"პარლამენტი ხვალ კანონს მესამე მოსმენით მიიღებს, საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას" - კვირის პალიტრა

"პარლამენტი ხვალ კანონს მესამე მოსმენით მიიღებს, საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას"

საქართველოს პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

“საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მომიტინგეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კანონის დარღვევისგან და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავებს მიმართა, მომიტინგეთა მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ.

"ინტერპრესნიუსი"