"მაშინ ფილმების გახმოვანებისას ჰონორარს იმის მიხედვით უხდიდნენ, თუ ვინ იყო მსახიობი - ანუ "ღირსეული" ადამიანების გახმოვანებისას ჰონორარი უფრო მაღალი იყო" - რეზო კვესელავა და კინოსტუდია "ქართულ ფილმი" - კვირის პალიტრა

"მაშინ ფილმების გახმოვანებისას ჰონორარს იმის მიხედვით უხდიდნენ, თუ ვინ იყო მსახიობი - ანუ "ღირსეული" ადამიანების გახმოვანებისას ჰონორარი უფრო მაღალი იყო" - რეზო კვესელავა და კინოსტუდია "ქართულ ფილმი"

"უკან რომ ვბრუნდებოდი, ფეხი დამისრიალდა და ტრამვაის ქვეშ ჩავვარდი. ორი წლის განმავლობაში თბილისსა და მოსკოვში ვმკურნალობდი, ინსტიტუტში აღარ დავდიოდი"

ალბათ ცხოვრებაში არცთუ ისე ხშირად ვხვდებით ადამიანს, რომელთან საუბრისას დიდხანს გინდა დიალოგი გაგრძელდეს.

ასეთი ხალხის ხელმეორედ ნახვის შანსი არაფრით უნდა გადადო, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ წლები ისე გადის, ეს აღარ ხერხდება.

სულ ორჯერ ვნახე, ერთხელ ბიოგრაფიული ხასიათის ინტერვიუს ჩაწერისას, მეორედ გადაცემისთვის - პროფესიასა და კინოსტუდიის საქმიანობაზე გვიამბო. მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ რეზო კვესელავა იყო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც გამდიდრებდა, თუმცა, თავად იმდენად თავმდაბალი იყო, როცა 2007 წელს, პირველად ინტერვიუ ვთხოვე, გაიკვირვა: უხერხულია, აბა, მე რა ისეთი ფიგურა ვარ, რომ ჩემზე წერა ღირდესო? დიდი თხოვნის შემდეგ კომპრომისზე წავიდა და დათქმულ დროს შინ ვეწვიე. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მახსოვს, ინტერვიუს ჩაწერის დროს უხერხულობის განცდა არ ტოვებდა და მოკრძალებულად მპასუხობდა იმ შეკითხვებზე, რომელიც მისი ბიოგრაფიის დეტალებს მაცნობდა...

"ვედრება" და "მონანიება" იმ ფილმებს შორისაა, რომლის სცენარის ავტორიც გახლდათ. თუმცა მრავალი წლის განმავლობაში კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდიდან, მის სახელს პირდაპირ თუ ირიბად, ბევრი სხვა ფილმიც უკავშირდება. კინოსტუდიაში არაერთი ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის გვერდით მოუწია მუშაობამ, მათ შორის იყვნენ: თენგიზ აბულაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ოთარ იოსელიანი, რეზო ესაძე... რამდენიმე წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და უაღრესად ერუდირებულ ლექტორს, ბევრი სტუდენტი ჰყავდა. როცა პედაგოგიურ საქმიანობას ჩამოშორდა, სხვადასხვა უმაღლესიდან, მათ შორის თეატრალურიდანაც შინ აკითხავდნენ სტუდენტები. ზოგს თავისი სცენარი მიჰქონდა, ზოგსაც ესა თუ ის ლიტერატურული მასალა და აზრს ეკითხებოდნენ. ისიც არ ზარდებოდა და ახალგაზრდებს თავის მოსაზრებას, რჩევებს უზიარებდა.

ლიტერატორი, მთარგმნელი და სცენარისტი რეზო კვესელავა მუდმივად წიგნების, ფოტოებისა და პირადი ჩანაწერების გარემოცვაში იჯდა და ასე დამხვდა მაშინაც. ეს იმ ვრცელი დიალოგის მოკლე ვერსიაა.

