სენსაციური განცხადებები სოხუმიდან - რატომ უცხადებენ თბილისის აქციის მონაწილეობას სოლიდარობას აფხაზი ოპოზიციონერები და ომის ვეტერანები?! - კვირის პალიტრა

სენსაციური განცხადებები სოხუმიდან - რატომ უცხადებენ თბილისის აქციის მონაწილეობას სოლიდარობას აფხაზი ოპოზიციონერები და ომის ვეტერანები?!

"სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს... არც ერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის იმ ვერსიით მიღებას, რომელსაც აპროტესტებენ საქართველოსა და აფხაზეთში..." - ოკუპირებულ აფხაზეთში ორმა ავტორიტეტულმა ოპოზიციონერმა საქართველოში საპროტესტო გამოსვლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.ბოლო რამდენიმე კვირაა აფხაზეთში დიდი დისკუსია იმართება, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ შარშან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონის მიღება და რა დგას ამის უკან. შიშნარევი ანალიზი კეთდება, რომ ამ კანონის მიღებით საქართველო ერთგულების ფიცს აძლევს რუსეთს, რაც აფხაზეთს დიდ საფრთხეს უქმნის - არის ალბათობა, რომ აფხაზეთი რუსეთ-საქართველოს შორის "კომპრომისის­ საგნად" იქცეს და კრემლმა თბილისს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციის ფორმატის განხილვა შესთავაზოს ევროპული კურსის დათმობის სანაცვლოდ.

რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში

ქართული პროტესტის პირველი მხარდაჭერა სოხუმში ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ დააფიქსირა: "ჩემი და თანამოაზ­რეთა სახელით სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს, ქართულ ოპოზიციასა და საქართველოს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას მათ პროტესტში­ "უცხოეთის გავლენის შესახებ" კანონის მიღების გამო. ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა ბიჭვინთის შეთანხმების წინააღმდეგ, "უცხოური აგენტების შესახებ" კან­ონის შესახებ პროტესტი კი ჯერ კიდევ­ წინ არის. იმედია, თქვენი ძალისხმევა უშედე­გოდ არ ჩაივლის და კანონს არ მიიღებენ­. გისურვებთ სულის სიმტკიცესა და წარმატებებს თქვენი მიზნის მიღწევაში", - დაწერა ზუხბამ ფეისბუკზე მაისის დასაწყისში, რასაც დიდი დისკუსია მოჰყვა იმის თაობაზე, უნდა იყვნენ თუ არა სოლიდარულები მტერ სახელმწიფოში მიმდინარე პროტესტის მიმართ.

ამ ფეისბუკპოსტზე აღშფოთება გამოხატა ვეტერანთა პარტია "ამცახარამ", რომელმაც "ქართველი ნაციონალისტების" მხარდაჭერის დაგმობისკენ მოუწოდა­ აფხაზებს. ზუხბა ტელეგადაცემაშიც მიიწვიეს იმის ასახსნელად, რატომ უჭერს მხარს ქართველების პროტესტს და ხედავს თუ არა საფრთხეს რუსეთ-საქართველოს დაახლოების გამო.

ქართული აქციების თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა აფხაზეთის ომის ვეტერანმა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ახრა ბჟანიამაც: "არც ერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს­ "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონს იმ რედაქციით, რომელიც საქართველოსა­ და აფხაზეთშია შეთავაზებული. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თვითნებურად მოახდინოს ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის არასასურველად ინტერპრეტირება".

ახრა ბჟანიას აზრით, ამ კანონის მიღება ნიშნავს რუსეთ-საქართველოს გეოპოლიტიკურ დაახლოებას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იდეის მეორე პლანზე გადაწევას და შესაძლოა ის სამ­ხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ჩამოყალიბების მძლავრი ფაქტორი გახდეს. "და მერე ვინ იცის, რა კომპრომისები იქნება მიღწეული და ვინ გახდება კომპრომისების საგანი. აფხაზეთი? გამორიცხული არ არის. ყოველ შემთხვევაში, ქართული მხარე აუცილებლად მოითხოვს ამას, ზოგიერთი რუსი ექსპერტი უკვე არ მალავს მსგავსი სცენარის შესაძლებლობას", - წერს ახრა ბჟანია.

სოხუმში რუსეთ-საქართველოს შესაძლო ფარულ მოლაპარაკებებზე საუბარი აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმაც წამოიწყო. "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი­ სვამს შეკითხვას, რატომ გადაწ­ყვიტა საქარ­თველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოწონებული კანონის მიღება, თუ არა აქვს მიღებული დაპირება მოსკოვიდან, კანონის მიღების სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის რაღაც ფორმით აღდგენა? "არა იმ ფორმით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც სრულიად დაქვემდებარებული ავტონომიები, არამედ ერთობლივი კონფედერაციული სახელმწიფოს გარკვეული მოდელის შექმნით... ამ კანონის მიღება მხოლოდ შესასვლელი ბილეთია მოსკოვსა და თბილისს შორის შემდგომი საუბრისთვის... ამ კანონს კრემლისთვის წმინდა მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთგვარი ერთგულების ფიცი", - წერს ხაშიგი.

