სტალინის "გაკვეთილები" საქართველოსთვის - "ფინური მეთოდები", რომლებსაც რუსული სპეცსამსახურები საქართველოშიც იყენებენ - კვირის პალიტრა

სტალინის "გაკვეთილები" საქართველოსთვის - "ფინური მეთოდები", რომლებსაც რუსული სპეცსამსახურები საქართველოშიც იყენებენ

უკვე საკამათო აღარ არის, რომ მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, სადაც საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების ქსელს ფეხი არ გაედგა და კონტროლის ქვეშ არ მოექცია ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, სამხედრო და სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ხელოვნებისა და მეცნიერების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები. იმპერიული ამბიციების გამო, რუსეთის მეზობელი ქვეყნები მუდმივად ოკუპაციისა და ანექსიის საფრთხის ქვეშ იყვნენ. საქართველოსი არ იყოს, ერთ-ერთი ასეთი “მუდმივად განწირული” ქვეყანა ფინეთიც იყო. ფინეთისა და საქართველოს ისტორიულ გზასა და დღევანდელობას შორის ძალზე ბევრი მსგავსებაა და დღეს ამ თემაზე ვისაუბროთ.

ფინეთის გეოპოლიტიკური არჩევანი უკანასკნელი ასი წლის მანძილზე ნეიტრალიტეტი იყო, რაც ძირითადად, იმაში გამოიხატებოდა, რომ არ გაებრაზებინა მეზობელი – „აგრესიული დათვი“ და ძალზე ფრთხილი საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა. ამიტომაც არ იყო ფინეთი ნატოს წევრი და არც არასოდეს შევიდოდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, რომ არა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე.

2023 წლის 4 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ფინეთის დროშის აღმართვის ცერემონია და ფინეთი ამ ორგანიზაციის ოცდამეთერთმეტე წევრი გახდა. ამით ფინეთის სამხედრო მიუმხრობლობის ერა დასრულდა. ის რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა (უფრო სწორედ გაიქცა) და ამაში ყველაზე დიდი „დამსახურება“ თავად რუსეთის ხელისუფლებას მიუძღვის.

როდესაც რუსეთის დიქტატორმა პუტინმა უკრაინა შეუმდგარ სახელმწიფოდ, ხოლო ყირიმი - რუსეთის კუთვნილ ტერიტორიად გამოაცხადა, რომელიც უკრაინელებმა უნდა დააბრუნონ, ფინელები ძალზე შეშფოთდნენ: ფინეთიც ხომ ოდესღაც რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა და პუტინმა ტერიტორიული პრეტენზიები ჩვენც რომ წამოგვიყენოს, ვინ დაგვეხმარებაო?

დღეს კი ფინეთი („როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“) უკვე სარგებლობს ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიებით. გარდა ამისა, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ძირეულად შეიცვალა რუსეთსა და ფინეთს შორის ურთიერთობა: ფინეთი ევროკავშირის სანქციების სრული მხარდამჭერია და ფინურმა ბიზნესმა უკვე მთლიანად დატოვა რუსეთი. ფინეთი ნატოში – ამ ფაქტს სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი ურჰო კეკონენი, რომელიც მთელი ცხოვრება მოსკოვს „უგორებდა კოჭს“.

XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, რუსეთის იმპერიის მიზანი ფინეთის (ისევე, როგორც სხვა მცირე ერების) პოლიტიკური სტატუსის დაკნინება და მისი ენის, ტრადიციებისა და კულტურული თვითმყოფადობის მოსპობა იყო. 1917 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ფინეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო და, იმავდროულა, საბჭოთა სპეცსამსახურების სამიზნე გახდა (ისევე, როგორც საქართველო). ძერჟინსკის დროიდან მოყოლებული მრავალრიცხოვანი საბჭოთა აგენტურა ფინეთის ფარული გაკონტროლებისთვის იბრძოდა.