"1933 წლის 2 აგვისტოს, მარტვილში დავიბადე. ეს ადგილი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იქ ცნობილი მონასტერია, სადაც იზრდებოდნენ თედო სახოკია, იონა მეუნარგია... იქაური იყო დავით აღმაშენებლის მასწავლებელი და მოძღვარი გიორგი ჭყონდიდელიც... ამ მონასტერთან ახლოს იდგა ჩვენი სახლი. ბაბუაჩემი მონასტრის მნათე იყო. კარგად მახსოვს, როგორ იცავდა რელიგიურ დღესასწაულებს: შობას, აღდგომას. მშვენიერების ნაწილი იყო იმ კუთხის ბუნებაც, რომელსაც გარს ერტყა - ულამაზესი მდინარეები და ტყე.

მოგეხსენებათ, კომუნისტურ ეპოქაში დავიბადე და ამ დროს მამაჩემი აკაკი კვესელავა, იმ წყობილების მსახური, წლების განმავლობაში საბჭოსა და მერე უკვე კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. ხშირად კრებებზე ემოციური და მღელვარე გამოსვლები ჰქონდა, ყოველთვის იდგა მისი მოხსნის საკითხიც, მაგრამ ყოველი წლის ბოლოს მაინც თავის ადგილს ინარჩუნებდა. შემდგომში, დიდი სამამულო ომის წლებში, იგი კურორტ ლებარდეს დირექტორი იყო. იქ გენიალური მინერალური წყალია, მაგრამ ტრანსპორტირებისას ფუჭდება, იჟანგება. კურორტს ბევრი დამსვენებელი სტუმრობდა, რომლებიც პატარ-პატარა, ყავლით დახურულ ქოხებში ცხოვრობდნენ. პატარაობისას ლებარდეში სულ რამდენჯერმე ვიყავი და ეს ლამაზი ადგილი, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზეა, ჩემს მეხსიერებაში მაინც ღრმად ჩარჩა.

დედაჩემი ოლია ჯვებენავა ადგილობრივ გაზეთში მუშაობდა. ჩვენს სახლში ძველი იატაკი ალაგ-ალაგ ამოცვენილი იყო და დედა მამას ეჩხუბებოდა, მთელი ხე-ტყე შენს ხელშია და ერთი მორი მაინც წამოაღებინე ვინმეს სახლშიო. მამას ერთი ინჟინერი კაციც ხშირად ეუბნებოდა, ახალ სახლს აგიშენებ, იმის უფლება მოგვეცი, რომ საამისოდ ტყიდან რამდენიმე ხე გამოვიტანოთო, მაგრამ მამა უარზე იყო, მე თუ ჩემს თავზე ვიზრუნე, სხვაც ასევე მოიქცევაო".

"სკოლის დამთავრების შემდეგ, უცხო ენების ინსტიტუტის გერმანულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბარნოვის ქუჩაზე, ნახევრად სარდაფში ვცხოვრობდი. მე სულაც არ მინდოდა გერმანულ ენაზე ჩაბარება, მაგრამ ლიტერატურათმცოდნე მიხეილ კვესელავამ, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა უცხო ენების ინსტიტუტში, მითხრა, შენ ჩასაბარებლად მარტო გვარიც გეყოფაო... ასეც მოხდა. სიმართლე გითხრათ, უცხო ენების ინსტიტუტში სწავლა გამიჭირდა. როგორია მეგრული ენიდან პირდაპირ გერმანულზე გადასვლა?! თავდაპირველად ამან ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნა. მეორე კურსზე ვიყავი, როცა მამაჩემი დააპატიმრეს. ეს ჩემს ბიოგრაფიაში გარდამტეხი იყო. მისი დაპატიმრება უდიდესი დანაშაული გახლდათ. იმ დროს მამა კოლმეურნეობას თავმჯდომარეობდა. მაშინ თუ ყანაში სასუქი შეგქონდა, უდიდეს მკრეხელობად და ანტიხალხურ მოქმედებად ითვლებოდა. მართალია, სასუქი ყანაში ყველას შეჰქონდა, მაგრამ ეს ნებადართული მხოლოდ ჩაიზე იყო. ჩაისთვის შემოტანილი სასუქის ნაწილი კი ყანებში შეჰქონდათ. აი, ამის გამო დაიჭირეს მამა! ერთმა კაცმა ურჩია, - თქვი, რომ არავითარი სასუქი არ შეგიტანია, მიწა ვერაფერს იტყვის, ხალხი კი არ გაგცემსო, მაგრამ მამა ასე არ მოიქცა. სასამართლო პროცესზე თავად მოსამართლე აგრძნობინებდა და ანიშნებდა, თქვი, რომ სასუქი არ შეგიტანიაო, მაგრამ მამამ ეს არ გააკეთა...

