მრავლობითი დაზიანება აქვს როგორც სახის არეში, ასევე ტანზე. მას სახეზე სისხლჩაქცევები აქვს, ასევე ცხვირი აქვს გატეხილი, პირის აპარატი დაზიანებული. ეს ინდივიდუალური პოლიციელის გადაცდომა არ არის, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელშიც ჩართული იყო არაერთი პირი და ეს ყველაფერი წაქეზებულია პრემიერად წოდებული კობახიძის და შს მინისტრად მოვლენილი გომელაურის განცხადებებით, როცა ამბობენ, რომ პოლიციელებს, თურმე, ხელი წაუცდათ, ნერვებმა უმტყუნეს, მაშინ როცა უმძიმეს დანაშაულებს სჩადიან. ეს იმ ინსტრუქტაჟის გაგრძელებაა, რომელსაც პოლიციელები აქციის დარბევის წინ თავიანთი უშუალო ხელმძღვანელებისგან იღებენ, რომ დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდნენ. გურამ რჩეულიშვილი არის ძალიან მხნედ, ისევე, როგორც მთელი ქართველი ერი და ეს სისასტიკე ჩვენს წინააღმდეგობას ვერ გატეხს“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 20 პირი დააკავეს. მათ შორს არის პროდიუსერი გურამ რჩეულიშვილიც.

IPN