არ დავდივარ აქციებზე, არ ვგრძნობ ეროვნულ მუხტს, მაგრამ პასუხს ვთხოვ მთავრობას - კვირის პალიტრა

არ დავდივარ აქციებზე, არ ვგრძნობ ეროვნულ მუხტს, მაგრამ პასუხს ვთხოვ მთავრობას

შეიძლება აღარც უნდა ვწერდე ამაზე. ბოლო ხანია, უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს. მოსახლეობას კი დასცინიან, ერთ კილო კარტოფილზე იყიდებითო, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ჯერ ერთი, ამ მდგომარეობაში თვითონ პოლიტიკოსები ამყოფებენ საკუთარ მოსახლეობას და მთავარი, შენც ხომ იყიდები საკუთარ აგარაკებზე, მიწებზე, ირიბად შემოსულ ფულზე? ერთ ლარზე გაიყიდები თუ მილიონზე, რა მნიშვნელობა აქვს? ჰოდა, გაიყიდეთ თავისუფლად, ვის როგორ შეგიძლიათ, ბოლომდე გაყიდეთ სული!

ამ აქციებმა, ზოგადად ამ პროცესებმა, კარგად დაგვანახა ადამიანების სახე! ყოველგვარი კანონის გარეშეც ნათელი გახდა, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რისთვის იბრძვის. მე კი ვარ გიჟის პოზიციაში. არანაირ ეროვნულ მუხტს და ქვეყნის გადარჩენის გეგმას ვერ ვგრძნობ ამ პროცესებში.

ჩემთვის, ძალიან ანტიეროვნულია 9 აპრილის მოვლენების ამ პროცესებთან გაიგივება, ერის მამების დამცირება, ყოველგვარი ეროვნულის წაბილწვა და ბევრი სხვა რამ. მაგრამ, პრინციპში არც უნდა მიკვირდეს, რადგან დღეს გმირობაც გაღარიბებულია. შეხედეთ „ვინები“ აქციეს გმირებად?!

მიზეზი, რატომ არ გვინდა ეს კანონი, არის მხოლოდ ის, რომ თვეების განმავლობაში ჩაგვიდეს ტვინში - რუსულია და მორჩა! უნდა დავიჯეროთ და რევოლუცია მოვაწყოთ. რამდენჯერ ვიკითხე და კონკრეტულ არგუმენტებზე არავინ მსჯელობს. ბრიტანეთში ფეხს ვერ გადაადგამ ჩვეულებრივი, არა თანამდებობრივი პირიც კი, თუ ყველაფერი რაღაც სისტემაში არ აისახა. რაც შეეხება მსგავს კანონს, როგორც ვიცი, ევროპის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

განსხვავება რა არის? განსხვავება არის ქვეყანას და ხალხს მორგებული მთავრობა. არა პირადულის დაცვა, არამედ - პიროვნულის, სახელმწიფოებრივის წინ წამოწევა. ჰო, ეს არის! მარტივია! რაც გინდა დახვეწილი იყოს კანონი ან პირდაპირ კოპირებული განვითარებული ქვეყნიდან, თუ ამ კანონთან ერთად სხვა ძვრებიც არ მოხდა, ეტაპობრივად, ყველა სფეროში გამჭვირვალობა, დაფინანსება იქნება თუ ეროვნული ღირებულებები, რა კურსი გვაქვს დღევანდელ მსოფლიოში, თუ რას ვაკეთებთ ხალხისთვის, არაფერი გამოვა. და შერჩევითი მანიპულაციაც ყოველთვის შესაძლებელი იქნება.

ახლა რის თქმა მინდოდა, ჯერ ოპოზიციისთვის: ბანდიტი კეზერაშვილის მედიაში მომუშავე თარგამაძე და სხვები, თურმე, ევროპის და განვითარებულობის აპოლოგეტები არიან და ჩვენ, დანარჩენები -რუსები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელი არ გვქონდა, მაგრამ მაშინდელ მთავრობას საერთოდაც არ ჰქონდა ასეთი ზიზღის კამპანია რუსეთის მიმართ. სააკაშვილი ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს ლარსზე, სტრატეგიულ ობიექტებს ყიდდნენ რუსებზე და არც რუსულ ფულს ასდიოდა სუნი.

დღეს ოპოზიციის თითის გატკაცუნებაზე გამორბიან რიგითი რუსები და ქართული ოპოზიციის წისქვილზე სიხარულით ასხამენ წყალს. ესეც აშკარაა.

ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორედ მიშას დროს შემოვიდა მილიონები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან (ხალხისა და ქვეყნის მეტად განვითარებისთვის. მოქალაქისთვის სოციალური პრობლემების შესამცირებლად. ყველა სფეროში გამჭვირვალობის და სწორი სისტემის ჩამოსაყალიბებლად), მაგრამ მან თავის პირად ცხოვრებასა და პირად წრეს მოახმარა ეს თანხები. აი, ეს არის პრორუსულობა ზუსტად! დიქტატორული (რუსული) რეჟიმი და დემოკრატიული ამით განსხვავდება სწორედ. ამის შემდეგ რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის დაგება თუ დენის ჩართვა, ჯერ კიდევ იმ დროს და მით უფრო დღეს, მიზერის ტოლფასია!