ეს ამბავი განვიცადე და ვინერვიულე. იმ დროს თბილისში ვიყავი. ერთ დღეს ჩემთან სტუმრად მყოფი ჯონდო ბარდაველიძე სახლში გავაცილე. უკან რომ ვბრუნდებოდი, ფეხი დამისრიალდა და ტრამვაის ქვეშ ჩავვარდი. ამის შემდეგ ორი წლის განმავლობაში თბილისსა და მოსკოვში ვმკურნალობდი, ინსტიტუტში აღარ დავდიოდი. ლექტორები ჩემს მდგომარეობას ძალიან განიცდიდნენ და საავადმყოფოში ხშირად მაკითხავდნენ. 2 წლის მკურნალობის შემდეგ, ინსტიტუტში დავბრუნდი, თუმცა სხვა ჯგუფში და ასე დავამთავრე უმაღლესი. ვერ ვიტყვი, რომ იმ დროს გერმანული ენა კარგად შევისწავლე, მაგრამ გერმანელი მწერლები და პოეტები შემიყვარდა. მერე პატარ-პატარა თარგმანებიც გავაკეთე. პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში თარგმანები და ლიტერატურული წერილები მივიტანე და ასე ნელ-ნელა მუშაობაც დავიწყე..."

"კინოსტუდიაში "დუბლაჟის" განყოფილებაში, აღდგენილი ფილმების რედაქტორად მუშაობა მაშინ დავიწყე, როდესაც მიშა კვესელავა კინოსტუდიას დირექტორობდა. მერე კი სასცენარო განყოფილებაში გადავინაცვლე. ჩემი პრივილეგია ის იყო, რომ ლიტერატურა მიყვარდა. ამის გამო ანზორ სალუქვაძემ, რომელიც კინოსტუდიაში რედაქტორად მუშაობდა, მხარი დამიჭირა. იმ დროს "დუბლაჟის" განყოფილებაში მუშაობდნენ უკვე მოხუცი რეჟისორები, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების ცნობილი მსახიობები. ფილმების გახმოვანებით უამრავი ადამიანი იყო დაკავებული. მაშინ გახმოვანებისას იმას ითვალისწინებდნენ, თუ ვის ახმოვანებდა ესა თუ ის მსახიობი. ჰონორარსაც ამის მიხედვით უხდიდნენ, ანუ "ღირსეული" ადამიანების გახმოვანებისას ჰონორარი უფრო მაღალი იყო. თუ მსახიობი ვოროშილოვს ახმოვანებდა, დიდ თანხას იღებდა, მოლოტოვის გახმოვანებისას უფრო მეტს და სტალინის - კიდევ უფრო მეტს. მახსოვს, იაშა ტრიპოლსკიმ რამდენიმე პოლიტიკური როლის გახმოვანებაში მიღებული ჰონორარით მანქანა იყიდა...

