მთავარი ქართული პოლიტიკური კითხვა - მივაღწევთ თუ არა მშვიდობიანად არჩევნებამდე და რა გველოდება უახლოეს დღეებში?! - კვირის პალიტრა

მთავარი ქართული პოლიტიკური კითხვა - მივაღწევთ თუ არა მშვიდობიანად არჩევნებამდე და რა გველოდება უახლოეს დღეებში?!

კანონი "უცხოური გამჭვირვალეობის შესახებ" პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 30 პარლამენტარი წინააღმდეგი იყო. პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს 10 დღის ვადაში პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს. კონსტიტუციით დადგენილი არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში 76 ხმა სჭირდება("ოცნება" 84 ხმას აკონტროლებს).

საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს პარტია „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ". რა იქნება ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები, როგორი იქნება ხელისუფლების პასუხები და რას მოიმოქმედებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, - ამასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციებს ანალიტიკოსები ვახტანგ ძაბირაძე და გია ხუხაშვილი გვიზიარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე:

- კარგს არაფერს ველოდები, ეხლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია... უფრო სწორად, მინდა, ოპოზიციას და საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ვთხოვო, ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბს ნუ მისცემენ. მცირე მიზეზის შემთხვევაშიც კი, ხელისუფლება ყველა კანონიერ და არაკანონიერ მეთოდს გამოიყენებს საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპარლამენტო ოპოზიციამ ხალხს პროტესტის მშვიდობიანი გაგრძელებისგენ უნდა მოუწოდოს. პროტესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ - მშვიდობიანად. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყოს, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

გია ხუხაშვილი:

- მე მქონდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებდა. დრამატულად შეიცვლება პროცესები, ძალიან ბევრი პრობლემებიც იქნება, მაგრამ მომავალს წინ ვერავინ აღუდგება. როდესაც სიტყვა "მომავალს" ვამბობ, დროს კი არა, იმ თაობას ვგულისხმობ, რომელიც დღეს პროცესების ავანგარდშია და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა უკვე გადაიბარეს.

- ოპოზიციის ნაწილის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას რამდენად სწორ ნაბიჯად მიიჩნევთ?

- პარლამენტმა საქართველოს მთავარი კანონი - კონსტიტუცია დაარღვია, შესაბამისად, როგორც საკანონმდებლო ორგანომ, დაკარგა ლეგიტიმაცია, საკუთარი თავი კანონგარეშედ გამოაცხადა. ამის შემდეგ იქ ჯდომას რაღა აზრი აქვს? "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაიწყო ქვეყნი რუსულ ყაიდაზე მართვა.

- ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს არ შეუერთდება გახარიას პარტია...

- მესმის მათიც, ეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ქუჩა გახარიას არ მიიღებს. შესაბამისად, მისთვის პარლამენტიდან გასვლა პოლიტიკური სივრცის დაკარგვის ტოლფასია. ცუდი არ არის, რომ ვიღაც მაინც იყოს პარლამენტში, მთლად სტერილური რომ არ იყოს...

- თქვენი აზრით, რამდენ ხანს გასტანს პროტესტი ქუჩაში, გამართლდება მმართველი გუნდის მოლოდინი და მომიტინგეები დაიღლებიან?

- უკვე დიდი ხანია, ახალგაზრდები ქუჩაში დგანან. ივანიშვილს შეეშალა - ამ ახალგაზრდებს ღიპიანი ბიძიები ვერ დაღლიან. მთავარია, პროტესტი სისტემაში მოვიდეს, სტრატეგია ცივი გონებით შემუშავდეს და ყველაფერი საარჩევნო ციკლის მიხედვით წარიმართოს. „ქართული ოცნება“ უკვე შეუნიღბავ მოქმედებებზე გადავიდა, ღიად დაიწყო ქვეყნის რუსიფიკაციის პროცესი, შესაბამისად, აქ მათ დამარცხება-არ დამარცხებაზე აღარ უნდა იყოს საუბარი, მათი პარლამენტის შენობაში შეშვება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, საკანონდებლო ორგანოში მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ადამიანების მუშაობა. შესაბამისად, მთავარი გზავნილი უნდა იყოს - „არც ერთი ხმა „ოცნებას“. სირცხვილი უნდა იყოს ამ პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემა, ეს იქნება დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასი.

- „თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად,“ - ამ შინაარსის პოსტი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელში, ინგლისურთან ერთად, ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა. ამერიკის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერა გადმოგვცეს იმ ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომლებიც ჯიმ ობრაიენთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. „ამერიკა ქართველ ხალხს არ მიატოვებს“ - ასეთი იყო შეხვედრიდან გამოტანილი მესიჯი. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი?

- ეს იმას ნიშნავს, რომ საუბრის დრო დამთავრდა, ახლა ქვემეხებმა უნდა დაიწყონ სროლა. პირობითად ვამბობ, იმ ქვემეხებს კი არ ვგულისხმობ, რომელსაც რუსეთი დროდადრო გვიშენს, არამედ - იმ ინსტრუმენტებს, რომელიც დასავლეთს აქვს. ეს არის სანქცირება. მე არ ვეთანხმები კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს. ასეთ შემთხვევაში, შიდაწრეში, შესაძლოა, მისი „ჰეროიზაცია“ მოხდეს. ჩემი აზრით, ივანიშვილის გარემოცვა - რამდენიმე ბიზნესმენი, პარლამენტარი და ძალოვანი უნდა დაასანქცირონ ანუ ის ადამიანები, ვისაც ბიძინა ივანიშვილის დაცვის იმედი აქვს. ამ ადამიანებმაც უნდა გაიგონ, რომ მათი „მეფე შიშველია“ და ხალხმაც დაინახოს, რომ მას არავის დაცვა აღარ შეუძლია. ამ ეტაპზე სულ რაღაც 10-15-კაციანი სია საკმარისი იქნება, რომ ივანიშვილის მიმართ კითხვები დაისვას - რატომ ვერ გვიცავ, ბიძინა? ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილის უძლეველობის მითოლოგიის დანგრევა, ეს მითოლოგია კი მხოლოდ მაშინ დაინგრევა, როდესაც ხალხი დაინახავს, რომ მას აღარავის დაცვა აღარ შეუძლია.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)