რატომ აწყობს ოპოზიციას, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი მიიღოს?! - კვირის პალიტრა

რატომ აწყობს ოპოზიციას, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი მიიღოს?!

2024 წლის მარტი. ქვეყანაში პოლიტიკური უძრაობაა. ოპოზიცია დაქსაქსული და ერთმანეთზე გადაკიდებულია. „ოცნების“ მთავარი კონკურენტი „ნაცმოძრაობა“ მარტივ მამრავლებად იშლება. მეორე მხარეს არის მმართველი გუნდი თავისი გრანდიოზული სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტებითა და „აგრესიული“ პიარით. ხალხს პოლიტიკაზე მეტად ფეხბურთი აინტერესებს(!). ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებიც კი აღიარებენ, რომ „ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უკვე „ჩემპიონია“ და ოპოზიციური პარტიები მეორე-მესამე ადგილებისთვის თუ იბრძოლებენ. და...1-ელი აპრილიდან(როდესაც „ოცნებამ“ ზემოხსენებული კანონპროექტი შემოაბრუნა) ყველაფერი თავდაყირა დგება, ქვეყანა გადადის ტურბულენტობის რეჟიმში და სიტუაცია თანდათან მწვავდება.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ მიიღო დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე - რატომ შემოაბრუნა მმართველმა გუნდმა ზემოხსენებული კანონპროექტი მაშინ, როდესაც მანამდე, მის გარეშეც არჩევნებს-არჩევნებზე იგებდა? სამაგიეროდ, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, თუ ვის აწყობს დღევანდელი ვითარება - ოპოზიციას.

11 მაისის დიდი აქცია „ოცნებისთვის“ საგანგაშო სიგნალი უნდა ყოფილიყო. კერძოდ, ამდენ ხალხს ქუჩაში ოპოზიციური პარტიები ვერანაირად ვერ გამოიყვანდნენ - მოქალაქეები თვითონ გამოვიდნენ და მათ შორის ის ადამიანებიც იყვნენ, რომელთაც ხმა წინა არჩევნებში მმართველი პარტიას მისცეს.

„ოცნების“ ამომრჩეველი არაერთგვაროვანია - გულწრფელი მომხრეები, ადმინისტრაციული რესურსი და ის ხალხი, ვისაც ხელისუფლებაში სააკაშვილის მობრუნების ეშინია. თუმცა მათ ძირითად ნაწილს ერთი საერთო აქვთ - პროდასავლურობა. მათთვის მთავარი ის კი არ არის, რას ამბობენ ამ კანონპროექტზე ოპოზიციონერი ლიდერები, არამედ ის, თუ რას აცხადებენ ბრიუსელში და ვაშინგტონში. ამ კანონპროექტის ინიცირებითა და ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლებთან დაპირისპირებით, მმართველმა გუნდი თავად კრავს ხელს ასეთი ტიპის ამომრჩეველს.

და თუ 26 ოქტომბრის არჩევნები დაემსგავსა არჩევანს პროდასავლურობასა და გაურკვევლობას შორის, ამ ხმებს ოპოზიცია წაიღებს. ჩაირთვება ჯიბრის ფაქტორი, როდესაც ხმას იმიტომ კი არ აძლევ ამა თუ იმ პარტიას, რომ მოგწონს, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაიმარჯვოს.

არც ის მოქალაქეები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც არჩევნებში ტრადიციულად არ მონაწილეობენ(ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი). ნუთუ მმართველ გუნდს დაავიწყდა 2012 წელი?! მაშინ სააკაშვილის პარტიამ ადმინისტრაციული რესურსით, დაშინებითა თუ მოსყიდვით, პრინციპში, მიიღო ის ხმები, რომლებსაც ჩვეულებრივ იღებდა ხოლმე, თუმცა უფრო მეტი მიიღო „ოცნებამ“ იმ მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც მანამდე არჩევნებზე არ დადიოდნენ.

მმართველ გუნდს ჯერ კიდევ აქვს გამოსავალი - გამოძებნოს რაიმე ფორმები, რომ კანონპროექტი „დააქენსელოს“ ან ისეთი ცვლილებები შემოიტანოს, რაც ხაზს გაუსვამს მის პროდასავლურობას. წინ არის ევროპის ჩემპიონატი, ზაფხულის დასვენება და ოქტომბრამდე ასე თუ ისე აღშფოთება ჩაცხრება და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. თან მმართველ გუნდს შეუძლია ისევ წამოსწიოს წინა პლანზე სოციალური პროექტები და გაბრაზებული ამომრჩეველიც შემოირიგოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, 26 ოქტომბრის შემდეგ, შესაძლოა, პარლამენტში სულ სხვა ძალთა ბალანსი ვიხილოთ.. თუმცა თუ „მთავარი მევიოლინე“ სააკაშვილის პარტია იქნება, ამან შეიძლება კიდევ ერთხელ დააყენოს ქვეყანა თავდაყირა. ამიტომაც ქვეყნისთვის შესაძლოა აუცილებელი გახდეს ისეთი ე.წ. მესამე ძალის შექმნა, რომლის მთავარი სლოგანი იქნება :“ოცნება“ ისე უნდა წავიდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მოვიდეს“.

გიორგი კვიტაშვილი