კინოსტუდიაში ჩემი მუშაობის პერიოდში ეკრანებზე გამოვიდა თენგიზ აბულაძის ფილმი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". ამ ფილმმა, განსაკუთრებით მისმა ფინალურმა ნაწილმა, სესილია თაყაიშვილის გმირმა და თავად მსახიობის ნამუშევარმა ძალიან ამაღელვა. სწორედ ასეთი განწყობით მივედი თენგიზთან მისალოცად. როგორც ჩანს, მას ჩემი გულწრფელი ემოციის გამო სიმპათია გაუჩნდა... ამას კი უკვე ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი, "ვედრება" მოჰყვა.

მიშა კვესელავამ მე და ანზორ სალუქვაძეს კინოსტუდიაში ერთი ოთახი გამოგვიყო, სადაც დღე და ღამეს ვატარებდით. ჩვენ ვაჟას "ვსწავლობდით" და მთელ მის შემოქმედებას, ყოველ წინადადებას ათ-ათჯერ ვკითხულობდით. ბოლოს დავწერეთ სცენარი, ჩავაბარეთ, ყველამ მოიწონა, მაგრამ მისი დამდგმელი არ ჩანდა... ერთხელ აკაკი ბაქრაძესთან სუფრაზე მიგვიწვიეს. აკაკი ახალი ბინის მიღებას აღნიშნავდა. მე და ანზორს ცოტა შეგვაგვიანდა. სუფრასთან გაცხარებული კამათი მიდიოდა იმის თაობაზე, რატომ აღარ იღებდნენ ისეთ ფუნდამენტურ ფილმებს, როგორიც იყო მაგალითად: "არსენა", "გიორგი სააკაძე". საუბარში თენგიზი ჩაერთო და თქვა, ასეთ ფილმებს იმიტომ აღარ იღებენ, რომ შესაფერისი სცენარი აღარ არსებობსო. ანზორმა სუფრის მეორე მხარეს მჯდომ თენგიზს უყვირა, - სცენარი კი არის, მაგრამ გადამღები არაო... თენგიზი დაინტერესდა, მეორე დღესვე წავიდა სტუდიაში, სცენარი ნახა და როგორც ჩანს, მოეწონა. მუშაობას შეუდგა და რამდენიმე ხანში ფილმიც შეიქმნა...

"დასავლური პესიმისტური ფილოსოფიისა და ლიტერატურის გავლენის გამო", "ვედრება" მოსკოვში 7 წელი ეკრანებზე არ გაუშვეს. თავდაპირველად ფილმს "ლაშარის გორი" ერქვა. მოგეხსენებათ, პოემა "ბახტრიონი" შემდეგი სიტყვებით მთავრდება: "...ეღირსებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა!" ამ ფრაზაში ვაჟამ საქართველო მოიაზრა. ფილმის პირველადი სათაურით ნაციონალური მომენტი იყო წინ წამოწეული, მაგრამ საბოლოოდ, თენგიზმა წინა პლანზე ბოროტისა და კეთილის შერკინება წამოსწია და ფილმის სათაურიც შეიცვალა..."

"ჩემი მომავალი მეუღლე ასია მოსკოვში, საავადმყოფოში მკურნალობისას გავიცანი. იქ მოწყალების დად მუშაობდა და პარალელურად სამედიცინო უმაღლეს განათლებას იღებდა. თბილისში როცა დავბრუნდი, ერთმანეთთან მიმოწერა დავიწყეთ, სატელეფონო საუბრებიც გვქონდა. მერე მოსკოვში კიდევ რამდენჯერმე ჩავედი. ასენკამ მშობლები, ახლობლები მიატოვა და თბილისში წამომყვა. მე და ჩემს მეუღლეს ერთი ვაჟი გვყავს - დიმიტრი"...

რეზო კვესელავამ ბოლო წლები მშობლიურ სოფელში გაატარა. გასულ წელს 90 წელი შეუსრულდა. 2024 წლის 20 აპრილს იქვე აღესრულა და სოფელ ნახარებაოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"