ზელენსკი "მგლების ქალაქს" კარგავს - რა ხდება რუსეთ-უკრაინის ახალ ფრონტზე და შეუტევს თუ არა პუტინი ხარკოვს - კვირის პალიტრა

ზელენსკი "მგლების ქალაქს" კარგავს - რა ხდება რუსეთ-უკრაინის ახალ ფრონტზე და შეუტევს თუ არა პუტინი ხარკოვს

უკრაინა „მგლების ქალაქს“ კარგავს...ამ საზღვრისპირა ქალაქს უკრაინელები ვოვჩანსკს უწოდებენ, რუსები კი - ვოლჩანსკს და ეს „მგლების ქალაქი“ ეხლა ბრძოლის ველად არის გადაქცეული...

ვოვჩანსკი რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც ხუთიოდე კმ-ში იმყოფება და გასაგებია, რომ მას ვერ აცდებოდა 10 მაისის დილას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ხარკოვის ფრონტის გახსნა, მით უმეტეს, რომ 2022 წლის 24 თებერვლის მთავარი თავდასხმის შემდეგაც რუს სამხედროებს უკრაინული ვოლჩანსკი სექტემბრამდე ჰქონდათ ოკუპირებული, სანამ წარმატებული უკრაინული კონტრშეტევების შედეგად იძულებულნი არ გახდნენ, გაქცეულიყვნენ ხარკოვის ოლქიდან.

ვოვჩანსკში საბჭოთა პერიოდში მაქსიმუმ 20 ათას კაცს თუ უცხოვრია, ეხლა კი 500-იც კი არ დარჩა, რადგან რუსეთის საზღვრის ასე სიახლოვემ განსაზღვრა ვოვჩანსკელების (ვოვჩანსკის ქალაქის თავი თამაზ გამბარაშვილია) მძიმე ბედი...

ვოვჩანსკი ეტყობა, რამდენიმე დღეში დაეცემა და მას ხელმეორედ დაიპყრობენ ის რუსი ოკუპანტები, რომლებიც, ისევე, როგორც ბახმუტსა და ავდეევკაში, ვოვჩანსკსაც მიწასთან ასწორებენ, პლანირებადი საავიაციო ბომბებით, საარტილერიო ჭურვებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.

ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არ არსებობს ძალა, რომელიც რუს სამხედროებს ამ უკრაინული ქალაქიდან გაყრიდა, რადგან უკრაინელების თავდაცვითი ზღუდეები საზღვრის უფრო მეტ სიღრმეშია მოწყობილი, ამასთან, ეხლა ვლინდება, რომ უკრაინელ სამხედროებს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ დანაღმული რუსეთთან საზღვრის ეს მონაკვეთი, რაც დროებით მაინც შეაჩერებდა საზღვრის დამრღვევ მეზობელ ოკუპანტებს...

მაგრამ რას მისცემს ვოვჩანსკის დაპყრობა რუსეთს?

ვოვჩანსკიდან სამხრეთ-დასავლეთით, პირდაპირი ხაზით, 50 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი - ხარკოვი, რომლის დაპყრობა კრემლს უდიდეს პროპაგანდისტულ დივიდენტებს მისცემდა, თუმცა ვოვჩანსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 75 კმ-ში მდებარეობს კუპიანსკი, სწორედ ის უკრაინული ქალაქი, რომლის აღმოსავლეთითაც ეხლა ფრონტის ხაზი გადის, უკვე ოკუპირებული ლუგანსკის მხრიდან.

ვოვჩანსკის დაპყრობის შემდეგ საით წარმართავენ შეტევას რუსეთის საოკუპაციო ძალები, დასავლეთით - ხარკოვისკენ თუ აღმოსავლეთით - კუპიანისკენ, ამის წინასწარ გამოცნობას უკრაინის გენშტაბისთვის უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს...

საქმე ის არის, რომ კუპიანსკის მიმართულებას რუსი სამხედროები გააფთრებული უტევენ, მესამე წელია, აღმოსავლეთიდან, ლუგანსკის მხრიდან, მაგრამ დიდ ოპერატიულ უპირატესობას ვერაფრით მიაღწიეს, განსხვავებით დონბასის ფრონტისაგან, ამიტომაც რუსეთის გენშტაბს შეიძლება ჩაფიქრებული ჰქონდეს, რომ ვოვჩანსკის დაპყრობის შემდეგ „სევერის“ ოპერატიული დაჯგუფების ნაწილი არა ხარკოვისკენ, არამედ - სწორედ კუპიანკისკენ დაძრას და ზურგში მიადგეს ფრონტის ამ მონაკვეთში ჩასანგრებულ უკრაინულ დანაყოფებს, რასაც ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება, მთლიანად უკრაინისთვის...