"პუტინი სამუდამო ომისთვის ემზადება" - "სიკვდილის მანქანის" ახალი მეთაური: ვინ არის ანდრეი ბელოუსოვი, რომელმაც შოიგუ შეცვალა - კვირის პალიტრა

"პუტინი სამუდამო ომისთვის ემზადება" - "სიკვდილის მანქანის" ახალი მეთაური: ვინ არის ანდრეი ბელოუსოვი, რომელმაც შოიგუ შეცვალა

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ვლადიმერ პუტინი სამუდამო ომისთვის ემზადება“ (ავტორი - ლიზა ხაზელდინი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დიდი ხნით ადრე, მანამ, ვიდრე კრემლი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ ცნობილ შედეგებს გამოაცხადებდა, ნათელი იყო, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მმართველობის ახალი ვადა გარდამტეხი მომენტი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ მისი პრეზიდენტობის მეხუთე პერიოდი პირველი არაკონსტიტუციური იქნებოდა, ვრცელდებოდა ხმები, რომ პრეზიდენტი მთავრობაში გარკვეულ ცვლილებებს მოახდენდა, რათა თავიდან მოეშორებინა ზოგიერთი „თვალში ჩავარდნილი“, განუშორებელი და სიბერეში წასული პირი და გზა გაეხსნა ახალი ფიგურებისთვის, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებდნენ მის ბრძანებებს.

რა თქმა უნდა, რუსეთის უახლოესი წლების პერსპექტივა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებიც წამყვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს წარმოადგენენ. შესაბამისად, საინტერესო იყო, თუ ვის დასწევდა პრეზიდენტი უკანა პლანზე, ჩრდილში გადაიყვანდა და ვის დააწინაურებდა. დღეს უკვე ცნობილია ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებული საკადრო გადაადგილებების შედეგები.

ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა იმას, რომ პრეზიდენტი ნამდვილად გაბედავდა თავისი მეგობრის - სერგეი შოიგუს გათავისუფლებას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, 12-წლიანი სამსახური შემდეგ. მაგრამ მოსახდენი მოხდა და გენერლის ნაცვლად სამხედრო უწყების მეთაურად ვიხილეთ სამოქალაქო პიროვნება, ეკონომისტი, რომელიც კულისებში მოქმედებდა და არ ჩანდა. საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ტექნოკრატი ანდრეი ბელოუსოვი წლების განმავლობაში ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იყო, ეკონომიკის საკითხებში.

მისი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად რუსეთის მომავლისათვის მხოლოდ ერთს ნიშნავს: უკრაინასთან ომი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოსკოვისათვის გამარჯვება აშკარა არ გახდება. ომი გაგრძელდება ეკონომიკის სრული მობილიზებით, თუნდაც ქვეყნის გამოფიტვის ხარჯზე. ამასთან, ვლადიმერ პუტინს სურს ომის სწრაფად დასრულებაც, მაგრამ მხოლოდ კრემლისთვის მოგებიანი პირობებით. ამიტომ იგი უახლოეს ხანში საომარი მოქმედებების ინტენსიფიცირებას მოახდენს.

რუსეთის თავდაცვის ხარჯებს ქვეყნის მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 6% ხმარდება. ეს მნიშვნელოვნად გაზრდილი ხარჯებია. ამას ემატება დანაკარგები ცოცხალ ძალაში და სამოქალაქო მოსახლეობაში. მატულობს უწესრიგობებისა და მღელვარების დაწყების რისკები.

ამ კონტექსტით სამოქალაქო ფიგურის - ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა სამხედრო უწყების ხელმძღვანელად გამართლებულ ნაბიჯს წარმოადგენს. იგი წარმატებული ადამიანია - გასულ წელს მონაწილეობდა პრეზიდენტის მოხსენების მომზადებაში, თუ როგორ მოხდა რუსეთის ეკონომიკის გადაყვანა სამხედრო რელსებზე. ანდრეი ბელოუსოვს სამხედრო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მან ბევრი რამ იცის, ფლობს მესაჭისთვის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებს და იცის, თუ როგორ მართოს დიდი ეკონომიკური ხომალდი.

თავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის კომენტირებისას, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ დღეს ბრძოლის ველზე მხოლოდ ის იქნება გამარჯვებული, ვინც ბოლომდეა გახსნილი ინოვაციებისათვის და ვინც მათ სწრაფად დანერგავს. მან აღნიშნა, ამჟამინდელი სიტუაცია უახლოვდება 1980-იანი წლების ანალოგიურ მდგომარეობასო. და თუმცა კრიზისული ვითარება რუსეთში ჯერ დამდგარი არ არის, ვითარება მაინც დელიკატურ მიდგომას საჭიროებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სერგეი შოიგუ თავდაცვის ხარჯებს აფართოებდა, ანდრეი ბელოუსოვს კი მოუწევს ხარჯების ოპტიმიზირება, შემოქმედებითი მიდგომის გამოვლენა, რათა გაანეიტრალოს ის დასავლური დახმარება, რასაც უკრაინა იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი ბელოუსოვი ცნობილია ტექნოკრატიული მუშაობის სტილით, მან შეიძლება, პრეზიდენტისთვის ხშირად იდეოლოგიური მრჩეველის როლიც შეასრულოს, რაზედაც სერგეი შოიგუ ყოყმანობდა ხოლმე. როგორც ამბობენ, სწორედ ანდრეი ბელოუსოვი იყო ის ერთ-ერთი იშვიათი მრჩევლთაგანი, რომელმაც მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას 2014 წელს. იგი იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ გამოდის და რომ რუსეთი დასავლური სამყაროს ანტირუსულ გეგმებს ებრძვის.

საკადრო გადაადგილების შემდეგ გავრცელდა აზრი, რომ რადგან ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ და ნიკოლაი პატრუშევი სხვა თანამდებობებზე გადაიყვანა და საერთოდ პენსიაზე არ გაუშვა, ამით პრეზიდენტმა მათ მიმართ ლოიალობა გამოხატაო, თუმცა მთლად ასე არ არის. უფრო სიმართლეს ჰგავს ის მოსაზრება, რომ ეს არის მათი თვითგადარჩენის შესაძლებლობა: სერგეი შოიგუს უპატიებელი ჩავარდნები ჰქონდა, ვთქვათ, ომის დაწყების დროს, აგრეთვე, ევგენი პრიგოჟინის ჯანყის ჩახშობისას. უბრალოდ, იგი პრეზიდენტმა ბოლომდე არ გაწირა და რბილად მოიშორა.

ვლადიმერ პუტინს განზრახული აქვს, კრემლში სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს. თუ იგი ომში გაიმარჯვებს, ეს ხელს შეუწყობს მისი მმართველობის გახანგრძლივებას. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ანდრეი ბელოუსოვი რუსეთის არმიას სიკვდილის ეფექტიან მანქანად გადააქცევს. თუ ეკონომისტი მოახერხებს რუსეთის სამხედრო ძლიერების წარმატებით აღდგენას, ეს ძალზე უსიამოვნო ამბავი იქნება როგორც უკრაინისათვის, ასევე - მისი მოკავშირეებისთვისაც.

წყარო