სიყალბეებს აღარ ვჭამთ მოსახლეობის უმრავლესობა. მეტი გვინდა, განვითარება გვინდა. თქვენსავით აგარაკებსა და მოპოვებულ მილიონებზე არ ვცვლი ჩემს სულს!

ოპოზიციამ ისიც კარგად იცის, რამდენი კორუმპირებული ევროპარლამენტარი არსებობს და რა პროცესებიც მიდის მსოფლიოში. თუ მართლა პროევროპულად მოაზროვნე ხარ, რატომ არ ეჩვევი პარტნიორების კრიტიკას, მით უფრო, მეგობრების. ანაც, თანასწორუფლებიან ურთიერთობას? მონური თავდახრა რუსი იქნება თუ ევროპელი, რა საქციელია?! სწორედ ეგ არის საბჭოური, მონური მენტალიტეტი.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთიანი პოლიტიკა აქვთ. თუკი გავხდებით მისი სრულუფლებიანი წევრი, რა ნაწილში რა და რატომ უნდა გავითვალისწინოთ, მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი. სხვა შემთხვევაში, უნდა გვემსჯელა კანონის სისუსტეებზე, რომელიც არ მოხდა, რადგან ხალხის ქუჩაში გამოყვანის მიზეზი სულ სხვაა.

ოპოზიციამ შეუწყო ხელი იმას, რომ, მაგალითად, ხალხისთვის საყვარელი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი გამოდის ეკრანზე და ამბობს, - მე კი არ წამიკითხავს კანონი, მაგრამ რუსეთი არ მინდა და გაითვალისწინოს ხელისუფლებამო. ამის შემდეგ მრავალი მსგავსი ტექსტი მოვისმინე.

არც მე მინდა რუსული მენტალიტეტი ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ვერ ვიღებ გულწრფელობას იმათგან (აქ ფეტვიაშვილზე არ ვამბობ), ვინც რუსულ თანხებს იღებს და აქციებზე გაჰყვირის: „არა რუსულ კანონს“. ასეთი ჩემი ნაცნობიც, მხატვარ-მუსიკოსებიც და უბრალო ადამიანებიც ბევრი შევნიშნე აქციებზე. ზუსტად აქ არის ჩემთვის ძაღლის თავი დამარხული. როგორც კი კანონი ძალაში შევა, უფრო მეტი გამომჟღავნდება, ვინც უშუალოდ რუსეთიდან კანონიერად ან უკანონოდ იღებს ხელფასს.

ახლა ხელისუფლებას უნდა მივმართო: შეგნებულად თუ უძლურებით ტრიბუნიდან ტრიბუნაზე მძრომელ შინაურ მტრებს ვერ გაუმკლავდი; ვერ აუხსენი და განუმარტე მოსახლეობას სწორედ აქ და ახლა რატომ იყო საჭირო მსგავსი კანონი და რა არის ამ კანონის სიკეთეები; შექმენი ღირებულებათა კრიზისი, რომელიც სახიფათოა და ხელს უშლის საზოგადოებას განვითარებაში; ოპოზიციის გადატრიალების მუქარის ფონზე, ყოველ ჯერზე მოსახლეობისთვის უნდა განგემარტათ ამ კანონის და მასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ქმედებების არსი და მნიშვნელობა და არა - საპასუხოდ გელანძღათ "ნაცები". ცრუ ინფორმაციის (წლების განმავლობაში), ცრუ და ყალბი მედიის, ცრუ პოლიტიკოსების, ძველი გაბოროტებული ნაცების და დემონების აღზევების ხელშეწყობა გედებათ ბრალად...

ჩვენს რელიგიაში არის ასეთი პატერიკი: ცოლი ეუბნება ქმარს სიმართლეს. ქმარი სიმართლეზე ბრაზდება და იწყებენ ჩხუბს. ცოლი უკიდურესად მართალია და იმეორებს თავის სიმართლეს. ქმარი გაბრაზებულ გულზე ჭაში ჩაისვრის ცოლს და იქიდან სიკვდილის წინაც, იმავე სიმართლეს ამოსძახებს ცოლი. რელიგიაშიც კი ასეთი სიმართლე გამართლებული არ არის და არც ეს „ცოლი“ არის წამებული. ეს ისე, ცნობისთვის.

არის სისტემა, რომელიც გულგრილობისა და ბოროტების აუცილებელი რაოდენობით ინგრევა. თავისუფალი საქართველოს ისტორიაში „იდიოტი“ ბოსები სისტემის ნაწილია. მაპატიეთ!

თუკი გადატრიალების გზით შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ ვიქნებით ზუსტად იგივე სისტემაში, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გვქონდა და არსებითი ისევ არაფერი შეიცვლება ხალხისთვის.

დანარჩენს სხვა დროს ვიტყვი. ანაც - აღარ, რადგან გიჟის პოზიციაში ვარ დღეს. ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ვერ ვგულშემატკივრობ!