"მარტო მე ასი მოწაფე მყავს. "სუხიშვილებში" შემეძლო მუშაობა, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს. ილიკო სუხიშვილი მამხნევებდა, - შენნაირი ხალხი რაიონშიც საჭიროა, ყველგან უნდა განვითარდეს ქართული ცეკვაო..." - კვირის პალიტრა

"მარტო მე ასი მოწაფე მყავს. "სუხიშვილებში" შემეძლო მუშაობა, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს. ილიკო სუხიშვილი მამხნევებდა, - შენნაირი ხალხი რაიონშიც საჭიროა, ყველგან უნდა განვითარდეს ქართული ცეკვაო..."

მიუხედავად იმისა, რომ ლალი პაპიჯანოვა 80 წლისაა, ისევ ძველებური ხალისი, შემართება და მოტივაცია აქვს. "შეიძლება სხვაგან და სხვა დროს კიბის სამი საფეხურის ავლა გამიჭირდეს, მაგრამ სტუდიაში ისეთი განწყობით და ისე ენერგიულად ამოვივლი კიბეს, თითქოს 20 წლის გოგო ვიყო", - ამბობს ქალბატონი ლალი და იმ პერიოდს იხსენებს, 14-15 წლის ასაკში სცენაზე პირველად რომ გავიდა...

- ვერ ვიტყვი, რომ ვარსკვლავებს ვწყვეტ, მაგრამ მე მაქვს ჩემი გზა, ბავშვებს ვასწავლი ქართულ ცეკვას, რომელიც არის ყველაფერი - იდენტობა, ბავშვი იზრდება ქართველად... ჩვენი წინაპრები რომ ცეკვავდნენ, იმ ტრადიციულ ცეკვას ვასწავლი... სიმართლე გითხრათ, ახლა ისეთი ილეთები დაამკვიდრეს ქართულ ცეკვაში, რომ ვერც კი აღვიქვამ, რას ან რატომ აკეთებენ.... არადა, ქართულ ცეკვას ისეთი მკვეთრი და ყოვლისმთქმელი მოძრაობები აქვს, ერთი შეხედვით ამოიკითხავ ყველაფერს.

- სუხიშვილების ცეკვებში შეტანილი სიახლეები არ მოგწონთ?

- მე კარგად ვიცნობდი ილიკო სუხიშვილს, ის ხშირად ჩამოდიოდა ჭიათურაში და ადგილობრივ ქორეოგრაფებს გვხვდებოდა. ყოველთვის გვეუბნებოდა, ჩვენ რომ გვეპატიება, ის თქვენ არ გეპატიებათ; ჩვენ უცხოეთში დავდივართ, ხალხმა ტაში უნდა დაგვიკრას და შეიძლება რაღაცები შევცვალოთ, მაგრამ თქვენ ტრადიციები უნდა შეინარჩუნოთ ქართულ ცეკვაშიო. არც არასდროს გადამიხვევია ამ გზიდან. ჩემს მოწაფეებს მხოლოდ ცეკვას კი არა, თითოეული მოძრაობის ისტორიას, მნიშვნელობას და დანიშნულებას ვასწავლი. ერთსა და იმავე ცეკვას მთიელი და ბარის მოსახლე სხვადასხვაგვარად ცეკვავდა, ამასაც თავისი ახსნა აქვს... ქართული ცეკვა საოცრებაა, ის ერის ისტორიას ჰყვება, მთავარია დააკვირდე და ბევრ რამეს გეტყვის...

- თქვენ სად ისწავლეთ ცეკვა?

- ბავშვობიდან ვცეკვავდი, ძალიან მიყვარდა... 1959 წელი იყო, თბილისში მსოფლიოს ცეკვების ფესტივალი ჩატარდა, მე მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. წინა მოსამზადებელ პერიოდში, ჩვენთან რაიონში თბილისიდან ჩამოვიდნენ ქორეოგრაფები და მომღერლები. მათ შორის იყო აკაკი ურუშაძე, რომელსაც მომღერალთა გუნდი ჰყავდა, იმერული ფერხული ჰქონდა დადგმული და ბავშვები გვაცეკვა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სამყარო ჩემი მეგონა... სპეციალურად ფესტივალისთვის ჩითის კაბები შეგვიკერეს და გულზე პატარა ბროშები გვეკეთა, თეთრი მტრედების გამოსახულებით.

