ნიდერლანდების სამეფოში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება - კვირის პალიტრა

ნიდერლანდების სამეფოში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება

ნიდერლანდების სამეფოში ქართული ბიბლიოთეკის გახსნას ჩაეყარა საფუძველი. ჟურნალისტ გიორგი ბერიძის ინიციატივითა და ნიდერლანდების სამეფოში დაფუძნებული ფონდის - World of Diaspora-ს დამფუძნებელი, ლალი ბუთბაიას მხარდაჭერით, ნიდერლანდების ქალაქ პურმერენდში მოქმედ სამოყვარულო თეატრ „ათინათში“ სულ მალე ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება.

„წლებია, ვმუშაობ ემიგრანტების თემებზე. ქართული ბიბლიოთეკის გახსნის იდეა სრულიად სპონტანურად მოხდა. ქართული სამოყვარულო თეატრის - „ათინათის“ ხელმძღვანელმა ნათია ახვლედიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ვინმე აპირებდა საქართველოდან ნიდერლანდებში გამგზავრებას, ერთი ქართულენოვანი წიგნი წაეღოთ მისთვის. მაშინვე დავუკავშირდი ნათიას და შევთავაზე ბიბლიოთეკის გახსნა, სადაც მხოლოდ ქართულენოვანი წიგნადი ფონდი იქნებოდა საზოგადოებისთვის წარმოდგენილი. საკუთარი ბიბლიოთეკიდან გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ქართული ორმოცდაათტომეულის გარდა, სხვა დროსა და გამომცემლობების წიგნებიც გავუგზავნე. ვინაიდან ბიბლიოთეკის ფართობის შენახვა ფინანსურად ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, გადავწყვიტეთ, წიგნსაცავი იყოს თეატრის ხელმძღვანელთან და მისით ყველამ ისარგებლოს“, - განაცხადა გიორგი ბერიძემ.

ფონდ World of Diaspora დამფუძნებლის, ლალი ბუთბაიას ინფორმაციით, ნებისმიერი საქმე, რომელიც ემსახურება საქართველოს პოპულარიზაციას და ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერას, შეძლებისდაგვარად იქნება რეალიზებული.

„ფონდი World of Diaspora აპოლიტიკურია და თვითდაფინანსებით ვახერხებთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და, ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციას ეხება. წლებია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გამოცდილებასთან ერთად, საინტერესო პროექტების ნუსხაც დაგვიგროვდა. მე და გიორგი წლებია, ვთანამშრომლობთ. ის World of Diaspora-ს აქტიური წევრია და ბიბლიოთეკის პროექტი World of Diaspora-ს ეგიდით განახორციელა. მართლაც ეროვნული მნიშვნელობის საქმეა, განსაკუთრებით იმ ემიგრანტი ქართველებისთვის, რომლებიც ნიდერლანდების სამეფოში დაიბადნენ და იზრდებიან“, - განაცხადა ლალი ბუთბაიამ.

„ათინათის“ ხელმძღვანელის, ნათია ახვლედიანის ინფორმაციით, ქალაქ პურმერენდის მუნიციპალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისგან მიიღო შეთავაზება, ქალაქის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში გაიხსნას ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების განყოფილება.

„მადლიერი ვარ მეც და ემიგრანტებიც გიორგის განხორციელებული პროექტით. ეს წიგნადი ფონდი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოა, თვალსაწიერია ჩვენი იდენტობისა. დროთა განმავლობაში ზოგიერთი მწერლის ნაწარმოებებს პიესებად გადავაკეთებთ და სპექტაკლებს დავდგამთ. ნებისმიერი პირისთვის, ვისაც ბიბლიოთეკის ფონდით სარგებლობის სურვილი გაუჩნდება, ჩვენი თეატრის კარი მუდამ ღია იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლიდან ქალაქ პურმერენდში ქართული თეატრი ფუნქციონირებს. ამით პურმერენდის კულტურულ ცხოვრებას ჩვენი შტრიხიც შევმატეთ.

ქართველების გარდა, ქართული კულტურის ინტერესი ადგილობრივ და მიმდებარე ქალაქებში მცხოვრებ ჰოლანდიელებსაც გაუჩნდათ. ესწრებიან ჩვენს დადგმებს, სადაც მათთვის სპექტაკლის მსვლელობისას ნიდერლანდურ ენაზე სუბტიტრებიცაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, ქალაქ პურმერენდის მუნიციპალური ბიბლიოთეკის ინიციატივით, ქართველი მწერლების განყოფილების გახსნა იგეგმება.

ნიდერლანდებში ყველა საუბრობს ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, ქართველი მწერლების ნაწარმოებებიც ინგლისურ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი. ასევე, წიგნად ფონდში წარმოდგენილი იქნება მთარგმნელისა და ლიტერატორის, პირველი ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონის შემდგენლის, ბატონ არჩილ ჯავახაძის ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებები. ნამდვილად ვიცით, რომ ქართული ლიტერატურის გაცნობა ჰოლანდიელ წიგნის მოყვარულებს აინტერესებთ. აქაური ბიბლიოთეკის ინიციატივა და სურვილიც ამით უნდა ავხსნათ“, - განაცხადა ნათია ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, ვისაც სურვილი ექნება, პურმერენდის სახელმწიფო ბიბლიოთეკას ქართველი მწერლების ინგლისურენოვანი თარგმანების გამოცემები გადასცეს, სოციალური ქსელით უნდა დაუკავშირდნენ ჟურნალისტ გიორგი ბერიძეს (facebook: Giorgi Beridze) ან თეატრ „ათინათის“ (facebook: Stichting Atinati-Georgisch amateur theater-ათინათი) ხელმძღვანელობას.