1938 წლის დასაწყისში სტალინმა ფინეთის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და ამ ქვეყნის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა ფარული მოლაპარაკებებით და სპეცსამსახურების ძალებით გადაწყვიტა: დიქტატორმა 1938 წლის 7 აპრილს კრემლში საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელები დაიბარა, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, ფულიც არ დაიშურა: მისი დავალებით 10 მილიონი ფინური მარკა (დაახლოებით, ორასი ათასი დოლარი, რაც იმ დროისათვის ძალზე დიდი ფული იყო), სულ ტკიცინა კუპიურები გადასცეს საგარეო დაზვერვის ჰელსინკის რეზიდენტურას. სტალინის ჩანაფიქრით, ამ ფულით ფინეთში ახალი, ყველაზე “დემოკრატიული” (ანუ რეალურად ყველაზე პროსაბჭოთა) “წვრილ მესაკუთრეთა პარტია” უნდა შეექმნათ, რომელსაც პარლამენტში გამარჯვების შემდეგ პროსაბჭოური პოლიტიკა უნდა გაეტარებინა. ამ ოპერაციაში მნიშვნელოვანი როლი ძველ აგენტურას ეკისრებოდა.

საბჭოთა კავშირს ფინეთში აგენტები 1920-იანი წლების დასაწყისიდან ჰყავდა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტი-ინფორმატორი, მწერალი და დრამატურგი ჰელა მურიკი-ვუიოლიიოკი იყო.

picture3-1715668219.jpg

ჰელა მურიკი-ვუიოლიიოკი

ჰელა მურიკი (1886-1954), წარმოშობით ესტონელი, შემდეგ გათხოვდა ფინელ სულო ვუიოლიიოკზე და ისტორიაშიც ამ გვარით შევიდა. განათლებით ფილოსოფიის მაგისტრი, თავდაპირველად ხე-ტყის ბიზნესით იყო დაკავებული, მერე კი - ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი, იყო მრავალი პიესისა და მოთხრობის ავტორი. ესტონურის გარდა, კარგად ფლობდა რუსულ, გერმანულ, ფინურ და შვედურ ენებს.

ჰელა საბჭოთა დაზვერვასთან 1920-იანი წლებიდან თანამშრომლობდა (ოპერატიული ფსევდონიმი “პოეტი”). მისი ოპერატორი ჰელსინკის და სტოკჰოლმის რეზიდენტურებში იყო მაიორი ზოია რიბკინა-ვოსკრესენსკაია. “პოეტის” ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ფინეთის პოლიტიკურ ელიტაში, ინტელიგენციასა და ბიზნესმენებში საბჭოთა დაზვერვისთვის შეერჩია აგენტად გადაბირების შესაფერისი პოტენციური კანდიდატურები, მოეგროვებინა მათზე მაქსიმალური (უპირველესად - კომპრომატები) ინფორმაცია და საბჭოთა რეზიდენტებს დახმარებოდა მათ გადმობირებაში. სპეცსამსახურების ტერმინოლოგიით, ის მაღალი დონის "გადაბირების კანდიდატის შემრჩევი აგენტი” იყო. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ეკავა რა მეტად მნიშვნელოვანი პოსტები (იყო ფინეთის რადიოკომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი), “პოეტი”, რომელიც თავიდან საბჭოთა დაზვერვის აგენტ-ინფორმატორი იყო, უკვე იმდენად “გაიზარდა”, რომ კლასიკური “გავლენის აგენტად” მოგვევლინა. მან გარკვეული წვლილი შეიტანა საბჭოთა “ატომურ პროექტშიც”. კერძოდ, ის აქტიურად აგიტირებდა ცნობილ ფიზიკოსებს - ნილს ბორსა და ელიზავეტა შეიტნერს, რათა მათ საბჭოთა კავშირისთვის გადაეცათ ატომური იარაღის შექმნის საიდუმლო დოკუმენტაცია.

1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა არმია ფინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. სტალინმა გადაწყვიტა, ფინეთი ორად გაეხლიჩა, რისთვისაც “წითელი არმიის” მიერ აღებულ პირველივე ფინურ ქალაქ ტერიოკში, საბჭოთა პარტიული მუშაკის - ოტო კუუსინენის ხელმძღვანელობით, მარიონეტული “ფინეთის დემოკრატიული რესპუბლიკა” შექმნა. მოსკოვიდან ჩასულმა “ფინეთის” ახალმა “მთავრობამ” დიდი გულუხვობა გამოიჩინა და 2 დეკემბერს გაფორმებული სეპარატული ხელშეკრულებით საბჭოთა კავშირს ფინეთის სტრატეგიული ტერიტორიები გადასცა (?!). სამაგიეროდ, სტალინმა “ახალ დემოკრატიულ რესპუბლიკას” მძიმე შეიარაღება და ორი დივიზია “უფეშქაშა”.

