ჯოჯოხეთი ხარკოვთან: "მდგომარეობა ყოველ საათში სულ უფრო კრიტიკული ხდება" - უკრაინის მთავარი მზვერავის საგანგაშო განცხადება - კვირის პალიტრა

ჯოჯოხეთი ხარკოვთან: "მდგომარეობა ყოველ საათში სულ უფრო კრიტიკული ხდება" - უკრაინის მთავარი მზვერავის საგანგაშო განცხადება

უკრაინელი გენერალი, რუსების შეტევის გამო, სიტუაციას მძიმედ აფასებს: კირილ ბუდანოვის თქმით, უკრაინის არმიის რეზერვები მინიმალურია, იარაღი კი - არასკმარისი“ , - ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები არიან კონსტან მეხო, მარია ვარენიკოვა და მაიკლ შვიცი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინელი ჯარისკაცები კრიტიკულ სიტუაციაში ჩავარდნენ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში - ხარკოვის ოლქში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სადაც ისინი უკვე რამდენიმე დღეა, რუსების შეტევას ძლივძლივობით იგერიებენ. მათ მდგომარეობას ამწვავებს ის გარემოებაც, რომ აკლიათ ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალები.

მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც რუსეთის ჯარებმა ამ რეგიონში არსებული უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვთან ახლოს ათამდე დასახლებული პუნქტი დაიკავეს, მშვიდობიანმა მოსახლეობამ კი თავს გაქცევით უშველა.

„სიტუაცია ზღვარზეა მისული“, - განაცხადა გენერალმა კირილ ბუდანოვმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, რომელმაც ხარკოვის ბომბსაფარიდან ვიდეოჩართვით ისაუბრა, - "მდგომარეობა ყოველ საათში სულ უფრო კრიტიკული ხდება“.

გენერლის მოღუშული გამომეტყველება და მისი უღიმღამო პოზიცია დასტურდება უკრაინის სხვა მაღალჩინოსანი ოფიცრების შეფასებებითაც: ბოლო დღეებში ქვეყნის სამხედრო პერსპექტივები ფერმკრთალდება, უკრაინის არმია უკან იხევს, ფრონტზე ჯერ კიდევ სრულად ვერ მიაღწია აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილმა 61-მილიარდიანმა სამხედრო დახმარებამ.

უკრაინელი ჩინოვნიკებისა და სამხედრო ექსპერტების უმრავლესობის მსგავსად, გენერალი კირილ ბუდანოვიც თვლის, რომ რუსეთის არმიის შეტევა ხარკოვის მიმართულებით მიზნად ისახავს უკრაინის არმიის ისედაც შემცირებული რეზერვების სრულ გამოფიტვას და სხვა ფრონტების გაშიშვლებას, საარმიო ქვედანაყოფების მოხსნით და მათი ხარკოვთან გადასროლით. „ახლა სწორედ ეს ხდება“, - აღიარა გენერალმა. მისი თქმით, არმიის სარდლობამ როგორღაც მოახერხა დამატებითი ძალების მოძიება, მაგრამ ეს იოლი არ იყო: „უკრაინის ჯარები ამჟამად ქალაქ ჩასოვიართან არიან კონცენტრირებულნი. ჩვენ იქიდან, რისი სარგებლობაც შეიძლებოდა, უკვე ვისარგებლეთ, სხვა რეზერვები არ გვაქვს“.

კირილ ბუდანოვის ოპტიმისტური გათვლებით, უკრაინის არმია შეძლებს პოზიციების განმტკიცებას და ფრონტის სტაბილიზებას. ამასთან, მისი პროგნოზით, მოსკოვი შეტევას წამოიწყებს ხარკოვის ჩრდილოეთითაც, სუმის ოლქში.

ამ დღეებში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ვოლჩანსკის გარეუბნებში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 8-10 კილომეტრში მდებარეობს. ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის თქმით, ვოლჩანსკი მუდმივი დაბომბვის არეალს წარმოადგენს: „რუსები ყოველ სამ წუთში 5-7 ბომბს აგდებენ“.

ომის დაწყებამდე ვოლჩანსკში 17 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი 200-მდე მოსახლეა დარჩენილი და მათი ევაკუაციაც მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ, რუსეთის არმიის შეტევამდე, უკრაინის დაზვერვამ იცოდა, რომ საზღვრის ამ მონაკვეთზე მოწინააღმდეგის ჯარების კონცენტრაცია ხდებოდა, თუმცა მათ გაფრთხილებას, როგორც ჩანს, ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რადგან ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა სამხრეთის ფრონტზე, ქალაქ ჩასოვიართან. გასულ კვირაში კი, ხუთშაბათს, დილაადრიან, რუსების საჯარისო ნაწილებმა საზღვარი ორ ადგილზე გადაკვეთეს და უკრაინის სიღრმეში 8-9 კილომეტრით შეაღწიეს, დაიკავეს ტერიტორია 50 კვადრატული კილომეტრიანი ფართობით.

„მოწინააღმდეგე ამჟამად ტექნიკურ წარმატებებს აღწევს. რუსეთის არმია ქალაქების - ლიპცისა და ვოლჩანსკის მისადგომებს უახლოვდება“, - აღიარა უკრაინის გენერალურმა შტაბმა. ვითარება ძალიან რთულია, რასაც ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის ცვლილებაც მოწმობს, რომელიც უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განახორციელა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის არმიის სწრაფი წინსვლა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ამ ტერიტორიაზე საფორტიფიკაციო თავდაცვითი ნაგებობები თითქმის არ არსებობდა. რუსული არტილერია წინა თვეებში ამ ადგილებს განუწყვეტლივ ბომბავდა და ამიტომ სამხედრო ინჟინრებმა ზღუდეების აგება ვერ მოასწრეს. შედარებით უფრო გამაგრებული ხაზი მე-17 კილომეტრიდან იწყება, ხოლო 35-ე კილომეტრზე უკვე ბეტონის საცეცხლე წერტილები, თხრილები (ტრანშეები) არის გაყვანილი, ყველანაირი ატრიბუტით.

ფრონტის ხაზი რეგიონში პერმანენტულად იცვლება და ამიტომ ბევრი დასახლებული პუნქტი „რუხ ზონაშია“ მოქცეული - უკრაინისა და რუსების ჯარების პოზიციებს შორის არსებულ ტერიტორიაზე. მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს როგორც ვოლჩანსკის, ასევე - ლიპცის რაიონებიდან.

„ვოლჩანსკთან ჯოჯოხეთური სროლა მიმდინარეობს, ბომბებით ყველაფერი ნადგურდება", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ტატიანა პოლიაკოვა, - "ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი დაბომბვა პირველად გამოვცადე“.

„ჩვენ ლიპციდან სწრაფად გამოვიქეცით, როგორც კი მასირებული დაბომბვა დაიწყო“, - ამბობს 32 წლის ქრისტინა გავრანი. მისი თქმით, რაიონული ცენტრის 4 ათასი მცხოვრებიდან თავიანთ სახლებში მხოლოდ ასამდე ადამიანია დარჩენილი.

წყარო