"აფხაზეთთან კონფედერაცია, კონფედერაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნონსენსია"

რამდენად არის იმის ალბათობა, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის კონფედერაციის ფორმატის განხილვა დაიწყოს? ამ თემაზე ქართველი პოლიტოლოგები საუბრობენ.

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი:­ - ამ თემაზე სოხუმში მწვავე რეაქცია აქვთ. საქმის არსი, ბუნებრივია, არც მე ვიცი, მაგრამ აფხაზეთის გარშემო პოლიტიკური თამაშის რაღაც მინიშნებებია. მოდი, ვერსიულად ვიმსჯელოთ. პირველი: ამ ტიპის ვერსია ვრცელდება იმისთვის, რომ აფხაზი საზოგადოება უფრო მორჩილი იყოს - თუ თქვენთან ვერ მოვილაპარაკებ, საქართველოს დავუბრუნებ თქვენს თავსო. მეორე ვერსიით, გამორიცხული არ არის, გარკვეული გარიგება არსებობდეს. ისე, თბილისში მიღებული ეს კანონი, ჩემი აზრით, არაფერ შუაში არ არის, მაგრამ მაინც დავუშვათ ვარიანტების განხილვისას. ერთი რამეცაა, როგორც ამ ფორმულის ავტორები ამბობენ, საქართველომ და რუსეთმა მოილაპარაკეს, კანონს მიიღებენ და ამ კანონის შემდეგ აფხაზეთთან კონფედერაცია გაკეთდებაო, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. ჯერ ერთი, აფხაზეთთან კონფედერაცია, კონფედერაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნონსენსია. კონფედერაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს ნებაყოფლობით ერთ პოლიტიკურ სივრცეში ყოფნაზე, და თუ აღარ მოუნდებათ, ნებაყოფლობითვე დაიშლებიან. ეს საქართველოსთვის აბსოლუტურად წამგებიანია. როგორც კი მოვაწერთ ხელს, ერთ კვირაში აფხაზები იტყვიან, ახლა ჩვენი ნებით გავდივართო, და თუკი ახლა უკანონოდაა, შემდეგ კანონიერი გახდება. ამიტომ კონფედერაციაზე ლაპარაკი დაუშვებელია. კონფედერაცია 1998 წელს ევგენი­ პრიმაკოვმაც შემოგვთავაზა, ვლადისლავ არძინბაც ჩამოიყვანა თბილისში და შევარდნაძეს შეახვედრა ამ საკითხის განსახი­ლველად. კი, ახლა ამაზე სოხუმში ლაპარაკი არის, მაგრამ ლაპარაკადვე რჩება.

"რუსეთს უპირველესად ის აინტერესებს, რომ საქართველოში არ განთავსდეს ნატოს ბაზები"

ალექსანდრე კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი: - ვფიქრობ, ე.წ. აგენტების კანონი უფრო ხელისუფლების ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება, ვიდრე რუსეთისთვის რევერანსებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთს აწყობს არსებული ხელისუფლება უფრო მყარად იყოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ანტირუსული, პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის ნაკლები ალბათობა არსებობდეს. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება კულისებში, რაზე ლაპარაკობენ ქართული და რუსული მხარეები, თუმცა არა მგონია, მხოლოდ ამ კანონის მიღებით რუსეთი რაღაცის დათმობაზე წავიდეს. რუსეთს უპირველესად ის აინტერესებს, რომ საქართველოში არ განთავსდეს ნატოს ბაზები, და მეორე - გაიხსნას სატრანსპორტო დერეფანი, აფხაზეთის რკინიგზა და როკის გვირაბი. თბილისიდან ამ დათმობის შემთხვევაში შესაძლებელია რაღაც საკითხების განხილვა დაიწყოს. შესაძლოა საუბრები იყოს იმაზე, რომ საქართველომ უარი თქვას ნატოზე. კონფედერაცია რომც შედგეს, საქარ­თველო მუდმივ შანტაჟში იქნება. მაგალითად, თუ არ დაგვითმობთ ამა და ამ ობიექტს, მეორე დღეს აფხაზეთი დატოვებს კონფედერაციასო; თუ არ გააკეთებთ ამას, ოსეთი გავა კონფედერაციიდანო და ა.შ. საქართველო ძალიან კაბალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამიტომ საქართველომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოაწეროს ხელი ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც თეორიულადაც კი რაიმე იურიდიული ჩამკეტის გარეშე შესაძლებლობას მისცემს სეპარატისტულ რეჟიმს საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში გამოეყოს დანარჩენ საქართველოს. კონფედერაციის იდეა მიუღებელია აფხაზებისთვისაც. დღეს აფხაზ პოლიტელიტაში­ არავინ არის, ვინც ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ­, რომ აფხაზების რაოდენობა ძალიან­ მცირეა და რუსეთს არ გაუჭირდება "როსგვარდიის" დამატებითი დანაყოფების მობილიზებით ნებისმიერი ინიციატივის გატანა.

წაიკითხე ვრცლად: რისი ეშინიათ აფხაზებს?!