ამ დაუფარავი აგრესიის ფაქტმა სხვა ქვეყნების იმდენად მკვეთრი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რომ საბჭოთა კავშირი ერთა ლიგიდან გარიცხეს, მოსკოვი კი მაინც თავს იმართლებდა: “რა ჩვენი ბრალია, ფინეთში სამოქალაქო ომი დაიწყოო”.

“წითელი არმია” მოუმზადებელი იყო ხანგრძლივი ომისთვის. თანაც მკაცრი “ფინური ზამთრის” პირობებში ორასი ათასი ფინელი მეომარი იმდენად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ხუთჯერ მეტ მომხდურს, რომ სანამ უშუალოდ ჰელსინკს არ დაემუქრა საფრთხე, არ ნებდებოდნენ. სტალინის დავალებით საბჭოთა დაზვერვამ, ზავის ხელსაყრელი პირობების მისაღწევად, ფარული მოლაპარაკებები დაიწყო. 1940 წლის 12 მარტის ხელშეკრულებით ფინეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, სანაცვლოდ, სტალინი, რომელსაც ინგლის-საფრანგეთთან კონფლიქტი იმ ეტაპზე ხელს არ აძლევდა, დათმობაზე წავიდა და კუუსინენის სეპარატისტული მთავრობა უკან, მოსკოვში გაიწვია. საბჭოთა დიქტატორს კუუსინენი უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ახლად შექმნილი კარელია-ფინეთის სსრ-ს მეთაურად დანიშნა. საინტერესოა, რომ ოტო კუუსინენი იყო მომავალი "კა-გე-ბეს" შეფის და საბჭოთა კომპარტიის გენმდივნის, იური ანდროპოვის პირველი პროტეჟე და მფარველი.

ფინეთში მოქმედ ძველ აგენტურასთან (რომლის შემადგენლობა საოცრად მრავალფეროვანი იყო და ფინეთის საზოგადოების ყველა ფენას (ისევე, როგორც საქართველოში) მოიცავდა , მაგ.: ჟურნალისტი, ოპერატიული ფსევდონიმით “ანა”; მინისტრი -“ბერი”; პარლამენტის დეპუტატი –“გრაფი”; პოლიტიკოსები –“მოსე”, “ადვოკატი” და ა.შ), ერთად საბჭოთა დაზვერვა ასევე შეუდგა ახალი აგენტების გადაბირებას. ოპერატიული მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით მიდიოდა:

1. “ინფორმატორი-აგენტების” დამუშავება და გადაბირება;

2. “გავლენის აგენტების” გადაბირება და მათ პოლიტიკურ და კარიერულ წინსვლაში დახმარების აღმოჩენა.

ფინეთის პოლიტიკური პარტიებიდან საბჭოთა დაზვერვას ყველაზე მყარი პოზიციები “აგრარულ პარტიაში” ჰქონდა. საბჭოთა დაზვერვა ცდილობდა, “გავლენის აგენტების” ამოქმედებით მიეღწია სასურველი შედეგისთვის. უპირველესად, ეს იყო ცნობილი პოლიტიკოსი და მომავალი პრემიერ-მინისტრი მაუნო პეკალა (1890-1952), მაგრამ ფინეთის ხელისუფლების, უპირველესად კი - არმიის მთავარსარდლის და შემდგომში - პრეზიდენტის, მარშალ კარლ გუსტავ მანერჰეიმის (1867-1951) აშკარად გამოკვეთილი პატრიოტული და ანტისაბჭოთა პოლიტიკის შეცვლა ვერ მოახერხა, ვერც მანერჰეიმზე ფარული ოპერატიულ-აგენტურული კომბინაციებით ზემოქმედების მცდელობამ გამოიღო შედეგი.