- თქვენი საყვარელი ცეკვა რომელია?

- მე ყველაზე კარგად ქართული გამომდის და ყოველთვის ამას ვცეკვავდი, მაგრამ კარგად შესრულებულ ხორუმს რომ ვუყურებ, ცრემლები მომდის.

- როგორც ვიცი, ცეკვას მხოლოდ გოგონებს კი არა, ბიჭებსაც ასწავლით.

- იცით, კურსსაგანმანათლებლო სასწავლებელი (დღევანდელი თანამედროვე და ტრადიციული კოლეჯი) რომ დავამთავრე, მაშინვე ჭიათურაში დავბრუნდი და ქორეოგრაფიულ სტუდიაში დავიწყე მუშაობა - იმ დღიდან მოყოლებული, ამ სტუდიაში ვარ, ერთი დღეც არ ვყოფილვარ უმუშევარი. 38 წლის განმავლობაში გოგოებსაც ვასწავლიდი და ბიჭებსაც. კონცერტებს რომ ვმართავდი, ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ბიჭები სჯობდნენ გოგონებს, რის გამოც გული მწყდებოდა. მერე ჩემი ნამოწაფარი, როინ ასანიძე დამიდგა გვერდით, ბიჭებს ის ამეცადინებს, გოგონებს მე, ძალები გადავანაწილეთ და შედეგიც უკეთესი გვქონდა. 2-3 წლის წინ ანსამბლიდანაც წამოვედი, ნელ-ნელა ვთმობ პოზიციებს, რომ კიდევ დიდხანს მქონდეს ენერგია. ვშიშობ, მაინც ასაკში ვარ, ბოლო დროს წნევებმა შემომიტიეს, გულიც აღარ მაქვს ძველებურად მაგარი...

- არის ცეკვა, რომელსაც ახლა ვეღარ იცეკვებთ?

- აბა, რას ბრძანებთ, ნებისმიერს ვიცეკვებ, თანაც სიამოვნებით, არც კი დავიღლები, მაგრამ ეგ აღარ ვიცი, თქვენ რამდენად მოგეწონებათ. იცით, მითი სულაც არ არის, რომ ქართულ ცეკვას სამკურნალო დანიშნულება აქვს, ეს სრული სიმართლეა და საკუთარი მაგალითით შემიძლია ამაზე საუბარი. ყოფილა შემთხვევა, რომ დილით უგუნებოდ ავმდგარვარ, თავიც ამტკივებია, წნევას შევუწუხებივარ, მაგრამ როგორც კი ცეკვა დამიწყია, ყველა პრობლემა სადღაც გამქრალა.

- ალბათ ჯანსაღი ცხოვრების წესი გაქვთ.

- რა თქმა უნდა, არასდროს ვყოფილვარ ზედმეტი შრომით დატვირთული, გარშემოც ისეთი ადამიანები მყავდა, რომლებთან ურთიერთობაც მაბედნიერებდა, ბევრი დადებითი ემოცია იყო ჩემ გარშემო, ამასთან, ჯანსაღადაც ვიკვებები და შემოვრჩი ასე...

- როგორც ჩანს, სიყვარულით დაქორწინდით.

- კი, შესანიშნავი მეუღლე მყავდა - რეზო ჩხეიძე, ფიზკულტურის მასწავლებელი და კალათბურთის მწვრთნელი იყო. 25 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, როდესაც მისი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაზე ვიყავი, ტკივილი განმიახლდა. რეზო რომ გარდაიცვალა, სამძიმარზე მოსული ჩემი ნათესავი გაოცებული იყო, როგორი ლამაზი ხალხი ტრიალებს თქვენ გარშემო, რა ხალხი ყოფილა ჭიათურაშიო. ჩემმა ნათესავმა უთხრა, ესენი სულ კალათბურთელები და მოცეკვავეები არიან და აბა, რა იქნებაო?! ახლა ჩემს შვილსა და შვილიშვილებზე ვარ გადაგებული, მათით ვხარობ...

