ლარი უფასურდება - რა პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და უკავშირდება თუ არა ეს პოლიტიკურ პროცესებს?! - კვირის პალიტრა

ლარი უფასურდება - რა პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და უკავშირდება თუ არა ეს პოლიტიკურ პროცესებს?!

დილიდან Bloomberg-ზე 1 დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში რამდენჯერმე გაიზარდა. დილიდან 1 დოლარი 2.700 ლარად ივაჭრებოდა, ხოლო 15:00 საათის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7250 ლარამდე ავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება გუშინ 2.6866 ლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა ლარის გაუფასურების მიზეზებსა და მოლოდინებზე უახლოესი პერიოდისთვის. როგორც BPN-თან ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, ლარის გაუფასურება უკავშირდება რისკებს, რაც გამოწვეულია მოლოდინებით და არა მაკროეკონომიკური ფაქტორებით. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების, საერთაშორისო განცხადებების ფონზე შემცირდება სამომავლოდ სავალუტო ნაკადები, რაც გამოიწვევს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას.

„ქვეყანაში შემცირდება სავალუტო ნაკადები, რაც თავისთავად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას. ვხედავთ, რომ ბოლო 2 დღეა უკვე ნელ-ნელა დაიწყო ლარმა გაუფასურება, რაც გამოწვეული არ არის მაკროეკონომიკური ფაქტორებით, გამოწვეულია უფრო იმ რისკებით, რაც გაჩნდა და დაინახეს ბაზრის მონაწილეებმა“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

„ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მოკლევადიანად შესაძლოა, ლარის კურსთან მიმართებაში მერყეობები შეინიშნებოდეს. მისი თქმით, გრძელვადიანი ეფექტი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ რისკებზე, მიმდინარე მოვლენებზე, საბოლოოდ მიიღებს თუ არა მმართველი პარტია ვეტოს შემდეგ კანონს და როგორ ჩაატარებს არჩევნებს.

„პროგნოზი გაუფასურებასთან დაკავშირებით რთულია, მოკლევადიანი მერყეობები შეიძლება ჰქონდეს, რაც უფრო მერყევი იქნება გარემო ქვეყანაში, ეს მერყეობებიც ორივე მიმართულებით უფრო მეტი იქნება. ხან შეიძლება პოზიტიურად შეიცვალოს, ხან ნეგატიურად, მაგრამ რისკები არსებობს. ვფიქრობ, რომ გაცვლითმა კურსმა შესაძლოა, მოკლევადიანად ნიშნები გამოაჩინოს და რაღაცები გადაითარგმნოს ვალუტის კურსში, მაგრამ გრძელვადიანად უფრო სხვა მიმართულებით გვაქვს რისკი. მოლოდინები თუ გაჩნდა, რომ ნაკლები თანხები შემოვა ქვეყანაში, ბუნებრივია ეს ვალუტაზე აისახება, მაგრამ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ უკვე რაღაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ მერყეობებში შევდიოდეთ. ვფიქრობ, რომ მერყეობები გაიზრდება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ სტაბილური იყო ლარი, მერყეობების საფრთხე არსებობს, ოღონდ ამაზე რამდენიმე ფაქტორი მუშაობს, მაგალითად, ბოლომდე გაიტანენ თუ არა კანონს, არჩევნებს როგორ ჩაატარებენ, რამე შეთანხმებაზე წავლენ თუ არა დასავლეთთან თუ გაამწვავებენ და რისკები უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

განაგრძე კითხვა