picture2-1715668219.jpg

ადოლფ ჰიტლერი და კარლ გუსტავ მანერჰეიმი

1944 წლის ბოლოდან დაწყებული, ფაქტობრივად, სტალინი აკომპლექტებდა და აკონტროლებდა ფინეთის პარლამენტის და მთავრობის შემადგენლობის უდიდეს ნაწილს. ფინელი პოლიტიკური მოღვაწენი მის ხელში ჭადრაკის პაიკებივით იმართებოდნენ: ზოგი ლაზიერში გადიოდა, ზოგიც კი, “მოულოდნელად”, ავტოკატასტოფაში იღუპებოდა. საბჭოთა დაზვერვა ბოლომდე არ ენდობოდა საკუთარ აგენტებს და ცდილობდა, “პარალელური კონტროლის” მეთოდით მიეღო მაქსიმალური ინფორმაცია. ამ მიზნით, 1945 წლის გაზაფხულზე პაასიკვის ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრად კუუსინენის სიძე, საბჭოთა აგენტი იურიე ლეინო (1898-1961წწ.) დაანიშნინეს. ამის შემდეგ ფინეთის პოლიცია და სპეცსამსახურები უკვე მთლიანად საბჭოთა შეკვეთებით მუშაობდნენ. მუდმივი ფარული მეთვალყურეობა დაუწესდათ არა მარტო ფინელ პატრიოტებს და პრეზიდენტ მანერჰეიმს, არამედ - პროსაბჭოთა პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს. ერთადერთი ფინეთის სამხედრო დაზვერვა აღმოჩნდა, სადაც მოსკოვის პოზიციები ისე ძლიერი არ იყო. მეორე პრობლემა კვლავ მარშალი მანერჰეიმი გახლდათ. ის, პატრიოტულად განწყობილი პოლიტიკური ძალების დახმარებით, 1944 წელს ფინეთის პარლამენტმა პრეზიდენტად აირჩია. ომის დასრულების შემდეგ კი სტალინის გადაწყვეტილებით მანერჰეიმს ჯერ “ომის გამჩაღებელი” ფინელი ჩინოვნიკების საჩვენებელი სასამართლო პროცესი უნდა ჩაეტარებინა, შემდეგ კი - პრეზიდენტი პაასიკივი უნდა გამხდარიყო. მართლაც, 1945 წლის 15 ნოემბერს ჰელსინკში “მცირე ნიურნბერგის პროცესი” მოაწყვეს და პროგერმანული ძალები პრეზიდენტ მანერჰეიმის ხელითვე ციხეში გაუშვეს, სასამართლოზე პრეზიდენტის გვარმაც ბევრჯერ გაიჟღერა (რაც სტალინს წინასწარ ჰქონდა გათვლილი) და 1946 წლის მარტში მანერჰეიმი იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა.

სწორედ საბჭოთა დაზვერვის დახმარებით იყო, რომ ყოფილი “აგენტი ინფორმატორები” უკვე “გავლენის აგენტებად” “დაწინაურდნენ”. სტალინის პირველი სერიოზული გამარჯვება უჰო პაასიკვის (1870-1956) ჯერ პრემიერ-მინისტრად (1944), ხოლო ორი წლის შემდეგ - პრეზიდენტად გაყვანა იყო.

picture1-1715668219.jpg

უჰო პაასიკვი და კლიმენტ ვოროშილოვი: თბილი შეხვედრა ცივ მოსკოვში.

სტალინის “ოპერატიული კომბინაციის” პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მთავარი კი ჯერ წინ იყო. მოსკოვის დახმარებით ფინეთის პოლიტიკურ ელიტაში ურჰო კეკონენის კარიერული წინსვლა დაიწყო და მისი “ვარსკვლავი ამობრწყინდა” - მოსკოვი მას პაასიკვის შემცვლელად ამზადებდა. რეალური მდგომარეობის შესანიღბად კი საბჭოთა დაზვერვა ცნობილ დეზინფორმაციულ ფანდს იყენებდა: პერიოდულად ყველა ცენტრალურ საბჭოთა გაზეთში პრემიერი პაასიკვი და იუსტიციის მინისტრი კეკონენი ფაშისტ-რეაქციონერებად და მოსკოვის მთავარ მტრებად სახელდებოდნენ. ამ დროს კი ფინეთში სწორედ ისინი იყვნენ ყველაზე პროსაბჭოთა პოლიტიკოსები. ამ ძველ მეთოდს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოშიც წარმატებით იყენებდნენ და ამჟამადაც იყენებენ.

(პირველი ნაწილის დასასრული)