- ჭიათურაში ქართული ცეკვა რამდენად პოპულარულია?

- ძალიან პოპულარულია. მარტო მე ასი მოწაფე მყავს, ჩემ გარდა კიდევ სამი თუ ოთხი ცეკვის მასწავლებელია კულტურის სახლში. გარდა ამისა, რამდენიმე სტუდიაა ჭიათურაში, ცალკე - სოფლებში და ყველგან სრულად არის დატვირთული. ძალიან მოსწონს და უყვარს ახალ თაობას ქართული ცეკვა, რაც მე უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ასე რომ ყოფილიყო, 50 წლის ასაკში დავანებებდი თავს ამ საქმიანობას.

- დედაქალაქიდან არ გქონიათ შემოთავაზება?

- როგორ არა, "სუხიშვილებში" შემეძლო მუშაობა, ჯანო ბაგრატიონთან ვთანამშრომლობდი, კინოგადაღებებზე ხშირად მიწვევდა, ისრაელიდანაც კი მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს. თბილისში რომ მეცხოვრა, ალბათ სხვაგვარი კარიერა მექნებოდა... ილიკო სუხიშვილი მამხნევებდა, - შენნაირი ხალხი რაიონშიც საჭიროა, ყველგან უნდა განვითარდეს ქართული ცეკვაო...

- ძველი თაობის კოლორიტულ პიროვნებებს თუ იცნობდით?

- როგორ არა! ერთხელ, როდესაც მეორე კურსზე ვსწავლობდი, მოსკოვში კურსსაგანმანათლებლო სასწავლებლების დათვალიერება ჩატარდა და სხვებთან ერთად მეც გამიშვეს. ჩვენ გვახლდა მაკა მახარაძეც, რომელსაც დედა - მედeა ჩახავა გამოჰყვა. ჩავედით მოსკოვში. კულისებში ვართ და კონცერტისთვის ვემზადებით. მე ძალიან ლამაზი კაბა მაცვია, უბედნიერესი ვარ, ერთი სული მაქვს სცენაზე როდის გავალ... უცებ ქალბატონი მედეა მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი გრიმი არ მოსწონდა, გადამიწკრიალა სახე და თავიდან გამიკეთა, ბოლოს ჩანთიდან თავისი ტუჩსაცხი ამოიღო, - შენც ისეთი ფერის სახის კანი გაქვს, როგორიც მეო და ტუჩებზე წამისვა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სად წავსულიყავი, არ ვიცოდი... თურმე ჯერ სად ვიყავი, ჩემი ცეკვა ძალიან კარგად შეაფასეს, საუკეთესო რაღაცები მითხრეს და ქალბატონი მედeა ისევ მოვიდა, ხელი მომხვია და მითხრა, - ხედავ, რა იღბლიანი ხელი მქონიაო? სიხარულისგან კინაღამ თვალთ დამიბნელდა, დავწვდი ორივე ხელზე და დავუკოცნე. ახლაც ბედნიერების ცრემლები მადგება თვალებზე ამ მომენტს რომ ვიხსენებ. სხვათა შორის, ჯანსუღ ჩარკვიანმა მე და ჩემს პარტნიორს ლექსი მოგვიძღვნა. ჭიათურაში ღონისძიება იყო, რომელსაც ბატონი ჯანსუღიც ესწრებოდა, ჩვენი ცეკვით ძალიან მოიხიბლა და ეს აღტაცება ლექსით გამოხატა. სამწუხაროდ, იმ საღამოსვე დამეკარგა: ლექსი ხელსახოცზე იყო დაწერილი, რაღაც მომენტში მაგიდაზე დავდე, რომ დავბრუნდი, აღარ დამხვდა... როგორც ჩანს, ვიღაცას უბრალო ქაღალდი ეგონა და გადააგდო. ძალიან საინტერესო და ლამაზი ცხოვრება გავიარე. ალბათ ერთი ან ორი წელი კიდევ ვემსახურები ბავშვებს და მერე დავანებებ თავს...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"